"კაცი, რომელიც ოჯახისთვის თავს გაწირავს. ის ფანტასტიკის მოყვარულია, ზეპირად იცის ბევრი ლექსი. ალბათ, ვაკო გვილია ერთადერთი კაცია ლეგიაში, რომელიც დღიურს წერს. მისი საყვარელი ფილმებია "პიანისტი" და "მარტო სახლში". ქართველი კარიერის დასრულების შემდეგ ავტობიოგრაფიული წიგნის გამოშვებაზეც ფიქრობს. ვაკო გვილიას სხვა კუთხით გაგაცნობთ და გავიხსენებთ იმ დროს, როცა ჯერ კიდევ მას თავზე ხუჭუჭა თმები ჰქონდა," - Legia.Com-ის გვერდი საქართველოს ნაკრების ნახევარმცველის შესახებ წერს.
ვარშავის "ლეგიას" ოფიციალური გვერდის ჟურნალისტ კუბა ჟელენსკის 25 წლის ქართველმა ფეხბურთელმა კორონავირუსის პანდემიით გამოწვეული პაუზის დროს ვრცელი ინტერვიუ მისცა და იმ თემებზე ისაუბრა, რომელზეც საჯაროდ არასდროს ულაპარაკია.
ვაკო, რა არის შენთვის ცხოვრებაში ყველაზე მნიშვნელოვანი?
- შენ როგორ ფიქრობ? მგონი, იცი რასაც ვიტყვი: ჯანმრთელობა. თუ ჯანმრთელი ხარ, ყველაფრის გაკეთება შეგიძლია, ხოლო თუ თავს კარგად ვერ გრძნობ, შენს მაქსიმუმს ვერ გააკეთებ. პირველ რიგში ამას ვიტყოდი, რადგან ყველაფრის შექმნის საფუძველი ჯანმრთელობაა.
გულწრფელი რომ ვიყო, მე შენგან ველოდი ოჯახს...
- ჯანმრთელობაზე საუბრისას, მხოლოდ ჩემ თავზე არ ვფიქრობდი, ვგულისხმობდი ოჯახს და მეგობრების ჯანმრთელობას. ასე რომ, ვფიქრობ, ეს არ გამორიცხავს ჩემს პირველ პასუხს. საყვარელ ადამიანებზე ყოველთვის ვფიქრობ და ამის აღიარების არ მრცხვენია. ბევრი ფიქრობს, რომ ოჯახი ყველაზე მეტად მიყვარს, მაგრამ რა არის ამაში ახალი, ვის არ უყვარს მისი ოჯახი?
ყველა მისი ოჯახის წევრების სახელებს ბუცებზე არ იწერს...
- არ მგონია, ერთადერთი ვიყო, სხვებსაც იპოვით. წვივსაფრებზე საყვარელი ადამიანების დაწერა ჯერ კიდევ დიდი ხნის წინ დაიწყო: ზოგი მეუღლის სახელს იწერს, ზოგი ქალიშვილის, ზოგი კი მშობლების, მაგრამ ყველაფერი სიმბოლურია: საყვარელი ადამიანები ფეხზე კი არა, გულში გყავს.
როდის დაესწრნენ ოჯახის წევრები შენს მატჩს უცხოეთში პირველად?
- ეს იყო ბელარუსში თამაშის დროს, ბატეში გამოვდიოდი. დედ-მამა ჩემს თამაშზე მოვიდა. ეს ჩემთვის მნიშვნელოვანი დღე იყო, მამაჩემს დაბადების დღე ჰქონდა და მსურდა, ოჯახების წევრების წინაშე თავი კარგად წარმომეჩინა. ყველაზე საინტერესო ისაა, რომ იმ დღეს გოლი გავიტანე, მაისური ავიწიე და შიგნიდან მეწერა: "მამა, გილოცავ დაბადების დღეს". ჩემთვის ყველაფერი იდეალურად მოხდა, უბედნიერესი ვიყავი იმ დღეს.
ასევე, საინტერესო იყო ავსტრიასთან მატჩიც...
-დიახ! ამ მატჩზეც ჩამოვიდნენ ჩემი ოჯახის წევრები. ჰიმნის დროს, როცა მე მაჩვენეს, ტრიბუნაზე კადრი ჩემს დაზე გადავიდა და ამ მომენტს ჩემი მეგობრები მატჩის შემდეგ მიგზავნიდნენ. ამ საღამოს ყველაზე მთავარი ის იყო, რომ ეროვნულ ნაკრებში სადებიუტო გოლი გავიტანე.
