ბოკერია სააკაშვილზე: ცუდია, რომ ქვეყნის ფარგლებს გარეთ მყოფმა ლიდერმა დაიწყო რაღაც შეთქმულებაზე საუბარი

ბოკერია სააკაშვილზე: ცუდია, რომ ქვეყნის ფარგლებს გარეთ მყოფმა ლიდერმა დაიწყო რაღაც შეთქმულებაზე საუბარი

“ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთი ლიდერის, გიგა ბოკერიას განცხადებით, ზუგდიდში მომხდარ შემთხვევასთან დაკავშირებით, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ კრიტიკა სამართლიანია.

მისივე თქმით, მოსახლეობის დახმარების სურვილი ბუნებრივი და აუცილებელია თუმცა, ეს დახმარება საფრთხედ არ უნდა იქცეს.

„თქვენი ყურადღება მინდა მივაპყრო ზუგდიდში გუშინ მომხდარ ინციდენტს. აბსოლუტურად გასაგებია სხვადასხვა ჯგუფების მხრიდან სურვილი, რომ ჩვენს მოქალაქეებს დაეხმარონ, ეს ნორმალური კი არა, საჭიროც არის.

ბუნებრივია, ეს დახმარება არ შეიძლება იქცეს საფრთხედ, ამიტომ აბსოლუტურად დაუშვებელია ის, როგორი ფორმითაც ეს ხდებოდა ზუდგიდში. ამიტომ ეს კრიტიკაც, რომელიც შეხვდა ამ ინციდენტს და ამ პოლიტიკურ ჯგუფს, იყო დამსახურებული. კარგი იყო, რომ ამ პოლიტიკური გაერთიანების ადგილობრივმა ლიდერებმა სწრაფადვე აღიარეს ეს მძიმე შეცდომა.

ცუდია, რომ ქვეყნის ფარგლებს გარეთ მყოფმა ლიდერმა დაიწყო რაღაც შეთქმულებასა და პროვოკაციაზე საუბარი. არ არის შეთქმულების თეორიების გავრცელების დრო, ახლა არის წესების მკაცრად დაცვის დრო.

ასევე ცუდია რომ, ეს ინციდენტი სახელისუფლებო პროპაგანდამ და მთავრობამ გამოიყენა და იყენებს კამპანიისთვის ამ პოლიტიკური გუნდის და მთლიანად ოპოზიციის წინააღმდეგ. ესეც ცუდია, ამის დროც არ არის ახლა.

რა თქმა უნდა, მკაცრი შეფასების დრო არის. რადგან ეს კამპანია დაიწყეს, ჩავთვალე საჭიროდ საზოგადოებამ იცოდეს, რომ „ევროპულ საქართველოს“ ჰყავს 50 მოხალისე, რომელმაც ლუგარის ლაბორატორიაში მკაცრი ტრენინგი გაიარა და ზედმიწევნით იცავს ამ წესებს. ამის ილუსტრაციას „ფეისბუზეც’ დავდებთ“, - განაცხადა ბოკერიამ.

შეგახსენებთ, „სააკაშვილის საპრეზიდენტო ბიბლიოთეკამ” 26 მარტს ზუგდიდში პირბადეები დაარიგა, რამაც ხალხის თავყრილობა გამოიწვია და გუშინვე სამართლადამცველება ორგანიზაციის წარმომადგენელი 15 ათასი ლარით დააჯარიმეს.