ამ დილით აღმოვაჩინე, რომ კორონადამოკიდებული გავხდი - გათენდება თუ არა, უმალ კომპიუტერს ვეცემი - „კორონათ-მრიცხველს“ ჩავრთავ და ისე მივაშტერდები ხოლმე ერთი ათი წუთი, არც აღარაფერი მეყურება მონუსხულივითა თუ ტრანსში ჩავარდნილივით... „კორონათ- მრიცხველი“ მსოფლიო სტატისტკის ონლაინ სადემონსტრაციო საიტზეა (იხ. https://www.worldometers.info ) და ამ პანდემიურ პერიოდში მას მილიონობით სტუმარი ჰყავს ყოველდღიურად... როგორცა ჩანს, მარტო მე არა ვარ, ვისაც ლამის ლიტურგიად ექცა ყოველ დილას კორონა-მრიცხველთან განმარტოება...
კორონადამოკიდებულებაში საკუთარი თავის „გამოსაჭერად“, აი, ეს, სრულიად შემთხვევით ნანახი სახალისო ნიუსი დამეხმარა: „თურქმენეთის პრეზიდენტმა ქვეყანაში სიტვა კორონავირუსის ხსენება აკრძალა“ (იხ. http://newsreport.ge/თურქმენეთის-პრეზიდენტმა/).
ჯერ, ბუნებრივია, გამეცინა, მაგრამ მერე, უცებ მივხვდი, რატომაა კორონა-მრიცხველის მთავარი კანონზომიერება, რაზეც სულ თავს ვიმტვრევდი და ამოუხსნელ პარადოქსად მეჩვენებოდა, ძალიან იოლად გასაგები: სტატისტიკა გვეუბნება, რომ პანდემია ყველაზე დაუნდობლად მაღალ-განვითარებულ ქვეყნებს უტევს, მეტიც: მისი შეტევითი პოტენციალი მით უფრო სუსტია, რაც უფრო ნაკლებ-განვითარებულია ქვეყანა! რითი აიხსნება ეს?!
რასაკვირველია, ჩვენი ქვეყნის მაგალითზე - ეპიდემიასთან ბრძოლის წარმატებული და ეფექტური სტრატეგიით.
მაგრამ, ისეთ სუსტ ქვეყნებში, სადაც ფაქტიურად არავითარი სტრატეგია არა აქვთ და არც შეიძლება ჰქონდეთ, არც საგანგებო მდგომარეობა შემოუღიათ, მაგრამ დაინფიცირების მხოლოდ ერთეული შემთხვევებია, რაღა ხდება?! ასახსნელად სხვადასხვა არგუმენტს მოვუხმობდი ხოლმე: მოსახლეობის ნაკლები სიმჭიდროვე, ურბანული ინფრასტრუქტურის ნაკლებობა, მისვლა-მოსვლისა და ქვეყნიდან გასვლა-გამოსვლის დაბალი მაჩვენებელი, რაც მთავარია - სოციალური ურთიერთობების შეზღუდული ინტენსივობა, ასევე გეოგრაფიულ-კლიმატური თავისებურებანი - მიზეზი ბევრია. მაგრამ გადამწყვეტი ისაა, რაც თურქმენეთის პრეზიდენტმა ასე სახალისოდ დამანახა - კორონა ტაბუირებულია! ცხადია, თურქმენეთში ვითარება კომიკურია, რადგან ეპიდემიას თურქმენ-ბაშ იმპერატორმა დაადო (ტაბუ), მაგრამ, ობიექტური გარემოებებიც, რაც განვითარებად ქვეყნებშია, არსებითად სწორედ ანალოგიურ „დადებას“ ადასტურებს: ამ ქვეყნების სოციალური, პოლიტიკური თუ ეკონომიკური, უწინარეასდ - ჯანდაცვის კვაზი-სისტემები, კორონა-ეპიდემიას მსგავს „ეგზისტენციურ საფრთხედ“, როგორც განვითარებული ქვეყნები, ვერ აღიქვამენ, არც სისტემურად აღრიცხავენ, არც რაიმე საგანგებო ზომებით არ ებრძვიან და საერთოდაც, ისე არხეინად ეპყრობიან, როგორც ჩვეულებრივ გრიპს, ანუ დაადეს და დაიკიდეს! არც გაემტყუნებათ - კორონა-ვირუსი, ობიექტურადაც, ყველაზე ნაკლებად არის მათი თავის ტკივილი, რადგან ათასი უარესი უბედურებისთვის, რაც გაცილებით საშიშია, ვერ მოუვლიათ: აუტანელი სიღარიბე, შიმშილითა და უარესიც - წყურვილით სიკვდილი, გაცილებით უფრო მომაკვდინებელი და შემაძრწუნებლი ეპიდემიები, ჩირქიანი სოციალური წყლულები - მაგ. კატასტროფული დამნაშავეობა, სამოქალაქო ომის ზღვარზე არსებული პოლიტიკური არასტაბილობა და სხვ. და სხვ.