როგორც ვიცით, შენი და შენი მხარდამჭერი მხოლოდ მატჩების დროს არაა...
- ვფიქრობ, ასეა. ის ჩემი საუკეთესო მეგობარია. თითქმის ყოველდღე ვსაუბრობთ, მიუხედავად იმისა, რომ ეს მარტივი არაა, ამერიკაში ცხოვრობს და როცა იქ თენდება, აქ უკვე ღამეა. ერთმანეთს ყველაფერს ვეუბნებით, ვუზიარებთ რჩევებს: ყოველდღიურ ცხოვრებაში, ფილმებსა თუ წიგნებში. ხშირად ვსაუბრობთ ლიტერატურის შესახებ, ვცვლით წიგნების სათაურებს, ჩემი და ძალიან ჭკვიანია. თუ რომელიმე ჩვენგანმა მაგარი წიგნი ნახა, აუცილებლად ვუგზავნით სათაურს, წასაკითხად.
ახლახანს 2 წიგნი ურჩიეთ... რომელია უკეთესი?
- ვხედავ, შესანიშნავად მომზადებულხართ ინტერვიუმდე (იცინის). "მდიდარი მამა, ღარიბი მამა" და "ბერი, რომელმაც გაყიდა თავისი ფერარი" ვურჩიე, თუმცა ჩემთვის მეორე წიგნი საუკეთესოა. ყოველ შემთხვევაში, 3 საუკეთესო წიგნში შედის, რომელიც წამიკითხავს. ასეთი დღეები ხელს მიწყობს, ბევრი წიგნი წავიკითხო.
გადავიდეთ წერაზე... არ ვიცი ლეგიაში ფეხბურთელი, რომელიც პირად დღიურს წერს...
- ღმერთო ჩემო, ვინ გითხრათ ამის შესახებ?(იცინის) მართალია, სპეციალური რვეული მაქვს, რომელშიც ყოველდღიურად ვწერ რაღაცებს ჩემი ცხოვრებიდან. აზრები, მიზნები, მომავლის გეგმები. უფრო კონკრეტულად აღარ ვისაუბრებ ამ საკითხზე, ეს პირადი საქმეა. იქნებ, ერთ დღეს ეს ყველაფერი ავტობიოგრაფიული წიგნის დაწერაშიც დამეხმაროს? ვინ იცის... აუგუსტინ მანდინომ თქვა, რომ ჩვენს თავებს ჩვენზე კარგად არავინ იცნობს. ასე რომ, იმ ყველაფერს, რაც ცხოვრებაში გამოვიარე, ჩემზე უკეთ ვერავინ აღწერს.
ლიტერატურა იმდენად მოგწონს, რომ პოეზიის თაყვანისმცემელი გახდი?
- შეიძლება, ექსპერტი არ ვარ, მაგრამ ლექსების კითხვა ძალიან მიყვარს. ძირითადად, ქართულად, თუმცა რუსულადაც ვკითხულობ. ვცდილობ, სამყარო უკეთ შევიცნო, ამაში კი პოეზია მეხმარება. მგონია, ამ ყველაფერს თუ წავიკითხავ, უკეთესი ადამიანი გახდები, ცხოვრებას სხვანაირად შეხედავ.
ვნახე, რომ “პიანისტის” ფრაგმენტები ფეისბუქზე გაზიარებული ჯერ კიდევ მაშინ გაქვთ, როცა 16 წლის იყავი...
- ასეა, რადგან ამ ფილმმა ჩემზე უდიდესი შთაბეჭდილებები მოახდინა. ძალიან დიდი ხნის წინ ვნახე, მაგრამ ვფიქრობ, ხელახლა ვუყურებ. საერთოდ, მგონია ისეთი საკითხები, როგორიცაა პოეტია, ლიტერატურა, მუსიკა და ფილმები, ადამიანს სულიერ განვითარებაში ხელს უწყობს. მომწონს ისეთი საგნებიც, რაც ფეხბურთს საერთოდ არ უკავშირდება. ულაპარაკოდ, როცა მოედანზე ვარ, ჩემი გუნდისთვის ყველაფერს ვაკეთებ. ფეხბურთი მიყვარს, ჩემს ცხოვრებაში ყველაზე მნიშვნელოვანია და ასე იქნება ცხოვრების ბოლომდე, მაგრამ ვფიქრობ, მნიშვნელოვანია სხვა სფეროშიც პროგრესი. მინდა ვიყო უკეთესი ფეხბურთელი, მაგრამ ამასთანავე, მსურს ვიყო კარგი ადამიანი.
