„როდესაც მსოფლიოში ახალი ვირუსის შტამი იწყებს ცირკულირებას, მას ყველა ადამიანის მიმართ აქვს მიმღებლობა, ამიტომ, როგორც წესი, ვირუსი ყველას შეხვდება. ყველაზე კარგი სცენარი იქნება, 2-3 წელიწადში ეს ვირუსი ყველამ გადავიტანოთ, რომ ძალიან დიდი პიკი არ განვითარდეს“, - აცხადებს For.ge-სთან საუბარში აკადემიკოს ვახტანგ ბოჭორიშვილის კლინიკის პედიატრიული დეპარტამენტის ხელმძღვანელი, თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის პროფესორი, მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი მალვინა ჯავახაძე.
მსოფლიო სტატისტიკის მონაცემებით თუ ვიმსჯელებთ, კორონავირუსი დიდად არ ერჩის ბავშვებს, რადგან ბავშვებს ისედაც მუდმივად აქვთ ვირუსები. ამის მიუხედავად, საქართველოში კიდევ ერთი მოზარდი დაინფიცირდა ამ ვირუსით, რაც ჩვენი ქვეყნისთვის სოლიდური მაჩვენებელია. რამდენად იოლად იტანენ ბავშვები კორონავირუსს?
- ზოგადად, კორონავირუსულმა დაავადებამ, თავისი მცირეხნიანი ისტორიის მიუხედავად, დაგვანახა თავისი მიმდინარეობები და თავისებურებები. უდავოა, ეს ძალიან მაღალკონტაგიოზური (ადვილად გავრცელებადი) ინფექციაა და არის თუ არა ვინმე დაცული, ან ვის შეიძლება გადაედოს ეს ვირუსი, ამის შესახებ პასუხი ცალსახაა - კორონავირუსი ყველას შეხვდება, მსოფლიოშიც და საქართველოშიც ნებისმიერ ადამიანს, ვისაც კონტაქტი ექნება ამ ვირუსით დაავადებულთან. აქედან გამომდინარე, მითი იმის შესახებ, რომ ბავშვებში დაავადება არ გვხვდება, არ არის სწორი. ჩვენი მეზობელი თუ შორეული ქვეყნების გამოცდილებამ გვიჩვენა, რომ ბავშვებში ავადობა მსოფლიოში საშუალოდ სადღაც 10-12%-ია, კორეის მონაცემებით კი, 18%-მდეა. ასევე, ბავშვებში არის ერთეული გარდაცვალების შემთხვევებიც. თუმცა ავადობაც და ლეტალობაც ბევრად ნაკლებია ბავშვებში. ყველაზე მცირე ასაკის ბავშვი, რომელიც კორონავირუსით იყო დაავადებული მსოფლიოში, 30 საათის დაბადებული ბავშვი იყო ჩინეთში. კვლევით მას დაუდასტურდა კორონავირუსული ინფექცია, დაავადება გადაიტანა და გამოჯანმრთელდა. მის შემთხვევაში, ინფიცირების წყაროდ ჩაითვალა არა მუცლად ყოფნის პერიოდში დაავადების გადაცემა, არამედ - დედასთან ახლო კონტაქტი. ასე რომ, არ არის დადასტურებული, რომ კორონავირუსი გადადის ე.წ. ვერტიკალური გზით, ანუ დედიდან ნაყოფზე. უბრალოდ, ახალშობილები ავადდებიან დედასთან კონტაქტით.
ზოგიერთი ფიქრობს, რომ შესაძლოა, კორონავირუსი ახალშობილზე დედის რძით გადადიოდეს.
