ჩინეთს ბრალი მასობრივი განადგურების ბიოლოგიური იარაღის შექმნაში ედება. ცნობილმა რუსმა ადვოკატმა იგორ ტრუნოვმა ფეისბუკში გრანდიოზული სასამართლო პროცესი დააანონსა. საქმე ეხება სარჩელს, რომელიც მასობრივი განადგურების ბიოლოგიური იარაღის-COVID-19-ის გავრცელების გამო ჩინეთისთვის 20 ტრილიონი დოლარის დაკისრებას ეხება.
როგორც ტრუნოვი წერს, ორგანიზაცია Freedom’s Watch-ის ადვოკატებმა სარჩელი შეიტანეს ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის, ჩინური არმიის, უჰანის ვირუსოლოგიის ინსტიტუტის, ამავე ინსტიტუტის დირექტორისა და ჩინეთის არმიის მთავარსარდლის წინააღმდეგ. ადვოკატის სურვილია, სარჩელი ნაფიც მსაჯულთა სასამართლომ განიხილოს.
ეს არის მსოფლიო იურისპრუდენციის ისტორიაში უდიდესი სარჩელი, რომელიც ზარალის ანაზღაურებისთვის 20 ტრილიონ დოლარს მოითხოვს. სარჩელის ავტორები ამტკიცებენ, რომ კორონავირუსის გავრცელება ჩინეთის ხელისუფლების მიერ შექმნილი ბიოლოგიური იარაღის გამოყენების შედეგია, რომელიც უჰანის ვირუსოლოგიის ინსტიტუტში შეიქმნა. მოსარჩელეები ჩინეთის ხელისუფლებას ბრალს სდებენ ადამიანების მკვლელობაში, ტერორიზმის ხელშეწყობასა და ამერიკის მოქალაქეების განადგურების მიზნით შეთქმულების მოწყობაში. მათი ინფორმაციით, ჩინეთის ხელისუფლების ბრძანებით, ამ ლაბორატორიის მუშაობა სახელმწიფო უშიშროების მოტივით გასაიდუმლოვდა. მოსარჩელეები იმასაც ამტკიცებენ, რომ ჩინელი მეცნიერები ცდილობდნენ საფრთხის შესახებ მსოფლიო გაეფრთხილებინათ, მაგრამ ისინი აიძულეს, გაჩუმებულიყვნენ. ფაქტობრივად, ჩინეთმა ვირუსი ერთი ან რამდენიმე მტრულად განწყობილი სახელმწიფოს, მათ შორის, აშშ-ის წინააღმდეგ შექმნა.
მსოფლიოში ერთი-მეორის მიყოლებით ირაზმებიან ჩინეთის წინააღმდეგ. დონალდ ტრამპი კორონავირუსს პირდაპირ ჩინურ ვირუსად მოიხსენიებს და ამ ტერმინში გამოხატავს ჩინეთის საწინააღმდეგო განწყობას. ტრამპის მსგავსად, ანტიჩინური ტონალობა იგრძნობა მსოფლიო სამედიცინო ასოციაციის განცხადებაშიც, რომელიც ადასტურებს, რომ ჩინეთი ყალბ მონაცემებს აწვდიდა. ასოციაციის ხელმძღვანელის ფრანკ ულტრიხ მონტგომერის თქმით, ჩინეთი გამიზნულად მალავდა რეალურ ინფორმაციას, თუმცა, ჩინეთის მსგავსად, ზოგიერთი ქვეყნის მონაცემიც ხშირად გაუგებარია და რეალობა ვერ დგინდება.
ჩინეთის მიერ ინფორმაციის დამალვაზე საუბრობენ თეთრ სახლშიც. „ბლუმბერგისთვის“ დაზვერვის საიდუმლო დოკუმენტის ნაწილი გახდა ცნობილი, სადაც საუბარია, რომ ოფიაციალურმა პეკინმა გამიზნულად დამალა ინფორმაცია ქვეყანაში არსებული ვითარების შესახებ.
