19 აპრილს აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაული, სავარაუდოდ, საგანგებო მდგომარების რეჟიმში ჩაივლის. პრემიერ-მინისტრმა ყველა გააფრთხილა, რომ ათ კაცზე მეტის შეკრების უფლება არ იქნება და ეს შეზღუდვა ეკლესიასაც ეხება.
ჩვენს ეკლესიებში უკვე დაიწყეს დასადგომი ადგილების მონიშვნა, ზოგიერთ ეკლესიაში ცარცისგან გვირილები დახატეს, ზოგან კი წრეები შემოხაზეს, რათა მრევლი ერთმანეთისგან დისტანცირებულად იყოს. საგანგებო მდგომარეობის მიუხედავად, მრევლი ეკლესიაში წასვლაზე უარს არ ამბობს, ეს არცაა გასაკვირი, მორწმუნე ადამიანისთვის ძნელია ეკლესიაზე უარის თქმა, რადგან სწორედ მძიმე პერიოდში, ე.წ. ჟამიანობის ჟამს ეკლესიაში პოულობდნენ შვებას მორწმუნეები.
საგანგებო მდგომარეობის გამო ზიარების წესთან დაკავშირებით ცალკეული მოძღვრები სხვადასხვა გამოსავალს გვთავაზობენ.
„არც ისე ხშირად ვეზიარებით, რომ მაინცდამაინც ახლა ყოველდღიურად და ყოველ წირვაზე მოგვინდეს ზიარება, ზოგი მარტო აღდგომაზე მოდის, ზოგი მხოლოდ დიდ დღესასწაულებზე ეზიარება და ჩათვალეთ, ჩვენი მარხვა ის არის, რომ შევასრულოთ ეს კურთხევა, რასაც გეუბნებით“,-აცხადებს ფოთისა და ხობის მიტროპოლიტი, მეუფე გრიგოლი და მრევლს სთავაზობს, კორონავირუსის ეპიდემიის გავრცელების გამო სამღვდელოებას დაუკავშირდნენ და სახლში ეზიარონ.
„გაუფრთხილდით თავს, დარჩით სახლში, ჩვენ ვიდგებით ტაძარში მათ მაგივრადაც, ვინც სახლიდან ლოცულობს!.. მთავარი არა ისაა, ჯვართან დგახარ თუ არა ჯვარცმის დროს, არამედ ჯვარცმის მერე ჯვარცმულის გარეშე სიცოცხლე რომ აღარ შეგიძლია!“ - ასეთია დეკანოზ გურამ ჭარელაშვილის გაფრთხილება.
დეკანოზი მიიჩნევს, რომ დიდი მისია გვექნება შესასრულებელი, ეს მისია ერგება ყველას და მისიის შესრულებას სჭირდება არა გულზე მჯიღის ცემა, არამედ დამშვიდება, დაფიქრება და მოცდა.
„გაიხსენე, ვინ ამტკიცებდა, რომ არ მიატოვებდა და უარყო?! გაიხსენე, ვინ იყო, ვინც თითქოს საერთოდ არ იდგა უფლის გვერდით და ფარული მოწაფე აღმოჩნდა, რომელიც საჭირო „წამს“, საჭირო და მნიშვნელოვან დროს ელოდებოდა და უფალთან სწორედ მაშინ აღმოჩნდა, როდესაც ის ყველამ მიატოვა. ამიტომ ნუ ჩქარობ, ილოცე, იფიქრე, ელოდე და ის თავად გიჩვენებს, სად, როდის და როგორ სჭირდები ღმერთსა და მოყვასს! გასაკეთებელი ბევრი იქნება... მივენდოთ უწმინდესის სიტყვებს - ვილოცოთ, ვიფიქროთ, დაველოდოთ ჩვენი მოქმედების დროს ღვთისა და მოყვასის თავგანწირვით მსახურებისთვის და უფალი აუცილებლად მოგვიხმობს!“-აცხადებს დეკანოზი გურამ ჭარელაშვილი და მიიჩნევს, რომ სწორედ ახლა შეიძლება იმის გაგება, თუ რას ნიშნავს საქართველოს გაბრწყინება.
როგორ გვესმის ეკლესიის ფუნქციონირება საგანგებო მდგომარეობის რეჟიმში?
ანალიტიკოსი გია ხუხაშვილი For.ge-სთან საუბარში აცხადებს, რომ ეს რთული პრობლემაა და რაღაცნაირად უნდა გადაწყდეს ადამიანისთვის სწორი გადაწყვეტილების მიღებით. ასეთ სიტუაციაში ადამიანის ჯანმრთელობა ფუნდამენტური ამოცანაა და ამაზე უნდა იყოს მორგებული როგორც საერო, ისე რელიგიური ხელისუფლება.
