შეერთებულ შტატებში მძიმე სცენარისთვის ემზადებიან პენტაგონმა ქვეყნის საგანგებო სიტუაციების მართვის ფედერალური სააგენტოს (FEMA) თხოვნით, 100 ათასი სპეციალური ტომრის მომარაგებაზე დაიწყო ზრუნვა. ზემოხსენებულის მიზეზი შეერთებულ შტატებში კორონავირუსით (COVID 19) გარდაცვალებულთა მაღალი რაოდენობაა. ვებგვერდ „ბლუმბერგის“ ინფორმაციით, აშშ-ის თავდაცვის სამინისტროს შტაბ-ბინის განკარგულებაში უკვე ორმოცდაათი ათასი ამგვარი ტომარაა, თუმცა ქვეყანაში შექმნილი საგანგაშო ვითარებიდან გამომდინარე მათი გაორმაგება გადაწყვიტეს.
დღეის მდგომარეობით ტომრების ჩაბარების ზუსტი ვადა გაურკვეველია, თუმცა FEMA, რომლის შტაბ-ბინა დედაქალაქ ვაშინგტონში მდებარეობს, მათი სწრაფი მიღებითაა დაინტერესებული. პენტაგონში იმედოვნებენ, რომ საგანგებო სიტუაციების მართვის ფედერალური სააგენტოს თხოვნას უახლოეს მომავალში დააკმაყოფილებენ. FEMA-ს პრეს-მდივნის საპასუხო განცხადებით, „სააგენტო ითვალისწინებს მრავალი შტატის ძალისხმევას მოემზადოს მზარდი სიკვდილიანობისთვის და მოქმედებს არსებული მდგომარეობის შესაბამისად. მოთხოვნების დასაკმაყოფილებლად ვთანამშროლობთ სახელმწიფო და ადგილობრივი ჯანდაცვის სისტემებთან განსაკუთრებით კი იმ რეგიონებში, რომლებშიც კოვიდ-19 მძვინვარებს“.
პრეზიდენტ ტრამპის ადმინისტრაციის მაღალჩინოსანთა თქმით, კორონავირუსი, სავარაუდოდ, 100 ათასიდან 240 ათასამდე ამერიკელის სიცოცხლეს შეიწირავს, მიუხედავად იმისა, რომ ჯანდაცვის ორგანოები მოსახლეობას სოციალური დისტანციის დაცვისკენ მოუწოდებენ. დონალდ ტრამპმა ამერიკელებს აცნობა, რომ ქვეყანას „განსაკუთრებით ორი რთული კვირის“ გადატანა მოუწევს, თუმცა იქვე აღნიშნა, რომ უახლოეს პერიოდში საზოგადოება „გვირაბის ბოლოს სინათლეს დაინახავს“.
დღესდღეობით, შეერთებულ შტატებში დაახლოებით 245 ათასი ადამიანია დაინფიცირებული, 6 ათასი კი მომაკვდინებელი ვირუსის მსხვერპლი შეიქნა. ბოლო 24 საათის განმავლობაში მთელი ქვეყნის მასშტაბით კოვიდ-19-ით დაინფიცირების 26 ათასი ახალი შემთხვევა დაფიქსირდა, 1050 ადამიანი კი გარდაიცვალა. ორივე შემთხვევაში მაჩვენებელი აშკარად მაღალია, რაც, თავის მხრივ, საგანგაშო ტენდეციებზე მიუთითებს.