ოფიციალურმა ბაქომ მაყვალა გონაშვილის მიმართ სანქციები მას შემდეგ აამოქმედა, რაც საქართველოს მწერალთა კავშირის თავმჯდომარის მთიან ყარაბაღში ჩასვლას აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა სამინისტოს მწვავე პროტესტი და გაღიზიანება მოჰყვა. მთიან ყარაბაღში გამართულ პოეზიის ფესტივალზე მაყვალა გონაშვილი ერევნის გავლით ჩავიდა და მას თან ახლდა სომხეთის მწერალთა კავშირის თავმჯდომარე ლევონ ანანიანი, რომელიც მას ერევანში დახვდა. ხოლო 16-18 ნოემბერს გამართული პოეზიის ფესტივალი მთიანი ყარაბაღის რესპუბლიკის მიერ იყო ორგანიზებული.
მთიანი ყარაბაღიდან დაბრუნებისთანავე საქართველოს საგარეო უწყება მაყვალა გონაშვილს დაუკავშირდა და გააფრთხილა, გარკვეული დროის განმავლობაში აზერბაიჯანში ჩასვლისგან თავი შეეკავებინა.
მაყვალა გონაშვილმა უკვე დაწერა წერილები საქართველოში აზერბაიჯანის საელჩოსა და აზერბიჯანის მწერალთა კავშირის თავმჯდომარის სახელზე, რომლითც ის ბოდიშს უხდის აზერბაიჯანელ ხალხს და აცხადებს, რომ ყოველთვის სჯეროდა, რომ პოეტის შემოქმედებას საზღვრები არ ჰქონდა და პოეტი უნდა ყოფილიყო ყველგან, სადაც მას ელოდებოდა, თუნდაც, ერთი მკითხველი.
წერილის თანახმად, გონაშვილი დიდ პატივად ჩათვლიდა, თუკი შეხვდებოდა ე. წ. სამხრეთ ოსეთის ხელოვანთა საზოგადოებას, მიუხედავად იმისა, რომ ეს მისთვის დიდი ტკივილის მომტანი იქნებოდა.
„2008 წელს, როდესაც ჩემს ქვეყანას ბომბავდნენ, მე არ გამომითქვამს ჩემი პროტესტი სიძულვილით. მე განვაცხადე - „არა ომს“ საკუთარი ლექსით, რომელიც ჩემს მოსკოველ მეგობარს დავუწერე. ყველაზე მეტად სამწუხარო იქნება ის, რომ ჩემი აზერბაიჯანელი მეგობრების გულები შეიძლება, დაიხუროს ჩემთვის. ყველას ვთხოვ, მომიტევოთ დიდსულოვნად იმისათვის, რომ განზრახვის გარეშე მოგაყენეთ ასეთი მწარე ტკივილი“, - ნათქვამია მაყვალა გონაშვილის წერილში.
ცნობისთვის, ეს აზერბაიჯანელთა სიფხიზლის პირველი შემთხვევა არ არის. თავის დროზე აზერბაიჯანმა ხუთი რუსი დეპუტატი გამოაცხადა პერსონა ნონ-გრატად და ქვეყნის ტერიტორიაზე შესვლა აუკრძალა, რადგან ისინი თვითგამოცხადებულ მთიან ყარაბაღში ჩატარებულ არჩევნებს დამკვირვებლის სტატუსით ესწრებოდნენ. ეს შეზღუდვა რუსეთის სახელმწიფო სათათბიროს წევრს, დსთ-ის საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარეს კონსტანტინე ზატულინსაც დაუწესდა, რომელიც მთიანი ყარაბაღის არჩევნებს აკვირდებოდა. იმ დროს აზერბაიჯანულ „შავ სიაში“ მოხვდა ცხინვალის მარიონეტული პარლამენტის ვიცე-სპიკერი იური ძიცოითიც, რომელიც დამკვირვებლის სტატუსით ესწრებოდა მთიანი ყარაბაღის საპარლამენტო არჩევნებს.
For.ge-ს მაყვალა გონაშვილი ესაუბრა.
