პრინცმა ჰარიმ და მისმა ცოლმა მეგან მარკლმა ბრიტანეთის სამეფო ოჯახის წარმომადგენლების სტატუსით გამოსამშვიდობებელი წერილი გამოაქვეყნეს. ამის შესახებ Reuters-ი წერს.
გამოცემის ინფორმაციით, ხვალიდან წყვილი აღარ ისარგებლებს ტიტულით „თქვენო სამეფო აღმატებულებავ“ და ელისაბედ მეორეს სახელით ოფიციალურ ღონისძიებებში ვერ მიიღებენ მონაწილეობას.
„იმის მიუხედავად, რომ აქ ვერ გვნახავთ, სამუშაო გაგრძელდება. მოუთმენლად ველით იმ დღეს, როცა კვლავ თქვენთან ვიქნებით. არაჩვეულებრივები იყავით! მანამდე კი გთხოვთ გაუფრთხილდით საკუთარ თავსა და ერთმანეთს“, - დაწერა წყვილმა Instagram-ზე.
პრინცმა ჰარიმ და მეგან მარკლმა 8 იანვარს გაავრცელეს განცხადება იმის შესახებ, რომ სამეფო ოჯახის მაღალი რანგის წევრების სტატუსს ტოვებენ, ფინანსური დამოუკიდებლობის მოსაპოვებლად მუშაობას აპირებენ, ცხოვრებას კი დიდ ბრიტანეთთან ერთად კანადაში გააგრძელებენ.
18 იანვარს ცნობილი გახდა, რომ პრინცი ჰარი და მეგან მარკლი სამეფო ტიტულებით აღარ ისარგებლებენ და საჯარო სახსრებს არ მიიღებენ, წყვილს აღმატებულების ტიტული ჩამოერთმევათ, თუმცა ისინი სასექსის ჰერცოგად და ჰერცოგინიად დარჩებიან.