დავით ზალკალიანი: უაღრესად პოზიტიური შეფასებები გვაქვს ევროპელი პარტნიორების მხრიდან

დავით ზალკალიანი: უაღრესად პოზიტიური შეფასებები გვაქვს ევროპელი პარტნიორების მხრიდან

პრემიერ-მინისტრის ვიდეოკონფერენცია ევროკომისართან სამეზობლო პოლიტიკისა და გაფართოების საკითხებში, იყო ძალიან შინაარსიანი და საინტერესო. იმ დროს, როდესაც მთელი მსოფლიო, ევროკავშირი, საქართველო ებრძვის COVID-19-ს, ძალიან მნიშვნელოვანია კოორდინირებული საქმიანობა, – ამის შესახებ საგარეო საქმეთა მინისტრმა, დავით ზალკალიანმა საქართველოს პრემიერ-მინისტრისა და ევროკომისარ ოლივერ ვარჰელის ვიდეოკონფერენციის შემდეგ განაცხადა.

„ჩვენ განსაკუთრებული მადლიერება გამოვხატეთ ევროკავშირის მიმართ იმ ფინანსური დახმარებისთვის, რომელიც გაცხადდა სულ ცოტა ხნის წინ და ბუნებრივია, საუბარი იყო ასევე არსებულ შესაძლებლობებზე, რომ ეს დახმარება კიდევ უფრო გაფართოვდეს და ასევე უფრო ეფექტიანად ვებრძოლოთ COVID-19-ს. რა თქმა უნდა, პრემიერ-მინისტრმა ძალიან დეტალურად აცნობა ევროკომისიის წარმომადგენლებს საქართველოს მთავრობის ძალისხმევა COVID-19-თან ბრძოლის ფარგლებში.

უაღრესად პოზიტიური შეფასებები გვაქვს ჩვენი ევროპელი პარტნიორების მხრიდან და ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ეს თანამშრომლობა კოორდინირებული იყოს, რადგანაც პანდემიასთან გამკლავება მხოლოდ ერთიანი ძალისხმევით იქნება შესაძლებელი“, - განაცხადა ზალკალიანმა.

მისი თქმით, მხარეებმა საქართველოს და ევროკავშირის ურთიერთობებსა და აღმოსავლეთ პარტნიორობის სამიტზეც ისაუბრეს.

„ვისაუბრეთ ევროკავშირის კიდევ უფრო მეტ ჩართულობაზე საქართველოში. მოგეხსენებათ, რომ აღმოსავლეთ პარტნიორობა არის ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტი საქართველო-ევროკავშირს შორის ურთიერთობებში და ძალიან მნიშვნელოვანია დიფერენციაციის პრინციპის, მეტი-მეტისთვის კიდევ უფრო აქტიურად გამოყენება. რა თქმა უნდა, ამ სიტუაციაში ჭირს საუბარი, თუ როდის გაიმართება აღმოსავლეთ პარნტიორობის შემდგომი სამიტი. როგორც ცნობილია, ივნისშია დაგეგმილი, მაგრამ ეს დამოკიდებული იქნება იმ სიტუაციაზე, რომელიც განვითარდება უახლოეს პერიოდში პანდემიასთან ბრძოლის კუთხით, თუმცა მიუხედავად თარიღისა, ჩვენ მაინც ვემზადებით იმისთვის, რომ საქართველო აღმოსავლეთ პარტნიორ წევრ ქვეყნებთან ერთად იყოს ღირსეულად წარმოდგენილი. მინდა, გამოვთქვა იმედი და ეს იმედი იყო გამოხატული ვიდეო-კონფერენციის დროს, რომ ივნისის დროს, ჩვენ შეიძლება ბევრად უკეთეს სიტუაციაში ვიყოთ როგორც საქართვლოში, ისე მთლიანად ევროკავშირის ფარგლებში“ , - განაცხადა მინისტრმა.