თბილისის მერიისა და საკრებულოს პოლიტიკური თანამდებობის პირები „ქართული ოცნების“ გუნდის ინიციატივას უერთდებიან და ყოველთვიური ანაზღაურების მესამედს Covid-19-თან ბრძოლის ფონდში ჩარიცხავენ

თბილისის მერიისა და საკრებულოს პოლიტიკური თანამდებობის პირები „ქართული ოცნების“ გუნდის ინიციატივას უერთდებიან და ყოველთვიური ანაზღაურების მესამედს Covid-19-თან ბრძოლის ფონდში ჩარიცხავენ

თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის პოლიტიკური თანამდებობის პირები და ჩემი თანაგუნდელები თბილისის საკრებულოდან, მზადყოფნას გამოვთქვამთ, შევუერთდეთ ინიციატივას და ჩვენი ყოველთვიური ანაზღაურების მესამედი ჩავრიცხოთ COVID-19-თან ბრძოლის ფონდში, - ამის შესახებ თბილისის მერმა, კახა კალაძემ ბრიფინგზე განაცხადა.

მისივე თქმით, ამით ისინი „ქართული ოცნების“ პოლიტიკური გუნდის მიერ გუშინ მიღებულ გადაწყვეტილებას უერთდებაინ.

„ქვეყანაში შექმნილი ვითარებიდან გამომდინარე, გუშინ მოგეხსენებათ, გუშინ ჩვენმა პოლიტიკურმა გუნდმა, პოლიტიკურმა თანამდებობის პირებმა, მივიღეთ ერთობლივი გადაწყვეტილება, რომ მომდევნო სამი თვის განმავლობაში, კორონავირუსთან ბრძოლის ფონდში, გადავრიცხოთ ხელფასის 1/3.

ბუნებრივია, ამ მძიმე სიტუაციაში, როდესაც ჩვენს ქალაქს, ჩვენს ქვეყანას, ჩვენს მოქალაქეებს მხარდაჭერა და სოლიდარობა სჭირდებათ, თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის პოლიტიკური თანამდებობის პირები და ჩემი თანაგუნდელები თბილისის საკრებულოდან, მზადყოფნას გამოვთქვამთ, შევუერთდეთ ამ ინიციატივას და ჩვენი ყოველთვიური ანაზღაურების მესამედი ჩავრიცხოთ COVID-19-თან ბრძოლის ფონდში.

სამი თვის განმავლობაში, გავიღებთ ჩვენი ყოველთვიური შემოსავლის 1/3-ს კორონავირუსთან ბრძოლისთვის შექმნილ ფონდში.

ამასთან, დამატებით, ჩვენ ყველანი, საკუთარი შესაძლებლობის ფარგლებში, მაქსიმუმს გავაკეთებთ ამ გამოწვევასთან გასამკლავებლად.

ყოველი ჩვენგანი, ყოველდღიურად შრომობს და იბრძვის ჩვენი თანამოქალაქეების დასახმარებლად, ვისაც დღეს ეს ყველაზე მეტად ესაჭიროება.

თბილისის მერია, კერძო სექტორის დახმარებით ახორციელებს მარტოხელა, სოციალურად დაუცველი მოხუცების პროდუქტით უზრუნველყოფის პროგრამას. იმავეს აკეთებს თბილისის საკრებულო სოც. დაუცველი მრავალშვილიანი ოჯახების დასახმარებლად.

თუმცა ამასთან ერთად, ჩვენი გუნდი, ყოველთვის მზად არის, დამატებითი წვლილი შეიტანოს პანდემიასთან ბრძოლის საქმეში!

ასევე, მოვუწოდებ ყველა ჩვენს თანაგუნდელს და მხარდამჭერს, ვისაც ამისი შესაძლებლობა გააჩნია, შეუერთდეს სოლიდარობის ამ აქტს. ერთად ვიბრძოლოთ პანდემიის წინააღმდეგ და ჩვენი წვლილი შევიტანოთ იმ ადამიანების დახმარებაში, ვისაც შექმნილ რთულ ვითარებაში ყველაზე მეტად ესაჭიროება ჩვენი გვერდში დგომა!

დარწმუნებული ვარ, სახელისუფლებო გუნდის ერთიანი, სწორი და ეფექტური ქმედებებით, ჩვენი საზოგადოების სოლიდარობით და მაღალი პასუხისმგებლობის გრძნობით, ამ გამოწვევას ძალიან მალე და მინიმალური ზიანით დავძლევთ“, - განაცხადა კახა კალაძემ.

საქართველოში ამ დროისთვის კორონავირუსის 148 შემთხვევა დადასტურდა, მათგან 27 ადამიანი უკვე განიკურნა.