რას გვეტყვით თქვენი ერთ-ერთი საყვარელი ფილმის "მარტო სახლში"-ს შესახებ?
- ძალიან მიყვარს ეს ფილმი. ჩვენმა ფოტოგრაფმა მათეუსმაც საახალწლოდ აღნიშნული ფილმის პოსტერში ჩემი და ლუის როჩას სახეები ჩასვა, არ ველოდი ასეთი მაგარი თუ გამოვიდოდა. ჩემი და ამერიკაში ცხოვრობს, მასთან ვიყავი და ყველა ის ადგილი დავათვალიერე, სადაც ფილმის ეპიზოდები გადაიღეს. ჩემთვის ეს ოცნების ასრულება იყო, რადგან ბავშვობაში ამ ფილმის ნახვის შემდეგ შთაბეჭდილებებში ვიყავი, ყოველწლიურად შობას ხელახლა ვუყურებ.
როგორც ჩანს, თქვენ დასთან განსაკუთრებული ურთიერთობა გაქვთ...
- დიახ ასეა, ჩვენ ყოველთვის ახლო ურთიერთობა გვქონდა, ბავშვობაში ხშირად ვჩხუბობდით, მაგრამ დღის ბოლოს მაინც ვრიგდებოდით. ჩვენი კარგი ურთიერთობა იქედანაც გამომდინარეობს, რომ ძალიან ადრეული ასაკიდან წავედით ორივენი უცხო ქვეყნებში. 16 წლის ვიყავი უკრაინაში როცა წავედი, ის კი 19 წლის იყო ამერიკაში გადავიდა. ერთმანეთის ნახვის საშუალება იშვიათად გვაქვს და ამიტომაცაა, სულ ერთმანეთთან საუბარი გვსურს.
ქართველები მსოფლიოში ყველაზე ოჯახური ერია?
- ასე მგონია. საქართველო ის ქვეყანაა, სადაც ოჯახის მნიშვნელობა ძალიან დიდ დატვირთვას ატარებს. საზღვარგარეთ როცა წავედი, გაკვირვებული დავრჩი, ნათესავები ერთმანეთთან შორს იყვნენ. საქართველოში ყველა ერთმანეთთან ახლოსაა: ბიძა, ბიძაშვილი, ბებია, დედა, მამა, და, ძმაკაცი... ქართული მენტალიტეტი ამ მხრივ სლავურისგან ძალიან განსხვავდება. არ ვგულისხმობ, რომ ზოგი ძალიან ცუდია, ან პირიქით, უბრალოდ ყველა ქვეყნის მოსახლეობას საკუთარი მენტალიტეტი, ტრადიციები და განსხვავებები აქვს.
მართლაც, ძნელი წარმოსადგენია ადამიანები ერთმანეთს იმიტომ შეხვდნენ, რომ უბრალოდ ერთნაირი გვარი აქვთ...
- ვიცი, რასაც გულისხმობ. ერთხელ, ხარკოვში მეტროში ვიყავი და დავინახე რეკლამა, რომელზეც ჩემი გვარი ეწერა. ძალიან გამიკვირდა, რადგან ეს ძალიან იშვიათია. მითითებულ ნომერზე დავრეკე, ის ბიჭი საკონდიტრო ნაწარმს ამზადებდა. შევხვდი, ბევრი ვისაუბრეთ, ოჯახებმაც გაიცნეს ერთმანეთი, თუმცა მე სახლში არ ვიყავი იმ პერიოდში, სეზონის შუა ნაწილი იყო. ბიჭი მუშაობდა, უცხო ქვეყანაში ბევრს შრომობდა და ბედნიერი ვარ, მას რომ შევხვდი. ვამაყობ, რადგან მისი სახელი და გვარი საბოლოოდ ცნობილი გახადა(იცინის).
ოჯახური კავშირები საქართველოში ისეთი ძლიერია, რომ შენი პირველი მწვრთნელი ბებია გახდა?
