პაატა იმნაძე:

პაატა იმნაძე: "მთავრობამ რაც არ უნდა გააკეთოს, თუ არ დავრჩებით სახლში,ჩვენს ოჯახებსა და საზოგადოებას რისკის ქვეშ დავაყენებთ"

"ძალიან ძნელია, მოსახლეობისთვის იმის ახსნა, რომელ კვირაში რა იქნება. როდესაც ქვეყანაში დაიწყება ფართო გავრცელება, შეგვეძლება თქვათ, როდის შეიძლება მიაღწიოს პიკურ გავრცელებას. მთავარია ყველამ უნდა გავითავისოთ, რომ რაც არ უნდა გააკეთოს ეპიდსამსახურმა, მთავრობამ და ნებისმიერმა უწყებამ, თუ ჩვენ არ დავრჩებით სახლში და მაქსიმალურად ყრად არ ვუღებთ გაფრთხილებას, რომ მაქსიმალურად მოვერიოთ ერთმანეთთან კონტაქტს, რისკის ქვეშ დავაყენებთ ჩვენს ოჯახებსა და და შემდეგ მთელს საზოგადოებას", – ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის მოადგილემ, პაატა იმნაძემ გადაცემაში „მოამბე“ განაცხადა.

მისი თქმით, საქართველოში მოსახლოების აბსოლუტური უმრავლესობა იქცევა რეკომენდაციების შესამისად და მთელი ქვეყნის მასშტაბით კარანტინის გამოცხადების აუცილებლობა არ არსებობს.

„ეს ყველაფერი დამოკიდებული იქნება თითოეული ჩვენგანის ქცევაზე. ხშირად მესმის იაპონიაში ასე ხდებაო, კორეაში ასე ხდებაო. მათი მენტალიტეტი მკვეთრად განსხვავდება არათუ ჩვენი, არამედ სხვა ევროპელი ადამიანების მენტალიტეტისგან. მათთვის არც არის აუცილებელი, გამოცხადდეს საგანგებო ვითარება ან კარანტინი. კორეაში საერთოდ სირცხვილად ითვლება, რომ ავადმყოფი ადამიანი გამოჩნდეს საზოგადოებაში და ვინმეს გადასდოს დაავადება. ნუ შევედრებთ მათ. თითოეული ჩვენგანი, ვეცადოთ, მოვიქცეთ ისე, რომ სახელმწიფო იძულებული არ გახდეს, კიდევ უფრო მეტი საკარანტინო ღონისძიება გაატაროს ქვეყაბაში. ჯერ ამის საფუძველი არ ჩანს. ჩვენი მოქალაქეების აბსოლუტური უმრავლესობა იქცევა შესაბამისად, მაგრამ, თუ შევატყობთ სიტუაციას, რომ მოქალაქეების რაღაც ნაწილი გააგრძელებს სამეგობრო თუ საახლობლო წრეში შეკრებას, თუ ახლა არ გავაკეთებთ იმას, რომ ეს თავად მაქსიმალურად აღვკვეთოთ, მაშინ სახელმწიფო იძულებული გახდება, ეს საკარანტინო ზონებით აღკვეთოს“, – განაცხადა პაატა იმნაძემ.

როგორც დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის მოადგილემ აღნიშნა, საქართველოში კორონავირუსის შემთხვევების ზომიერი ზრდის შანსი ჯერ კიდევ არის, რაც, მისი თქმით, საქართველოში გატარებულ პრევენციულ ღონისძიებებს უკავშირდება.

„რა თქმა უნდა, შემთხვევების ზრდა იქნება, გამოჩნდება ვირუსის საზოგადოებრივი გადაცემის შემთხვევებიც, როდესაც გადაცემის ზუსტი ჯაჭვის დადგენა ვერ მოხდება. ეს არის კანონზომიერება, რომლის მაგალითი გვაჩვენა ყველა სხვა ქვეყანამ. საქართველო ამას ვერ აცდება. ჩვენ შევძელით მთავარი, რომ ქვეყანაში შევინარჩუნეთ კონტროლირებადი ზრდა, ყველა კონტაქტის მაქსიმალური მოძიება. რა თქმა უნდა, საქართველო ვერ იქნება გამონაკლისი მსოფლიოში, მაგრამ იმედი გვაქვს, რომ ზრდა ჩვენს ქვეყანაში იქნება კონტროლირებადი რადგან ამას, სამედიცინო სამსახურების მუშაობის გარდა, ემატება ის, რომ საქართველოში წინმსწრები ღონისძიებები იყო განხორციელებული სოციალური დისტანცირების ძალიან მკაცრი ღონისძიებების სახით, ჯერ რეკომენდაციების სახით, შემდეგ საგანგებო მდგომარეობის გამოცხადების სახით, ასევე ორ მუნიციპალიტეტში კარანტინის გამოცხადების სახით.

ეს ყველაფერი გვაძლევს იმის იმედს, რომ ქვეყანაში ზრდა იქნება არა ზვავისებური, როგორც ეს მოხდა ძალიან ბევრ ქვეყანაში, არამედ იქნება შემთხვევების კონტროლირებადი ზრდა“, – განაცხადა პაატა იმნაძემ.