კალაბრიაში კლდოვანი, ძალიან ძნელად, უუძნელესად დასამუშავებელი მიწაა – შორიდან წამოიწყო ალექსანდრომ – რკინის მძიმე, წვეტიანი ლომი უნდა ურტყა, დამუშავებას თუ მოისურვებ. ყოველი გოჯი – ეს წამებაა, შენ კი, კონჩეტინა, ახლა რომ გიყურებ, აბა, ცოტა შეატრიალე თავი... ჰო, აი ასე – შენს თავს რომ ვაკვირდები, მიუხედავად აფუებული ვარცხნილობისა, მაინც ვხედავ შიგნით რა ხდება. შენ ნაზი ტვინი გაქვს, კონჩეტინა, აქა–იქ ნაოჭებით მკრთალად გადახაზული, მაგრამ შენი ტვინი გაცილებით უფრო ძნელი დასამუშავებელია, ვიდრე კალაბრიის მიწა!
ასეთი გაბრაზებული იქამდე არავის უნახავს.
– ერთი ბეწო რაიმე ადამიანური რომ შეგაგნებინოთ, რკინის ლომიც კი არ მიშველის, აგერ გრძნობაზე ხართ, შენ კი, კონჩეტინა, მართლა სულელივით რომ აპარპალებ თვალებს, რკინა რომ ჩაგცხონ, ღმერთმა დაგიფაროს და, გულწასული მიხვდები რამეს?...
(გურამ დოჩანაშვილი, „სამოსელი პირველი“)
პრინციპში, მიხვედრიდან გაგებამდე ერთი ნაბიჯია, მაგრამ თუ არ დაუფიქრდი და ჩაუფიქრდი, რას მიხვდები? ბევრს ვერაფერს კი არა და სულ ვერაფერს. გეგონება რაღაც და საკუთარი თავი გეგონება ვიღაც, ვიღაც გეგონება რაღაც და ამ გეგონება–გეგონებაში, როგორც ერთი შხივანელი კაცი, მამია სირაძე იტყვის, „პლანეტის მასხარა გახდები“ და ბოლო–ბოლო ყველაფერი იმით დასრულდება, რომ რომელიმე ქვემოღვრისნეხველი მევენახე, ან, სულაც, მავანი მწველავი მიგიჩენს სათანადოდ დამსახურებულ ადგილს. ეს – საუკეთესო შემთხვევაში, რადგან თუ შენი ადგილი არ იცი, რაა ცხოვრება, თუ არა ორად გაყოფილი ერთი ადგილის მუდმივი წვალება?
მათემატიკას მივადექი. ჯერ კიდევ მახსოვს დისკრიმინანტი და ბისექტრისას დანიშნულება. ეგ კი არა 29–ე არაექსპერიმენტული სკოლიდან კვლავაც მომყვება, რომ „არსებობს ათვლის ისეთი სისტემები, რომელთა მიმართ გადატანით მოძრავი სხეულები ინარჩუნებენ თავიანთ მუდმივ სიჩქარეს, თუ...“
ეს ნიუტონის პირველი კანონია, სიტყვამრავალი და არცთუ იოლად გასაგები, მაგრამ თუ გაგებაა, გაგება იყოს მოკლედ ნათქვამ მესამე კანონს უფრო იოლად ვიგებთ – „ქმედება უდრის უკუქმედებას“. ეს თუ იცი და ამაზე თუ გიფიქრია, იოლად მიხვდები, სად არის შენი ადგილი, რომელიც, სულაც არ არის აუცილებელი, რომ ზედ მზის გულზე იყოს. ადგილი მზის ქვეშ ბევრია, ოღონდ არა გოჭებისთვის, ჯაგარი რომ გაეზარდათ და, ჯაგრის სიგრძიდან კი არა, ქცევიდან გამომდინარე, ღორებს რომ დაემგვანენ.
რუსთაველი და ნიუტონი რომ ვიყო, მეც ორი სიტყვით ვიტყოდი, ამხელა შესავალი კი იმისთვის დამჭირდა, რომ თუ შენთვის „ჰიპოთენუზას სიგრძის კვადრატი კათეტერების სიგრძეთა კვადრატების ჯამს უდრის“, უნდა მიხვდე, რომ ზუსტი მეცნიერება სულაც არ არის შენი ძლიერი მხარე. ასევე, თუ შენს მიერ დაარსებული ჟურნალი, გაზეთი ან ინტერნეტ–პორტალი დღეში ას მკითხველზე მეტს ვერ აგროვებს, არც ჟურნალისტიკაა შენი საქმე და თუ კუნძზე დაძნეყვებული განავლის კასრის სამასხარაოდ იხდი თავს, იცოდე, რომ ხალხი იქით იყოს, მაგრამ ტელევიზორში გამოსაყოფი თავი ნამდვილად არ გაგაჩნია.