ეს გარემოება - განვითარებად ქვეყნებში კორონა-ინდეფერენტიზი, ფაქტიურად - მისი იგნორირება, ანდა კომიკური ტაბუირება, კორონადამოკიდებულებიდან, ჩემს მაგალითზე, ცივი შხაპის შოკივით აფხიზლებს: დავიწყე სტატისტიკის ობიექტურად აღქმა და იმ წუთას გამახსენდა ირაკლი გოგავას მიერ მოყვანილი მრავლისმეტყველი სტატისტიკური მონაცემები, რაც კორნათ-მრიცხველობით შეპყრობილობის გამო, სათანადაოდ ვერც კი აღვიქვი.
არადა, იგივე .worldometers.info-ს ონლაინ სტატისტიკას რომ გადახედოთ, უმალ აღმოაჩენთ, რომ ჭირი - სიკვდილი და ავადმყოფობა ისეთი ჩვეულებრივი, ბანალური ყოველდიურობაა მსოფლიოში, როგორც მზის ამოსვლა-ჩასვლა; ეს კორონა-საფრთხე კი მხოლოდ ერთი ბეწო ნაწილია იმ წარმოუდგენელი მასშტაბის ცოდვის ტრიალისა, რაც ყოველწამიერად სუფევს დედამიწაზე. თავადაც შეხედეთ, რა ხდება „ჭირ-მრიცხველურ“ მსოფლიო სტატისტიკაში და თუ კორონა არარად არ მოგეჩვენებათ, კორონა-დამოკიდებულებისგან ნამდვილად გამოფხიზლდებით!
მსოფლიო მასშტაბით, ამ წუთის (ახლა 1 აპრილია, მოტყუება კი ადვილია, მაგრამ, ღმერთმანი, არ ვიტყუები და დილის 10 სთ. და 22 წთ.-ია) ონლაინ სტატისტიკით, რაც ყოველწამიერად უარესობისკენ იცვლება:
- ინფექციური დაავადებებით წელს გარდაცვლილია - 3 250 000- ზე მეტი ადამიანი, რაც კორონა-ვირუსით გარდაცვლილთა საერთო რაოდენობაზე (42 000) - 77-ჯერ მეტია! ანუ სხვადასხვა მომაკვდინებელი ინფექციებით დაღუპულთა საერთო რიცხვში კორონა-ინფექციით გარდაცვლილები მხოლოდ - 1, 3%-ს შეადგენენ!
- მსოფლიოში ამ წუთას შიმშილით იტანჯება 840 მილიონზე(!) მეტი ადამიანი, რაც კორონა-ვირუსით ამჟამად დაინფიცირებულთა რიცხვზე 1000-ჯერ(!) მეტია; ხოლო მხოლოდ დღეს, ამ წუთისათვის შიმშილით დაღუპულია -13 500 ადამიანი, რაც კორონა-ვირუსით გუშინ გარდაცლილებზე, სულ ცოტა 12-ჯერ მეტია!
- წყურვილით დაიხრჩო ან სასმელად უვარგისი, მოწამლული წყლით წელს, 1 იანვრიდან დღემდე, დაღუპულია - 210 000-ზე მეტი ადამიანი, ანუ კორონა ვირუსით გარდაცლილთა საერთო რაოდენობაზე 5-ჯერ მეტი!
- წელს თავი მოიკლა უკვე 265 000-ზე მეტმა ადამიანმა, რაც კორონა-ვირუსით გარდაცვლილებზე ასევე 6-ჯერ მეტია!
- საგზაო ავარიებში წელს უკვე დაიღუპა - 338 000 ადამიანზე მეტი, რაც კორონა ვირუსით გარდაცვლილებზე 8-ჯერ მეტია (!)
და სხვ. და ა.შ.