მიუხედავად იმისა, რომ მსოფლიოში ბიოლოგიური იარაღის გამოყენება ჯერ კიდევ 1925 წელს აიკრძალა, შეიძლება თუ არა ლეგიტიმური იყოს კითხვები ჩინეთის მიმართ?
მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი, ინფექციონისტი, გასტროენტეროლოგი ირაკლი ხმალაძე For.ge-სთან საუბრისას ადასტურებს, რომ ინტერნეტში ძალიან ბევრი მოსაზრებაა იმის თაობაზე, რომ ჩინეთმა ბევრი პაციენტის რაოდენობა თავიდანვე დამალა. ამაში შეიძლება იყოს სიმართლის მარცვალი.
„მეც დავდე ჩემს ფეისბუკზე, როგორ ადებს შუბლზე ვიღაც ქალი ხელს პაციენტს ჩინეთში და ასე პრიმიტიულად ადგენენ დიაგნოზს, სიცხე აქვს თუ არა ადამიანს, თერმომეტრიზაციაც კი არ ხდება ზოგიერთ უბნებში. რატომ გვიკვირს, რომ ჩინეთიდან ინფექცია გავრცელდა? შეიძლება დიდ ქალაქებში და იქ, სადაც თვითონ ეშინია ჩინეთის ხელისუფლებას, ყველაფერს აკეთებდნენ მეტ-ნაკლებად, მით უმეტეს, როცა ნახეს, ასეთი მასობრივი გავრცელება მოჰყვა ამ ყველაფერს, მაგრამ არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ ჩინეთი მაინც კომუნისტურ ქვეყნად რჩება. სხვათა შორის, ერაყის პრეზიდენტის, სადამ ჰუსეინის ერთ-ერთი ყველაზე დიდი ბრალი, ამერიკელების მტკიცებით, ის იყო, რომ ერაყელები ბაქტერიოლოგიურ იარაღს ამზადებდნენ. როგორც აღმოჩნდა, ეს სიმართლე იყო, რადგან ერთ-ერთი რუსი ქალბატონი, პროფესორი ჰყავდათ ერაყში ჩაყვანილი და ბიოლოგიური იარაღი, კერძოდ, რაკეტები გავსებული იყო ტეტანუსის, ბოტულიზმის, შავი ჭირის ტოქსინით“, - აცხადებს ირაკლი ხმალაძე.
მისივე განმარტებით, ჯერ კიდევ მსოფლიოში მუსირებს ბაქტერიოლოგიური იარაღის არსებობის ნება-სურვილი, რადგან როცა ატომურ ბომბს იყენებ, ამით ინგრევა ყველაფერი, ბაქტერიოლოგიური იარაღი კი საკმაოდ მცირე რაოდენობითაა საჭირო, რომ მასობრივად გაანადგურო ადამიანები.
„მე გათვითცნობიერებული ვარ ამ საკითხში, თავადაც ვმუშაობდი დაავადებათა კონტროლის ცენტრში და ვიცი, რომ ერთი ჭიქა ტოქსინი მთელ ქვეყანას ეყოფა, რომ გადაანაწილო, იმდენად ძლიერი ტოქსინია ბოტულიზმი. გრჩება დაუნგრეველი შენობები, გრჩება ყველაფერი, ოღონდ ხალხი არ იქნება. ცოტა მეეჭვება და არ მინდა დავიჯერო, რომ ჩინელებმა განგებ გაავრცელეს ეს ვირუსი, იმდენად არაადამიანური და ამორალურია იმის თქმა, რომ სპეციალურად გაუშვეს ეს ვირუსი. ალბათ, ჩინელებს უფრო გაეპარათ კორონავირუსი, რომლითაც, სავარაუდოდ, დაავადდა მათივე თანამშრომელი, რომელსაც თავიდან სიცხე არ ჰქონდა, მაგრამ გამოიტანა ეს ვირუსი. საკმაოდ საინტერესო სტატიებია ინტერნეტში, რომ ჩინეთს აწყობდა ვირუსის გავრცელება, რადგან მთელი აქტივები შეიძინა ამერიკისგან თავისი ბიზნესისთვის. აქტივების ფასი დაეცა და ჩინელებმა კაპიკებში იყიდეს ის აქციები, რომლებიც მილიონები ღირდა. ეს ერთ-ერთი ვერსიაა“,-ამბობს ირაკლი ხმალაძე.