ამან კიდევ – რვა წელია მედია–ბაზარზე ვარ, ძაან მაგარი ვარ, ექსპერტი ვარ და შენს მიერ დაარსებული ტელევიზია ერთ ლარად დამითმეო. ვაჰ, მაშ ქვეყანა გრანტით არის დახურული? კააარგი... დავუშვათ და – მისცა. მერე? მოვა თვის ბოლო, ჟამი ხელფასების დარიგებისა და... რა მერე? შეუთვლის – ერთ ლარს მოგცემ და ხელფასები დაარიგეო.
ქალბატონო შშშშშ, იქნებ ჩჩჩჩჩ?! მე მგონი, ეგრე ჯობს, რამეთუ დუმილი ოქროა, ხოლო ფიქრი – ოქროს საწმისი, ამჟამად ღრმა კრიზისში მყოფმა ევროპელებმა, როგორც გოიმებს, ისე რომ აგვახიეს.
დუმილი მართლაც ოქროა, მით უმეტეს მაშინ, როდესაც გეუბნებიან, დუმილის უფლება გაქვს, მაგრამ თუ რამეს იტყვი სასამართლოზე შენს წინააღმდეგ გამოიყენებენო. ვანოს ამბავზე მოგახსენებთ, რომელიც არის ლევანი და ხან მერაბიშვილია და ხანაც – მაისურაძე.
ჩვენში დარჩეს და, ის ამბავი რომ გავიგე – ვანიჩკა საზღვარზე სხვისი პასპორტით გადადიოდაო – ჯერ ყვარყვარე, მარგალიტა და „მშვიდობაა, მშვიდობა, ჩვენები მოდიან“ გამახსენდა და კინაღამ დავიჯერე, რომ ვანომ, რომელიც სულაც არ არის ბრიყვი, ასეთი სიბრიყვე გადაწყვიტა. ზოგს, შესაძლოა, ახლაც გონია, რომ ვანო იპარებოდა, ზოგი კი ირწმუნება, ეგო, რომ იცოდეთ, სისულელეაო. საბოლოოდ კი, როგორც ზუსტად დავადგინე, საქმე ოქროს შუალედთან და ჩვეულებრივ შეცდომასთან გვაქვს – ვანოს პასპორტები აერია. ვანოს უნდოდა, რომ მიეწოდებინა ერთი პასპორტი, მაგრამ მიაწოდა მეორე პასპორტი, შემდეგ კი, როდესაც თვითმფრინავში ავიდა და მიშამ რომ უთხრა, აბა პასპორტი მაჩვენეო, ვანომ გაიხსენა ბავშვობა, გაიხსენა პაპა და მიშას ის პასპორტი აჩვენა, რომელსაც პაპას აჩვენებდა ხოლმე.
მოკლედ, ორი შეცდომა ერთ დღეში. ჯერ საკუთარი თავი ლევან მაისურაძეში აერია, შემდეგ კი მიხეილ სააკაშვილი საკუთარ პაპაში, საღამოს კი, როდესაც ერევანში ჟოზე მანუელ ბაროზოს ხვდებოდა, ბაროზომ ჰკითხა – ლევან, როგორ ხარო და... ის კი აღარ ვიცი, აერია თუ არა პაპა და ბაროზო ერთმანეთში.
როგორც აღვნიშნე, საქმე იყო ერევანში, რადგან ერევანში იყო ბაროზო და სერჟ სარგსიანიც იქვე ბრძანდებოდა. აი, რას იუწყებოდა ამის თაობაზე სააგენტო, რომელთანაც სამუდამო ძმობა მაქვს დათქმული: “...ლიდერებმა ასევე საქართველოში ბოლო პერიოდში განვითარებულ მოვლენებზე ისაუბრეს. როგორც საქართველოს პრეზიდენტმა აღნიშნა, სომხეთი საქართველოს საიმედო პარტნიორია და ორ ერს შორის ურთიერთობა კიდევ უფრო ინტენსიურად უნდა განვითარდეს. მისი თქმით, ეს ურთიერთობა სამაგალითოა მთელი რეგიონისთვის. ქვეყნის პირველმა პირმა განაცხადა, რომ საქართველოც და სომხეთიც აღმოსავლეთ პარტნიორობის წევრი ქვეყნებია, რომლებსაც საერთო ევროპული ფასეულობები აერთიანებს“.
