ინციდენტი ქუთაისში. კუდ–ის ყოფილი მაღალჩინოსნის და ქუთაისის მერის მეგობარი გერმანელ პროფესორს ფიზიკურად გასუწორდა. შემთხვევა 11 ივლისს, გვიან საღამოს, ფეხბურთის მსოფლიო ჩემპიონატის ფინალური მატჩის მსვლელობისას მოხდა. მესხიშვილის სახელობის თეატრთან მდებარე სეზონურ ლუდის ბარში, სადაც მსურველებს ლუდის სმასთან ერთად ჩემპიონატისთვის თვალის დევნებაც შეეძლოთ.
ისტორია სააქციო საზოგადოება “ქუთაისის ტყავფეხსაცმელების კომბინატის” გაკოტრების მმართველს, გაგა კოხრეიძესა და გერმანელ დანიელ შეფს შორის შელაპარაკებით დაიწყო და იმით დასრულდა, რომ ამ უკანასკნელმა საქართველო დატოვა. ინციდენტს ქუთაისის მერიც შეესწრო.
ბარის მომსხურე პერსონალი მომხდარს ადასტურებს. ამბობს, რომ ჩხუბი გერმანელ პროფესორასა და “ჩვეულებრივ მოქალაქეს” შორის მართლაც მოხდა, მაგრამ არა ბარში, არამედ უკვე გარეთ გასვლისას.
მესხიშვილის სახელობის თეატრის ეზოში, ბართან დაცვის სამსახურის სამორიგეო ჯიხურია, სადაც თანამშრომლები 24 საათის განმავლობაში მორიგეობენ. მათ 11 ივლისის მორიგის, ამირან დათიაშვილის ვინაობა გაგვიმხილეს. ამ უკანასკნელმა, სატელეფონო საუბრისას, თანამშრომელთა მსგავსად, ჩხუბის შესახებ ინფორმაცია უარყო. თუმცა, ბოლოს ერთ-ერთი მათგანი მაინც დაინტერესდა, როგორ დასრულდა გერმანელი პროფესორის ცემის ისტორია.
”რა ხდება, იჩივლა ბოლოს და ბოლოს იმ გერმანელმა?”- იკითხა დაცვის თანამშრომელმა და როდესაც შეიტყო, რომ – არა, კმაყოფილმა გააგრძელა: ”მერე, თუ არ იჩივლა და საქართველოდან გაიქცა, ვინ რას დაეძებს მომჩივანი თუ არაა”.
სეზონური ბარის მომსახურე პერსონალის და დაცვის გარდა მომხდარს არაერთი თვითმხილველი ჰყავს, თუმცა საუბარს ყველა გაურბის.
”რაღაც კონფლიქტი რომ იყო გერმანელთან მახსოვს. რატომ უნდა დაიცვა? უცხოელი არ უნდა დაიცვა. ვინც ცემა იმასაც ვიცნობთ ყველა, უბრალოდ ახლა ვერ ვიხსენებ”, - ამბობს ქალბატონი, რომელიც იქვე მდებარე მესხიშვილის თეატრში მსახურობს.
”მას, ვინც იჩხუბა, ფეხმძიმე მეუღლე ყოლია. ის გადებია მაგიდას და გერმანელს ლუდი დაქცევია. ამ უკანასკნელს შეუგინია და ამას პირიქით ლუდი მიურთმევია”, - იხსენებს თეატრის კიდევ ერთი თანამშრომელი.
ბარი ქუთაისის პოლიციის მეორე განყოფილების შენობის წინ მდებარეობს. თუმცა, პოლიციაში აცხადებენ, რომ მომხდარზე ინფორმაციას არ ფლობენ.
”ამჟამად შვებულებაში ვარ, ხოლო რაკი ინციდენტის დროს შემთხვევის ადგილზე საპატრულო პოლიცია მივიდა, ეგ საქმე ჩემს კომპეტენციაში არ შემოდის”- განგვიცხადა ქუთაისის პოლიციის უფროსმა, ბადრი დვალიშვილმა.
ორდღიანი მცდელობის მიუხედავად ინფორმაციის გადამოწმება, ვერც შს სამინისტროს პრესსამსახურის უფროსმა ზურა გვენეტაძემ მოახერხა.
