თეა წულუკიანი: არც აღდგომამდე და არც აღდგომაზე არ ვაპირებ ეკლესიაში მისვლას!

თეა წულუკიანი: არც აღდგომამდე და არც აღდგომაზე არ ვაპირებ ეკლესიაში მისვლას!

იუსტიციის მინისტრი თეა წულუკიანი, ამბობს, რომ ის ეკლესიაში არც აღდგომამდე და არც აღდგომაზე აპირებს მისვლას.

თუ როგორ უნდა გაგრძელდეს ღვთისმსახურება საგანგებო ვითარების პირობებში, ამ თემაზე მან „დღის კურიერში“ ისაუბრა.

„არავის არ უთქვამს, რომ ვინმეს ამ ქვეყანაში კანონის წინაშე აქვს იმუნიტეტი, ბევრჯერ ითქვა, ამას პრემიერმაც გაუსვა ხაზი და მთავრობის სხვა წარმომადგენლებმაც.

წესი არის წესი, როდესაც ქვეყანაში არის ჰუმანიტარული კრიზისი, უფრო მძიმე ხარისხის კრიზისებია სხვა ქვეყნებშიც, წესებს და კანონებს იღებს საერო ხელისუფლება და ის მოქმედებს სასულიერო ხელისუფლების შიგნითაც.

გინდათ დასვათ კითხვა, უნდა შეიჭრას თუ არა პოლიცია ეკლესიაში? ტრენდი გაქვთ, რომ პოლიციას უბიძგოთ შეიჭრას ეკლესიაში, თუ თქვენი მოწოდებაა, რომ პოლიცია შევიდეს და მრევლი გამოიყვანოს ქეჩოთი ეკლესიიდან. ეს არაა ამ წუთში პოლიციის მიმართულება. არ უნდა იყოს და ეს სწორია.

რაც შეეხება ჩემს პირად პოზიციას აღდგომის დღესასწაულამდე და აღდგომის დღესასწაულზე:

მიუხედავად იმისა, რაოდენ დიდი სურვილი და მოთხოვნილება, როგორც ერთ მართლმადიდებელს, არა მხოლოდ იმიტომ რომ ეს არის დიდი დღესასწაული, არამედ სხვა პირადი მოსაზრებებიდანაც გამომდინარე, ამის სურვილი და საჭიროება წელს განსაკუთრებით მქონდეს, რომ მივიდე ეკლესიაში – ეკლესიაში არც აღდგომამდე და არც აღდგომაზე მისვლას არ ვაპირებ და შევეცდები, რომ დისტანციურად ვადევნო თვალი“,- განაცხადა თეა წულუკიანმა.