იფ... საიმედო პარტნიორობა მე ცოტა სხვანაირად მესმის და „მთელი რეგიონისთვის სამაგალითო ურთიერთობაც“ ცოტა არ იყოს, გაუგებარია. თუმცა, სადაც ჰიპოთენუზა კათეტების ალყაში იმყოფება იქ მეგობრობა და პარტნიორობა სხვანაირად ესმით და ხშირად მას ერთ ლარზე მეტად არც აფასებენ.
ა, ბატონო: “ხელვაჩაურის საკრებულოს თავმჯდომარემ, მალხაზ ფარტენაძემ ფრაქცია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ დატოვა. როგორც მალხაზ ფარტენაძემ ხელვაჩაურის საკრებულოს დღევანდელ სხდომაზე განაცხადა, ის რჩება საკრებულოს დამოუკიდებელ წევრად... ხელვაჩაურის საკრებულოს ფრაქცია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ 1-ელი ოქტომბრის არჩევნების შემდეგ სულ ცხრა დეპუტატმა დატოვა. „ნაციონალური მოძრაობის“ ფრაქციის დატოვების შემდეგ ექვსმა დეპუტატმა ახალი ფრაქცია „წინ სიმართლისკენ“ შექმნა“.
შექმნა და შექმნა. კარგია, როდესაც რაღაც იქმნება. მაგალითად, კარგია,რომ გასულ კვირაში ყვარელში შეიქმნა ფულის მუზეუმი, რომელიც, როგორც მუზეუმის შამქმნელები ირწმუნებიან, კახეთში ტურისტების მოზღვავებას გამოიწვევს, რაშიც პირადად მე, ცოტა არ იყოს, ეჭვი კი მეპარება, მაგრამ იმედია თქვენ არ გეპარებათ ეჭვი იმაში, რომ თვითონვე გამიხარდება, თუ ჩემი ეჭვები არ გამართლდება. საერთოდ კი, თუ ყვარლის ფულის მუზეუმში გამოფენენ იმ ერთლარიანს, რომელსაც შორენა შავერდაშვილი მეცხრე არხის საფასურად ბიძინა ივანიშვილს სთვაზობს, პირობას გაძლევთ, რომ მუზეუმის პირველი, მეათასე, მეასიათასე და მემილიონე დამთვალიერებელი პირადად მე ვიქნები.
წინა აბზაცის წერისას ერთმა იდეამ დამარტყა. რა იქნება, რომ შევქმნათ გეომეტრიის მუზეუმი, რომელშიც თვალსაჩინო ადგილს კათეტერების კოლექცია დაიკავებს და, ასევე, დავაარსოთ მედიცინის მუზეუმი, რომელშიც მსოფლიოში ყველაზე დიდი ჰიპოთენუზა გამოიფინება. ვფიქრობ, კარგი აზრია. ახლა, მოდური გამოთქმა რომ ვიხმაროთ, ბურთი გიორგი მარგველაშვილისა და დავით სერგეენკოს მოედანზეა. მათ შეუძლიათ იმეგობრონ, ითანამშრომლონ, იფიქრონ და აკეთონ ერთად და, ზემოთ ნიუტონს და რუსთაველს რომ შევნატროდი, ორ სიტყვით რამდენს გამოხატავენ–მეთქი, ახლა მინდა გითხრათ, რომ არიან ადამიანები, რომლებსაც ერთი სიტყვით შეუძლიათ მთელი ეპოქის შექმნა და ეს ეპოქა მათ გასულ კვირაში ერთი კონკრეტული სიტყვით შექმნეს. ეს სიტყვა არის „კოჰაბიტაცია“.
ახლა, რომ ვუფიქრდები, ძალიან მრცხვენია. უნდა ვაღიარო, რომ უამრავჯერ მითქვამს და დამიწერია „თანამშრომლობა“, „თანაარსებობა“ და ა.შ. თურმე, სად ვბანაობდი!.. კოჰაბიტაცია და იმის ჯანი! თან, რა ტკბილად ჟღერს (განსაკუთრებით, ნინო ზურიაშვილის ბაგეებში) და რა უნივერსალურია! აი, მომისმინეთ: ჩვენ, ყველანი, ჩვენი მშობლების კოჰაბიტაციის შედეგად გავჩნდით; ჰიპოთენუზა ორი კათეტის (თუ კათეტერის?) კოჰაბიტაციის შედეგია დ ა.შ.
