„ბევრი თავისუფალი დრო არ დავიტოვოთ, როცა დრო შეუვსებელია, ადამიანი უფრო აგრესიული ხდება“

„ბევრი თავისუფალი დრო არ დავიტოვოთ, როცა დრო შეუვსებელია, ადამიანი უფრო აგრესიული ხდება“

„როცა ადამიანები დათრგუნულები და დეპრესიულები არიან, მათი იმუნური სისტემაც შესაბამის მდგომარეობაშია. ეს არის გლობალური ფსიქოლოგიური გამოწვევა, რომელთანაც ადაპტაცია ჩვენს ფსიქიკას უჭირს“, - აცხადებს ფსიქოლოგი ლევან შატბერაშვილი და For.ge-ს კონკრეტულ რეკომენდაციებსაც უზიარებს.

როდესაც კორონავირუსი ჩაივლის და მსოფლიო დაძლევს ამ ეპიდემიას, რამდენად მოუწევს საზოგადოებას წარსულის გადაფასება? იქნებ, მოვლენების გადაფასება მხოლოდ იმ ხალხის პრივილეგიაა, ვინც ისედაც შემოქმედებითად, სულიერად უყურებდა სამყაროს და არა მომხვეჭელურად, ტექნიკურად, ბიზნესინტერესებით?

- გადაფასება გლობალურად მოხდება და ყველას მოუწევს წარსულის გააზრება. რაც შეეხება ბიზნესს, რომელიც დღეს გაჩერებულია, ხვალ შეიძლება ბანკროტი დარჩეს. მსოფლიოში ბევრი რამ შეიცვლება, მათ შორის, შეიცვლება ადამიანური ურთიერთობებიც. შეიძლება, შრომის ეთიკაც შეიცვალოს, პოლიტიკაც შეიცვალოს, არა მგონია, დაქცეულ ქვეყანაში ვიღაცას ისეთივე ენთუზიაზმით მოუნდეს პოლიტიკაში მოსვლა, როგორც აქამდე უნდოდათ. გაცილებით გულწრფელი დამოკიდებულება იქნება მსოფლიოში, ნაკლები იქნება ფალში. სულაც დღესვე რომ დასრულდეს კორონავირუსის ეპიდემია, სერიოზული ცვლილებები უკვე მომხდარია. თუმცა როდის დასრულდება ეს პანდემია, არ ვიცით, შეიძლება ერთ თვეში, ან ორ თვეში... რაც მეტი ხანი გადის, მით უფრო სხვა რეალობაში შევდივართ. ადამიანების ფსიქიკა ჯერჯერობით ადაპტაციის რეჟიმშია, თვითიზოლაციაში ვიმყოფებით, სად და როდის დავბრუნდებით, კაცმა არ იცის.

ხელისუფლება სახლში დარჩენისკენ მოგვიწოდებს, მაგრამ სახლში დარჩენილები მატერიალურ დახმარებას ითხოვენ და ამბობენ, რომ არ გავიდოდნენ გარეთ, საკვებით უზრუნველყოფილნი რომ იყვნენ.

- ჩვენი მთავრობა კი არა, გაცილებით უფრო დიდი და გამართული სახელმწიფოების მთავრობები შეიძლება გადაყვნენ ამ ყველაფერს. ჩვენი ხელისუფლება, ყოველ შემთხვევაში, ამ ეტაპამდე, მოულოდნელად ეფექტური აღმოჩნდა. ამას თავისი მიზეზები აქვს.

რამდენად ადეკვატურნი არიან ამ გამოწვევის ფონზე ჩვენი პოლიტიკოსები? მათი მხრიდან ხომ არ იგრძნობა პოლიტიკური პიარსვლები, რომ ამ მძიმე მდგომარეობიდანაც სარგებელი მიიღონ?

- პოლიტიკოსი რისი პოლიტიკოსია, სარგებელი რომ არ ნახოს, მაგრამ დგება დრო, როდესაც პიარსვლა აღარ იქნება ეფექტური, რეალურ ქმედებებსა და რეალურ საქმიანობაზეა დღეს მსოფლიო ორიენტირებული და არა პიარით გაბერილ ხილვადობაზე, რომელიც არც არსებობს. ამიტომ პოლიტიკოსებშიც ბევრი რამ შეიცვლება.

წინა საუკუნეებშიც არაერთი ვირუსი გადაუტანია მსოფლიოს. ალბათ, ყოველი ეპიდემია ცვლიდა ადამიანის ფსიქიკას, ისევე, როგორც მეორე მსოფლიო ომმა შეცვალა კაცობრიობა.