„ღმერთი არ უნდა გამოვცადოთ იმით, თითქოს ზიარების მიზეზით არაფერი არ მოხდება. გასაგებია, ეს ყველაფერი და რელიგიურ გრძნობებს ყველა პატივს ვცემთ, მაგრამ ღმერთის გამოცდა არ გამოგვივიდეს ამით. ღმერთმა არ ქნას, რამე რომ მოხდეს, ეს ხომ საპირისპირო შედეგს მოგვცემს თუნდაც მრევლის თვალსაზრისით? გამომდინარე იქიდან, რომ საგანგებო მდგომარეობაა, შეკრების სიმრავლე შეზღუდულია, ეს ეკლესიებსაც ეხება. შესაბამისად, ეკლესიამ უნდა მოიფიქროს ისეთი ტიპის ფორმულა, რომელიც ორივე ამოცანას შეასრულებს -მრევლიც მიიღებს სულიერ საზრდოს და, ამასთანავე, ჯანდაცვის ამოცანაც შესრულებული იქნება. მით უმეტეს, რომ ყველა რელიგიურმა გაერთიანებამ დაახლოებით ანალოგიური გადაწყვეტილება მიიღო. მე არ მინდა, ვინმეს რამე ვასწავლო, სასულიერო პირებმა გარკვეული ნაბიჯები უკვე გადადგეს, თუნდაც ის, რომ შეძლება ალტერნატიული ჭურჭლის გამოყენება ზიარების დროს, ეს ყველაფერი კარგია, მაგრამ შეიძლება არ აღმოჩნდეს საკმარისი. ამიტომ საფიქრალი და საზრუნავი კიდევ ბევრი აქვთ“, - აცხადებს გია ხუხაშვილი.
ანალიტიკოსი ვახტანგ ძაბირაძე მიიჩნევს, რომ ეკლესიამ აუცილებლად უნდა გაითვალისწინოს ის საფრთხე, რაც ქვეყანაშია, არის უამრავი საშუალება, მათ შორის ტელევიზია, რომლითაც სააღდგომო ლიტურგია შეიძლება გადაიცეს. ამიტომ ეკლესიამ და საპატრიარქომ უნდა მოუწოდონ მრევლს, დარჩნენ სახლში, ილოცონ და ტელევიზიით მიიღონ სულიერი საზრდო.
„ზიარების წესის საიდუმლოს დეტალებში ვერ შევალ, მაგრამ ეკლესიამ უნდა გაითვალისწინოს, რომ არ შეიძლება დიდი რაოდენობის ადამიანების ერთად შეკრება. ეს საფრთხეს უქმნის მთელ ქვეყანას, მორწმუნესაც და ათეისტსაც. ალბათ, რაღაც ფორმები მოიძებნება და უნდა მოიძებნოს კიდეც, რომ ამ ვითარებიდან გამოვიდნენ. მარტო ჩვენს თავს არ ტრიალებს ეს უბედურება, მთელი მსოფლიო ამ დღეშია, ყველა რაღაც გადაწყვეტილებებს ღებულობს და უნდა გავითვალისწინოთ სხვების გადაწყვეტილებებიც, თუ როგორ უმკლავდებიან ამ პრობლემას. ჩვენს ტაძრებში არ უნდა შეწყდეს წირვა-ლოცვა, ოღონდ სასულიერო პირებმა ჩაატარონ და მოხდეს ტრანსლირება; ასევე, შესაძლებელია არა დახურულ სივრცეში, არამედ წირვა-ლოცვის გარეთ ჩატარება“, - აცხადებს For.ge-სთან საუბარში ვახტანგ ძაბირაძე.
მისივე განმარტებით, ერთ თვეზე მცირე პერიოდია დარჩენილი აღდგომამდე, მანამდე კიდევ გამოჩნდება, როგორ შეიცვლება ვითარება. მართალია, ხელისუფლებამ საგანგებო მდგომარეობა ერთი თვით გამოცხადდა, მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს, თუ აუცილებლობა არ იქნება, დროზე ადრე არ შეწყვიტონ საგანგებო მდგომარეობა. უბრალოდ, ყველა სცენარისთვის უნდა ვიყოთ მზად. თუ საგანგებო მდგომარეობა რჩება და ვითარება რთულდება, მაშინ შესაბამისი გადაწვეტილება უნდა მიიღოს საპატრიარქომაც.