მსოფლიოში ცნობილი სოციალური ქსელის Facebook-ის დამფუძნებელმა მარკ ცუკერბერგმა განაცხადა, რომ მეუღლესთან ერთად კორონავირუსის პანდემიასთან ბრძოლაში 25 მილიონ აშშ დოლარს დახარჯავს.
ამის შესახებ ინფორმაციას ცუკერბერგი Facebook-ის ოფიციალურ ვებ-გვერდზე ავრცელებს:
„მე და პრისილამ მივიღეთ გადაწყვეტილება, გავიღოთ 25 მილიონი აშშ დოლარი, რათა დაჩქარდეს COVID-19-ის მკურნალობის მეთოდების განვითარება. ვთანამშრომლობთ Gates Foundation-თან და სხვებთან, რომ სწრაფად შევაფასოთ ამჟამად არსებული ყველაზე პერსპექტიული წამლები, რათა ვნახოთ, რომელი მათგანია უფრო ეფექტური კორონავირუსის წინააღმდეგ საბრძოლველად. თუკი მედიკამენტი კლინიკურ ტესტირებას წარმატებით გაივლის, შეგვეძლება დაუყოვნებლივ გავხადოთ მედიკამენტი ხელმისაწვდომი. ეს უფრო სწრაფი გზაა ვიდრე ახალი ვაქცინის შემუშავება და ტესტირება, რომელსაც სავარაუდოდ თვეები და შესაძლოა წელიწადიც დასჭირდეს“, წერს ცუკერბერგი.