უნდა გამოგიტყდეთ, რომ ახალი ტერმინების მიმართ განსაკუთრებით სენსიტიური ვარ. ასეთ დროს ყველაფერი მავიწყდება ხოლმე, განსაკუთრებით ის, რაც ხდებოდა წინა კვირაში. თუმცა, ხანდახან ისეთები ხდება, რომ...
„პარლამენტის წევრის გოგა ხაჩიძის განცხადებით, სამი ცარიელი მჭიდი და ჯავშანჟილეტი, რომელიც მამამისის მევლუდ ხაჩიძის სახლის ჩხრეკისას აღმოაჩინეს, 1990-იანი წლების ცხინვალის კონფლიქტის დროიდან მორჩენილი ნივთებია. ხაჩიძის განცხადებით, ის პირადად არ იცნობს მამა-შვილ ზურაბ და თენგიზ ციცქიშვილებს, რომელთა შესახებ შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებაშია საუბარი, თუმცა ადასტურებს, რომ მამამისი მევლუდ ხაჩიძე და ზურაბ ციცქიშვილი 1990 წლის კონფლიქტის დროს ერთ რაზმში იყვნენ გაერთიანებული და ერთად პატრულირებდნენ ცხინვალის მიმდებარე ქართულ სოფლებში...“ – ესეც იმან მითხრა, სულ რომ მეუბნება და არასოდეს რომ არ ტყუის.
მოგეწონათ? პრინციპში, არც არაფერია მოსაწონი. ამ ქვეყანაში თითო ცარიელი მჭიდი და თითო პარტუპეა ყველა ოჯახში ინახება. აი, გოგა ხაჩიძის მშობლების სახლში გოგა ხაჩიძის დაიკო (როგორც იტყვიან, „მამალი ქალი“) რომ აღმოეჩინათ, სხვა საქმე იქნებოდა. ანაც – შვეიცარიიდან ჩამოტანილი დოლი, ან მთლად უარესი – გოგა ხაჩიძის ველოსიპედის სპიცი და მისივე (ხაჩიძის) სათადარიგო ბლანჟე.
ხაშურის შემდეგ გორში გადმოვინაცვლოთ, სადაც მართალია უკვე აღარ დგას სტალინის ძეგლი, მაგრამ ჯერ არც ლადო ვარძელაშვილისთვის გაუხსნიათ ვარსკვლავი.
გასულ კვირაში გორელმა მეხანძრეებმა საპროტესტო აქცია გამართეს. მეხანძრეები სამუშაო პირობების გაუმჯობესებას და ხელფასის გაზრდას ითხოვდნენ. მათი განცხადებით, მუშაობა 25 წლის რუსული წარმოების „ზილის“ მარკის ავტომანქანებით უწევთ, სახელფასო ანაზღაურება 255 ლარს შეადგენს და სამუშაო ფორმებიც არ გააჩნიათ.
ისე, პირველი ოქტომბერი რომ არა, ცოტაც და, გორელ მეხანძრეებს „ზილებში“ ნავთს ჩაუსხამდნენ, მაგრამ გადავრჩით. ვანო მერაბიშვილი რომ არა, ირაკლი ოქრუაშვილი სწორედ მაგ ზილებით აპირებდა თბილისში შემოსვლას (ბოლოს „ბოინგით“ დაკმაყოფილდა), ხოლო რაც შეეხება 255–ლარიან ხელფასს,მინდა გითხრათ, რომ ლარიც არის და ლარიც. 255 ლარად 300 ცალი პურის ყიდვაა შესაძლებელი, 255 ლარად 190 კათხა ლუდს დალევ, 130 წითელ „ბონდს“ იყიდი... მაგრამ, როგორც უკვე ვთქვი, ლარიც არის და ლარიც. ერთი ღვაწლმოსილი მედია–ექსპერტი ვიცი, უკვე 8 წელია, რაც მედია–ბაზარზე საქმიანობს და ათი წლის იუბილეზე მეათსე მკითხველის შემომატებას გეგმავს. ჰოდა, მაგ მედია–ექსპერტს თავისუფლად შეუძლია, რომ 255 ლარად 255 ნორმალური ტელევიზია შეიძინოს, მეორე 255 ლარით კი 255 თვის განმავლობაში არიგოს ხელფასები.
