საერთაშორისო ორგანიზაციამ „გლობალური ინიციატივა ტრანსნაციონალური ორგანიზებული დანაშაულის წინააღმდეგ“ გამოაქვეყნა მოხსენება „დამნაშავეობა და ინფექცია. პანდემიის გავლენა ორგანიზებულ დანაშაულზე“. ამ 25-გვერდიან დოკუმენტში აღნიშნულია, რომ კორონავირუსის გავრცელების საწინააღმდეგოდ მიღებულმა ზომებმა მართალია შეუზღუდეს მოქმედების თავისუფლება ორგანიზებულ დანაშაულს, თუმცა, ამავე დროს, მათი გამდიდრების ახალი შესაძლებლობებიც შექმნეს.
საზღვრების ჩაკეტვამ სწრაფად აღკვეთა ან შეანელა დანაშაულებრივი საქმიანობის ზოგიერთი სფერო, მაგრამ, მეორე მხრივ, ორგანიზებულმა დანაშაულმა ისარგებლა შექმნილი ქაოსით და უკანონო საქონლით და მომსახურებით დაიწყო გამდიდრება. კრიმინალი მომავალშც ისარგებლებს ახალი შესაძლებლობებით, განსაკუთრებით კი იმ ქვეყნებში, რომელთა ჯანდაცვის სისტემებშიც უკვე დიდი ხანია ფესვები აქვს გადგმული.
მოხსენების ავტორები ასახელებენ შედეგების იმ ოთხ კატეგორიას, რაც კორონოვირუსის პანდემიამ ორგანიზებულ დანაშაულზე იქონია.
- უკანონო საქმიანობის რამდენიმე სახეობა დაზარალდა სოციალური დისტანცირებითა და გადაადგილების თავისუფლების შეზღუდვით. მათი აღდგენა სწრაფად ვერ მოხდება.
- ზოგიერთმა კრიმინალურმა ორგანიზაციამ ისარგებლა იმით, რომ სამართალდამცველების ყურადღება სხვა პრობლემებზე არის გადატანილი და საქმიანობა გაააქტიურა.
- ჯანდაცვაში დიდი ხნის წინ ჩანერგილმა დანაშაულებრივმა ორგანიზაციებმა სწრაფად გამონახეს ამ სექტორის ექსპლუატირების ახალი შესაძლებლობები.
- უამრავი ადამიანი არ გადის სახლიდან, დიდ დროს ატარებს ინტერნეტში, რითაც ისარგებლეს დამნაშავეებმა და სახეზე გვაქვს კიბერდანაშაულის ზრდა.
მოხსენება თანმიმდევრობით განიხილავს თითოეულ კატეგორიას. სოციალურმა დისტანცირებამ და კარანტინებმა ძლიერ იმოქმედეს ქუჩის დანაშაულის მასშტაბებზე, რაც ხშირად არის დაკავშირებული ორგანიზებულ დანაშაულთან. მაგალითად, წლის დასაწყისში მექსიკაში დღეში 81 მკვლელობა ხდებოდა, შემდეგ კი 54-მდე ჩამოვიდა. თუმცა ნელ-ნელა უკვე ძველ ნიშნულს უბრუნდება.
ქალაქების ქუჩები დაცარიელებულია, პოლიცია პატრულირებას ახორციელებს, რაც, ბუნებრივია, დანაშაულის ადგილიდან მიმალვას ართულებს.
მოხსენების ავტორთა მონაცემებით, ძარცვიებისა და მკვლელობების რიცხვის შემცირება ბოლო დროს ასევე შეინიშნება ბალკანეთშიც. მოელიან, რომ მაფიასთან დაკავშირებული მკვლელობების რაოდენობა შემცირდება სერბეთში და მონტენეგროში. ბოსნიაში ძალიან არის გავრცელებული ავტომობილების გატაცება. იქაური კრიმინალები აცხადებენ, რომ დაცარიელებულ ქუჩებში ამის გაკეთება ბევრ სირთულესთან არის დაკავშირებული.
მოხსენების ავტორები შენიშნავენ, რომ ჯერჯერობით გაურკვეველია, მომავალში როგორ გავლენას იქონიებს საკარანტინო რეჟიმები, მაგრამ ორგანიზებულ დანაშაულზე მათი გავლენა დღეს აშკარაა. მაგალითად, კარანტინის დარღვევისთვის იტალიაში დააპატიმრეს კალაბრიული მაფიის, ნდრანგეტას ბოსი, ჩეზარე კორდი, რომელსაც პოლიცია მანამდე დიდი ხნის განმავლობაში დაეძებდა.
