ქვეყნის მასშტაბით 21:00 საათიდან, დილის 6:00 საათამდე ტრანსპორტის და ქვეითად მოსიარულეთა გადაადგილება იკრძალება, რაც იმას ნიშნავს, რომ ცხადდება ე.წ. კომენდანტის საათი. სრული კარანტინი საგანგებო მდგომარეობის ვადით, 21 აპრილამდე ცხადდება. იკრძალება 3 პირზე მეტი პირის შეკრება. ეს აკრძალვა არ ეხება სასურსათო მაღაზიებსა და აფთიაქებს, სადაც სოციალური დისტანცია უნდა იყოს დაცული. საწარმოები გააგრძელებენ მუშაობას და თუ საჭირო გახდება, მათთვის ცალკე პროტოკოლი გაიწერება.
გარდა ამისა, სრულად იკრძალება თბილისის მეტროთი გადაადგილება. სრულიად იკრძალება ნებისმიერი ტიპის საზოგადოებრივი ტრანსპორტით გადაადგილება, როგორც ქალაქებსა და მუნიციპალიტეტების შიგნით, ასევე ქალაქებს შორის. დასაშვებია მხოლოდ მსუბუქი ავოტმობილებით, მათ შორის, ტაქსით მგზავრობა, მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ გათვალისწინებული იქნება ჯანდაცვის სამინისტროს რეკომენდაცია და ავტომობილში იქნება მხოლოდ სამი ადამიანი, მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ორი ადამიანი იქნება უკანა სავარძელზე.
პრემიერ–მინისტრის გიორგი გახარიას განცხადებით, მოქალაქეების გარკვეული ნაწილი პრობლემის სიმძიმეს ვერ აცნობიერებს. როგორც უწყებათშორისი საკოორდინაციო საბჭოს შეხვედრის დასრულების შემდეგ გიორგი გახარიამ განაცხადა, მდგომარეობის სიმძიმეს აბსოლუტურად ყველა უნდა იზიარებდეს.
„ჩვენ ვხედავთ, რომ ჩვენი მოქალაქეების გარკვეული ნაწილი ვერ ათვითცნობიერებს პრობლემის სიმძიმეს... აბსოლუტურად უნდა ვიაზრებდეთ მდგომარეობის იმ სიმძიმეს, რომელსაც ყოველდღიურად ვხედავთ ევროპის ქვეყნებში. ასევე, ყველას უნდა გვახსოვდეს, ეს ის ქვეყნებია, რომლებიც ეკონომიკურად საქართველოზე ბევრად უფრო ძლიერები არიან, ეს ის ქვეყნებია, რომელთა, თუნდაც, ჯანდაცვის სისტემები ბევრად უფრო ძლიერია. ჩვენი ერთადერთი ინსტრუმენტი ვიყოთ ეფექტურები და წარმატებულები ამ ვირუსთან ბრძოლაში, სწრაფი, თამამი გადაწყვეტილებებია და არც ერთ შემთხვევაში არ გვაქვს იმის უფლება, დავიგვიანოთ“, – განაცხადა გიორგი გახარიამ.
საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების შემთხვევათა რაოდენობა 103–მდე გაიზარდა. კარანტინის რეჟიმშია 4 978 ადამიანი, ხოლო სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ – 266 პირი. ამ ეტაპისთვის გამოჯანმრთელებულია 20 პაციენტი. როგორც პრემიერი აცხადებს, ინფიცირების ზრდის დინამიკა შემაშფოთებელია, რადგან ქვეყანაში დღეს არსებული მდგომარეობით, არსებობს ინფიცირების სამი შემთხვევა, როცა დაავადების პირველწყაროს დადგენა ვერ ხერხდება.
„როდესაც მსგავსი ინფიცირების პირველი შემთხვევა იყო მარნეულში, ჩვენ საგანგებო ღონისძიებები მივიღეთ და მარნეული და ბოლნისი გამოცხადდა საკარანტინო ზონად. დღეს გვაქვს სამი ასეთი შემთხვევა. სამწუხაროდ, ამასთან ერთად გვაქვს ერთი შემთხვევა, როდესაც სამედიცინო სექტორის თანამშრომელია ინფიცირებული და ეს ფაქტი, სხვა მოცემულობასთან ერთად, გვაძლევს შემდგომი ნაბიჯების გამკაცრების შესაძლებლობას“, – განაცხადა გიორგი გახარიამ.
ვითარება ამ ეტაპზე საკმაოდ რთულია, მაღალი რისკებია აფხაზეთის რეგიონში, რადგან ბოლო კვირების განმავლობაში ხდებოდა უკონტროლო შემოდინება ფსოუს მონაკვეთიდან. შერიგების საკითხებში სახელმწიფო მინისტრი ქეთევან ციხელაშვილი აცხადებს, რომ მდგომარეობა უფრო კრიტიკული და მძიმეა ცხინვალის რეგიონში, რადგან იქ საერთაშორისო ორგანიზაციებსაც არ აქვთ წვდომა.
