„უკვე 10%-ით და მეტითაც გაიზარდა იმ ცხრა პროდუქტზე ფასები, რომელზეც სახელმწიფო ამბობდა, ფასები არ გაიზრდებაო. მე ეს გადავამოწმე ბრინჯზე, წიწიბურაზე და ა.შ. ამიტომ ნომერ პირველი პრობლემა, რომელიც გვაქვს და გვექნება უახლოეს პერიოდში, ეს არის სასურსათო პრობლემა“, - აცხადებს For.ge-სთან საუბარში საქართველოს სოფლის მეურნეობის აკადემიის აკადემიკოსი, პროფესორი პაატა კოღუაშვილი.
საქართველოში თუ არის იმის პერსპექტივა, რომ სოფელს დაუბრუნდეს მოსახლეობა, მათ შორის, ახლადდაბრუნებული მიგრანტებიც? რა უნდა გააკეთოს ხელისუფლებამ საამისოდ?
- სოფლიდან წასული ადამიანები, რომელთაც სხვა საცხოვრისი არ გააჩნიათ სოფლის გარდა, რა თქმა უნდა, სოფელს უნდა დაუბრუნდნენ. ნომერ პირველი პრობლემა, რომელიც გვაქვს და გვექნება უახლოეს პერიოდში, ეს არის სასურსათო პრობლემა. იმედი იმისა, რომ იმპორტი ამ ფასებში შენარჩუნდება, სასაცილოა. ფასები აუცილებლად გაიზრდება. ამ ფასებს გაზრდის რუსეთი, საიდანაც შემოგვაქვს ხორბალი. უკრაინა უკვე აღარ ეწევა ხორბლის ექსპორტს, ყაზახეთს არ აქვს ხორბალი, ამერიკიდან და საფრანგეთიდან ვერ შემოგვაქვს, რადგან პორტებში მუშები არ მუშაობენ. საგაზაფხულო თესვებიც უკვე დაგვიანებულია. ამიტომ მცდარია იმაზე დაიმედება, რომ ამას გლეხი თავად მიხედავს. თუ არ ჩამოყალიბდა სახელმწიფოს სწორი აგრარული პოლიტიკა და სახელმწიფომ არ იკისრა სოფლის მეურნეობის განვითარებაში მაორგანიზებელი, მაორიენტირებელი და მხარდამჭერი ფუნქცია, არაფერი გამოვა. სოფლის მეურნეობის მინდობა ბაზარზე მცდარი ხედვაა. ეს მე ბევრად ადრე განვაცხადე ტელევიზიით, რომელსაც, სხვათა შორის, ახლა ყველა ატრიალებს.
კონკრეტულად სოფლის მეურნეობის რომელ დარგებზე უნდა გაამახვილოს სახელმწიფომ ყურადღება?
- უპირველეს ყოვლისა, მარცვლეულზე. აქ საუბარია ხორბალზე, სიმინდზე (დასავლეთ საქართველოში) და მეცხოველეობის განვითარებაზე. მეცხოველეობაში განსაკუთრებული ყურადღება უნდა მიექცეს მსხვილფეხა რქოსან პირუტყვს, ასევე, ღორს. ძალიან მნიშვნელოვანი ადგილი უნდა დაეთმოს მეფრინველეობის განვითარებას. ჩვენ ვართ უდიდესი ტრადიციების ქვეყანა და ყოველთვის დიდი რაოდენობით მოვიხმარდით ქათამს. ანდაზაც კი გვაქვს ქათამთან დაკავშირებით, „ძროხა დაკლეს, ზედ წამაკლეს, ცხვარი დაკლეს, ზედ წამაკლეს, ღორი დაკლეს, ზედ წამაკლესო“. ხორცის იმ მასაში, რომელსაც ქართველი კაცი წლის განმავლობაში იყენებს, ფრინველის ხორცს 50% უჭირავს, საქონელს 25%, ღორს სადღაც 20%. დანარჩენია ცხვარი, თხა და ბოცვერი, მაგრამ ბოცვერზე ჯერჯერობით ისეთი მოთხოვნილება არ არის, ის მაინც დამხმარედ უნდა ჩავთვალოთ. ქათამზე კი განსაკუთრებული აქცენტი უნდა გავაკეთოთ, რადგან ცილის ყველაზე მაღალი შემცველია ქათმის 100 გრამი ხორცი. შემდეგ მოდის მსხვილფეხა რქოსანი პირუტყვის ხორცში ცილის შემცველობა, ხოლო ღორის ხორცში ყველაზე დაბალია ცილის შემცველობა.
