ყოველ თვეს რაღაც განსაკუთრებული როლი აქვს მინიჭებული მუსიკალური ცხოვრების თვალსაწიერში. ნოემბრის მეორე ნახევარი კი ჭეშმარიტად “ბიტლურად” უნდა ჩაითვალოს, რადგან არაერთი საინტერესო მოვლენაა შესანიშნავ ოთხეულთან დაკავშირებული.
დავიწყოთ ჯონ ლენონით. 1974 წელს გამოდის ლეგენდარული მუსიკოსის შედარებით ჩრდილში მდგომი ალბომი “Mind Games”, რასაც მოსდევს ცოტა ხანში მისი უკანასკნელი გამოჩენა სცენაზე... 1980 წელს ლენონი თურმე თავის უკანასკნელ ალბომს “Double Fantasy” გამოსცემს, ორიოდ კვირაში კი მას სიცოცხლეს გამოასალმებენ საკუთარ სახლთან ნიუ იორკში.
ახლა კი მივყვეთ იმ ალბომთა სიას, რომლებიც The Beatles -მა ნოემბრის მეორე ნახევარში ჩაწერა. 1) 1963 წელს გამოდის მათი მეორე ალბომი With The Beatles, რომელშიც მუსიკოსებმა განავითარეს Please Please Me-ის მიხედვით არჩეული გეზი და როკ-ნ-როლური ხედვა უფრო მასშტაბური გახადეს ჩაკ ბერის Roll Over Beethoven -თან და ლენონ/მაკარტნის I Wanna Be Your Man -თან ერთად ისეთი ღრმააზროვანი სიმღერების ჩართვით, როგორიცაა All My Loving, Please Mister Postman, თუ Little Child. ალბომი მისი წინამორბედივით თანაბარი და ძალიან სასიამოვნო მოსასმენი გამოდგა. მუსიკალური ინოვაციების შესახებ კი საუბარი შორს წაგვიყვანდა.
ოთხი წლის შემდეგ ოთხეული საოცარ ალბომ “ Sgt. Pepper's Lonely Hearts Club Band”-ზე იწყებს მუშაობას და იმავდროულად გამოდის ალბომი “Magical Mistery Tour”, რომლის ყოველი სიმღერა ზოგადად როკ-მუსიკის შედევრი და ახალი სიტყვაა ფსიქოდელიური საუნდის განვითარების თვალსაზრისით. ლენონ/მაკარტნის დუეტმა ალბომში ერთიმეორის მჯობი სიმღერები მოგვაწოდა - მხიარულსა და ხმოვან Magical Mistery Tour -ს მოსდევს ერთგვარად ნაღვლიანი და დამაფიქრებელი The Fool On Tthe Hill, აქვე შეხვდებით სრულიად ექსპრომტად პოლ მაკარტნის მიერ დანერგილ მელოტრონს Strawberry Fields Forever-ში ნოსტალგიურ Penny Lane-თან ერთად. საბოლოოდ “Magical Mistery Tour”-ის ორიგინალური ვერსია ორმაგი EP-სა და სინგლებიდან ამოწერილი 5 სიმღერის შესანიშნავ კრებულად იქცა, რომლის მოსმენა კაცს არასოდეს სწყინდება.
ერთი წლის შემდეგ კი The Beatles-მა უკვე გახმაურებული ორდისკიანი The White Album გამოსცა. სასწაულებრივი “Sgt. Pepper's Lonely Hearts Club Band”-ის შემდეგ მსმენელი უდიდესი მოლოდინით ელოდა ალბომს, რომლის ინსტრუმენტული სპექტრი და გაფორმება სავარაუდოდ, ალბათ კიდევ უფრო გართულების გზით უნდა წასულიყო, მაგრამ ნურას უკაცრავად... თურმე ოთხეულს გადაეწყვიტა, რომ ამგვარი მიდგომის პიკი “Sgt. Pepper's Lonely Hearts Club Band”-ია, ხოლო სიმარტივე და სიხალასე კი თუნდაც ლაივში სიმღერების წარმოდგენას ხელს შეუწყობდა. თუმცა რეალურად რომელ ლაივზე შეიძლებოდა ყოფილიყო საუბარი, როდესაც ალბომის ჩაწერის პროცესში სამუშაო ატმოსფერომ კრიტიკულს მიაღწია და EMI-ს ზოგიერთ თანამშრომელთან ერთად “სამსახური” ორი კვირით თვით რინგო სტარმაც კი მიატოვა... ამიტომაც Dear Prudence-ში დასარტყმელი ინსტრუმენტების პარტია “მსოფლიოს უდიდესი დრამერის” გარდა ყველამ შეასრულა.