- გულწრფელი რომ ვიყო, ეს არ მახსოვს, ძალიან პატარა ვიყავი, ამის შესახებ მხოლოდ მშობლებისგან ვიცი. დაახლოებით 2 წლის ვიყავი, ბებიასთან ერთად სასეირნოდ ხშირად დავდიოდი, შემდეგ მშობლებმა მისი მოთხოვნით ბურთი მიყიდეს და სკვერში ხშირად მეთამაშებოდა. ასე დაიწყო ჩემი კარიერა(იცინის). 6 წლის ვიყავი, ზუგდიდში აღმოვაჩინე კაცი, რომელიც თამამად ვიტყვი, ჩემი მეორე მამა გახდა. მწვრთნელმა ზაურ ბულიამ არამარტო საფეხბურთო, ცხოვრებისეული ცოდნაც მომცა. მას ძალიან ვაფასებ და მამასავით მიყვარს.
თუმცა შენმა ბიოლოგიურმა მამამაც უდიდესი წვლილი შეიტანა იმაში, რომ დღეს ამ დონეზე ყოფილიყავი... ხომ ასეა?
- შეიძლება სხვაგვარად გაიგეთ ჩემი საუბარი ზაურ ბულიას შესახებ, ქართველისთვის კი იცით, რამდენად დიდი რამეა ოჯახი. მამაჩემი მთავარი კაცია იმაში, რომ დღეს ფეხბურთელი ვარ. მას თავად სურდა ფეხბურთელობა, მაგრამ ბაბუაჩემმა ამის საშუალება არ მისცა. იმ პერიოდში არ იყო სპორტის ეს სახეობა პოპულარული საქართველოში და გადაწყვიტა, რომ მამაჩემისთვის ექიმობა უკეთესი იქნებოდა. ჩუმად, ფეხბურთს სიყვარულით მაინც თამაშობდა, მაგრამ ამ საქმის კეთება მხოლოდ სამოყვარულო დონეზე შეძლო. ფეხბურთელობა მამაჩემის შეუსრულებელ ოცნებად დარჩა. მამაჩემი ჩემი ყველაზე დიდი მხარდამჭერია ჩემს ყველა საქმეში. იმ პერიოდში, როცა ფეხბურთის თამაში დავიწყე, ძალიან რთული იყო, ბავშვს სპორტის ამ სახეობაზე ეარა, ქვეყანაში მძიმე ვითარება იყო. ბავშვობაში ვარჯიში ტალახში გვიწევდა, რის გამოც ვარჯიშის შემდეგ ძალიან დასვრილი ვიყავი, ის კი მანქანაში ცელოფნებს მიფენდა. ასე გრძელდებოდა სულ. ვიცი, რამდენი შრომის ფასად უჯდებოდა მას ჩემი ფეხბურთზე წაყვანა და მოყვანა.
აქამდე მოსასვლელად ცხოვრებაში ბევრ რთულ სიტუაციაში აღმოჩნდით... ყველაზე ცუდი საქართველოს ახალგაზრდული ნაკრებისგან გამოჩენილი უყურადღებობა იყო?
- ეს ჩემს ცხოვრებაში ერთ-ერთი ყველაზე მძიმე მომენტი იყო, დიდი ფსიქოლოგიური დარტყმა, რადგან საქართველოს 17-წლამდელთა 2 შეკრებაზე ვიყავი, შემდეგ კი აღარ გამომიძახეს. ამ სიტუაციაში ბევრი რამ მიტრიალებდა თავში,მაგრამ საკუთარ თავში ძალა შევკრიბე და დავიწყე ახალ გამოსავალზე ფიქრი. ასე მიმაჩნია, რომ თუ პრობლემას უყურებ პრობლემად, მაშინ ნამდვილად გაქვთ პრობლემა, რადგან არ არსებობს სიტუაცია, საიდანაც გამოსავალს ვერ იპოვი. თუ სიტუაციას გამოსწორების თვალით უყურებ, აუცილებლად გექნება შანსი, მეტად ძლიერი გახდე. მივიღე გადაწყვეტილება, უცხოეთში წავსულიყავი. ხარკოვში ბიძა მყავდა, მეტალისტში წარმატებით გამოვედი და უკრაინის ახალგაზრდულ ნაკრებში მიმიწვიეს, თუმცა მხოლოდ 21-წლამდელთა გუნდშს დავთანხმდი, სადაც 4 შეხვედრა ჩავატარე. ვიცოდი, რომ მათ კარგი ნაკრები ჰყავდათ და თუ საკუთარ თავს წარმოვაჩენდი, საქართველოს ნაკრების ყურადღებასაც დავიმსახურებდი. მიზანი ყოველთვის ჩემი სამშობლოსთვის თამაში იყო. ასე დაიწყო ჩემი ოცნების ასრულება. მადლობელი ვარ ყველა სირთულის გამო, რომელმაც ცხოვრებისეულად უფრო გამაძლიერა. ამ ყველაფერმა არამხოლოდ ცოდნა, ხასიათიც შემიქმნა. ამის წყალობით ვარ ის, ვინც ვარ!
