საქართველოში კორონავირუსისგან 26 პაციენტი გამოჯანმრთელდა. ბოლო მონაცემებით, კორონავირუსის 131 შემთხვევაა დადასტურებული, თუმცა, ეს ციფრი საათობრივად იცვლება. ამასთან, კარანტინის რეჟიმში იმყოფება 5550 მოქალაქე, ხოლო სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ – 281. ასეთია ბოლო მონაცემები, რასაც ვერ ვიტყვით ევროპის მაგალითზე.
რთული ვითარებიდან გამომდინარე, საბერძნეთის მართლმადიდებლური ეკლესიის სინოდმა მორწმუნეებს მოუწოდა, აღდგომის დღესასწაულზე შინ ილოცონ, შეასრულონ ხელისუფლების რეკომენდაციები პანდემიასთან დაკავშირებით და ყური არ უგდონ მათ, ვინც რწმენის სახელით დაუმორჩილებლობისკენ მოუწოდებენ.
„მორწმუნეებს შეეძლებათ ლოცვას მოუსმინონ ტელევიზიის საშუალებით, ხოლო სააღდგომო ცერემონიისა და საგალობელის შესრულება, ისე, რომ უფლის დიდებული აღდგომა ყველამ იზეიმოს, 26 მაისის ღამეს მოხდება. სინოდი იმედოვნებს, რომ ამ დროისთვის კორონავირუსის საფრთხეები უკვე გადავლილი იქნება“, – ასეთია საბერძნეთის მართლმადიდებლური ეკლესიის გადაწყვეტილება.
საბერძნეთისგან განსხვავებით, აღდგომის დღესასწაულს აღნიშნავს საქართველო. პანდემიის ფონზე, დისტანციის დაცვის პირობებში ჩატარდება სააღდგომო ღვთისმსახურება, თუმცა, საქათველოს კათოლიკოს–პატრიარქი მრევლს მიმართავს, ვირუსის გავრცელების თავიდან ასარიდებლად რეკომენდაციები გაითვალისწინონ.
ილია მეორე ასევე წერს, რომ მორმწუნეთა ის ნაწილი, რომელიც ასაკის ან უძლურების გამო რისკის ჯგუფს მიეკუთვნება, აგრეთვე ისინი, ვინც განსაკუთრებულ სიფრთხილეს იჩენენ ვირუსით დასნებოვების გამო – დარჩნენ სახლში, სურვილის ან გადაუდებელი აუცილებლობის შემთხვევაში, მათ თავიანთი მოძღვარი ადგილზე ჩაუტარებს მსახურებას და ლოცვით კანონსაც განუსაზღვრავს.
„შექმნილი ვითარებიდან გამომდინარე, მინდა მოგმართოთ ჩვენო სულიერო შვილებო და გთხოვოთ მიიღოთ შემდეგი რჩევა. ვიდრე განსაცდელი გაივლის, შეასრულეთ სათანადო მითითებები: ადამიანებთან ურთერთობისას, მათ შორის ტაძარში და ტაძრის ეზოში ყოფნისას დაიცავით დადგენილი მანძილი, საღმრთო ლიტურგიის და სხვა საზოგადო მსახურებათა შესრულებისას ეკლესიაში დარჩნენ სასულიერო პირები, მგალობლები და სტიქაროსნები, ხოლო დიდ საკათედრო ტაძრებში შეზღუდული რაოდენობით მრევლიც.
საერთოდ რეკომენდირებულია მრევლი იყოს ეკლესიის ეზოში ანუ ღია სივრცეში და ასე მიიღოს ლოცვითი მონაწილეობა წმინდა მსახურებაში, მცირე ზომის ტაძრებში დასაშვებია ასევე -წირვა ლოცვა აღსრულდეს ღია ცის ქვეშ - დროებით მოწყობილ ტრაპეზზე. სასულიერო პირთა და ტაძრის მსახურებს კონკრეტული ვითარების გათვალისწინებით მიეცემათ დამატებითი რჩევები“, – აღნიშნულია უწმინდესის წერილში.
სააღდგომო ღამისთევასთან დაკავშირებით ეკლესია კიდევ ერთ განცხადებას გაავრცელებს. ზუგდიდისა და ცაიშის მიტროპოლიტი მეუფე გერასიმე ხელისუფლებასთან კონსულტაციებს არ გამორიცხავს და ამბობს, რომ ამ საკითხთან დაკავშირებით, ეკლესია იმსჯელებს.
„თუ ეს საგანგებო მდგომარეობა ეკლესიას ეხება, აგერ ვართ სამნიც და მეტიც. ჩვენ მოვიქცევით ისე, როგორც პატრიარქის მიერ გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი. ეპარქიაში სასულიერო პირები შეიკრიბნენ და კორონავირუსთან დაკავშირებით ქვეყანაში შემქნილი ვითარების გამო საპატრიარქოს მიერ გაცემულ რეკომენდაციებზე კიდევ ერთხელ იმსჯელებს. ეპარქია სწორედ აღნიშნული რეკომენდაციების შესაბამისად იმოქმედებს“, – აცხადებს მეუფე გერასიმე.
