პრემიერის განცხადებით, უახლოეს დღეებში, რუხის საუნივერსიტეტო კლინიკა კორონავირუსით ინფიცირებული პაციენტების მიღებას შეძლებს

პრემიერის განცხადებით, უახლოეს დღეებში, რუხის საუნივერსიტეტო კლინიკა კორონავირუსით ინფიცირებული პაციენტების მიღებას შეძლებს

ზუგდიდში, რუხის საუნივერსიტეტო კლინიკა უახლოეს დღეებში კორონავირუსით ინფიცირებული პაციენტების მისაღებად მზად იქნება. როგორც პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ აღნიშნული კლინიკის დათვალიერების შემდეგ ჟურნალისტებს განუცხადა, ამ საავადმყოფოში ამოქმედდება 100-მდე ადგილი და შესაძლებელი იქნება კორონავირუსით ინფიცირებული პაციენტების მომსახურება. პრემიერმა რეგიონში მცხოვრებ თითოეულ მოქალაქესა და მედიკოსს მოუწოდა, სრული მობილიზება გამოაცხადონ.

„რუხის საუნივერსიტეტო კლინიკა აშენდა როგორც მრავალფუნქციური საავადმყოფო, საკმაოდ სერიოზული შესაძლებლობებით, თუმცა დღემდე არ იყო გაშვებული. დღეს ასეთი სამწუხარო პირობები და სერიოზული გამოწვევები გვაქვს, ამიტომ ვნახეთ, რამდენად სწრაფად შეიძლება ამ საავადმყოფოს ამოქმედება. უახლოეს დღეებში აქ ამოქმედდება 100-მდე ადგილი, რომელიც შეძლებს პოტენციურად მოემსახუროს კორონავირუსით ინფიცირებულ მოქალაქეებს და ასევე, შესაძლებელი იქნება საკარანტინო ზონების ფუნქციონირება, მოგეხსენებათ აქ სასტუმროც არსებობს. ახლა მთავარია, ეს ყველაფერი მაქსიმალურად სწრაფად ავამოქმედოთ. რეგიონის თითოეულ მკვიდრს, მედიკოსს, ექიმს მოვუწოდებ, რომ სრული მობილიზება გამოვაცხადოთ,“ - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.