უცხოეთში მოღვაწე ქართველი სასულიერო პირები მოუწოდებენ ჩვენს მრევლს, არასწორად არ გაიგონ ნათქვამი, „ეძიებდით სიკვდილსა ქრისტესთვის“, რადგან ეს ნათქვამი სულაც არ ნიშნავს, ეძიებდით ვირუსს, პანდემიას, ან კორონას გვირგვინის დადგმას.
„ისე გამოდის, თითქოს კაცობრიობის მტრები ვიყოთ“, - აცხადებს არქიმანდრიტი იოანე და მიიჩნევს, რომ ღვთისმსახურებს აქვთ უფლება, ღვთის მსახურება აღავლინონ ისევე, როგორც ცალკეული პროფესიის ადამიანებს, რომელთა სამუშაოც ასეთ მძიმე პირობებშიც კი სავალდებულოა. ამიტომ არქიმანდრიტ იოანესთვის გაუგებარია, რატომ არის ეკლესიის მიმართ მიზანმიმართული ეს ყველაფერი, რომ მაინდამაინც ეკლესია უნდა დაიკეტოს, მაინცდამაინც ეკლესიაში ზიარება არ უნდა ხდებოდეს.
მეუფე ანტონი ამბობს, რომ შესაძლოა, მრევლმა ტაძრიდან სტადიონზე გადაინაცვლოს, რადგან აღდგომის დღესასწაულზე წირვის ჩაუტარებლობა გამორიცხულია.
მამა შალვა კეკელიას ვერსიით, მრევლს შეუძლია, კომენდანტის საათის ამოქმედებამდე, ანუ საღამოს 9 საათამდე მივიდეს ეკლესიაში და დილის 6 საათამდე დარჩეს. თუმცა მამა შალვას ამ მოწოდებას უკვე უპასუხა ვიცე-პრემიერმა მაია ცქიტიშვილმა, რომ ეს კომენდანტის საათის ორმაგად დარღვევა იქნება, რადგან აკრძალულია 3 ადამიანზე მეტის შეკრება და 21.00 საათის შემდეგ გარეთ ყოფნა.
ჯერჯერობით საპატრიარქო ვერ ეუბნება მრევლს, აღდგომის ღამეს ეკლესიაში შეხვდნენ და დაარღვიონ კომენდანტის საათი, თუ დარჩნენ სახლში. სანამ საპატრიარქო გადაწყვეტს, რა ფორმით ჩატარდება სააღდგომო ლიტურგია, მანამ მთავრობას გადაწყვეტილი აქვს, ლიტურგიას ტელევიზორში უყუროს.
სიტუაციიდან გონივრულ გამოსავალს გვთავაზობენ ჩვეულებრივი მოქალაქეები. ერთ-ერთი მათგანის აზრით, თუკი აღდგომის ღამეს ეკლესიაში ვერ წავალთ, მაშინ ღამის 12 საათზე გამოვიდეთ აივნებზე ანთებული სანთლებით და ერთად შევძახოთ, ქრისტე აღსდგა! ვიგალობოთ, „ქრისტე აღსდგა მკვდრეთით“, დავანახოთ მსოფლიოს, რომ რწმენას ვერავინ შეგვირყევს.
მედიცინის მეცნიერებათა დოქტორს, საქართველოს უნივერსიტეტის სრულ პროფესორს, ნევროლოგ, ეპილეფტოლოგ, ნეიროფიზიოლოგ ოთარ თოიძეს მიაჩნია, რომ არსებობს რწმენა ცივილური და არის რწმენა რელიგიური. რელიგიურ რწმენას თავისი კანონები აქვს, მას დაცვა სჭირდება და, ვინც მორწმუნეა, ეს წესები უნდა დაიცვას კიდეც. ცივილური რელიგიური სამყაროც ამის ნაწილია, მაგრამ ისინი ცხოვრობენ ჩვეულებრივ ცხოვრებაში ჩვეულებრივი კანონებით, რაც კონსტიტუციასა და საკანონმდებლო აქტებშია. მათი შეხამება ეჯახება ერთმანეთს და ასეთ დროს პრიორიტეტი უნდა მიენიჭოს უსაფრთხოებას.