- რძით გადადის ანტისხეულები, რომლებიც პირიქით იცავს ახალშობილებს. ეს მომენტები დადასტურებული და აღწერილი არ არის. კორონავირუსი წვეთოვანი ინფექციაა და უშუალოდ ერთ მეტრზე ახლო კონტაქტით ხდება დაავადების გამოწვევის გადაცემა. ასევე, ჩინეთში დაფიქსირდა 14 წლის ბავშვის გარდაცვალების შემთხვევა, ლოს-ანჯელესში 17 წლის მოზარდის გარდაცვალების შემთხვევა. ეს ერთეული შემთხვევებია. რაც შეეხება საქართველოს, დღესდღეობით 18 წლამდე ასაკის 16 პიროვნებაა ინფიცირებული, რომელთაგანაც ჩვენს კლინიკაში მკურნალობას გადიოდა ექვი მოზარდი, ერთი მათგანი გადავიყვანეთ თავის მამასთან, მე-8 საავადმყოფოში, საუნივერსიტეტო კლინიკაში. ახლა ამ წუთში მკურნალობას გადის 5 მოზარდი, როგორც დადასტურებული პაციენტი. ძალიან უხეშად რომ ვთქვათ, ეს დაახლოებით შემთხვევათა 10-11%-ია, რაც ცოტა არ არის. ჩვენი სტატისტიკაც მიჰყვება საერთაშორისო მონაცემებს. თუ მოიმატებს დაავადება მოზრდილებსა და ზოგადად პოპულაციაში, ბავშვებშიც მეტი შემთხვევა გამოვლინდება.
როგორია დაავადების მიმდინარეობის თავისებურებები ბავშვებში?
- ამ დაავადებას ახასიათებს ტემპერატურის მატება, მოზრდილებში კუნთების ტკივილი, ძლიერი საერთო სისუსტე, უმადობა, თავის ტკივილი. დაახლოებით 7 დღის შემდეგ ეწყებათ ხველა და სუნთქვის გაძნელება. ეს მკვეთრად განსხვავდება გრიპისა და სხვა ვირუსული ინფექციების დაავადებების დასაწყისისგან. ბავშვებში ამ დაავადებას ცოტა მეტი თავისებურებები ახასიათებს. ბავშვების მაღალ პროცენტს აქვს ასიმპტომური მტარებლობა, ე.ი. აქვთ ეს ვირუსი, მაგრამ კლინიკურად არაფერია გამოვლენილი.
სამაგიეროდ, ბავშვები არიან ამ ვირუსის გამავრცელებლები.
- დიახ, ისინი მაღალგამავრცელებლები არიან. კიდევ ერთი თავისებურებაა ბავშვებში, როგორც მსოფიოში, ისე საქართველოში, ყველა ბავშვი, რომელსაც ეს ვირუსი დაუდასტურდა, ოჯახური კერიდან იყო, ანუ ყველა ბავშვს თავისი ოჯახის წევრისგან გადაედო. სპორადული შემთხვევა, რომ ავად გახდა ბავშვი, დაეწყო ცხელება, ტემპერატურა ჰქონდა, ოჯახში არავინ იყო ცუდად, არავის არაფერი ჰქონია და მხოლოდ ბავშვს დაუდასტურდა კორონავირუსული ინფექცია, ასეთი რამ მსოფლიოში არ მომხდარა, არათუ საქართველოში. ბავშვებში ამ ვირუსს უპირატესად დიარეით მიმდინარეობა ახასიათებს, რომელიც მოზრდილებშიც გვხვდება თითო-ოროლა შემთხვევაში, მაგრამ ბავშვებში უპირატესია. ამას განაპირობებს ის, რომ თვითონ ვირუსს ახასიათებს კუჭ-ნაწლავის ტრაქტში გამრავლება. საკმაოდ დიდი კონცენტრაციით აღმოაჩინეს ის ფეკალებში. ფეკალურ-ორალური გადაცემის გზა დადასტურებული არ არის, მაგრამ ბოლო პერიოდში ამის გამორიცხვაც უჭირთ. რამდენიმე ვერსიაა იმის შესახებ, რატომ ავადდებიან ბავშვები იშვიათად. მიუხედავად იმისა, რომ საბოლოოდ არც ერთი ვერსია ჯერ დადასტურებული არ არის, ყველა ვერსია რელობასთან ახლოსაა. პირველი ვერსიაა, რომ ბავშვები შედარებით არასოციალურები არიან. ეს