გიორგი გახარია: ხელისუფლების სწრაფი ნაბიჯები არ არის იმის გარანტია, რომ ხვალ ისეთი შედეგი იქნება, რომელსაც დღეს ვგეგმავდით

გიორგი გახარია: ხელისუფლების სწრაფი ნაბიჯები არ არის იმის გარანტია, რომ ხვალ ისეთი შედეგი იქნება, რომელსაც დღეს ვგეგმავდით

ქვეყნებმა, რომლებიც მოსახლეობით იმხელაა, რამხელაც საქართველო, რეალური ნაბიჯების გადადგმა დაიწყეს თვენახევრის ან 2 თვის დაგვიანებით, ვიდრე საქართველომ, - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა ტელეკომპანია „იმედის“ გადაცემა „ღია ეთერში“ განაცხადა.

გიორგი გახარიას თქმით, მთავრობამ პირველივე ეტაპზე მოუსმინა პროფესიონალებს, ჯანდაცვის სამინისტროს, დაავადებათა კონტროლის ეროვნულ ცენტრს და დაასკვნა, რომ ერთადერთი და ეფექტური ინსტრუმენტი, რომელიც სახელმწიფოს გააჩნია, მობილობის შეზღუდვა და სოციალური დისტანციის დაცვაა.

„სწორედ ამიტომ ერთ-ერთი პირველი ქვეყანა ვიყავით, რომელმაც შეზღუდა ფრენები ჩინეთიდან, შემდგომ ირანიდან და იტალიიდან. ერთ-ერთი პირველი სახელმწიფო ვიყავით, რომელმაც შეაჩერა სწავლის პროცესი, ასევე დააწესა თერმოსკრინინგი საზღვრებზე, ასევე გამოვყავით სტაციონარები, რომლებმაც მიიღეს ცხელების სიმპტომებიანი პირველივე პაციენტები“, - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.

მისივე თქმით, მიუხედავად იმისა, რომ ხელისუფლება სწრაფ ნაბიჯებს დგამს, ეს არ არის იმის გარანტია, რომ ხვალ ისეთი შედეგი იქნება, რომელსაც დღეს ვგეგმავდით.

საქართველოში ამ დროისთვის კორონავირუსის 117 შემთხვევა დადასტურდა, მათგან 23 ადამიანი უკვე განიკურნა.