მერე იტყვიან ქალი სუსტი არსებააო... როგორ გეკადრებათ! მარტო დეკაბრისტების ცოლები რად ღირს და მე–19 საუკუნის რუსეთი რად გვინდა, როდესაც 21–ე საუკუნის საქართველოს მაგალითითაც შეიძლება საწინააღმდეგოს დამტკიცება.
ნაწყვეტი ნიუსიდან: „ბაჩო ახალაიას მეუღლე ანი ნადარეიშვილი, თანამოაზრეებთან ერთად, არასამთავრობო ორგანიზაციას ქმნის. როგორც ნადარეიშვილმა დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, „თავისუფლებისა და მხარდაჭერის ცენტრი“ ღია იქნება ყველა იმ პირისთვის, ვინც ახალი მთავრობის უკანონო ქმედებების მსხვერპლად მიიჩნევს თავს“.
აჰა – ანუ, თუ მიხვალ და ეტყვი, შარშან, შარშანწინ და იმის წინ დავიჩაგრე და მიშველეთ რამეო, ანი ნადარეიშვილი და მისი მრავალრიცხოვანი თანამოაზრეები (თეა თუთბერიძე და სხვები) ხელებს გაასავსავებენ – გენაცვალე, თქვენ ვადაგასული მსხვერპლი ბრძანდებით და უტილიზაციით თუ დაგეხმარებით, სხვა არაფერი შეგვიძლიაო.
კიდევ ერთი ნაწყვეტი იმავე ნიუსიდან: „ნადარეიშვილის განმარტებით, ორგანიზაცია რამდენიმე მიმართულებით იმუშავებს; მისი წევრები გეგმავენ, შსს-დან გამოითხოვონ ოფიციალური სტატისტიკა ქვეყანაში ბოლო პერიოდში მომხდარი დანაშაულებების შესახებ. ორგანიზაციის წარმომადგენლების თქმით, საჯარო უწყებებიდან თანამშრომლების გათავისუფლების გამო პასუხს მოითხოვენ“.
ყველაფერი გასაგებია – ბოლო პერიოდშიო. მოკლედ, საქართველოს ისტორია დაიწყო 2003 წლის 22 ნოემბერს და დასრულდა 2012 წლის პირველ ოქტომბერს. იყო სიბნელე და უკუნი, არის სიბნელე და უკუნი. შუაში იყო გამონათება. თუთბერიძე ანათებდა...
აქა ამბავი მნათობისა და ტუსაღისა: „თეა თუთბერიძის ინფორმაციით, გუშინ, გვიან ღამით, სასჯელაღსრულების #7 დაწესებულებაში, სადაც თავდაცვის ყოფილი მინისტრი ბაჩო ახალაია იმყოფება, ყვირილისა და აგრესიული შეძახილების ხმა ისმოდა. როგორც თუთბერიძემ „ინტერპრესნიუსს“ აცნობა, ბაჩო ახალაიას მისამართით აგრესიულ შეძახილებს ე.წ. კანონიერი ქურდების მხრიდან ჰქონდა ადგილი“.
ახლა, შესაძლოა მართლაც უყვიროდნენ ბაჩო ახალაიას და, დიდი ალბათობით, ეს შეძახილები სულაც არ იქნებოდა გამამხნევებელი, დარწმუნებული ვარ, არც კოჰაბიტაციას შეპირდებოდნენ და არც რაღაც მაგის მაგვარს, მაგრამ საიდან მოიტანა თუთბერიძემ, რომ ისინი კანონიერი ქურდები არიან? თვითონ თუ აკურთხა ქურდებად, მაშინ ჰო, მაშინ ჰო... ამბობენ, ფასები დაეცა და ქურდად კურთხევა 200 დოლარი ღირსო... შეუძენია თუთბერიძეს საკუთარი ტელევიზია და ეგ არის. ისე, რატომაც არა? ჩერგოლეიშვილს აქვს, დებს პატარკაციშვილებს აქვთ, ჰა და ჰა – ამ დღეებში, როგორც კი ერთ ლარს შეაგროვებს, შორენა შავერდაშვილსაც ექნება გაწყობილ–გასისინებული მაუწყებლობა. თეა, რა – ზანგია? უი, აფროქართველი უნდა მეთქვა... პარდონ, ძია სოროს, პარდონ მადამ ქეთი.