თქვენი გვარი აზერბაიჯანისთვის არასასურველ სტუმართა სიაში შეიტანეს. მსგავსი შეფასება მოჰყვა ამ ვიზიტს აზერბაიჯანის მწერალთა კავშირის მხრიდანაც, რის შესახებაც აზერბაიჯანული პრესა წერდა. როგორ ახსნით აზერბაიჯანელთა განაწყენებას თქვენს მიმართ?
- მათი გაბრაზება ჩემთვის აბსოლუტურად გასაგებია, რადგან ეს კონფლიქტური ზონაა. ამიტომ გავგზავნე წერილი აზერბაიჯანის მწერალთა კავშირის თავმჯდომარესთან და იქაურ საელჩოშიც, სადაც გამოვხატე ჩემი დამოკიდებულება, რომ ჩემთვის უდიდესი მნიშვნელობა აქვს მშვიდობიან კავკასიას, რომ მთიან ყარაბახში ჩემი ჩასვლა არცერთი წუთით არ ნიშნავდა აზერბაიჯანისადმი უპატივცემულობას და უსიყვარულობას. ასევე, დავწერე ის, რომ ჯერ კიდევ 2000 წელს გამოვეცი წიგნი, რომელიც სწორედ ჰეიდარ ალიევს ეძღვნებოდა და არაერთი აზერბაიჯანული წიგნის რედაქტორი ვარ. ამიტომ მათაც ვაცნობე, რომ მომავალშიც ვაპირებ მათთან თანამშრომლობას და გამოვხატავ მათდამი სიყვარულს. საერთოდ, ეს ჩვენი პოლიტიკაა, პოეტი ყველგან უნდა მივიდეს, სადაც, თუნდაც, ერთი ადამიანი ელოდება. იქ პოეზიის საღამო ჩატარდა და იმყოფებოდნენ სხვადასხვა ქვეყნის წარმომადგენლები, მწერლები ამერიკიდან, გერმანიიდან, რუსეთიდან. არცერთი პოლიტიკური განცხადება არ გაკეთებულა და არავითარი პოლიტიკური ელფერი არ ჰქონია.
მაგრამ თქვენ მთიან ყარაბახში ვარდამ ჰაკობიანის მიწვევით ჩახვედით.
- მე თვითონ იქაური მწერლის, ვარდამ ჰაკობიანის წიგნის რედაქტორი ვარ. ამდენად, მისი მიწვევა არ გამკვირებია და ჩავთვალე, რომ ეს ჩვეულებრივი ამბავი იყო. ერთადერთი, რაც განვიცადე, ის იყო, რომ არ მინდოდა, ჩვენს მეგობარ აზერბაიჯანლებს ეს ქმედება გაეგოთ, როგორც მათდამი უპატივცემულობა. ეს ჩემთვის ძალიან მტკივნეული თემაა. ეს ავხსენი კიდეც ჩემს წერილში. მიუხედავად მათი წყენისა, მე ვიყავი და ვრჩები მათ მეგობრად. თუკი რაიმე შეიძლება, გავაკეთო მშვიდობიანი კავკასიისთვის, ვაპირებ ვიყო თუნდაც შუამავალი, თუნდაც ხიდი და ამისთვის ყველაფერს გავაკეთებ. ისიც განვმარტე, ჩემთვის აბსოლუტურად გასაგებია მათი დამოკიდებულება, რადგან იმ მიწაზე აზერბაიჯანლები ცხოვრობდნენ. მართალია, ამჟამად იქ აღარ ცხოვრობენ, მაგრამ მათთვის ეს მიტოვებული საფლავებია და ძალიან მტკივნეულია. მწერლისთვის კი არა, უბრალო ადამიანისთვისაც გასაგებია მათი განცდა. ამიტომაც მათ ვწერდი, რომ ვფიქრობ, მწერალი ყველგან უნდა მივიდეს, სადაც დაიბარებენ და სიყვარულის მასწავლებელი უნდა იყოს-მეთქი. მაგრამ, თუკი შენი სიყვარული სხვას გულს ტკენს, ესეც სადღაც დანაშაულია. ძალიან ძნელია, თანამედროვე მსოფლიოში, რომელიც ეთნოკონფლიქტებითა და სიძულვილით არის სავსე, ისე მოიქცე, რომ ვინმეს გული არ ატკინო. სამწუხაროდ, ვერ გაიგეს ადამიანებმა, სად იწყება საზღვარი და სად მთავრდება, სად იწყება ადამიანური სიყვარული და სად მთავრდება. საერთოდ, ძალიან აფორიაქებულია დედამიწა. ამიტომ მიმაჩნია, რომ პოეტი ყოველთვის შემრიგებელი და ადამიანების მოყვარული უნდა იყოს.