იმას ნიშნავს, რომ გარემოსთან კონტაქტი მათ ნაკლებად აქვთ, უფრო თავისი ოჯახის წევრებთან აქვთ კონტაქტი, 5 წლამდე ბავშვები არიან ან საბავშვო ბაღში, ან ოჯახში ძირითადად. მეორე ასპექტია, რომ უშუალოდ ეს კორონავირუსი ახალია, თორემ თვითონ კორონავირუსი მთელი წლის განმავლობაში ცირკულირებს და ბავშვებმა 5 წლამდე ასაკში წლის განმავლობაში შეიძლება მინიმუმ 2-3-ჯერ გადაიტანონ კორონავირუსი. ასე რომ, შესაძლებელია, ამასთანაც იყოს დაკავშირებული ბავშვების იშვიათი დაავადება ამ ვირუსით. მესამე ვერსიაა აცრები. აცრების ყველაზე დიდი მოცვა სწორედ ბავშვებშია, ანტიგენი არის უცხო ცილა, რომელსაც ხვდება აცრით გამომუშავებული ანტისხეულები და იცავს დაავადებებისგან. შესაძლებელია, ხდებოდეს ჯვარედინი რეაქციები და დაავადების გარკვეული ფორმა კორონას დაავადებისგან იცავდეს. ასეთი მსჯელობა იყო წითურას კომპონენტზე, რადგან წითურაზე ბავშვები აცრილნი იყვნენ, განსხვავებით, მოზრდილებისგან. საუბარია იმ ქვეყნებზე, სადაც ავადობა და ლეტალობა მაღალია, მოზრდილებსა და ასაკოვნებში მეტია დაავადების შემთხვევები და ბავშვებში ნაკლებია.
ბცჟ-ს (ტუბერკულოზის საწინააღმდეგო ვაქცინა) ვაქცინას არ იყენებენ იტალიაში, ესპანეთში, საფრანგეთში, აშშ-ში, გერმანიაში, ანუ სადაც ახლა სიკვდილიანობის მაღალი მაჩვენებელია. სამაგიეროდ, პოსტსაბჭოთა ქვეყნებში, მათ შორის, საქართველოშიც ბცჟ აცრას ახალშობილებს სამშობიაროშივე უკეთებენ. ინფექციონისტთა ნაწილი დიდ იმედს არ ამყარებს ბცჟ-ს აცრაზე, თუმცა არიან ისეთნიც, რომლებიც სწორედ ამ აცრას უკავშირებენ ბავშვთა ნაკლებ დასნებოვნებას კორონავირუსით. თქვენ რას ფიქრობთ?
- ჩემი აზრი დაფუძნებულია იმ სარწმუნო ინფორმაციაზე, რომელიც ქვეყნდება. ამ დაავადების მკურნალობის არანაირი კლინიკური გამოცდილება არავის არ აქვს, თუ მხედველობაში არ მივიღებთ საქართველოში კორონავირუსით დაავადების 200 შემთხვევას. არც ამ ვირუსის ქცევა ვიცით ვინმემ, არც ის ვიცით, რას მოიმოქმედებს მომავალში კორონავირუსი და რა სტატისტიკას დაგვიდებს. ამ შემთხვევაში, ექსპერტის აზრს კი არ აქვს მნიშვნელობა, არამედ ექსპერტის მიერ სარწმუნოდ ჩატარებულ კვლევის შედეგს. კერძოდ, ასეთი კვლევა ჩაატარეს, აიღეს საშუალო და მაღალი შემოსავლის დონის მქონე ქვეყნები, სადაც ბეცეჟირება მეტ-ნაკლებად ტარდებოდა, 55 იყო ასეთი ქვეყანა და ასევე, აიღეს საშუალო და მაღალი შემოსავლის 5 ქვეყანა, სადაც საერთოდ არ ჩატარებულა 90 წლამდე მოსახლეობაში ბცჟ ვაქცინაცია. აღმოჩნდა, რომ ამ მეორე ჯგუფში, სადაც საერთოდ არ ჩატარებულა ბცჟ ვაქცინაცია, 16-ჯერ მეტი იყო ლეტალობა, ხოლო ავადობა 4-ჯერ მეტი. ასე რომ, ამ მონაცემების მიხედვით, ჩათვალეს, რომ ამ ვაქცინამ შესაძლებელია დაიცვას ის მოსახლეობა, რომელსაც ჩატარებული აქვს ბცჟ აცრა. ახლა მიმდინარეობს ამ მიმართულებით მუშაობა.
როგორია თქვენთან სამკურნალოდ გადმოყვანილი ბავშვების იმუნიტეტი კორონავირუსთან ბრძოლისას?