ძია სოროსი იყო ჩამოსული. სანამ ჩამოვიდოდა, მადამ ქეთიმ განცხადება გაავრცელა: „გვსურს განვაცხადოთ, რომ ზოგიერთ მედიასაშუალებაში გამოქვეყნებული ინფორმაცია, თითქოს ჯორჯ სოროსი „ნაციონალურ მოძრაობას“ აფინანსებდეს, არ შეესაბამება სიმართლეს. ჯორჯ სოროსი და ფონდი „ღია საზოგადოება-საქართველო“ არ აფინანსებენ პოლიტიკურ პარტიებს და მათ საქმიანობას საქართველოში. ფონდ „ღია საზოგადოება-საქართველოს“ მიზანი ყოველთვის იყო და უახლოეს წლებშიც იქნება სამოქალაქო საზოგადოების გაძლიერება, ადამიანის უფლებების დაცვა, დამოუკიდებელი მედიის ხელშეწყობა და სოციალურად დაუცველი ჯგუფების ინტერესების ადვოკატირება“.
ოჰო–ჰოო... იცით, ეს განცხადება რას მაგონებს? ხელვაჩაურელმა ნაცებმა ნაცმოძრაობა რომ დატოვეს, ჩხოროწყუელი ნაცები ნაცმოძრაობას რომ გაემიჯნენ, გურჯაანელ ნაცებს ნაცმოძრაობის გახსენება რომ არ სურთ და ყველა ერთად, ერთ ხმაში და ერთსულოვნად რომ ამტკიცებს, გულის სიღრმეში ჩვენ ყოველთვის კობა დავითაშვილს თანავუგრძნობდითო.
საწყალი არმაგედონის ზანგი... ისა და, ის როგორ არის, მაკმერფის ძმაკაცი, ინდიელების ბელადი? ცოცხალია?
„მწვანეთა პარტიის“ ლიდერი, უმრავლესობის წევრი გია გაჩეჩილაძე აცხადებს, რომ პარლამენტში სხვისი პულტის გამოყენება დარღვევა იყო და ეს არ უნდა გაეკეთებინა. „ჩვენ ჩვენი ადგილი არ გვაქვს. ხან ერთ ადგილას ვზივართ, ხან სხვაგან. ვიღაც იჯდა ჩემს გვერდით, არც შემიხედავს, ვინ იყო. იქვე იდგა და ტელეფონზე საუბრობდა. საერთაშორისო ხელშეკრულებების რატიფიკაცია მიდიოდა და მთხოვა, მიაჭირე ჩემს მაგივრადო, მეც მივაჭირე პულტს და ამ დროს მედიამ „დამიჭირა“. ეს სერიოზული დარღვევაა და არ უნდა გამეკეთებინა“, - განაცხადა გაჩეჩილაძემ“.
ეს იყო ნიუსი და ფრიად მესიამოვნებოდა, ასე თუ დასრულდებოდა – „...განაცხადა გაჩეჩილაძემ და ცხარე ცრემლით ატირდა“. კარგი იქნებოდა, ასე დასრულებულიყო, მაგრამ არც დასაწყისი იყო ურიგო – „ჩვენ ჩვენი ადგილი არ გვაქვს. ხან ერთ ადგილას ვზივართ, ხან სხვაგან“.
მე ვიცი, სადაც არის მაგის ადგილი, მაგრამ სულ თავშივე ვთქვი და ახლაც ვიმეორებ: ყველამ თავისი ადგილი უნდა იცოდეს.
თუმცა რა – პარლამენტარის სავარძელი გია გაჩეჩილაძეს ერთ ლარზე მეტი არ დაჯდომია და ვინ იცის, იქნებ შორენა შავერდაშვილმაც მოიპოვოს მეცხრე არხი ერთ ლარად!
ჰოდა, თუ მართლაც ასე მოხდება, ავდგეთ ფეხზე და ერთხმად ვაღიაროთ, რომ ჰიპოთენუზას კვადრატი მართლაც კათეტერების კვადრატების ჯამს უდრის.
გ.ე. (გაგება, ეჰ...) ...არადა, ლაპარაკი თქვენ არ გესმით, არც დარიგება, ადამიანებში ხომ ვერ ერკვევი და ვერ ერკვევი და სხვა რა გიყო, რომელი მხრიდან მოგიდგე, კონჩეტინა, ბრიყვო? რაღა გაკადრო სხვა...
(გურამ დოჩანაშვილი, „სამოსელი პირველი“)