„ვითარება ამ ეტაპზე არის საკმაოდ რთული, მაღალი რისკებია აფხაზეთის რეგიონში იქედან გამომდინარე, რომ ბოლო დღეების და კვირების განმავლობაში ხდებოდა უკონტროლო შემოდინება ფსოუს მონაკვეთიდან, გადაადგილებები და ხალხმრავალი თავყრილობები. ძალიან მნიშვნელოვანია ამ რეკომენდაციების დაცვა, პირადი ჰიგიენიდან დაწყებული, სოციალური დისტანცირებით დასრულებული.
რაც შეეხება დიაგნოსტიკას და მართვას, აქ, რა თქმა უნდა, ჩვენ გვაქვს მზაობა, ამაზე ვმუშაობთ ძალიან აქტიურად, ასევე ადგილზე გარკვეული ღონისძიებების გატარებისთვისაც ჩვენი პარტნიორების მეშვეობით. ხელისუფლებას გაცნობიერებული აქვს, რომ აფხაზეთის მხრიდან მომართვიანობა შესაძლოა გაიზარდოს“, – აღნიშნა ქეთევან ციხელაშვილმა.
ვითარება რთულია მეზობელ ქვეყნებში. მოსკოვში სრული თვითიზოლაციის რეჟიმი გამოცხადდა, რაც ქალაქის ყველა მცხოვრებლისთვის სავალდებულო თვითიზოლაციას ნიშნავს. აკრძალულია საცხოვრებელი სახლის დატოვება გარდა იმ სამედიცინო აუცილებლობის შემთხვევებისა, ან/და თუ კონკრეტული პირის სიცოცხლეს საფრთხე ექმნება.
ნებადართულია ასევე უახლოეს მაღაზიასა თუ აფთიაქში წასვლა, ცხოველის გასეირნება და ნაგვის გადაყრა. დანარჩენ შემთხვევაში, მოქალაქეებს ქუჩაში გასვლის უფლება მხოლოდ სპეციალური საშვით ექნებათ. მომდევნო კვირაში მოხდება ჭკვიანი სისტემების დამონტაჟება, რომელიც აკონტროლებს მოქალაქეების მიერ რეჟიმის შესრულებას და მოქალაქეების გადაადგილების დადგენილ წესებს. ცნობისთვის, ოფიციალური ინფორმაციით, ამ დროისთვის, რუსეთში ახალი კორონავირუსის 1 534 დადასტურებული შემთხვევაა დაფიქსირებული.
ესპანეთში კორონავირუსით ბოლო დღე-ღამის მანძილზე 812 ადამიანი დაიღუპა, რითაც მთლიანობაში გარდაცვლილთა რიცხვმა 7 340–ს მიაღწია. ქვეყანაში დადასტურებული ინფექციის შემთხვევები 78 797–დან 85195–მდე გაიზარდა, რითაც ქვეყანამ ჩინეთის მონაცემებს გადაასწრო და დადასტურებული შემთხვევების რეიტინგში აშშ–სა და იტალიის შემდეგ მესამე ადგილი დაიკავა.
თუმცა, ყოველდღიურად ახლად დაინფიცირებულთა რიცხვი უკვე ოთხი დღეა კლებულობს, ხოლო გარდაცვლილთა რაოდენობა კი - მესამე დღეა. ესპანეთის მთავრობამ საყოველთაო კარანტინი გამოაცხადა, გეგმავენ ვირუსის ორ კვირაში დამარცხებას.
ბოლო 24 საათში დაინფიცირებულთა რაოდენობა კვლავ შემცირდა იტალიაში, გუშინდელთან შედარებით 15 პროცენტით არის შემცირებული, რაც იმას ნიშნავს, რომ დაავადების გავრცელების პიკმა გადაიარა. ორ–სამ დღეში უნდა დაიწყოს მკვეთრი კლება. დაინფიცირებულთა რიცხვი შემცირდა გერმანიაშიც.
ირანის, ჩინეთის, ესპანეთისა და იტალიის შემდეგ, ახალი კორონავირუსის ყველაზე მეტი ფატალური შემთხვევა საფრანგეთში ფიქსირდება. საფრანგეთში ბოლო ერთ დღეში ახალი კორონავირუსის შედეგად 292 ადამიანი დაიღუპა. საფრანგეთში დაღუპულთა საერთო რაოდენობამ 2 606-ს მიაღწია. ამ დროისთვის არსებული ოფიციალური მონაცემებით, საფრანგეთში ახალი ტიპის კორონავირუსის 40 174 შემთხვევაა დადასტურებული. ქვეყანაში 17 მარტის შემდეგ კარანტინის რეჟიმი მოქმედებს.
