„სწრაფ ტესტირებას აქვს თავისი ადგილი, მაგრამ ის ვერ შეცვლის იმ „ოქროს სტანდარტს“, რასაც „პისიარს“ ვუწოდებთ“

„სწრაფ ტესტირებას აქვს თავისი ადგილი, მაგრამ ის ვერ შეცვლის იმ „ოქროს სტანდარტს“, რასაც „პისიარს“ ვუწოდებთ“

საქართველოში კორონავირუსით დაინფიცირებულთა რაოდენობა ისევ იმატებს. ერთი თვის განმავლობაში ქვეყანაში ვირუსით დაინფიცირების ეს უკვე 82–ე შემთხვევაა. ვირუსი ბათუმშიც დადასტურდა. ახალი შემთხვევა, სავარაუდოდ, ისევ ევროპიდან შემოტანილ ფაქტს უკავშირდება. პაციენტი სამშობლოში დაბრუნებამდე იყო ესპანეთსა და გერმანიაში. ვირუსის მატებასთან ერთად, საქართველოში კორონავირუსისგან უკვე 14 პაციენტი გამოჯანმრთელდა. 12 მათგანს ექიმები თბილისის ინფექციურ საავადმყოფოში, ერთს კი საჩხერეში მკურნალობდნენ.

ამის მიუხედავად, მთავრობა საგანგებო მდგომარეობით დაწესებული შეზღუდვების აღსრულების მონიტორინგს ამკაცრებს. დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორის მოადგილე, პაატა იმნაძე მიიჩნევს, რომ საყოველთაო კარანტინის აუცილებლობა ჯერჯერობით არ არსებობს. მისი თქმით, როგორც კი ამის პირველ საჭიროებას დაინახავენ, განხორციელდება მომენტალურად, როგორც აქამდე ხდებოდა.

როგორც პაატა იმნაძე აცხადებს, მხოლოდ კონტაქტებს არ იკვლევენ, იკვლევენ ყველას, საჭიროების მიხედვით, არსებული პროტოკოლებით. პაატა იმნაძის განცხადებით, მარნეულსა და ბოლნისში ასამდე ადამიანი არის უკვე გამოკვლეული მოლეკულური ტესტირების მეთოდით და ამ მეთოდი იკვლევენ ყველას.

„პნევმონია სადაც მძიმდება ან განვითარდება მძიმე მწვავე რესპირატორული სინდრომი, საქართველოს ნებისმიერ წერტილში, მოდის ლაბორატორიაში ან ჩვენთან, ლუგარში, ბათუმში, ქუთაისში და ეს ყველაფერი იტესტება. ასე რომ, მარტო კონტაქტებს არ ვიკვლევთ, ჩვენ ყველას ვიკვლევთ, ვინც საჭიროა ამ ეტაპზე არსებული პროტოკოლებით, რომელიც ეყრდნობა ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის რეკომენდაციებს“, – განაცხადა პაატა იმნაძემ.

რაც შეეხება ტესტებს, კომპანია Shenzhen Bioeasy Technology–მ ჩინური ტესტები, უხარისხობის გამო, უკან გაიწვია. შესაბამისად, საქართველო, დაგეგმილ 215 000 ტესტს აღარ შეიძენს. ჩინურ კომპანიას, რომელთანაც საქართველოს ჯანდაცვის სამინისტრომ ხელშეკრულება გააუქმა, საქართველოსთვის 200 000–მდე სწრაფი ტესტი უნდა მოეწოდებინა.

„საქართველოს ამ კომპანიასთან ხელშეკრულება დადებული ჰქონდა, თუმცა დღეს ის ანულირებულია, თანხა არ გადარიცხულა და ამ კომპანიის ტესტები ლუგარის ლაბორატორიაში არ გაგვაჩნია. გვაქვს მოლაპარაკება სხვა კომპანიასთან, რომელთანაც იმავე სტრატეგიით ვმუშაობთ. გამოგზავნილი იქნება პირველი სატესტო 2 ათასი ტესტი და იმ შემთხვევაში, თუ ტესტების სანდოობა ჩვენი მხრიდანაც იქნება დამტკიცებული, მოვახდენთ დამატებითი რაოდენობის შეძენას“, –აღნიშნა ჯანდაცვის მინისტრმა ეკატერინე ტიკარაძემ.

თავის მხრივ ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე თამარ გაბუნია განმარტავს, ჩინურმა კომპანიამ, რომლისგანაც საქართველოს ტესტები უნდა შეესყიდა, ქართულ მხარეს, ზოგიერთი ტესტის წუნთან დაკავშირებით თავად შეატყობინა და ხელშეკრულების ანულირება ამის გამო მოხდა. რაც შეეხება ჩინეთის მთავრობისგან საჩუქრის სახით მიღებულ 1000 PSR ტესტს, გაბუნიას განცხადებით, მისი ხარისხი გარანტირებულია.

„ეს არის სხვა კომპანია, ეს არ არის ის კომპანია, რომელთანაც გვქონდა ტესტების შესყიდვასთან დაკავშირებით მოლაპარაკებები. საჩუქარი მივიღეთ და მისი გამოყენება ხდება ძალიან აქტიურად, მაღალი სიზუსტით, რადგან ლუგარის ლაბორატორიას აქვს ის მექანიზმი, რომ დაადასტუროს თითოეული პასუხის სიზუსტე.

