ვის ექავება ფრთები? - ქართული ინტერნეტფორუმების მიმოხილვა

ვის ექავება ფრთები? - ქართული ინტერნეტფორუმების მიმოხილვა

ეს ის ქალაქია, სადაც ყველა ქუჩა და ეზო ლეგენდებს ატარებს. ეს ის ქალაქია, სადაც ყველა სვამდა და ლოთობა სირცხვილად ითვლებოდა. და ეს ის ქალაქია, სადაც რუსთაველის გამზირზე, ყოველ გაზაფხულსა და შემოდგომაზე დროშები ფრიალებს და ხალხი ჯაჭვის რგოლებადაა გადბმული, მაგრამ ყველამ იცის, რომ მაინც არაფერი გამოვა.

 

წინა კვირას, ქართულ ინტერნეტ–ფორუმებზე ყველაზე აქტუალური თემა, ოპოზიციის ერთი ნაწილის ეს უკვე მერამდენედ გაერთიანება და მერამდენედ მკერდზე ხელის ბრახუნი იყო. თუმცა, უამრავი ფორუმული თემებიდან და პრესა.გე-ს სტატიების გარჩევისას, გაგიკვირდებათ და, ვერ ვნახეთ თუნდაც ერთი  კომენტარი, რომელიც ამ კოალიციაზე ისეთს იტყოდა, აქ რომ უნდა გაახლოთ.

 

სამაგიეროდ, უამრავი გამოხმაურება მოჰყვა სტატიას სათაურით: “კომაროვის სკოლაში პოლიციას 800 ლარად აყვარებენ“, სადაც სხვებთან ერთად, მკითხველი – დავითი წერს:

 

დავითი: “ძალიან ძნელია, ჩლუნგი პოლიციელი აღიქვა როგორც სიმართლის მქმნელი. ზოგადად კარგია და დადებითი სიმართლის მქნელი და მასზე კარგის დაწერა, მისი შეყვარება, მაგრამ ამ შემთხვევაში როგორ გამოდგებოდა პოლიციელი ამ თემად  – არ ვიცი“.

 

როგორი და, ზუსტად ისეთი, საბჭოურ ფილმებში რომ გვინახავს. ოღონდ, მხოლოდ ფილმებში...

 

წინა კვირას, ხელისუფლებამ კიდევ ერთხელ გაგვაოგნა “ბრძნული“ გადაწყვეტილებით და საქალაქო ტრანსპორტის 10 თეთრით გაძვირება გადაწყვიტა. სტატიაზე: “ხელისუფლებამ სოციალური პროტესტის აზვირთებისკენ ირმის ნახტომი გააკეთა“, რომელიც სწორედ ამ თემას ეძღვნება, მკითხველი აკა წერს:

 

აკა: “მე გავაკეთე ძალიან ზოგადი ანალიზი საქალაქო ტრანსპორტის შემოსავლებისა და ხარჯების გათვალისწინებით იმისთვის, რომ საქალაქო ტრანსპორტს თავისი ხარჯები დაეფარა, და დამედგინა ის მინიმალურიო ფასი, რომლითაც ქალაქის ტრანსპორტი თავს შეინახავდა და არ იქნებოდა საგრძნობლად წამგებიანი. დეტალებით თავს არ შეგაწყენთ, ვიტყვი მხოლოდ იმას, რომ იმისთვის, რომ საქალაქო ტრანსპორტმა თავი შეინახოს დღევანდელი ფასების გათვალისწინებით და დაფაროს ხარჯები ბენზინზე, შეკეთებაზე, მომსახურე პერსონალის ხელფასებზე, აგრეთვე – ამორტიზაციის გათვალიწინებით, ფასი უნდა ყოფილიყო არანაკლებ 35 თეთრისა. ასე რომ, გაძვირება იყო გარდუვალი, მაგრამ ჩემი აზრით შესაძლებელი იყო ფასის გაზრდა 30-35 თეთრამდე და დანარჩენი ხარჯები დაფარულიყო ქალაქის შემოსავლების სხვა უფრო მომგებია სფეროებიდან,  რადგან ტრანსპორტის გაძვირება ძალიან მტკივნეული ნაბიჯია“.

 

აკა, ძმაო, მგზავრობა 30–35 თეთრამდე ვერ გაძვირდებოდა იმიტომ, რომ უკვე 40 თეთრი ღირდა. და თუ მაინც “გააძვირებდნენ” ეს უკვე გაიაფება იქნებოდა. გაძვირებული, პირთამდე გაძეძგილი ავტობუსიდან ხელებგამოჩრილი ჩვენი თანამოქალაქეების ხილვისას, წარმომიდგენია, როგორი სიამაყე ეუფლებათ თბილისის მერსა და საკრებულოს თავმჯდომარეს. ეს ხომ მათი მმართველობის დროს მოხდა!

