ამირან გამყრელიძე: იყო შემთხვევები, როცა ინფიცირებულები მალავდნენ კონტაქტებს, მაგრამ მაინც მივაგენით სხვადასხვა წყაროთი

ამირან გამყრელიძე: იყო შემთხვევები, როცა ინფიცირებულები მალავდნენ კონტაქტებს, მაგრამ მაინც მივაგენით სხვადასხვა წყაროთი

გასული ვართ თითქმის ყველა ინფიცირებულის კონტაქტზე, სადაც არ დაგვიმალეს ეს კონტაქტები, მაგრამ იყო შემთხვევები, როცა სამწუხაროდ მალავდნენ კონტაქტებს, მაგრამ ჩვენ მაინც მივაგენით სხვადასხვა წყაროთი,  – ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა, ამირან გამყრელიძემ საქართველოს პირველ არხთან საუბარში განაცხადა.

მისივე თქმით, ამ დროისათვის სამი შემთხვევის პირველწყარო უცნობია. როგორც გამყრელიძემ აღნიშნა, აქედან ორის შემთხვევაში, შეიძლება ითქვას, რომ ქვეყანაში შიდა გავრცელების პრეცედენტია.

„იმ ყველა შემთხვევაში, სადაც პირველწყარო დადგენილი გვაქვს, კონტაქტების უმრავლესობა ასევე იდენტიფიცირებულია და მათზე გასული ვართ. ისინი ან კარანტინში არიან, ან თვითიზოლაციაში და მათზე მიმდინარეობს დაკვირება და ა. შ. არ ვიცით, სამი შემთხვევის პირველწყარო. ამ სამიდან ერთში დიდი იმედი გვაქვს, რომ გასული ვართ და დავადგენთ და ისიც უკვე იზოლირებული და შესაბამისად გამოკვლეულია, მაგრამ ორი შემთხვევის, ნამდვილად არ ვიცით და დიდი ალბათობით ალბათ ვერ დავადგენთ. ანუ, ან ორ შემთხვევაში უკვე შემიძლია, დავაფიქსირო, რომ ძალიან მაღალი ალბათობით გვაქვს შიდა გავრცელების პრეცედენტი. როცა შიდა გავრცელების პრეცენდენტი ფიქსირდება ქვეყანაში, ეს არის უკვე განგაშის ერთ-ერთი მთავარი სიგნალი. როდესაც ვერ გადიხარ პირველწყაროზე, ე. ი. გაქვს ჯაჭვური რეაქცია გავრცელებისა, რომელიც არის ნიშანი, რომ ეპიდემია კიდევ და კიდევ უფრო გაფართოვდება და გამძაფრდება.

პერსონალურ ინფორმაციაზე არ ვსაუბრობ. ჩვენ ამ 85-დან სამი შემთხვევაში გვიჭირს, ვერ გავდივართ და დიდი ალბათობით ეს გახლავთ შიდა გადაცემის პრეცედენტები. ეს არის მარნეულელი ქალბატონი, ეს არის გუშინდელი დადასტურებული შემთხვევა თუ დღეს დადგენილი, ამაზე მოდით, ნუ ვისაუბრებთ. მთავარია, რომ არის ეს ხალხი ქვეყანაში, სადაც უკვე არის განგაშის ნიშანი შიდა გადაცემისა. ეს იმას ნიშნავს, რომ ამ ხალხს გადაედო დაავადება ვიღაცისგან, რომელიც არ არის იდენტიფიცირებული და ის ინფიცირებული ადამიანი დადის უკვე ქვეყანაში და ის უკვე სხვას ასნებოვნებს, სხვას გადასდებს. ამიტომ, თვითონ ეს ფაქტია ძალიან საყურადღებო და საგანგაშოა“, – განაცხადა ამირან გამყრელიძემ.