როგორც ცნობილია საქართველოში კომენდანტის საათი 21:00–დან დილის 06:00 საათამდე მოქმედებს. შესაბამისად, როგორი იქნება აღდგომის დღესასწაულის აღნიშვნა და დაუშვებს თუ არა სახელმწიფო გამონაკლისს, ამ დრომდე უცნობია. საქართველოს პრემიერ–მინისტრის განცხადებით, ძალიან კარგად ესმით ეკლესიის როლი და დარწმუნებულია, რომ ეკლესიასაც ესმის სახელმწიფოს როლი და ვალდებულება, იზრუნოს საკუთარი მოსახლეობის ჯანმრთელობაზე.
„ეს არის ის პოსტულატი, რომელზეც კომპრომისებს უნდა მივაღწიოთ. დღესასწაულებზე საუბარი არ მინდა, რადგან ჯერ კიდევ სამი სამი კვირაა და გვაქვს გარკვეული იმედები, რომ შეიძლება სიტუაცია გამოსწორდეს, მაგრამ ეს არ იქნება მარტივი... სადაც შესაძლებელია, რელიგიური რიტუალები აღვასრულოთ სახლში, ეს არის ჩვენი პასუხისმგებლობა ადამიანების წინაშე“, – განაცხადა გიორგი გახარიამ.
დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორის მოადგილის პაატა იმნაძის განცხადებით, ცენტრის რეკომენდაციაა, მაქსიმალურად თავი შეიკავონ კონტაქტებისგან, ეხება ყველას – მორწმუნეებსაც, ათეისტებსაც, ანტიეკლესიურებსაც. მისი თქმით, ნებისმიერ იმ ადგილას, სადაც არის ადამიანების თავმოყრა, შესაძლებელია ინფექციის გადაცემა მოხდეს.
„ნებისმიერ იმ ადგილას, სადაც არის ადამიანების თავმოყრა, შესაძლებელია ინფექციის გადაცემა მოხდეს. ეს შეიძლება მოხდეს ყველგან და ამის მაგალითები ჩვენ უკვე გვაქვს, რომ ეს მოხდა გარკვეულ ადგილებში, სადაც ადამიანები მუშაობენ ერთად, ასევე ადამიანები იკრიბებიან ერთად. სადაც ადამიანები იკრიბებიან ერთად, ყველგან შეიძლება მოხდეს გადაცემა, მათ შორის, რა თქმა უნდა, ეკლესიაში.
აქედან გამომდინარე, კიდევ ვიმეორებ, ჩვენი რეკომენდაცია ეხება ყველას, მათ შორის მორწმუნეებსაც, ათეისტებსაც, ანტიეკლესიურებსაც – მაქსიმალურად თავი შევიკავოთ ნებისმიერი სახის კონტაქტებისგან. სოციალური დისტანცირება არის ერთადერი გზა იმისთვის, რომ ქვეყანაში ინფექციის შემთხვევების მატების ტემპი იყოს კონტროლირებადი და დღეში იყოს ვთქვათ, ათეულობით და არა ასეულობით ახალი შემთხვევები. ამისთვის საჭიროა ყველა ჩვენგანმა მაქსიმალურად დაიცვას ყველა ის ღონისძიება, რაც არის არაერთხელ ნათქვამი, მათ შორის სოციალური დისტანცირება, ოჯახებშიც კი“, – განაცხადა პაატა იმნაძემ.
საპარლამენტო უმრავლესობის წევრის, ირაკლი კობახიძის განცხადებით, ხელისუფლებას საპატრიარქოსთან მუდმივი კონსულტაციები აქვს და საკითხი გადაწყდება ისე, როგორც ეს შედის ქვეყნის, ჯანმრთელობის დაცვისა და ეკლესიის ინტერესებში. მისი თქმით, ხელისუფლება მთლიანად მართავს ვითარებას და ამის ნაწილია კონსულტაციები ყველასთან, ვისთანაც ეს მნიშვნელოვანია.
„საკითხი გადაწყდება ისე, როგორც ეს შედის ჩვენი ქვეყნის ინტერესებში, ჯანმრთელობის დაცვის ინტერესებში, ასევე ეკლესიის ინტერესებში. ხელისუფლება მთლიანად მართავს ვითარებას და ამის ნაწილია კონსულტაციები ყველასთან, ვისთანაც ეს მნიშვნელოვანია, შესაბამისად, ჩვენ გვაქვს მუდმივი კონსულტაციები ეკლესიის, საპატრიარქოს წარმომადგენლებთან.
ჩვენ დარწმუნებული ვართ, რომ საკითხი გადაწყდება ისე, როგორც ეს შედის ჩვენი ქვეყნის ინტერესებში, ჯანმრთელობის დაცვის ინტერესებში, ასევე ეკლესიის ინტერესებში. ჩვენ გვექნება აბსოლუტურად დაბალანსებული გადაწყვეტა ამ მიმართულები და ამის საფუძველი იქნება კონსულტაციები ხელისუფლების წარმომადგენლებსა და ეკლესიის წარმომადგენლებს შორის“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.