თბილისის მერმა, კახა კალაძემ ქუთაისის მერის გადადგომაზე ჟურნალისტებთან კომენტარი გააკეთა. მისი თქმით, ყველა ცვლილება სიტუაციის გაჯანსაღებას უკავშირდება.
კალაძის განცხადებით, ქუთაისის მერის, გიორგი ჭიღვარიას მიმართ არანაირი პრეტენზია არ ყოფილა. „პრეტენზიები ზოგადად ისეთი არაფერი, ალბათ საჭიროა განახლება და უფრო მეტი ენთუზიაზმი და შემართება“, - აღნიშნა კახა კალაძემ.
ქუთაისის მერმა, გიორგი ჭიღვარიამ თანამდებობა დღეს დატოვა. ოფიციალური მიზეზები უცნობია. მერის მოვალეობას დროებით, ჭიღვარიას პირველი მოადგილე დავით ირემაშვილი შეასრულებს. გიორგი ჭითვარიამ ამის შესახებ საკუთარ facebook გვერდზე დაწერა.
„2017 წლის ნოემბერში, ქუთაისელების დიდი ნაწილის გადაწყვეტილებით, მე წილად მხვდა პატივი, გავმხდარიყავი ქუთაისის არჩეული მერი. ეს იყო როგორც უდიდესი ნდობა, ამასთანავე უზარმაზარი პასუხისმგებლობაც. იმ დღიდან დღემდე, მე და ჩემმა გუნდმა ქალაქში მრავალი მნიშვნელოვანი პროექტი დავიწყეთ და დავასრულეთ, ბევრ მათგანზე ამ რთულ დღეებშიც კი არ შეჩერებულა მუშაობა. მიუხედავად იმისა, რომ ჩემი საარჩევნო ვადა ჯერ არ ამოწურულა, მივიღე გადაწყვეტილება, დავტოვო ქუთაისის მერის თანამდებობა და წავიდე პოლიტიკიდან. თუმცა, მე არ მივდივარ ჩემი ქალაქიდან და ყოველთვის მისი გულშემატკივარი ვიქნები. მინდა, მადლობა ვუთხრა ჩემს თანაქალაქელებს გამოცხადებული ნდობისთვის, ჩემს გუნდს - გვერდით დგომისთვის, მედიას - თანამშრომლობისთვის. მშვიდობასა და წარმატებას ვუსურვებ ჩემს ქალაქს!“, - დაწერა ქუთაისის მერმა, გიორგი ჭიღვარიამ facebook-ზე.