მარტო ყოფნა მოგწონთ, რადგან როგორც ვიცი, ბატეში ყოფნისას ბაზიდან თითქმის არ გადიოდი...
- ასეა, ბაზა ტყეში იყო, ბორისოვოს ქალაქგარეთ. ვფიქრობდი, რომ ქალაქგარეთ მინსკში გასვლა და უკან დაბრუნება 2 საათზე მეტს საჭიროებდა, ამ დროის უკეთ გამოყენება შეიძლებოდა. ფეხბურთელები დედაქალაქში ცხოვრობდნენ, ხოლო მე ბორისოვოში. აქცენტს საფეხბურთო ასპექტების გაუმჯობესებას, პირად ვარჯიშებს ვუთმობდი. ვიცი, რომ მსგავსი სტილი მხოლოდ მე არ ამირჩევია. ჰენრიკ მხითარიანი შახტარში ჩასვლისას ანალოგიურად მოიქცა და იცით, რა დონის ფეხბურთელია ახლა. ზოგადად, ჩემი მიდგომა საქმისადმი ასეთია: თუ იმ საქმეს, რასაც ვაკეთებ, 100%-ს მივცემ, აუცილებლად დამიბრუნდება უკან. კარიერის ბოლოს უნდა დავდგე სარკის წინ და ჩემს თავს ვუთხრა, რომ პროგრესისთვის და ფეხბურთისთვის 100% გავაკეთე, დანარჩენი კი, რაც გადამხდა, ჩემი გავლენით არ მომხდარა. მახსოვს, როცა უკრაინაში 16 წლის ასაკში მივდიოდი, მესაზღვრე ქალმა მკითხა: "პატარავ, სად მიდიხარ?", ვუთხარი, რომ ფეხბურთის სათამაშოდ და ჩემი ოცნებების ასასრულებლად. ყოველთვის სჯობს, სცადო და არ გამოგივიდეს, ვიდრე არ სცადო და იფიქრო, ნეტავ რა მოხდებოდა სხვა შემთხვევაში. ასე რომ არ გამეკეთებინა, ახლა ვიჯდებოდი და ფანტაზიებში ვიქნებოდი, თუ როგორი იქნებოდა ჩემი ცხოვრება.
ბოლოს და ბოლოს, გაისმა საქართველოს ნაკრებისგან ზარი...
- ეს სატელეფონო ზარი ჩემს ცხოვრებაში ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი მომენტი იყო. ბავშვობიდან ვოცნებობდი, საქართველოს ნაკრებისთვის მეთამაშა. მახსოვს, პატარაობაში საქართველოს და საფრანგეთის მატჩს ვუყურებდი, მეტოქის გუნდში რიბერი და ანრი იყვნენ. მაშინ ვამბობდი, რომ მინდოდა, ჩემი ქვეყნისთვის მეთამაშა. ვერ აღვწერ სიტყვებით, რას ნიშნავდა ჩემთვის საქართველოს ნაკრებში გამოძახება.
და ბოლოს, რა არის შენი ყველაზე დიდი მიზანი მომავლისთვის?
- ყოველდღიურად ვცდილობ, უკეთესი გავხდე და ამ პროცესით ბედნიერი ვიყო. არ შეხედოთ მთის მწვერვალს, შეხედეთ იმ გზას, რომელიც მასზე ასასვლელად დაგჭირდათ და თქვენ ყველაზე ბედნიერი იქნებით! რა თქმა უნდა, რამდენიმე ოცნება მაქვს: ბავშვობიდან მინდოდა „იუვენტუსში“ თამაში. რთული იქნება, მაგრამ ცხოვრების სილამაზე სწორედ ისაა, რომ ყველაფერი შესაძლებელია. ბევრი იმასაც მეუბნებოდა, რომ შეუძლებელი იყო, საქართველოს ნაკრებში მოვხვედრილიყავი, თუმცა გამოჩნდა, რომ ისინი ცდებოდნენ. ახლა მსურს ლეგიასთან ერთად ქვეყნის ჩემპიონატი, თასი მოვიგო და საქართველოსთან ერთად ევროპის ჩემპიონატზე ვითამაშო.