„არის საშიშროება, ორ დაპირისპირებულ ბანაკად გაიყოს ეკლესია. ამიტომ რაღაც შუა გზაა საჭირო“, - მიიჩნევს მამა გურამ ოთხოზორია, რომლის აზრითაც, ერთი უკიდურესობაა ისეთი მიდგომა, რომ, ვინც კვირას ტაძარში წავა-ფანატიკოსია, ხოლო, ვინც სახლში დარჩება-მცირედმორწმუნე და მეტიც, მშიშარაა. მამა გურამ ოთხოზორიას აზრით, ორივე ასეთი მიდგომა ნიშნის მოგებაა.
სასულიერო პირებში მართლაც გაჩნდა აზრთა სხვადასხვაობა ქრისტიანული რიტუალების ეკლესიაში შესრულებასთან დაკავშირებით. უბრალოდ, სამღვდელოების ნაწილი ცდილობს, განსხვავებული პოზიცია საჯაროდ არ დააფიქსიროს და პატრიარქის გადაწყვეტილებას დაელოდოს.
ჩრდილოეთ ამერიკის ეპარქიის ეპიოსკოპოსს, მეუფე საბა ინწკირველს კითხვა უჩნდება, „ძვირფასი სიცოცხლე, ქრისტემ სისხლით რომ გამოისყიდა, გაციებას, ვირუსს შევწირო?“ მეუფე საბას აზრით, მღვდელმთავრის ერთმა სიტყვამ შეიძლება მრავალი ადამიანი წაიყვანოს შეცდომის გზით, იმ მოწოდებებით, რომ დღეს მირჩევნია ვირუსით მოვკვდე, ვიდრე ტაძარში არ ვიარო. რეალურად კი, მართლაც რომ უაზრო მსხვერპლისთვის რისთვის უნდა მოვკვდეთ? თავს არ მოვუფრთხილდეთ? ვირუსი შეგვეყაროს და სიცოცხლე ვირუსს შევწიროთ? ასეთია მეუფე საბას პოზიცია.
თეოლოგები ამბობენ, რომ ქრისტიანული ეპოქის განმავლობაში ყოფილა შემთხვევები, როცა საყოველთაო ეპიდემიებისას, თუნდაც იუსტინიანეს პერიოდში შეჩერებულა წირვა-ლოცვები და ზიარებებიც კი, მაგრამ ამით ეკლესიას ჩრდილი არ მიყენებია. ახლა კი, თუ ცუდი ამბავი მოხდება, ეკლესიასთან ერთად მთელი პასუხისმგებლობა დაეკისრება ხელისუფლებას.
უკვე ცნობილია, რომ იერუსალიმში წმინდა ცეცხლის გადმოსვლის ცერემონიალი აუცილებლად ჩატარდება, მაგრამ დამსწრე ხალხის გარეშე და მხოლოდ სამღვდელოების მონაწილეობით.
რაც შეეხება საქართველოს, პრემიერის თქმით, მთავრობა ყოველთვის გამონახავს კომპრომისს ეკლესიასთან, როცა საქმე ეხება საქართველოს მოქალაქის სოცოცხლეს და მის ჯანმრთელობას.
იმოქმედებს თუ არა შეზღუდვები ჩვენს ეკლესიაზე და აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაული რა ვითარებაში ჩატარდება? მას დაესწრება თუ არა მრევლი კარანტინის დროს?
ფსიქოლოგი ლევან შატბერაშვილი მიიჩნევს, რომ ამ გლობალური პროცესის კიდევ ერთი შედეგი, ალბათ, ის იქნება, რომ ძველ ინსტიტუციებს აღარ ექნებათ იმიჯი იმ სახით, რა სახითაც ადრე ჰქონდათ, რადგან კორონავირუსი არ გვიტოვებს პირფერობის, ფალშის საშუალებას. ყველა გამოჩნდება ისეთად, როგორებიც არიან.
„ეჭვი მაქვს, იგივე მოხდება ეკლესიის შემთხვევაშიც და დარჩება მხოლოდ ის, რაც უფრო სულიერია, რაც უფრო ნამდვილია. მე არ ვიცი, რამდენ ბანაკად გაიყოფა ეკლესია, ყოველ შემთხვევაში, რაც უფრო გააგრძელებენ დავას, მათი იმიჯი და რეიტინგი უფრო დაიწევს. აქ არ არის წირვასა და ზიარების წესის ცვლილებაზე საუბარი, ზოგადად, ადამიანის მიმართ დამოკიდებულებაზეა საუბარი, რადგან ერთია, როდესაც სასულიერო პირი ლაპარაკობს ზიარებაზე, მადლზე და მაღალ კატეგორიებზე, მაგრამ ამის შესახებ როცა ლაპარაკობს ინფექციონისტი, რომელმაც შეიძლება ვირუსი და მადლი ერთმანეთს შეადაროს, ეს ცოტა სასაცილოა. ეს სამეცნიერო კატეგორია არ არის. სამწუხაროა, რომ ხანდახან ადამიანები უმეცრებას ან პირფერობას ავლენენ. მოსახლეობა კარგად დაინახავს, ვინ ზრუნავს ადამიანებზე“, - აცხადებს ლევან შატბერაშვილი For.ge-სთან საუბარში.
მისივე აზრით, შემთხვევითი არ ყოფილა, რომ ბევრმა ეკლესიამ და რელიგიურმა ინსტიტუტმა დაკეტა თავისი შენობები. მართალია, მანამდე იყო წინააღმდეგობები, მაგრამ ყველა მიხვდა, როცა ვირუსთან გვაქვს საქმე, უნდა მოიქცე ისე, როგორც გეუბნებიან მეცნიერები.
ფილოსოფოსი ზაზა შათირიშვილი მიიჩნევს, რომ არის ევქარისტული მარხვა, როდესაც ხდება გააზრება იმისა, რომ გარეგანი წირვა შინაგანი სულიერი, მისტიკური წირვის გამოხატულებაა. თითქოს ღმერთმა ჩვენი სახლები გადააქცია იმ უდაბნოებად, სადაც დაყუდებული იყვნენ პირველი ბერები.