 

“როგორ ვისწავლოთ და ვასწავლოთ ხელისუფლებას სახელმწიფოს მართვა?“ ამ მარადიულმა კითხვამ, რომელიც წინა კვირას, პრესა.გე–ს ერთ–ერთი სტატიის სათაურიც იყო, განსაკუთრებით ჩვენი მკითხველი დაუჯერებლად კრეატიული ნიკით:  “!!!!!!!!!!“  – შეაშფოთა...

 

“ქვეყანაში, რომლის მოსახლეობაც ტოტალიზატორში 20 მილიონს აგებს და ყოველი მეათე ძვირად ღირებულ მანქანებით სარგებლობს, ნამდვილად არის ერთ სულ მოსახლეზე 3.50 წყლის გადახდის რესურსი,

 

მაგას მიშა, გიგი, ვანო და მაგის ამფსონები აკეთებენ და იგებენ.  მე არ ვარ მე უმწეო და მაქვს ტელევიზორი, მაგრამ ოჯახის რჩენას და გადასახადების გადახდას ვერ ავუდივარ... დავაშავე რამე? მაშინ თქვით ბატონო, რომ ხელისუფლების ყველა შტოს წარმომადგენელს უძვირდება გაზიც, დენიც და წყალიც, რადგან ხელფასები მაღალი აქვთ. მათი ცხოვრების დონე მაღალია და პლაჩიდო დომინგოს კონცერტებზე სირბილიც შეუძლიათ“.

 

პლაჩიდო დომინგოს კონცერტებზე შეიძლება უფულო, მაგრამ ჭეშმარიტმა მელომანებმაც იარონ, მაგრამ როდესაც თბილისიდან ჩარტერული რეისით, კონცერტის სანაცავად მიფრინავ, მაინც სულ სხვა განცდაა...

 

რა საერთო აქვს აფრიკელ ბურებს და 40 000 ყივჩაღს? ბურები VS ქართველი გლეხები...

 

robyn81:“ბურების ჩამოსახლებით ბოლოს და ბოლოს ქართველ გლეხს (ქართველ ბურებს) ცოტაოდენი კონკურენციის გრძნობა მაინც გაუჩნდება, როდესაც მის გვერდზე მეზობლად დაინახავს თუ როგორ ლამაზად არის მიწა დამუშავებული და მთელი დღე, დალევის, ჯოკრის თამაშის და ჩხუბის მაგივრად, ქართველებიც დაამუშავებენ მიწას.

 

არის მოსაზრება და სულ იქნება: “ისედაც ცოტანი ვართ ქართველები კიდევ ბურები გვინდა, სად არის მიწა კიდე მაგათ რომ მივცეთო?” დავით აღმაშენებლის დროს უფრო ცუდ მდგომარეობაში ვიყავით, უფრო დიდი მტრები გვყვადა და უფრო ნაკლები მოსახლეობა ცხოვრობა დაბაში ვიდრე დღეს.

 

ბურები ზურგზე არ აკიდებენ და არსად არ წაიღებენ მიწებს, ფერმებს, ლამაზ ბაღებს, ტექნიკას, მოყვანილ პროდუქციას. ბურების ჩამოსახლებით ქართველებიც ბევრ რამეს ვისწავლით, გაიზარდება კონკურენცია, ქართველი გლეხები და ბურები ერთმანეთს გაუზიარებენ თავიანთ გამოცდილებებს“.

 

პროგრესის მამოძრავებელი ძალა ზარმაცი ხალხია ზოგადად. აბა თუ მიხვდებით, რა დანიშნულება აქვს დისტანციური მართვის პულტს?!...

 

სამართლიანი უკანონობა, თუ უსამართლო კანონიერება?

 

Precurso: “რამ გამოიწვია პოლიტიკური შტილი? საზოგადოება დადგა იმ სინამდვილის წინაშე, რომ კანონის ფარგლებში შეუძლებელია პოლიტიკური საქმიანობა... დილემის წინაშე დგას როგორც საზოგადოება და ხალხი, ასევე პოლიტიკური პარტიებიც - გადააბიჯონ თუ არა კანონის მიჯნას?