მერე სხვადასხვა პარტიები ერთიმეორეზე გადააწებეს და საბოლოო პროდუქტის მიხედვით ვერვინ გეტყვით, თუ სინამდვილეში აქ ვინ და რა დროს უკრავდა... თუმცა ორდისკიანი ალბომის მოსმენისას სულ ორიოდ წელიწადში მოსალოდნელი გარდაუვალი კრახი ნამდვილად არ შეინიშნება და აქედან გამომდინარე როგორ არ უნდა გაიხსენო პოლ მაკარტნის სიტყვები, რომ The Beatles-თან დაკავშირებული ნებისმიერი პრობლემა, მხოლოდ გარედან მომდინარეობდა. ალბომის პირველივე სიმღერაში - Back in the U.S.S.R. პოლ მაკარტნის ძლევამოსილი ხმა როკ-ნ-როლს ახალი ტიპის ვოკალის მორგებას აუწყებს...
ალბომის მაკარტნისეულ მხარეს ზემოთხსენებულის გარდა, კიდევ ისეთი შედევრები განასახიერებს, როგორიცაა Ob-La-Di, Ob-La-Da, Rocky Raccoon, Blackbird... ალბომში რინგო სტარმა Don't Pass Me By, ხოლო ჯორჯ ჰარისონმა კი დაუვიწყარი While My Guitar Gently Weeps მოგვაწოდა. ამ სიმღერაში ჯორჯმა სოლოს შესასრულებლად ერიკ კლაპტონი მიიწვია. მისივე თქმით კლაპტონს ერთგვარი სიმშვიდე შემოჰქონდა სტუდიაში, რომლის კედლებიც ჯგუფის წევრებს შორის არსებული დაძაბულობიდან გამომდინარე ლამის დაბზარულიყვნენ... ერიკ კლაპტონის გარდა The White Album -ის სხვადასხვა სიმღერების ჩაწერაში მონაწილეობა მიიღეს პიანისტმა ნიკი ჰოპკინსმა, მევიოლინე ჯეკ ფელონმა და სასულე ინსტრუმენტებზე დამკვრელებმა, თუმცა ალბათ მხოლოდ და მხოლოდ ქალბატონი იოკოს დამსახურებაა, რომ ჯგუფმა ალბომის გარეკანზე მისი და საკუთარი გვარების გარდა, არც არავინ წარადგინა... ჯონმა თავის მხრივ ალბომში ძლევამოსილი Revolution და Yer Blues მოგვაწოდა, ხოლო Julia მან დედის ხსოვნას მიუძღვნა. ჯგუფთან ურთიერთობების საბოლოოდ გაუარესების მიუხედავად, მომავალში ჯონი The White Album-ის სიმღერებს მისთვის უსაყვარლესს უწოდებს... The White Album -ის გამოსვლიდან 33 წლის შემდეგ კი ჯორჯი სიტყვებით - “გიყვარდეთ ერთმანეთი” გამოგვემშვიდობა და დაგვიტოვა ისეთი შედევრები, როგორიცაა Here Comes The Sun და Something, My Sweet Lord და I Need You, ზემოთხსენებული While My Guitar Gently Weeps და კიდევ ბევრი სხვა და სხვა.