რაც შეეხება სხვა დანარჩენ ტესტებს, იმ კომპანიამ, რომელთანაც ჩვენ გვქონდა მოლაპარაკება, მსგავსი ტიპის მოლაპარაკებას ევროპის სხვა ქვეყნებიც აწარმოებდა, ამ კომპანიამ თავად შეგვატყობინა და განგაში ატეხა, იმის გამო, რომ ზოგიერთი მისი ტესტი აღმოჩნდა წუნდებული და პარტიები მთლიანად გაჩერდა“, –განაცხადა თამარ გაბუნიამ.

ბოჭორიშვილის სახელობის საავადმყოფოს კლინიკური დირექტორის, კახა იშხნელის განცხადებით, სწრაფ ტესტირებას აქვს თავისი ადგილი, ის ოქროს სტანდარტს ვერავითარ შემთხვევაში ვერ შეცვლის. მისი თქმით, კლინიკიდან უკვე გაეწერა ორი პაციენტი. საავადმყოფოში მოთავსებული ორი ბავშვის ჯანმრთელობის მდგომარეობა კი, სტაბილურია.

„ყველა ტესტი, რომელიც ჩვენთან მყოფ პაციენტებს ჩაუტარდა, აღმოჩნდა უარყოფითი. ორი პაციენტი უკვე გავწერეთ, კიდევ ველოდები შევსებას. ორივე მცირეწლოვანი ბავშვის მდგომარეობა სტაბილურია, გრძელდება მკურნალობა დანიშნულების მიხედვით. სწრაფ ტესტირებას აქვს თავისი ადგილი. ის ვერ შეცვლის ვერავითარ შემთხვევაში იმ „ოქროს სტანდარტს“, რასაც „პისიარს“ ვუწოდებთ, მაგრამ აქვს თავისი ადგილი გამოკვლევებში. ეს არ არის საყოველთაოდ გამოსაკვლევი ტესტი, მინდა, ეს ხაზგასმით ვთქვა საზოგადოებისთვის. ეს სუფთად სამედიცინო, ჩვენთვის, ინფექციონისტებისთვის და ეპიდემიოლოგებისთვის საინტერესო ტესტია“, – განაცხადა კახა იშხნელმა.

ფრაქცია „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარის მოადგილე სალომე სამადაშვილი, მთავრობისგან სწრაფი ტესტების შეძენაზე კონტრაქტების გასაჯაროებას ითხოვს.

„ჩვენ გაგვიჩნდა საფუძვლიანი ეჭვი, რომ სწორედ ეს კრიტიკული ინტერესი ჩვენი საზოგადოების კიდევ ერთხელ ზიანდება სწორედ იმით, რომ ბიძინა ივანიშვილის კარზე სხვადასხვა ჯგუფებს შორის დაპირისპირება მიმდინარეობს, იმისათვის, რომ ხელში ეს ძალიან მომგებიანი კონტრაქტები ჩაიგდონ. მოვითხოვთ მოგვაწოდონ სრული ინფორმაცია ყველა იმ მოლაპარაკებაზე, რომელიც მიმდინარეობს ტესტების შეძენის თაობაზე“, – განაცხადა სალომე სამადაშვილმა.

ზურაბ ჭიაბერაშვილის განცხადებით, სავსებით ბუნებრივია, რომ მთელ საზოგადოებას აინტერესებს, რა ხდება სწრაფ ტესტებთან დაკავშირებით.

„ბუნებრივია, მთელ საზოგადოებას აინტერესებს, რა ხდება სწრაფ ტესტებთან დაკავშირებით იმიტომ, რომ დღესაც კვლავ გაურკვევლობაა. ჯანდაცვის მინისტრმა განაცხადა იმის თაობაზე, რომ ჩინეთის ერთ–ერთი კონკრეტული კომპანიიდან გამოგზავნილი ტესტები უკან არის გაწვეული ხარისხში დიდი ეჭვის გამო და ჩვენ, სამწუხაროდ, სამი კვირაა ვკამათობთ და ვდაობთ იმის გამო, რომ საჭიროა თუ არა სწრაფი ტესტები მაშინ, როდესაც გერმანია, სამხრეთ კორეის, ისრაელის, შვედეთის მაგალითები მკაფიოდ აჩვენებს, რომ ეს არის ერთ–ერთი საუკეთესო გამოსავალი ვირუსის გავრცელებასთან ბრძოლის და ამისკენ მოგვიწოდებს ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაცია“, – განაცხადა ზურაბ ჭიაბერაშვილმა.

 

 

 

Aburjga Tasmanieli ამ სალომე სამადაშვილს და ზურაპ ჭიაბერაშვილს არ უნდა ამოაჭრა ახლა ის წარკლიანი ენები?!
4 წლის უკან
Maverick რადგან ნაცნაბოზრებს არ ჯერათ ტესტების უვარგისობის, აჩუქეთ და ესენი თავიანთ პარტაქტივს თავად გაუნაწილებენ "ზუგდიდური" (აქციიდან გამომდინარე) გამოცდილებით...
4 წლის უკან