 

ჯერჯერობით, პარტიები და მოსახლეობა ერთმანეთს ამ საკითხში ვერ ენდობა... რაც ხალხი, ის - ოპოზიციაო... გადამგდები და იმედგაცრუებული. არადა, ადვილი გადასალახავი არ არის უბრალო მოკვდავისთვის კანონის ზღვარი... ოპოზიციაც უბრალო მოკვდავებისგან შედგება - უბრალოდ, ხანდახან, მლიქვნელები უცვლიან ხოლმე თვითშეგრძნებას, თორემ კრიტიკული გადაწყვეტილების მიღებისას ისევ უბრუნდებიან ხოლმე რეალობას და ისე იქცევიან, როგორც უბრალო მოკვდავნი უნდა იქცეოდნენ - საკუთარ თავს საზოგადოებრივზე მაღლა აყენებენ“

 

სააკაშვილმა ცოტა ხნის წინ,  ბრძანა: “მე რომ ოპოზიცია ვიყო, ამ ხელისუფლებას ნახევარ საათში დავამთავრებდიო!'' ნეტავი რას უნდა ნიშნავდეს?

 

მერია დაბურულმინიან მანქანებს ჰყიდის, ანუ, თავშესაქცევი პატარა ისტორია...

 

Mdogvi: “სხვდასხვა საინფორმაციო საშუალებებმა გვამცნეს, რომ თბილისის მერია მერის თავკაცობით, ჰყიდის სახელმწიფო მანქანებს. მიზანი, ქმრების შემოჭერა და იააფფასიან მანქანებზე გადაჯდომაა. ერთი თავშესაქცევი დეტალი - ყველა მანქანის მინების დაბურვის ხარისხი დასაშვებზე მეტია. ანუ, მყიდველი პოტენციური დამრღვევია. დღემდე დარღვევით დადიოდნენ?“.

 

ის დრო თუ გახსოვთ იუსტიციის მინისტრი მიშა სააკაშვილი მეტროში რომ ჩადიოდა ხოლმე? რა უჭირს მერიის ხალხმა ყვითელი ავტობუსებით რომ იარონ? თუ ნამეტანი სიმჭიდროვეა ამ ბოლო დროს?

 

ისევ და ისევ ბურები… შუშავ, ნუ დაიბურები....

 

Armagedonidze: “მართალია დაგვიანებით, მაგრამ მინდა ამოვწიო შუშების დაბურვის თემა, ცოტა სხვა კუთხით....კერძოდ, ეს შუშების დაბურვის ამბავი ჩემის აზრით ნაციონალური მოძრაობის “მსოფლმხედველობრივი” აქცია იყო. ანუ, ვგულიხმობ იმას, რომ დღევანდელ საქართველოში ყველაფერი გამჭვირვალე უნდა უნდა იყოს, პოლიციის შენობა იქნება ეს თუ ზოგადად ახალი შუშის არქიტექტურა...

 

მე მესმის, რომ ეს თემა ცოტა არასერიოზულია, მაგრამ მაინც რაღაც პარალელს ვხედავ ამ აჩემებასა (სხვას ვერაფერს დავარქმევ) და ახლანდელ არქიტექტურულ “მოდას” შორის. აქ, უბრალოდ, მთავარია ზომა–წონა დაიცვას მთავრობამ და პიროვნების დონეზე ნუ გადავა ამ “გამჭვირვალეობის” პროპაგანდით, თორემ ძალიან უშნო სახე შეიძლება მიიღოს ამ ყველაფერმა“.

 

პიროვნების დონეზე გადასულ გამჭირვალეობას ჰქვია ტოტალური კონტროლი. რაც შეეხება გამჭირვალე პოლიციებს, ესეც ახლა სიმბოლიზმია და მეტი არაფერი. მაგალითად, გორთან ახლოს პოლიციის განყოფილება შუშისაა, ანუ მისი იერიშით აღება არის უმარტივესი. ანუ, პოლიციის განყოფილება კონფლიქტურ ზონაში, სიმბოლური გამჭირვალეობის გამო, გახდა იოლი სამიზნე.

 

არ გვინდა დამოუკიდებლობა - ტაქსისტების არჩევანი,

 

Mrgio: “ვზივარ იმ დღეს ტაქსში და რადიოში ისმის იდიოტური სიმღერა: “ნაცნობ სიმღერას ვღიღინებ, შენ საყვარელ სიმღერას ვღიღინებ”. ჰოდა, ამ სიმღერაზე ისეთი ალერგია მაქვს, ეგრევე ვეუბნები ტაქსისტს, სხვაგან გადართე მეთქი... ამ პატივცემულმაც გადართო რაღაც რუსულ სიმღერაზე, რაც აგრეთვე არ მესიამოვნა და გავუმეორე ესეც არ მინდა მეთქი.