- ყველა ბავშვის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია. მხოლოდ ორ შემთხვევაში განვითარდა პნევმონია, ისიც მსუბუქი ფორმით, სპეციფიკური მკურნალობა არ გამხდარა საჭირო, გამოჯანმრთელდნენ და პნევმონიებიც ალაგდა. მათ პროტოკოლის მიხედვით უტარდებათ დინამიკაში კვლევები. უბრალოდ, კლინიკიდან მათ გაწერას ხელს უშლის რამდენიმე მაჩვენებლის მოწესრიგება და ხელს უშლის რეკომენდაცია, რომ 24 საათში გაკეთებული ორი უარყოფითი პასუხის შემდეგ არის შესაძლებელი პაციენტის გაწერა კლინიკიდან. კლინიკურად აბსოლუტურად გამოჯანმრთელებულია ის პაციენტიც, პნევმონია რომელსაც ჰქონდა, კომპიუტერული ტომოგრაფიით პრაქტიკულად ყველაფერი მორჩენილია 13 წლის პაციენტში, რომელიც ამერიკიდან იყო, მაგრამ კვლავ დადებითია ვირუსის ეკსკრეცია. ასეთი პაციენტის ბინაზე გაშვება რისკია. შესაძლებელია, თვითიზოლაციაში მისი გაშვება, მაგრამ კლინიცისტებს გვიჭირს იმის თქმა, რომ გავწეროთ, რა მოხდება, მაღალი კონცენტრაციის ვირუსმა კიდევ რაიმე გართულება არ გამოიწვიოს. ეს ჩვენთვის უცნობი ვირუსია. თუ ეს ერთი-ორი შემთხვევა ისე წარიმართება, რომ მერე გართულება არ განვითარდა, შემდეგ შემთხვევებზე უფრო გავთამამდებით და ასეთ პაციენტებს არა კლინიკაში, არამედ თვითიზოლაციაში გავუშვებთ.
კაცობრიობამ შექმნა ყვავილის, წითელას, წითურას, პოლიომიელიტის ეფექტური ვაქცინები იმის გამო, რომ ეს დაავადებები მაინც სტაბილურია და არ განიცდის მუტაციას. კორონას მუტაციის პოტენციალი კი „მდიდარია“. 52 ვაქცინაა შექმნილი სხვადასხვა ლაბორატორიაში კორონას წინააღმდეგ. რაიმე შედეგი შეიძლება ჰქონდეს კორონას გენოტიპის გაშიფვრას, რაც ლუგარის ლაბორატორიაში ქართველმა მეცნიერებმა განახორციელეს?
- რაც მე ვიცი ისტორიაში, პრაქტიკულად, პირველი შემთხვევაა, როდესაც ასე სწრაფად მოხდა ამ ვირუსის სტრუქტურისა და გენოტიპის გაშიფვრა. ეს წინგადადგმული ნაბიჯია მეცნიერებაში, ქართული იქნება, თუ მსოფლიო მეცნიერება. ასევე, სწრაფად მოხდა ვირუსის სადიაგნოსტიკო ტექსტების შემუშავება, რაც პრაქტიკულად არ ხდებოდა. მეცნიერების განვითარებამ შეუწყო ამას ხელი. თუმცა დღეს არ არის ამაზე მსჯელობა, რომ კორონავირუსს მუტაცია, ცვლილება ახასიათებს. ამჟამად რა სტრუქტურისა და რა აგებულების, რა გენეტიკური მასალაც გვაქვს, სწორედ ამ გენეტიკურ მასალაზეა საჭირო ვაქცინის მიღება, რათა პანდემიისას დავიცვათ მოსახლეობა. უკვე შემდგომი კვლევის საკითხია, ის ვაქცინა შემდგომშიც დაიცავს თუ არ დაიცავს კაცობრიობას.
ანუ ამ ვირუსის მუტაცია არ ართულებს საქმეს?