რა მდგომარეობაშია ჩვენი მეფრინველეობის დარგი?
- ჩვენი მეფრინველეობა მძიმე დღეშია. 90-იანი წლების პირველ ნახევარში არსებული 75 მეფრინველეობის ფაბრიკიდან ქვეყანაში დარჩა სულ რამოდენიმე. ეს იმისთვის მოხდა, რომ დარგი საბოლოოდ გაენადგურებინათ და ქვეყანაში ეზეიმა იმპორტს. გაყინული ქათმის ხორცის დაახლოებით 75-ათასტონიანი იმპორტი გვაქვს, რაც კატასტროფაა. 2005 წლიდან მოყოლებული, მაშინ, როდესაც სოფლის მეურნეობის ყველა პირველადი პროდუქცია გათავისუფლებულია დღგ-ს გადასახადისგან, დამატებითი ღირებულების გადასახადი შენარჩუნებულია მხოლოდ ქათმის ნედლ ხორცზე. ეს დანაშაულია. ბოლო 15 წლის მანძილზე საქართველო რატომღაც აშენებდა სახელმწიფოს, სადაც ეკონომიკის პრიორიტეტული დარგი იყო ტურიზმი, მომსახურება და იმპორტი. ამ დროს ერთი „დაახველა“ ტურიზმმა და დაგვემხო თავზე ყველაფერი, დაგვემხო მთელი მისი მომსახურება.
იმთავითვე სპეციალისტები ამბობდნენ, რომ არასწორი იყო ტურიზმზე აქცენტის გადატანა, მაგრამ ტურიზმის სფერო მოკლევადიან პერიოდში წარმატების ფორმულად იყო დასახული.
- ეს არასწორი იყო. ჩვენი მომავალი არის მწარმოებლური სოფლის მეურნეობის განვითარება. ეს ქვეყანა სამოთხეა, კოსმოსიდან რომ დახედოთ, საოცარი სილამაზეა, მწვანეა ყველაფერი, ზევით ყველაფერი თეთრია, რადგან ყინულოვანია, ხოლო ქვევით ყველაფერი ოქროსფერია, რადგან უდაბნოა. ეს მართლაც სამოთხეა და აქ ე.წ. ფსევდოლიბერალური, ლიბერტარიანული ხედვები სისულელეა. ამ მიწას ისეთი მადლი გააჩნია, მას თავისუფლად შეუძლია გამოკვებოს ამ მიწაზე მაცხოვრებელი 10-12 მილიონი ადამიანი. მართალია, დღეს აქ 4 მილიონი კაციც არ ცხოვრობს, მაგრამ მისი შესაძლებლობა გაცილებით მეტია. ამიტომ, თუ ჩვენ ლიბერტარიანული ხედვებით ვივლით, მაშინ არც ხორბალი უნდა ვაწარმოოთ, არც ხილი, ციტრუსი და ჩაი, რადგან ხორბალთან მიმართებით ნაკლები უპირატესობა გვაქვს რუსეთთან, ხოლო ჩაის, ხილის თვალსაზრისით ნაკლები უპირატესობა გვაქვს ჩინეთთან მიმართებით. სინამდვილეში, აქცენტი უნდა გავაკეთოთ მარცვლეულის და მეცხოველეობის განვითარებაზე და მეცხოველეობაშიც ყოველნაირად ხელი უნდა შევუწყოთ ოჯახებს მექათმეობის, მეფრინველეობის კუთხით, ან ე.წ. ჭრელი ქათმის წამოებას. ამის უდიდესი გამოცდილება და ტრადიცია საქართველოს ჰქონდა. 1913 წლის მონაცემებით, მხოლოდ და მხოლოდ დასავლეთ საქართველოში 25 მილიონი ჭრელი ფრთა-ქათამი ჰყავდათ, იგივე ციფრი იყო შენარჩუნებული 1921 წელსაც. ეს ტრადიცია აუცილებლად უნდა აღვადგინოთ. თუ მოსახლეობა ჩამოვა საზღვარგარეთიდან, რომელიც ოდესღაც სოფლიდან წავიდა და ახლა სოფელს დაუბრუნდება, ერთ-ერთი ღონისძიება უნდა იყოს ჭრელი ქათმისა და მარცვლეულის წარმოების განვითარება. სამომხმარებლო დონეზე საქართველოს ყველა კუთხეში აუცილებლად უნდა ვაწარმოოთ მწვანილი, რომელშიც უზარმაზარი ენერგეტიკაა ვიტამინების სახით. მწვანილი ადამიანში იმუნიტეტს ზრდის, სწორედ ეს გვჭირდება ამ ვირუსების წინააღმდეგ, რადგან ერთ-ერთი ყველაზე მთავარი ფაქტორია ადამიანში იმუნური თვისებების გაძლიერება. საქართველოში ძალიან ბევრი ფერმერია, რომელიც აწარმოებს მწვანე სალათას, ვიტამინებითა და მინერალებით სავსე ამ არაჩვეულებრივ საკვებს, რომელიც უნდა იყოს მაღაზიებში გამოტანილი. იქ, სადაც ამის შესაძლებლობაა, უნდა განვითარდეს მეხილეობა.
