ქვეყანაში შექმნილი საგანგებო ვითარებიდან გამომდინარე, ოპოზიციამ მორატორიუმი გამოაცხადა, თუ არ ჩავთვლით აქა-იქ გაკეთებულ ჭკუისდამრიგებლურ განცხადებებს. ის, რომ ხელისუფლება შექმნილ კრიზისულ ვითარებას წარმატებით უმკლავდება, ამაზე უკვე აღარავინ დავობს, თუმცა, ბუნებრივია არის გარკვეული სუსტი რგოლები რომელიც მეტ ყურადღებას მოითხოვს. თბილისის საკრებულოს ყოფილი წევრი სოსო მანჯავიძე for.ge-სთან ინტერვიუში ამბობს, რომ ხელისუფლება შექმნილ ვითარებას წარმატებით უმკლავდება, თუმცა ვირუსის ტალღის გადავლის შემდეგ არანაკლები პრობლემა იჩენს თავს, ეს არის ეკომომიკური კრიზისი, რომელიც გარდაუვალია. აქედან გამომდინარე, ხელისუფლებამ სამომავლოდ გადასადგმელი ნაბიჯები განსაკუთრებული სიფრთხილით უნდა გათვალოს, ვინაიდან, ქვეყანაში არსებული ეკონომიკური ფონი პირდაპირ კავშირში იქნება არჩევნების შედეგებთან.
- ხელისუფლების მიერ გადადგმული ნაბიჯები, იმ პარამეტრებით, რითიც იზომება, მთელს მსოფლიოში არის ეფექტური. სხვა საკითხია, რა პრობლემები მოყვება ამას. ჩვენი უაღრესად მოწყვლადი ეკონომიკური მდგომარეობა, მოგეხსენეხსენებათ, დიდად იყო დამოკიდებული, ერთი მხრივ, ტურიზმზე, რომელმაც ამ პანდემიით მიიღო სერიოზული დარტყმა და მეორე მხრივ - გადმორიცხვებზე. ჩვენი მოქალაქეები, მოგეხსენებათ, მიმოფანტულები არიან მსოფლიოს ქვეყნებში და იქიდან არჩენდნენ ოჯახებს. ამ ორივე სფერომ მიიღო ძალიან ძლიერი დარტყმა, რომელიც როდის გამოსწორდება არ ვიცით.
რა პრიოროტეტები გამოიკვეთება სამომავლოდ, მსგავს კრიზისებში მომზადების თვალსაზრისით?
- დასავლეთიდან აუცილებლად იქნება ეკონომიკური დახმარება, უნდა მოხდეს ამ თანხების მობილიზება და უნდა შეიქმნას სათანადო სტრუქტურა, რომელიც უზრუნველყოფს სხვადასხვა პროექტების დაფინანსებას, ჩვენ უნდა მივაღწიოთ სასურსათo უზრუნველყოფას. უნდა შეიქმნას სათბურები, სამაცივრე მეურნეობები და ასე შემდეგ. ამისთვის უნდა ჩავატაროთ შესაბამისი რეფორმები და რაც შეიძლება სწრაფად, უნდა შეიქმნას ჯანსაღი ეკონომიკური ჯაჭვები.
სოციალური პოლიტიკის მიმართულებებით, რისი განხორციელება არის საჭირო, ექსპერტები უკვე სოციალურ აფეთქებაზეც საუბრობენ. ხელისუფლებამ რაზე უნდა გაამახვილოს ყურადღება, რას ურჩევთ?
- ბევრი ადამიანი დარჩა საარსებო სახსრების გარეშე და არის იმისი საფრთხე, რომ სახელმწიფომ ვერ მოახერხოს ადეკვატური რეაგირება ამ უსახსროდ დარჩენილი ადამიანების დასახმარებლად. ალბათ, გამოსავალი იქნებოდა ის, რაც ტრამპმა გააკეთა ვაუჩერების სახით. ვფიქრობ, ეს არ იქნება დიდ თანხებთან დაკავშირებული და მოხერხდება ამის ორგანიზება.
დოლარის კურსს თუ გავითვალისწინებთ არც ისე საიმედო პროგნოზის გაკეთება შეიძლება..
- ეს, რა თქმა უნდა, სერიოზული პრობლემაა, რომელიც აუცილებლად უნდა დარეგულირდეს. ეროვნული ბანკი ძალიან უცნაურად იქცევა, იქიდან გამომდინარე, რომ წინასწარ აცხადებს მოსალოდნელი ინტერვენციების შესახებ, რაც აძლევს საშუალებას ბაზრის სხვა მოთამაშეებს, წინასწარ დაგეგმონ და განახორციელონ საკუთარი კერძო ინტერესების შესაბამისი ოპერაციები.
სამწუხაროდ, საზოგადოებისა და სხვადასხვა ოპოზიციური პარტიების მხრიდან ადგილი აქვს უპასუხისმგებლო ქმედებებს, რაც საბოლოო ჯამში ისედაც მძიმე მდგომარეობას კიდევ უფრო აუარესებს, ეს ყველაფერი აისახება თუ არა შემდგომი პერიოდის პოლიტიკურ მოვლენებზე?
- ჩვენი ქვეყნის პრობლებაა უპასუხისმგებლო პოლიტიკური კლასი. ეს არის უდიდესი პრობლემა, ხალხი არის არაადეკვატური და მათი ქმედება არის ძალიან გამაღიზიანებელი, რაშიც მათ ხელს უწყობს, სამწუხაროდ, ელექტრონული მედია. იმედია, ამ კორონავირუსის ამბავი იმითი იქნება დადებითი, რომ ყველამ დაინახა პარტიების რეალური სახე. ოპოზიციური ნიშა კი, რომელიც მათ აქვთ დაკავებული, გათავისუფლდება ნორმალური, ჯანმრთელი პოლიტიკური ძალებისათვის, რომლებიც საქმეზე ილაპარაკებენ და არ იქნებიან დაკავებული მარაზმით.
ანუ, ფიქრობთ, რომ არ ჩევნებზე აისახება დღევანდელი სიტუაცია?
- რა თქმა უნდა, თუმცა, არჩევნებამდე კიდევ უამრავი რამ შეიცვლება. ჩვენ ვსაუბრობდით სპეციალური ზომების გატარებაზე, თუ ეს კრიზისი გაღრმავდა და ეკონომიკას შეექმნა სერიოზული საფრთხე, ესეც, რა თქმა უნდა, იმოქმედებს არჩევნების შედეგებზე.