 

რატომ არ მოგწონსო? - მკითხა ნახევრად ხუმრობით. ომის მერე როგორ უნდა მომწოდეს?  – ვუპასუხე. რას ერჩი მაგათო, ეს ჩვენი და იმათი მთავრობები არიანო მასონებიო და ამერიკის მონებიო.

 

25 საუკუნეა დამოუკიდებლობისთვის ვიბრძვით, შენ კიდევ რუსებისკენ როგორ მიიწევ მეთქი..., რაზეც “დაზადნა” და არა მაგას კი არ ვამბობო, პატარა ქვეყანა ვართო და ვინმესთან უნდა ვიყოთო. შენ ვის აირჩევდიო?“.

 

ასეთი ლაპარაკის დროს უნდა გაახსენო, რომ მას რამდენიმე წითელი დიპლომი აქვს სახლში, რომ სულ ტაქსისტად არ მუშაობდა და თავისი ბიზნესიც ჰქონდა და ეგაა რა... ასეთი საუბარი უფრო უყვართ ტაქსისტებს, ვიდრე პოლიტიკა.

 

ჩვენ ვიმსახურებთ უკეთეს მთავრობას, და უფრო მეტიც...  შემოლაწუნებას!

 

benjamen glonti: “წარმოიდგინეთ, ზომიერი მიშისტების 100 000 კაციანი მსვლელობა იპოდრომის მიდამოებიდან პარლამენტის კიბეებამდე, ნაციონალური დროშებით, ღია, მხიარულ ფერბში ჩაცმული ახალგაზრდობა, მხრებზე ბავშვებშემოსმული მამები, სექსი დედიკოები, იმპოზანტური პაპები და ელეგანტური ბებიები...

 

... ლოზუნგი: “ჩვენ ვიმსახურებთ უკეთეს მთავრობას!” აწ უკვე ყოფილი ქუჩის ოპოზიციის ფიასკოს გამოისობით, დღეს შეიქმნა სიტუაცია, როდესაც მთავრობის პირობითად ლიოლური და მისადმი ზომიერად (კონსტრუქტიულ) ოპოზიციური პუბლიკის ერთობლივი ერთჯერადი აქციის ჩატარება იძენს აზრს. ამ აქციამ უნდა შეასრულოს ორი მნიშვნელოვანი ფუნქცია:

 

ა) სამოქალაქო საზოგადოების ინიციაცია;

ბ) მთავრობისთვის მინიშნება,რომ მას (რბილად რომ ვთვათ) შეცდომები აქვს.

 

იმისთვის რომ მოხერხდეს საზოგადოების მობილიზაცია, აქციის გზავნილი უნდა იყოს მაქსიმალურად მარტივი, ყველასთვის გასაგები და მისაღები. ჩემი აზრით, ასეთად გამოდგება ზოგადი ლოზუნგი (სლოგანი): “ჩვენ ვიმსახურებთ უკეთეს მთავრობას!“.

 

აქციის იდეა მაინცდამაინც არ მომწონს, მაგრამ ფაქტია, რომ საზოგადოებამ ყველაფერი უნდა იღონოს იმისთვის, რომ 2013 წელს, მიხეილ სააკაშვილი დასჯერდეს ექს-პრეზიდენტის სტატუსს.

 

ვინ იქნება მიშას მემკვიდრე? ვის ექავება საპრეზიდენტო ამბიციების ფრთები?..

 

Licemer: “უკვე კარგად იკითხება, რომ საქართველოს მრავალტანჯულ კონსტიტუციაში ცვლილებების შეტანის შემდეგ, მიშა პრემიერი (სამყაროს დასასრულამდე მიშა იქნება საქართველოს ფაქტიური მმართველი), ანუ ქვეყნის ფაქტობრივი მმართველი გახდება, ხოლო პრეზიდენტად კი ვინმე იქსი დაინიშნება.

 

არაფერი არ მეშლება, ვიცი ბატონო, პირდაპირი გზით ირჩევიან, მაგრამ სამწუხაროდ ისიც კარგად ვიცი გურჯისტანში არჩევნები როგორ ტარდება. ასეა ეს! არჩევნებით შეიძლება ქვეყანა წინ დაძრა და შეიძლება უფსკრულშიც გადაჩეხო. ცნობილი ანდაზის - “სამართალით გაპარსვაც შეიძლება და ყელის გამოჭრაც” ტრანსფორმირებული სახეა“. 

 

მემკვიდრე კი არა, ის კიდევ... სინგაპურია ჩვენი ქვეყნის ნიშან–სვეტიო იძახის კაცი და მეტი რაღა ქნას?...