ალბათ, აუცილებელია კარტოფილის მოყვანაც, რომ სხვა ქვეყნიდან შემოტანილ უხარისხო პროდუქციაზე არ ვიყოთ დამოკიდებული.
- კარტოფილი აუცილებელია, მარნეულში, ბოლნისში, ახალციხეში, ახალქალაქში ხდება მისი მოყვანა, ასევე, რაჭაშიც შეიძლება, სვანეთშიც, მაგრამ აქ დიდი სიფრთხილე გვმართებს, რადგან ეს უნდა იყოს კარტოფილის არავირუსული სათესლე მასალა. სხვათა შორის, დღეს მარცვლეულის სათესლე მასალაც დიდი პრობლემაა. ამ ხელისუფლების სიმახინჯე იყო, რომ გააუქმეს ქვეყანაში ჯიშთა გამოცდისა და თესლის წარმოების სახელმწიფო კომპანია, რომლის არსებობაც გათვალისწინებული იყო ევროკავშირში ასოცირების ხელშეკრულებით. ამ კომპანიამ თავისი არსებობის ოთხი წლის მანძილზე გამოსცადა ხორბლის 2 ათეული ჯიში, კარტოფილის რამდენიმე ჯიში, ქერის ჯიში, რადგან ჩვენი კანონმდებლობის თანახმად, ვერ დავთესავთ ვერაფერს, თუ მან არ გაიარა ჯიშთა გამოცდა. ერთი წელია, ეს სტრუქტურა გაუქმებულია, ხოლო როცა ეს სტრუქტურა ფეხზე იდგა, დაახლოებით 800 ათასი ლარი ჰქონდა, ასევე, ფლობდა 200 ჰექტრამდე მიწებს, ტექნიკას, ეს შეაერთეს გაკოტრებულ „მექანიზატორთან“, რომელმაც ფულები შეჭამა და მთელი ეს ქონება ჩადო გირაოში. ეს ისეთი დანაშაულია, რომლის გამოც სოფლის მეურნეობის სამინისტროში მოკალათებულმა პირებმა პასუხი უნდა აგონ სისხლის სამართლის კანონმდებლობით.
ახლა დაგვიანებულია თანხების ჩადება სოფლის მეურნეობაში?
- ახლა უნდა გამოიყოს ფული მარცვლეულისა და მეცხოველეობისთვის. სამწუხაროდ, ეს გადაიდო რამდენიმე თვით, რადგან ახლა სათესლე მასალა არ გვაქვს. თუმცა მეცხოველეობისთვის თანხების გამოყოფა დაგვიანებული არ არის, ბოლოს და ბოლოს, სუბსიდირება მოვახდინოთ. მაგალითად, მეფრინველეობაში 18%-იანი დღგ გავაუქმოთ. ამას გარდა, თუ ყურადღებას მიაქცევთ პრეზიდენტ ტრამპის გამოსვლას, მან არაერთხელ აღნიშნა, მიირთვით რაც შეიძლება მეტი რაოდენობის ცხელი ქათმის ბულიონი, ანუ ჩვენებურად რომ ვთქვათ, ქათმის ჩიხირთმა, რაც ძალიან სასარგებლოა ასეთ დროს. ყველაფერი ადგილობრივი უნდა ვაწარმოოთ, მთაში მცხოვრებ მოსახლეობას სუბსიდიები უნდა დაუნიშნონ პირუტყვზე, ვთქვათ, მსხვილფეხა რქოსანზე 100 ლარი, ხბოზე-ოდნავ ნაკლები.