„არ შეიძლება, ხალხს მოვუწოდოთ, არ დაიცვან უსაფრთხოების წესები. ერთი წუთით წარმოვიდგინოთ, დაავადდეს მრევლი, მაშინ რა პასუხი გვექნება, ღმერთს ასე უნდოდა, რომ ისინი დაავადებულიყვნენ? რწმენას შეწირულებად ჩაითვლებიან ეს ადამიანები? რისთვის? რწმენა მათ სხვა რამეში გამოავლინონ, ასე აჯობებს. ამით რწმენის, რჯულის დარღვევა, შესაძლოა, არ მოხდეს, მაგრამ ამით ცივილურ, საზოგადოებრივ დანაშაულს ჩაიდენენ, ვინაიდან თავისი „მორწმუნეობით“ ისინი ხდებიან ინფექციის გადამცემები სხვა ადამიანებზე. ეს უკვე სისხლის სამართლის მუხლია. თქვენ რომ ამტკიცოთ, მე ეკლესიაში რწმენის გამო ვიყავი, იქ დავინფიცირდი და არ დამსაჯოთო, ეს არ გამოვა, ამიტომ პრიორიტეტული უნდა იყოს ქვეყნის კანონმდებლობა. თუ სახელმწიფო გვინდა, მაშინ უნდა მივსდიოთ სახელმწიფოს კანონებს. ხოლო, თუ სულიერ სამყაროს დავაყენებთ წინ, მაშინ პრიორიტეტულობა უნდა მივცეთ სულიერ სამყაროს და ყველანი ბედნიერები ვიყოთ, თუკი სამოთხეში მოვხვდებით კორონავირუსით. რაც მე ვიცი, წმინდანები თუ წმინდა საქმეს აკეთებდნენ, ამას აკეთებდნენ უშუალოდ თვითონ და არავის არ ჩაიყოლიებდნენ თან“, - აცხადებს ოთარ თოიძე For.ge-სთან საუბარში.
ანალიტიკოსი ვახტანგ მაისაია არ მალავს, რომ მისი პოზიციები ამ შემთხვევაში დუალისტურია, რადგან ამ საკითხში ერთმანეთს ეჯახება მისი, როგორც მრევლის წარმომადგენელის, პოზიცია და ეროვნული უსაფრთხოების სპეციალისტის მიდგომა.
„ჩვენი დედაეკლესიისა და საპატრიარქოს პოზიცია აბსოლუტურად მესმის და ვიზიარებ კიდეც, რადგან ჩვენი ეკლესია არის კატაკომბური, ანუ უძველესი ჭეშმარიტი ქრისტიანული ფუძიდან იკვებება. მას არ შეუძლია კონიუნქტურული იდეებით იმოქმედოს. მეორე მომენტია, რომ ბიომოწყვლადობის პირობებში, რომელიც ასიმეტრიული სამხედრო საფრთხეა, უნდა მოხდეს ამ ორი პოზიციის ერთგვარი შეჯერება. აქამდე ვფიქრობდი, რომ შეიძლებოდა 9 საათამდე მისვლა და დილის 6 საათზე წამოსვლა ეკლესიიდან, მაგრამ, თუკი ესეც კომენდანტის საათის დარღვევად ჩაითვლება მრევლის შეკრების გამო, ეს უკვე ჩიხური მომენტია. იმედია, მიაღწევენ შეთანხმებას, რომ საერთო ინტერესები არ დაზიანდეს. არის რაღაც წესები და ფასეულობები, რომელთა გადაბიჯებაც არ შეიძლება. არავის განვიკითხავ, მაგრამ ჩემმა პირადმა მოძღვარმა, მამა შალვა კეკელიამ ძალიან კარგად ისაუბრა ერთ-ერთი წმინდანის შესახებ, რომელმაც თქვა, არ განიკითხო თუნდაც შენი მოწინააღმდეგეო. განკითხვის უფლება არავის აქვს, სჯობს, საკუთარი თავი განვიკითხოთ, თუმცა ვიტყვი, რომ ზოგიერთმა რელიგიურმა ინსტიტუტებმა შეცვალეს საუკუნეების პერიოდში არსებული ქრისტიანული წესები. მათ არ განვიკითხავ, მაგრამ არის რაღაცები, რომელთა შეცვლაც არ იქნებოდა მართებული“,-აცხადებს ვახტანგ მაისაია ჩვენთან საუბრისას.