მომხდარზე საქმე დღემდე არ აღძრულა. ადგილობრივების ინფორმაციით, გაგა კოხრეიძე ქუთაისის მერის, გია თევდორაძის და კონსტიტუციური უსაფრთხოების დეპარტამენტის დასავლეთ საქართველოს სამმართველოს ყოფილი უფროსის, კოტე არჩაიას მეგობარია, რომელიც ვანო მერაბიშვილმა თანამდებობიდან ერთ თვის წინ დაითხოვა. საქმეს მსვლელობა სწორედ ამიტომ არ მიეცა.
მომხდარის შესახებ სმენია ქუთაისი აკაკი წერთლის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორს, სადაც დანიელ შეფი გერმანული ენის კათედრაზე მუშაობს. გიორგი ონიანი ამბობს, რომ სერიოზული არაფერი მომხდარა და ინციდენტი უკვე ამოწურულია. გერმანელი პროფესორი კი, შვებულებაში იმყოფება.
”ინფორმაციას, რომ ბატონმა დანიელმა საქართველო საბოლოდ დატოვა ვერ დაგიდასტურებთ. ის ჩვენს უნივერსიტეტში DAAD-ის ოფიის წარმოადგენს და გარდა ამისა პედაგოგიურ საქმიანობას ეწევა. მოწვეული სპეციალისტი გახლავთ. არანაირი ბრძანებაზე, რომელიც ბატონი დანიელის ჩვენს უნივერსიტეტთან წყვეტაზე მიანიშნებს ხელი არ მომიწერია. ასე რომ, მოდით ვიქონიოთ იმედი, ბატონი დანიელი ძველებურად, შემართებით, გერმანულ-ქართული ურთიერთობების სიყვარულით გააგრძელებს საქმიანობას. ის ამით ნამდვილად გამოირჩევა”, - ამბობს გიორგი ონიანი.
ქუთაისის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორის განმარტებით, ის, რომ გერმანელი პროფესორი საქართველოში არ იმყოფება, გასაკვირი ნამდვილად არ არის, რადგან შეფი შვებულებაშია.
მომხდარზე საუბარი არ სურს ქუთაისის მერს. გია თევდორაძე აცხადებს, რომ სისულელეებზე კომენტარის გაკეთება არ სურს.
”რაღაც აბსურდულ სისულელეებზე კომენტარს არ ვაკეთებ”, - განგვიცხადა თევდორაძემ.
მომხდარის შესახებ საუბარი არც ტელეკომპანია ”იმედის” რეგიონული ბიუროს ოპერატორმა გია დვალიშვილამ ისურვა, რომელსაც დანიელ შეფთან ახლო ნაცნობობა აკავშირებდა და ამ ინციდენტში ერთ-ერთი დაზარალებულია. როგორც ქუთაისში გვითხრეს, მომხდარის შემდეგ მას “კომპენსაციად” მერიის პრეს-სამსახურის ოპერატორობა ერგო.
”ბოდიშს გიხდით, ვერ მოგიყვებით რა მოხდა. ძალიან არ მინდა ამ თემაზე საუბარი”, - განგვიცხადა გია დვალიშვილმა. რაც შეეხება მერიის პრესსამსახურში მუშაობის დაწყების შესახებ დასმულ შეკითხვას, პასუხი ამ შემთხვევაშიც ფაქტობრივად ანალოგიური იყო - ”ბოდიშს გიხდით, მაგრამ ვერცერთ შეკითხვაზე ვერ გიპასუხებთ”.
დანიელ შეფი DAAD-ის გერმანიის აკადემიური გაცვლის სამსახურის ლექტორია ქუთაისის სახელმწიფო უნივერისტეტში. ის საქართველოში უკვე რამდენიმე წელია საქმიანობს. მისი მობილური ტელეფონი გამორთულია. გერმანელ პროფესორთან დაკავშირება ბოლოს ელექტრონული ფოსტის მეშვეობით ვცადეთ. გვიპასუხა, რომ ახლა შვებულებაშია, საქართველოში აგვისტოს ბოლოს დაბრუნდება და ყველა, მათ შორის 11 ივლისის ინციდენტთან დაკავშირებულ შეკითხვებსაც უპასუხებს.