დაინფიცირებულთა რიცხვი შედარებით დაბალია ავსტრიაში, სადაც ასევე მოქმედებს საგანგებო მდგომარეობა. კორონავირუსის საფრთხის გამო ავსტრიაში ხუთზე მეტი ადამიანის შეკრება აიკრძალა. გარდა ამისა, ავსტრიამ ქვეყანაში შესვლა აუკრძალა ბრიტანეთის, ნიდერლანდების, რუსეთის, უკრაინის, იტალიისა და შვეიცარიის მოქალაქეებს. ავსტრიაში „კოვიდ – 19“–ით 9 ათასი ადამიანია დაინფიცირებული. როგორც ქართველი ემიგრანტი for.ge–სთან საუბრისას აცხადებს, საერთო ჯამში დაახლოებით 50 ადამიანია გარდაცვილი, გამოჯანმრთელებულთა რიცხვი 200–ზე მეტია.
„მეტროთი მიწევს სიარული. მოსახლეობას მიმართავენ, რომ დაიცვან დისტანცია და ჰიგიენა, ხშირად დაიბანონ ხელები. საგანგებო მდგომარეობაა, პოლიციამ შეიძლება გაგაჩეროს და გკითხოს სად მიდიხარ? ეს უფრო ფორმალობა მგონია. მუშაობს მხოლოდ სასურსათო მაღაზია, აფთიაქი და ბანკი. ყველგან ერთი მითითებაა, მსოფლიო ერთი მითითებით მოქმედებს. საქარათველოს ვერავინ შეედრება, მაგრები არიან“, – აცხადებს ქართველი ემიგრანტი.
ევროპის სხვადასხვა ქვეყნებში მყოფი ქართველები არ მალავენ, რომ საჰაერო მიმოსვლის აღდგენის შემდეგ, ისინი სამშობლოში დაბრუნდებიან. იგივე ვითარებაა ავსტრიაშიც, როგორც ქართველი ემიგრანტი აცხადებს, შექმნილი ვითარებიდან გამომდინარე გაუჭირდებათ უსაბუთო ადამიანებს. ის ვარაუდობს, რომ ადამიანთა ის კატეგორია, რომელთაც საბუთი გააჩნიათ, დარჩებიან.
გაერო–ს განვითარების პროგრამის ინფორმაციით, განვითარებადი ქვეყნები, შესაძლოა, ეკონომიკური კოლაფსის წინაშე აღმოჩნდნენ, რადგან მათ უწევთ შეზღუდული რესურსებით ებრძოლონ კორონავირუსის პანდემიას. ორგანიზაციის თქმით, ამ ქვეყნებმა, შესაძლოა, შემოსავლის სახით 220 მილიარდ დოლარზე მეტი დაკარგონ, ხოლო აფრიკის ქვეყნების მოსახლეობის 50% შესაძლოა, უმუშევარი დარჩეს. მსოფლიო ბანკმა და საერთაშორისო სავალუტო ფონდმა განვითარებულ ქვეყნებს მოუწოდა, შეუმსუბუქონ სასესხო ვალდებულებები ღარიბ სახელმწიფოებს.
ევროკომისია „აღმოსავლეთ პარტნიორობის“ ქვეყნებს: საქართველოს, სომხეთს, აზერბაიჯანს, მოლდოვას, უკრაინასა და ბელარუსს გადაუდებელი საჭიროებებისთვის 140 მილიონ ევროს გამოუყოფს. ქვეყნები კორონავირუსის გამო არსებული სოციალურ–ეკონომიკური კრიზისის დასაძლევად 700 მილიონ ევროს გადაამისამართებენ. ამასთან, ცნობილი ხდება, რომ ევროკომისია დასავლეთ ბალკანეთის ქვეყნებსაც დაეხმარება და თავდაპირველი საჭიროებებისთვის 38 მილიონ ევროს, ხოლო შემდგომი კრიზისის დასაძლევად 374 მილიონ ევროს გამოუყოფს.
ეს ადამიანები, ჯერ ერთი დღიურ სარჩოზე არიან დამოკიდებული და მათ ოჯახებს ვინ არჩენს გასარკვევია და მეორე, მათი საქმიანობა ადამიანების თავშეყრასთან არ არის დაკავშირებული და მესამეც, მათი მომსახურება უმეტეს შემთხვევაში სასიცოცხლოდ აუცილებელია კარანტინის პირობებით ნებადართული საქმიანობების განხორციელებისათვის.
მაგალითად, ავტოტექმომსახურება და საოჯახო-სამეურნეო ინვენტარის პატარა მაღაზიები და სხვა, სადაც კარანტინის პირობების დაცვა არანაირ პრობლემას არ წარმოადგენს.