ჭირთ-აღმრიცხველობის საერთო სტატისტიკაში კორონა საერთოდ სასაცილოდ მოკრძალებულია - ვინაიდან 1 იანვრიდან დღემდე პლანეტა დედამიწაზე უკვე გარდაცვლილია 14, 7 მლნ. ადამიანი, ანუ კორონა-ვირუსით დაღუპულნი მხოლოდ და მხოლოდ - 0, 29%-ს შეადგენენ (!). მიუხედავად იმისა, რომ სამყაროში ამდენი ადამიანი ყოველწამს კვდება, გაცილებით მეტი იბადება, სიცოცხლე, ადამიანთა გამრავლება, ფაქტიურად იმავე გიჟური ტემპით გრძელდება და ამ წუთის მდგომარეობით ადამიანთა მოდგმამ მარტო დღეს, ჩვენი დილის მდგომარეობით - 110 000-ით მოიმატა!
აქ, როგორ არ გაგახსენდება ვაჟას სიტყვები: „შენი ჭირიმე სიკვდილო, სიცოცხლე შვენობს შენითა!“ მეც გამახსენდა და საბოლოოდ განვიკურნე კორონადამოკიდებულებისგანაც. ამაზეც დავფიქრდი:
შიმშილით ან წყურვილით მტანჯველი სიკვდილიანობის, რაც უამრავ ქვეყანას სასტიკ ბედისწერად დიდი ხანია ექცა, მით უმეტეს, მაგ. საგზაო ავარიებში დაღუპულთა გამო, ცხადია, არავინ შემოიღებს საგანგებო მდგომარეობას. საგანგებო მდგომარეობა არც იმ უამრავი ინფექციური ეპიდემიის გამო (მაგ. მალარიის - რამაც წელს უკვე 240 000-ზე მეტი ადამიანი შეიწირა) რაც მრავალ განვითარებად ქვეყანაში მძვინვარებს, უკვე არასადა ცხადდება!
ბუნებრივია, ამ ფონზე კორონა-ვირუსის ობიექტური თუ სუბიექტური „ტაბუირება“ განვითარებადი ქვეყნების აბსოლუტურ უმრავლესობაში აღარ უნდა გაგვიკვირდეს, რადგან აშკარაა - ეს ჭირი მხოლოდ „მაძღარი“ და „უსაფრთხო“ ქვეყნების მიერ თუ აღიქმება „ეგზისტენციურ საფრთხედ“. საკვირველი სწორედაც რომ პირიქით იქნებოდა - დედამიწის მოსახლეობის იმ ნაწილს, რაც განვითარებად ქვეყნებში ცხოვრობს (მთელი კაცობრიობის არა ნაკლებ 2/3-ს), იგივე მძაფრი რეაქცია რომ ჰქონოდათ ამ პანდემიურ გამოწვევაზე და იგი მსოფლიო ომის მსგავს მასშტაბურ უბედურებად მიეღოთ!
ერთგვარი იდენტობის ტესტია - ინფიცირებულთა და გარდაცვლილთა რეალური აღრიცხვიანობაც კი, რომ აღარაფერი ვთქვათ საგანგებო მდგომარეობის რეჟიმის შემოღებაზე, იმ ქვეყნებს ახასიათებთ, რომლებიც თავს უფრო მაძღარ და უსაფრთხო სამყაროს მიაკუთვნებენ, ანდა აქვთ პრეტენზია, რომ ასეთ სამყაროში ჩაეწერონ. საქართველოც ერთ-ერთი მათგანია. ჩვენი იდენტობა, მიუხედავად ეკონომიკური ჩამორჩენისა, განვითარებული მსოფლიოს იდენტობის ნაწილია, მაგრამ ეს ერთგავრი რისკიც არის:
ხომ არ ხდება ის, რომ განვითარებული ქვეყნები საკუთარი სიმაძღრისა და უსაფრთხოების მძევლები ხდებიან, ადექვატურობასა კარგავენ, პანდემია იმდენად „ეგზისტენციურ საფრთხედ“ ეჩვენებათ, რომ ტოტალურად კორონა-დამოკიდებულნი ხდებიან?!
ხოლო იქ, დედამიწის მოსახლეობის უდიდეს ნაწილში, ამ პანდემიური მსოფლიო ომის გარეშეც, სიკვდილ-სიცოცხლის ყოველდღიური სასტიკი ომი მძვინვარებს ლუკმა პურის, ჭიქა წყლის, მომაკვდინებელი ეპიდემიებისგან გადარჩენისა და თვით არსებობის უფლების მოპოვებისთვის, ეს პანდემია სასაცილოდაც არ ჰყოფნით, არც აღრიცხავენ და არცა მკურნალობენ?!