ხელისუფლება გვაიმედებს, რომ ცხრა ძირითად პროდუქციაზე ფასები არ გაიზრდება. ეს დანაპირები შესრულდება?
- იმ ცხრა პროდუქტზე ფასები, რომელზეც სახელმწიფო ამბობს, ფასები არ გაიზრდებაო, უკვე 10%-ითაც გაიზარდა და მეტითაც. მე ეს გადავამოწმე ბრინჯზე, წიწიბურაზე და ა.შ. სოფლის მეურნეობა ეს არის რეგულირებადი დარგი და სახელმწიფოს აგრარული პოლიტიკის გარეშე მის განვითარებას პერსპექტივა არ აქვს. ახლავე უნად შემუშავდეს ანტიკრიზისული ბიუჯეტი, სახელმწიფომ სწორად უნდა განსაზღვროს პრიორიტეტები ეკონომიკის განვითარებაში, ეს უნდა იყოს რეალური ეკონომიკის სექტორი, არავითარი ტურიზმი, მომსახურება და იმპორტი. ჩვენ უნდა ვიყოთ მწარმოებელი ერი ამ მიწაზე.
მაგრამ მაინც არ შემიძლია, ჩემი აღშფოთება არ გამოვთქვა: რამდენი ასეთი უმაღლესი დონის სპეციალისტი გვყავს სხვადასხვა დარგში და არც ერთ მათგანს რაიმე ბერკეტი არ უპყრია ხელთ, რომ საკუთარი სწორი იდეების რეალიზება შესძლოს!..
ასე იყო მენშევიკების დროს, ასე იყო ზვიადის დროს, ასე იყო მიშას დროს და ასე გრძელდება დღესაც!.. ერთადერთი (ან, თითქმის ერთადერთი!) კრიტერიუმი: პარტიულ-კლანურ-ნათესაურ-ძმაკაცური სიახლოვე!
პროფესიონალიზმი, კომპეტენცია, სახელმწიფოებრივი აზროვნება - მეორე, მესამე, მეათე პლანზე!..
შედეგი: იხ. ამ ინტერვიუში!
ნუ გვიკვირს რატომ დაემართა იტალიას და ესპანეთს ასეთი უბედურება ვირუსისაგან. ვისაც ტურისტებით სავსე რომი უნახავს ეს არ გაუკვირდება. რომი და მთელი იტალია, ესპანეთიც ფაქტიურად ტურიზმით ცხოვრობდა. ვირუსი ჩაცხრება მაგრამ ის კაფე-რესტორნები (სხვათა შორის ჩვენთანაც) დიდხანს იქნება ცარიელი. იმ ხალხმა კი სხვა საქმის კეთება არ იცის.
პოსტვიტუსული პერიოდი სასტიკი და მშიერი იქნება.
მთავრობამ ახლავე უნდა მიხედოს სოფელს. ხალხი დაბნეულია. თუ ყურადღბა არ იგრძნო უიმედობაში ჩავარდება და ქალაქის კი არა საკუთარ გამოსაკვებ სარჩოსაც ვერ მოიყვანს.
დღეს ვირუსს სახლებში ვემალებით, მაგრამ შიმშილს სად დავემალოთ? ამას ხელისუფლება სამ- ოთხ თვეში კარანტინით ვეღარ უშველის.
სწორედ ახლაა საჭირო უფასო ხვნა-თესვა, სათესლე მასალა და სასუქები სოფლისათვის. თანაც მხოლოდ ნატურით გასანაღდებელი ვაუჩრებით.
კომუნალური გადასახადებიდანყველა კი არა მხოლოდ სოციალურად დაუცველები უნდა გაეთავისუფლებინათ.
რესურსების უმეტესი წილი სასურსათო უზრუნველყოფაზე უნდა იქნას მიმართული და სასოფლო-სამეურნეო ინფრასტრუქტურის ყველა საწარმო უნდა ამუშავდეს, რა თქმა კარანტინის წესების სრული დაცვით.
ჭირისაგან საყოველთაო დამალვის პოლიტიკამ გრძელვადიან პერსპექტივაში შეიძლება სავალალო შედეგებამდე მიგვიყვანოს. ახლა უკვე უფრო დეტალიზებული წესების შემოღებაა საჭირო, რომ თან საქმეც ვაკეთოთ.