დასასრულ უნდა აღინიშნოს, რომ The White Album ჯგუფის მიერ “Apple Records”-ზე გამოქვეყნებული პირველი ჩანაწერია, რომლის ორდისკიანობის წინააღმდეგ პროდიუსერი ჯორჯ მარტინი ილაშქრებდა, ხოლო პოლს კი მიაჩნდა, რომ ალბომის მთელი ხიბლი სწორედ რომ მის გიგანტურობაშია. ალბომი დეკემბრის თვიდან მოყოლებული დიდ ბრიტანეთში რვა თვის განმავლობაში მოექცა ჰიტ-პარადების სათავეში, ხოლო ამერიკაში კი ცხრა თვე “გაქაჩა” და 9,5 მილიონიანი ტირაჟით გაიყიდა.
1979 წელი ერთის მხრივ სიდ ბარეტისებრ ფლოიდურ ხმოვანებასთან საბოლოო დამშვიდობებისა და მეორეს მხრივ როჯერ უოტერსისეული განახლებული ფლოიდური ხმოვანების ათვლის სათავედ იქცა. The Wall-ის ჟღერადობა ფლოიდებს 1983 წლისა და როჯერ უოტერსს მომდევნო სოლო ალბომებშიაც გაჰყვა. ორდისკიანი გიგანტის მუსიკალური ღირებულების შესახებ აქ არ ვისაუბრებთ, უბრალოდ აღვნიშნავთ, რომ 1980 წლისათვის მისი სცენური დადგმის ტექნიკური შესაძლებლობები დიდ სირთულეებთან იყო დაკავშირებული, ამიტომაც The Wall პინკ ფლოიდმა არსებობის მანძილზე მხოლოდ 1980-81 წლებში ნიუ იორკში, ლოს ანჯელესში, ლონდონსა და დორტმუნდში წარმოადგინა. მით უფრო აქტუალურია, რომ როჯერ უოტერსმა 2010 წელს გამოაცოცხლა თავისი შედევრი და შემოდგომის ამერიკულ ტურს The Wall -ის პროგრამით, მომავალ წელს ევროპაში დაასრულებს, რასაც თითქოს სცენის საბოლოოდ მიტოვებაც უნდა მოჰყვეს...
1942 წლის 27 ნოემბერი მსოფლიოს უდიდესი გიტარისტის - ჯიმი ჰენდრიქსის დაბადების დღეა. ჭაბუკობის ჟამს მშობლიურ სიეტლში მან მანქანის მოპარვა განიზრახა, დაიჭირეს და ადვოკატის შუამდგომლობით ორწლიანი ციხე ორი წლით ჯარში სამსახურით შეუცვალეს... ბავშვობა საკმაოდ მძიმე ჰქონდა ჰენდრიქსს. დედა ადრე გარდაეცვალა და კიდევ კარგი, რომ ერთ მშვენიერ დღეს მამამ სულ რაღაც ხუთ დოლარად გიტარა უყიდა. ამ ინსტრუმენტში მომავალში აისახა მისი გენეტიკა ირლანდიელისა, ჩეროკისა, თუ მულატისა... მაგრამ რომ არა ბრაინ ჩაზ ჩენდლერი, მისი გიტარა როკ-ჟღერადობას შესაძლოა ვერც ღირსებოდა, არამედ ჰერმან ჰიტსონის დარ საქსოფონისტების აკომპანიატორ ფსიქოდელიური სოულის განუხორციელებელ ფლაგმანად დარჩენილიყო.
რაინ ჩაზ ჩენდლერმა იგი ლონდონში წაიყვანა, იმ პირობით, რომ ერიკ კლაპტონს გააცნობდა... აქვე შედგა Jimi Hendrix Experience-ს საკონცერტო დებიუტიც, რომელმაც არამარტო აღტაცებაში მოიყვანა, არამედ შურით აღავსო მაშინდელი ინგლისის წამყვანი გიტარისტების გონება... მხოლოდ გარდაცვალების შემდეგ დაიწყეს მის შესახებ კეთილგანწყობით საუბარი. იქამდე კი ჯიმი ვირტუოზულ დაკვრასთან ერთად, პროდიუსერების დავალებით, ვალდებული იყო, რომ აუდიტორიის წინაშე გიტარაზე კბილებით დაეკრა. თუმცა მოდით ვთქვათ - სურვილი რომ არა, ვინ დააძალებდა...