უტრირება და რადიკალიზაცია რომ მოვახდინოთ, რაც ჩვეულებრივი ამბავია განვითარებადი მსოფლიოსთვის, იქიდან დანახული ვითარება სწორედ ამას გავს: მაძღარ და გაქსუებულ კაცს უბრალო გაციებისა შეეშინდეს და სახლში გამოიკეტოს, ხოლო მშიერ-მწყურვალი და სენით დაძაბუნებული, სიკვდილ-სიცოცხლის მიჯნაზე, საბედისწერო ბეწვის ხიდზე დღე და ღამ უშიშრად გადი-გამოდიოდეს. ძნელი სათქმელია, რომელი ჯობს?!
მსოფლიოში პანდემია მართლაც მძვინვარებს, რადგან, როგორც ნორმატიულადაც განმარტებულია ჯანმოს მიერ, იგი ყველა კონტინეტსა და მსოფლიოს სახელმწიფოების აბსოლუტურ უმრავლესობაშია (უკვე 203 ქვეყანაში) გავრცელებული.
მაგრამ, პანდემია სხვადასხვა ქვეყნებში სხვადასხვაგვარად აღიქმება და მასზე რეაქციაც, ბუნებრივია, განსხვავებულია. „როგორც გილხინდეს, ისე გიჭირდესო“. ვისაც არასდროს ულხინს, იმისთვის ეს ჭირი არც არაფერია და ეს კი, დამატებითი საფრთხეა - განვითარებული ქვეყნებისთვის. ვინაიდან ეპიდემია შეიძლება უკვე იქ, განვითარებით სამყაროში შეუკავებელი გახდეს და მერე იქიდან თავიდან გავცელდეს სახადმოხდილ მოწინავე ქვეყნებშიც.
პანდემია მსოფლიო ომია მხოლოდ განვითარებული ქვეყნებისთვის (ისევე, როგორც „ნამდვილი“ მსოფლიო ომებიც), მაგრამ ამ გლობალურ ომში განვითარებადი ქვეყნები ვერც და არც ჩაერთვებიან, რადგან სხვაგვარ, მათთვის უფრო საბედისწერო ომში არიან დღენიადაგ ჩამბმულნი და რომც უნდოდეთ, ვერც ამ პანდემიის შეკავება ძალუძთ...
ჩვენ რა ვქნათ, ჩვენ?!
მე მგონი, ჩვენი გზა ზომიერება და ადექვატურობაა.
ბუნებრივია, საფრთხის იგნორირება და მასზე ტაბუს დადება, რასაც თურქმენეთის პრეზიდენტი ასე ახირებულად სჩადის, ერთდროულად მეტად სასაცილოცაა და ძალიან საშიშიც.
საქართველო ამ პანდემიურ ომში ჩართულია, მედგრად და შეუპოვრადაც იბრძვის, ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული ქვეყანაც უდავოდ არის! მაგრამ ქართველის ნათქვამია - „მეტის მეტი - რეტის რეტიო!“ ესეც: „მგლის შიშით ცხვარი ვის გაუწყვეტიაო!“ ადექვატურობა არ უნდა დავკარგოთ. „გახსოვდეს სიკვდილი და... იცოცხლე!“ - ესაა ახლა მთავარი. კორონადამოკიდებულება შეიძლება პანდემიაზე უფრო საშიშიც კი აღმოჩნდეს.
ქვეყანა და მთავრობაც უნდა დაფიქრდეს ამაზე - ეს სახადი უდავოდ მოსარიდებელია, კარანტინიც უთუოდ დროულია და აუცილებელიც, მაგრამ: სახადი სახადად და ჭირი-ჭირად, ხოლო სიცოცხლე უნდა გაგრძელდეს და საყოველთაო კარანტინი, რამდენადაც შესაძლებელია - რაც შეიძლება მალე, უნდა დასრულდეს! დიდი ხანი ამას ვერც ჩვენი ჯერ კიდევ სუსტი ეკონომიკა გაუძლებს და რაც უფრო მთავარია, ვერც ერი თუ ბერი: აღდგომა მოდის!
აღდგომა გარდაუვალია! სხვა ყველაფერი, ყოველი ჭირი თუ სახადი და კარანტინი რაღა სალაპარაკოა - უთუოდ გარდავალს!