ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის ერთ-ერთი წამყვანი ფიგურის თქმით, კორონავირუსის პანდემიის დროს დაფინანსება აშშ-ს პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა არ უნდა შეამციროს. ინფორმაციას ამის შესახებ independent ავრცელებს.
„ჩვენ ახლა პანდემიის მწვავე ეტაპზე ვართ - ახლა არ არის დრო, რომ დაფინანსება შემცირდეს”, - განაცხადა ჯანმო-ს ევროპის რეგიონულმა დირექტორმა ჰანს კლუგემ.
7 აპრილს აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია გააკრიტიკა, რომელიც, მისი თქმით, ძირითადად აშშ-ის მიერ ფინანსდება.
„ჯანმომ მართვის სადავეები ხელიდან გაუშვა. მიუხედავად იმისა, რომ ჯანმოს ძირითადად აშშ აფინანსებს, იგი ჩინეთზეა ძალიან ორიენტირებული. ჩვენ ყურადღებით შევისწავლით ამას. საბედნიეროდ, თავიდანვე უარი ვთქვი მათ რჩევაზე, ჩინეთთან ჩვენი საზღვარი ღიად დაგვეტოვებინა. რატომ მოგვცეს ასეთი მცდარი რეკომენდაცია?“ - დაწერა დონალდ ტრამპმა Twitter-ზე.
ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ კორონავირუსთან დაკავშირებით პანდემია 2020 წლის 11 მარტს გამოაცხადა. მანამდე კი, 30 იანვარს ჯანმომ კორონავირუსი გლობალურ საფრთხედ გამოაცხადა. ჩინეთში პნევმონიის აფეთქება 2019 წლის დეკემბერში დაიწყო. ის გამოწვეულია კორონავირუსის აქამდე უცნობი შტამით.