ალბათ ჰენდრიქსი მეტისმეტად ახალგაზრდა და დაუღვინებელი აღმოჩნდა იმ აღიარებასთან მიმართებაში, რომელიც მას წილად ხვდა სრულიად ახალ სამყაროში. ეგებ ჯობდა კიდევაც ამერიკის ბარებში უჩინარი სიკვდილი ცხოვრების ასეთ დაძაბულ რიტმთან შეგუებას ნარკოტიკებისა და დიდძალი ფულის თანხლებით, რომელიც რაში უნდა დახარჯულიყო, თუ არა კვლავ ნარკოტიკებში. ჰენდრიქსი არანორმალურობამდე ბევრს უკრავდა. მისი გარდაცვალების შემდგომი ჩანაწერების ნუსხას თუ კონცერტების, რეპეტიციების, სასიყვარულო თავგადასავლებისა და სხვადასხვა ფსიქოზებისათვის განკუთვნილ დროს დავუმატებთ, სულ რაღაც ოთხი წელი თითქოს არ უნდა ყოფილიყო ამისათვის საკმარისი...
1970 წლის Band Of Gypsys-ის საახალწლო ტურნეში ჰენდრიქსი დღეში ორ - დილის და საღამოს კონცერტს მართავდა. აქვე - ცოცხლად შეიქმნა ისეთი შედევრები, როგორიცაა Power Of Soul და Them Changes, ანტისაომარი Machine Gun და Message To Love. ვის ეცალა მათი სტუდიური ალბომისათვის დასამუშავებლად. ჯიმის გარდაცვალების შემდეგ ამ სიმღერების არაერთი დემოვერსია გახდა ცნობილი. როდესაც ორი წლის წინათ ერიკ კლაპტონმა და სტივ უინვუდმა საავტორო უფლებების დაცვის მიზნით Them Change-ს შესასრულებლად გადაწყვიტეს ჯიმის დრამერ ბადი მაილსისთვის თხოვნით მიემართათ, გაირკვა რომ ამ სიმღერის ავტორიც ცოტა ხნის წინათ გარდაცვლილიყო და რომ ჯიმის უახლოესი მუსიკალური გარემოცვიდან დღესდღეობით მხოლოდ ბასისტი ბილი კოქსი და Electric Ladyland Studio-ს ბებერი ხმის ინჟინერი ედი კრამერია ცოცხალი... ვუსურვოთ ხანდაზმულ ხმის ჯადოქარს კიდევ არაერთი დისკის მუსიკალური გაფორმება და დასასრულ გთავაზობთ იმ შემსრულებელთა არასრულ სიას, რომელთა ალბომების ჩაწერაშიც მიუღია მონაწილეობა ედი კრამერს: John Mayall, Led Zeppelin, Buddy Guy, Triumph, Kiss, Jimi Hendrix, The Beatles, The Rolling Stones, David Bowie, Spooky Tooth, Peter Frampton, Curtis Mayfield, Santana, Anthrax, Carly Simon, Loudness, Whitesnake, Sting, Steve Vai and Carlos Santana with the London Metropolitan Orchestra, Robin Trower.
სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკაში დაბადებული, იგი ბავშვობიდანვე ეზიარა ფორტეპიანოს, ჩელოსა და ვიოლინოს. 19 წლის ასაკში ედი კრამერი ინგლისში გადაბარგდა, სადაც მან ჯერ კიდევ 1964 წელს Pye Studios-ში You Really Got Me-თურთ The Kinks-ის სადებიუტო ალბომი გააფორმა...