- მუტაცია ამ ეტაპზე ნაწილობრივ პრობლემურია, რადგან შეიძლება გარკვეულ რეგიონში ვირუსმა მუტაცია განიცადოს და გავრცელდეს ეს შტამი, ან მოსახლეობა დაავადდეს, გარკვეული პერიოდის შემდეგ მოხდეს ცვლილება და იმ სახეცვლილმა შტამმა ისევ გენმეორებით დააავადოს მოსახლეობა, მაგრამ ეს შემდგომი კვლევის საკითხია. ამ წუთში პირველ ეტაპზეა ახლანდელი კორონავირუსის შტამის საწინააღმდეგო ვაქცინის მიღება, რომ ჯერ კიდევ დაუავადებელი მოსახლეობა მაინც გადავარჩინოთ. მსოფლიოში 40-მდე ფარმაცევტული კომპანია და აკადემიური სექტორი მუშაობს ვაქცინის მისაღებად. პირველი ეტაპის კვლევა ის არის, რომ შემოწმებულიყო ცხოველებზე მისი უსაფრთხოება და იმუნოგენობა, ანუ რამდენად აქვს უნარი ანტისხეულების გამომუშავების. შემდგომი ეტაპი იყო მოხალისეებზე კვლევის ჩატარება. კომპანია INO-4800-მა ვაქცინის ათასობით დოზის წარმოება შეძლო. მანამდე იყო ბიოტექნოლოგიური კომპანია „Moderna“, რომელსაც უკვე მიეცა კვლევის საშუალება და მას დაწყებული აქვს ტესტირება. თუმცა ამ კომპანიებს რომ მიეცეთ მეორე ეტაპის კვლევის საშუალება, ისინი ამ მეორე ეტაპის შედეგებს დადებენ სადღაც ზაფხულის ბოლოსთვის, სექტემბრისთვის. ეს კომპანია ამბობს, თუ დაფინანსება ექნება, მილიონობით ვაქცინას წლის ბოლოსთვის დადებს, ანუ ყველაზე კარგ ვარიანტში ჩვენ 2021 წლამდე პრაქტიკულად არაფერი გვექნება. საქართველოში რომ ჩამოვიდეს ეს ვაქცინა, კიდევ რამდენი დრო დასჭირდება, ეს უკვე მეორე თემაა. ეს არის დნმ-ვაქცინა. ასეთი პრინციპით ვაქცინები ვეტერინარიაში უკვე გამოიყენება, ადამიანებში მათი გამოყენების ნება მხოლოდ ახლა დართეს ე.წ. მერსის ვირუსის დროს.
ძალიან მძიმე მოსასმენია, რომ ამ ვირუსს უკლებლივ ყველა გადაიტანს 2-3 წელიწადში.
- ბოლო პერიოდში სხვადასხვა გრიპის პანდემიას მოვესწარით, წინა პანდემიების ისტორიებიც ვიცით. პრაქტიკულად, როდესაც მსოფლიოში ახალი შტამი იწყებს ცირკულირებას, მას ყველა ადამიანის მიმართ აქვს მიმღებლობა, ამიტომ, როგორც წესი, ყველას შეხვდება. ყველაზე კარგი სცენარის განვითარება ნიშნავს, რომ 2-3 წელიწადში ეს ვირუსი ყველამ გადავიტანოთ, ანუ ძალიან დიდი პიკი არ განვითარდეს, ერთბაშად არ დავსნეულდეთ ყველა, კლინიკებს არ მიაწყდნენ პაციენტები და ჰოსპიტლების კოლაფსი არ მოხდეს, როგორც ეს ევროპასა და ამერიკაშია. მოხუცები ისეთივე რისკის ქვეშ იქნებიან ყოველთვის, როგორც ახლა არიან. ამას არაფერი შეცვლის, იმ ვირუსს „ხასიათსა და განწყობას“ ვერავინ შეუცვლის. მე ვფიქრობ, მომავალში ვირუსის საწინააღმდეგო პრეპარატი, ვაქცინა იქნება მიღებული და მოხუცებსა და რისკის მქონე მოსახლეობას ამით დავიცავთ.
თქვენი პროგნოზი როგორია, რამდენ ხანს ვიქნებით სახლებში ჩაკეტილნი?