აზერბაიჯანლებმა საიდან გაიგეს, რომ მთიან ყარაბახში ჩახვედით? ეს ოფიციალური ვიზიტი იყო?
- ეს შეიტყეს იქიდან, რომ ერთ-ერთმა რუსმა მწერალმა დაწერა რუსულ გაზეთში, რომ მაყვალა გონაშვილი იყო ამ ფესტივალის სული და გულიო. თბილად დაწერა, სიყვარულით. აქამდე არაერთხელ ვარ ნამყოფი როგორც სომხეთში, ისე აზერბაიჯანში, ყოველთვის თბილად მხვდებოდნენ. უბრალოდ, მათთვის გამაღიზიანებელი იყო მთიან ყარაბახში ჩემი ჩასვლა, თორემ სომხეთში ჩემი ჩასვლისას არასდროს ყოფილა ასეთი საუბარი. მე ბედნიერი ვიყავი, როცა სომხურად გამოცემულ ჩემს წიგნს ასეთი შეფასება მისცეს, რომ ბოლო ათი წლის მანძილზე მსგავსი თარგმანი სომხეთს არ ჰქონია, აზერბაიჯანში გამოსული ჩემი წიგნის მთარგმნელები კი იყვნენ ძალიან ცნობილი აზერბაიჯანლები, მათ შორის, აზერბაიჯანის პრეზიდენტის მრჩეველი წლების მანძილზე.
როგორ გგონიათ, თქვენი წერილის შემდეგ აზერბაიჯანლებისგან რა რეაქცია წამოვა?
- ის, რომ აზერბაიჯანელმა მწერლებმა უკვე დამირეკეს და ჩემი წერილი გულთან ახლოს მიიტანეს, უკვე ნიშნავს, რომ ჩემი დამოკიდებულება სწორად გაიგეს. ასევე, აზერბაიჯანის ტელევიზია ჩამოვიდა და იქაც გამოვხატე ჩემი პოზიცია და ვთქვი, რომ ასე მწამს, მწერალს არ აქვს უფლება, ვინმეს სამაგიერო გადაუხადოს. იქ ახალგაზრდები, პატარა ბავშვები იყვნენ და ვერ ვატკენდი გულს. პოლიტიკოსებმა კი უნდა არკვიონ პოლიტიკური სიტუაცია.
კიდევ რომ დაგპატიჟონ მთიან ყარაბახში, ასეთი გამოცდილების შემდეგ როგორ მოიქცევით?
- ბევრჯერ მკითხეს და ძალიან ძნელია ჩემგან პასუხის გაცემა. იმ წერილშიც ამას ვწერ, აქვს თუ არა უფლება მწერალს, როცა მან იცის, რომ თუნდაც ერთ ადამიანს სურს მისი ხმა მოისმინოს, არ ჩავიდეს მასთან? მე არ ვიცი მათი საგარეო საქმეთა სამინისტრო გამომაცხადებს თუ არა პერსონა ნონ-გრატად, მაგრამ ასეც რომ მოხდეს, ეს არ შეცვლის ჩემს დამოკიდებულებას აზერბაიჯანისა და მისი კულტურისადმი. რამდენიმე საინტერესო პროექტის შესახებ კვლავაც ვფიქრობ და აზერბაიჯანელი მწერლებისადმი ჩემს დამოკიდებულებას ისევ გავაგრძელებ. მე მგონი, აზერბაიჯანლებს ხელოვანთა შორის არავის გამოვუცხადებივარ პერსონა ნონ-გრატად. მაგალითად, პირადად მე მქონია შემთხვევა, რომ ერთდროულად, ერთ სახლში სტუმრად მყოლია აზერბაიჯანელი და სომეხი მწერლები და ვცდილობდი, მათაც თავი კარგად ეგრძნოთ.