ანალიტიკოს ვახტანგ მაისაიას არ სჯერა კონსპირაციის თეორიის. ჩვენთან საუბრისას ანალიტიკოსი აცხადებს, რომ ჩინეთი არის ქვეყანა, რომელმაც წარმატებით გადალახა ეს დაუძლეველი სენი, ანუ ბუნებრივად წარმოშობოლი ბიოლოგიური საფრთხე.
„ცხადია, ბიოლოგიური აგენტების რიგს მიეკუთვნება ვირუსები, ბაქტერიები და სოკოვანი დაავადებები. თუ ბაქტერიებთან მიმართებით კიდევ შეიძლება ხელოვნური მანიპულაციების ჩატარება და საამისო კონკრეტული მაგალითებიც არსებობს, რომელი ქვეყნები იყენებდნენ ამ მიმართულებას, ვირუსების შემთხვევაში, ტექნოლოგიურად შეუძლებელია მისი შტამის მიღება და დამუშავება ხელოვნური გზით. გასაგებად რომ ავხსნა, დაახლოებით ეს ისეთი ვარიანტია, რომ ანტარქტიდასა და არქტიკაში ნავთობის მიღება უფრო რთული და შეუძლებელია, ვიდრე აღმოსავლეთში. ამერიკასა და ჩინეთს შორის დაიწყო საინფორმაციო ფსიქოლოგიურ ომი. ფაქტობრივად, ჩვენ ახალი ტიპის მსოფლიო წესრიგის პირობებში ვიმყოფებით, სადაც სამი ქვეყანაა მსოფლიო წესრიგის განმსაზღვრელი აქტორი - ამერიკა, რუსეთი და ჩინეთი. ბუნებრივია, მათ შორის კონკურენცია ყოველთვის იზრდება. ეს არის წმინდა ფსიქოლოგიური ომი. არ შეიძლება ჩინეთს დავაბრალოთ, რომ მან ხელოვნურად შექმნა ეს ვირუსი, მით უმეტეს, ყველაზე მეტად დაზარალებული ჩინეთი აღმოჩნდა. ახლა ჩინელებმაც გაიშვირეს ხელი ამერიკისკენ და ჩვენ ვხედავთ, რომ სერიოზული ზარალია. თუ ამერიკამ და ჩინეთმა საკუთარ თავს მოუწყეს ასეთი ჰარაკირი, მაშინ კარგად ყოფილა საქმე“, - აცხადებს ვახტანგ მაისაია.
მისივე განმარტებით, ეს არის გაგრძელება იმ საერთაშორისო დაპირისპირების, რომელიც მანამდეც არსებობდა, სანამ კორონავირუსის სინდრომი გამოჩნდებოდა, ანუ ეს იყო საერთაშორისო უსაფრთხოების თანმდევი მოვლენა, რადგან დიდი სახელმწიფოები ერთმანეთს უპირისპირდებიან და გლობალური ჰეგემონობისკენ ბრძოლაში იყენებენ ყველა საშუალებას. ორივე მხარე ცდილობს, კორონავირუსი გამოიყენოს გეოპოლიტიკური ამბიციების და მიზნების მისაღწევად.
თუ სადამდე მივა ამერიკელებსა და ჩინელებს შორის დაპირისპირება, ამის შესახებ ვახტანგ მაისაია ამბობს, რომ ამას ვერც ლელა კაკულია გვეტყვის და ვერც ნოსტრადამუსი, რომ გავაცოცხლოთ. ჩვენ შევდივართ ისეთ ეპოქაში, რომლის პროგნოზირებაც და სტაბილური განვითარების ტენდენციები გაუთვლელი და არაპროგნოზირებადია.