ჩინეთიდან ექსპორტის შეემცირება ორგანიზებული დანასაულის შემოსავლებზეც აისახა. როგორც ცნობილია, ჩინეთი წარმოადგენს კონტრაფაქტული და აკრძალული საქონლის მთავარ წყაროს მსოფლიოში, ხოლო ჩინური ფაბრიკების გაჩერებამ კი ორგანიზებული დანაშაული თავისი მთავარი მომწოდებლის გარეშე დატოვა. მეთამფეტამინისა და ფენტალინის მექსიკელი მწარმოებლები ასევე უსაქმოდ სხედან, რადგან წარმოებისთვის აუცილებელ მთავარი ინგრედიენტებს სწორედ ჩინეთიდან იღებდნენ.
მართალია კარანტინებმა პირველად ჩინური წამოშობის უკანონო საქონელი იმსხვერპლეს, თუმცა, მომავალში, ალბათ მთელ მსოფლიოზე იქონიებენ ზეგავლენას, - აღნიშნულია მოხსენებაში.
საზღვრების ნაწილობრივმა ჩაკეტვამ ევროპაში, რომელიც უკანონო საქონლით ვაჭრობის უდიდეს ბაზარს წარმოადგენს, გამოიწვია ის, რომ ახლა იმპორტი შეზღუდული რაოდენობის სასაზღვრო პუნქტებიდან ხორციელდება და თან ბევრად უფრო დიდი დაკვირვების ქვეშ, ვიდრე პანდემიამდე.
შექმნილი სიტუაცია ცოცხალი საქონლით ევოპელ მოვაჭრეებზეც აისახა, თუმცა მოხსენებაში ხაზგასმულია, რომ ისინი, დიდი ალბათობით, მიგრანტების უკიდურეს სასოწარკვეთილ მდგომარეობას სათავისოდ გამოიყენებენ და საზღვრის გადაკვეთა უფრო გაძვირდება.
ასევე იტყობინებიან კონტრაბანდისტების სხვადასხვა დაჯგუფებებს, მაგალითად ლიბიელებსა და ეგვიპტელებს, შორის მომხდარი შეტაკებების შესახებ.
კარანტინებმა და სხვა შეზღუდვებმა საერთაშორისო ნარკოტრანზიტსაც შეუქმნა პრობლემები. სამხრეთ და აღმოსავლეთ აფრიკაში ქუჩაში ნარკოტიკებზე ფასების ზრდა და ხარისხის შემცირება შეინიშნება იმდენად, რამდენადაც გადამზიდავების ამოცანა მკვეთრად არის გართულებული. ამასთან, ნარკოტიკების საცალო გასაღების მთავარი ბაზარი არის ქუჩა, ხოლო ქუჩა დღეს არის ცარიელი. მოხსენების ავტორები გამოთქვამენ მოსაზრებას, რომ საცალო ნარკოვაჭრობამ, შესაძლოა, ქუჩიდან ინტერნეტში გადაინაცვლოს.
ასევე დაზარალდება რეკეტი, თუნდაც იმიტომ, რომ უკვე დაიკეტა და მომავალშიც დაიკეტება უამრავი მცირე საწარმო და სავაჭრო ობიექტი.
კანაფის თესვის სეზონი ალბანეთში არის მარტი და აპრილი და, როგორც ჩანს, იგი წელს განსაკუთრებითაქტიურიიქნება, რადგან პოლიცია კარანტინის დამრღვევებთან ბრძოლით არის დაკავებული. მოხსენების ავტორთა აზრით კანაფის მოსავალი წელს მეტად ბარაქიანი იქნება.
კოკაინის მთავარი მწარმოებლის, კოლუმბიის, სასაზღვრო პუნქტები კორონავირუსის გამო დაკეტილია, მაგრამ დამკვირვებელთა აზრით, ეს იმ დაჯგუფებებს გააძლიერებს, რომლებიც მიგრანტების, ნარკოტიკების და უკანონოდ მოპოვებული ოქროს კონტრაბანდას ასეულობით ბილიკის საშუალებით ახდენენ.
სამხრეთ აფრიკის ეროვნულმ სარეზერვო ბანკმა მოსახლეობა გააფრთხილა, რომ გამოჩნდნენ თაღლითები, რომლებიც ადამიანებს თავს ბანკის წარმომადგენლებად აცნობენ და ართმევენ ფულის კუპიურებს, იმ მიზეზით, რომ თითქოს ეს კუპიურები ვირუსით არის დაინფიცირებული.
მოხსენებაში ნაქვამია, რომ შვეიცარიაში ბინების მძარცველები გასაძარცვი ბინების დაზვერვის მიზნით თავს სანეპიდსადგურის თანამშრომლებად ასაღებენ. ასევე საუბარია, რომ გახშირდა სამედიცინო ხელსაწყოების გატაცებისა და კონტრაბანდის შემთხვევები. ირანის, აზერბაიჯანისა და უკრაინის სამართალდამცველებმა აღკვეთეს სამედიცინო ნიღბებისა და მადეზინფექცირებელი ხსნარის პულვერიზატორების კონტრაბანდის მცდელობები. იტალიის რამდენიმე რეგიონში მოხდა კონტრაფაქტული ნიღბების კონფისკაცია.
(მოამზადა ნიკა ასლანიძემ, For.ge)