- რა თქმა უნდა, ასეთი მთლიანი სამყარო არასდროს ყოფილა. დღემდე შეიძლებოდა კონკრეტულ რეგიონში ხალხი მილიონობით გამწყდარიყო, მაგრამ მეორე რეგიონს ეს დიდად არც შეემჩნია. კორონავირუსს ვერ შევადარებთ ვერც ერთ წინა ეპიდემიას, ახლა დედამიწა გაცილებით მთლიანია. გლობალიზაცია პირველად დადგა ასეთი გამოწვევის წინაშე იმ გაგებით, რა გაგებითაც ბევრს ესმოდა. ამიტომ მთელი კაცობრიობა ერთად უნდა დადგეს. კაცობრიობას ასეთი გამოცდილება არ ჰქონია.

ხშირად ერთმანეთს ადარებენ იტალიელებისა და ქართველების ფსიქიკას, მაგრამ კორონავირუსმა დაგვანახა, რომ ქართველები უფრო ფრთხილნი აღმოვჩნდით?

- ეს არ არის მარტო ფსიქიკაზე დამოკიდებული, ზოგადად, ქართველების და იტალიელების სტრატეგია იყო სხვადასხვა. ჩვენთან სხვა გზით წავიდნენ და გაამართლა ამ სტრატეგიამ. ჩვენთან სულ სხვა ობიექტური ფაქტორებია, მასშტაბები სხვადასხვაა. ჩვენ მაინც 3 მილიონნახევარი ქვეყანა ვართ, იტალია კი უზარმაზარი ქვეყანაა. თანაც, იქ მოძრაობს მთელი მსოფლიო, ტურისტული სეზონი გრძელდება მთელი წლის განმავლობაში. ჩვენთან დაემთხვა, რომ რაღაცნაირად მაინც არ იყო ტურისტული სეზონი თებერვალში. ალბათ, ეს კვლევები როდესმე დაიდება და უფრო ობიექტური სურათი გვექნება, თუ რა როგორ მოხდა. ყოველ შემთხვევაში, აღმოჩნდა, რომ ჯერჯერობით ამ ეტაპზე უფრო ეფექტურები ვყოფილვართ.

ეფექტურობის მიუხედავად, პერიოდულად ინფექციონისტებისადმი ბევრი კითხვაც ჩნდება.

- არასდროს საქართველოში ექიმები არ ყოფილან იმ სიმაღლეზე, დღეს რომ არიან. ექიმები გმირები არიან, მათი იმიჯი ძალიან მაღალია. არ ვიცი, ერთეულები თუ არიან უკმაყოფილოები, შესაძლოა, ეს პოლიტიკურ დაკვეთას ემსახურებოდეს, მაგრამ ექიმებზე აუგის თქმა პოპულარული არც იქნება, რადგან მედიკოსების იმიჯი მოსახლეობაში ძალიან მაღალია. მათ მიმართ ნდობა გაზრდილია. ერთი მხრივ, ეს კარგია, მაგრამ, მეორე მხრივ, დიდი პასუხისმგებლობაა, რომელიც მედიკოსებმა უნდა გაამართლონ. ჩვენ ახლა არ ვიცით, სად ვართ, შესაძლოა, საერთოდ თავში ვართ ამ ეპიდემიის.

საფრანგეთში უკვე დაფიქსირდა, რომ ოჯახური ძალადობის ფაქტებმა იმატა. რადგან დახურულ სივრცეში გვიწევს ცხოვრება, მოსახლეობისადმი თქვენი კონკრეტული რჩევები რა იქნება?

- ეს დრამები ჩვენთანაც იქნება, შეიძლება ოჯახებიც კი დაიშალოს. ოჯახები დღეს დიდი გამოცდის წინაშეა. ყველა გამოცდას აქვს ერთი წინაპირობა, კარგად ჩავაბაროთ ეს გამოცდა, ვიმოქმედით რაციონალურად და ნუ ავყვებით ემოციებს. შევეცადოთ, რაღაცნაირად ჩვენი პირადი სივრცე შევქმნათ, დავკავდეთ კონკრეტული საქმიანობით, არ დავიტოვოთ ბევრი თავისუფალი დრო. თუ გვაქვს სივრცის შესაძლებლობა, ისე მოვახერხოთ, ყველას გვქონდეს თავისი კუთხე და დღის განმავლობაში მაინცდამაინც თვალებში ერთმანეთს ნუ შევაჩერდებით. სოციალურ ქსელებში შევქმნათ ერთობები, ინტერესის მოხედვით, რათა დრო როგორმე შევავსოთ. როცა დრო შეუვსებელია, ეს იწვევს, რომ ადამიანი გაცილებით უფრო აგრესიული ხდება, მშფოთველობა გაზრდილი აქვს და მერე ამას ანთხევს იმ ადამიანებზე, ვინც მის გარშემოა. გარშემო კი ვინ არიან? ოჯახის წევრები. ამიტომ, თუკი ფიზიკურად ვერ მოვახერხებთ, სივრცე ვირტუალურად მაინც გავაფართოვოთ. დავკავდეთ რაღაცით, რომ ერთმანეთი ნაკლებად შევჭამოთ.