- ჩვენი სოციალური იზოლაცია იმისთვისაა, დრო მოვიგოთ, თორემ როდემდე ვიქნებით ასე სახლში ჩაკეტილები, გავალთ გარეთ და მაინც დაგვემართება ეს ვირუსი. როგორც სხვა ქვეყნების გამოცდილებამ გვიჩვენა, ამ დაავადებამ გარკვეულ პერიოდში მიაღწია პიკს, მერე დაიწყო დაავადების შემცირება. ჩინეთი ამის მაგალითია, რომ იქ გადაიარა პიკმა, ალბათ, ჩვენც დაგვიდგება ეს პერიოდი, მაგრამ, ყოველ შემთხვევაში, ეს პირველ ორ თვეში არ მოხდება.
სხვა ადამიანების განკურნებისთვის რამდენად მნიშვნელოვანია კორონავირუსისგან გამოჯანმრთელებული ადამიანის პლაზმის გამოყენება?
- როდესაც ადამიანი ვირუსულ ინფექციას გადაიტანს, გადატანის შემდეგ მის ორგანიზმში ვითარდება დამცველობითი ანტისხეულები, რომელიც თეორიულად დაავადებული სხვა პაციენტისთვის შეიძლება წამალი აღმოჩნდეს. ეს რთული საკითხია. იმის ხელაღებით თქმა არ შეიძლება, რომ ოდესღაც დაავადებული პიროვნების პლაზმა გადაარჩენს სხვა ადამიანებს. რამდენი სისხლი უნდა გამოაცალო იმ ერთი ადამიანის პლაზმას, რომ თუნდაც ერთ ადამიანს გადაუსხა, დანარჩენ ადამიანებს რა ვუყოთ? ერთი ადამიანით ერთი ადამიანი შეიძლება გადავარჩინოთ, თანაც ამას გამზადება, კვლევა, სისხლის განსაზღვრა სჭირდება. ძალიან რთული მომენტია, ამიტომ ეს ხმამაღალი და ზეპირი ნათქვამია. საამისოდ თეორიული ვერსია და შანსი არსებობს, მაგრამ პრაქტიკულად ეს ჯერ არავის განუხორციელებია. მიმდინარეობს ამ მიმართულებით მუშაობა და შეიძლება მომავალში დაიდოს კიდეც ინფორმაცია, რომ ეს შესაძლებელია. ომის დროსაც და მანამდეც იყო ამის პრაქტიკა, რომ დაავადებაგადატანილის სისხლს უსხამდნენ სხვა ადამიანებს. ამ წუთში ყველაზე ბედნიერად სწორედ კორონავირუსგადატანილი ხალხი მიმაჩნია.
მაგრამ ვირუსგადატანილებს შესაძლოა, ხელმეორედაც შეეყაროთ კორონა.
- მეორედ უკვე ისე მძიმედ არ გადაიტანენ, მსუბუქად გადაიტანენ, თანაც ძალიან მცირეა ხელმეორედ დავირუსების შესაძლებლობა.
მსოფლიო ვირუსოლოგებს ხომ არ გაეპარათ ის გარდამტეხი მომენტი, როცა შეიძლებოდა ამ პანდემიის შეჩერება?
- ვირუსოლოგებამდე უნდა მივიდეს ინფორმაცია. ვირუსოლოგები ამ საკითხზე პასუხისმგებელნი არ არიან, ისინი პასუხისმგებელნი არიან ვირუსის კვლევაზე. თუ ქვეყანაში იწყება უჩვეულო დაავადებების გავრცელება, პირველ რიგში, ამის შესახებ ქვეყანას, მის ჯანდაცვის სისტემას უნდა განეცხადებინა, რომ რაღაც ახალმა ვირუსმა დაიწყო ცირკულაცია, რომელმაც მოსახლეობის დიდი პროცენტი დააავადა. მაგრამ იმ ეტაპზე მას დიაგნოსტიკუმი არ ჰქონდა, არაფერი არ ჰქონდა, რით გაეგოთ, ეს ჩვეულებრივი სეზონური გრიპის ვირუსი იყო, ადენოვირუსი, თუ რენოვირუსი?! ჩვეულებრივი ვირუსით მიმდინარეობდა დაავადება და არც ფიქრობდნენ რაიმე საეჭვოზე იქ, სადაც დაიწყო ამ ვირუსმა გავრცელება. როდესაც მსოფლიომ და ვირუსოლოგებმა გაიგეს, რომ სულ სხვა ვირუსთან გვაქვს საქმე, პანდემიის შეჩერება უკვე დაგვიანებული იყო.