“ვისოლ ჯგუფმა“ თბილისის გამგეობებს კორონავირუსის გავრცელების პრევენციის პერიოდში, მარტოხელა ხანდაზმულებისთვის განკუთვნილი ნობათები გადასცა. პროდუქციის მიღებისა და დახარისხების პროცესს დედაქალაქის მერი კახა კალაძე, მერის მოადგილე ილია ელოშვილთან, თბილისის რაიონის გამგებლებთან და საკრებულოს თავმჯდომარე გიორგი ტყემალაძესთან ერთად გაეცნო. კახა კალაძემ ბიზნესსექტორის წარმომადგენლებს მხარდაჭერისა და თანადგომისთვის მადლობა გადაუხადა, დაინტერესებულ პირებს კი პროექტში ჩართვისკენ მოუწოდა. მარტოხელა ხანდაზმულებისთვის საკვები პროდუქტითა და პირველადი საჭიროების ნივთებით უზრუნველყოფის კამპანია გაგრძელდება და სისტემატურ ხასიათს მიიღებს. ბიზნესკომპანიებს, რომელთაც ქველმოქმედების სურვილი აქვთ, პროდუქტების მიტანა თბილისში, ბელიაშვილის N5-ში მდებარე სპეციალურ ფართში შეუძლიათ. საქართველოს წითელი ჯვრის საზოგადოებასა და ნუტრიციოლოგებთან ერთად, შედგენილია მინიმალური პაკეტი, რომელიც დაახლოებით, ათი დღის მარაგია და ორ მიმართულებას მოიცავს: საკვები პროდუქტები და მედიკამენტები, ასევე, ჰიგიენური საშუალებები. ესენია: შაქარი, ბრინჯი, ჩაი, მაკარონი, წიწიბურა, შვრიის ფანტელი, ხორბლის ფქვილი, ზეთი, მარილი, ლობიო, ორცხობილა და პირველადი მოხმარების საგნები. აღნიშნული პაკეტი მარტოხელა მოხუცებს დატრენინგებული მოხალისეების საშუალებით გადაეცემათ, მოხალისეობის მსურველები კი მერიის ცხელ ხაზზე: 2 72 22 22 უნდა დარეგისტრირდნენ. ღონისძიება უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს რეკომენდაციით ხორციელდება. მარტოხელა ხანდაზმულებისთვის განკუთვნილი ნობათები, ჩუღურეთის რაიონის გამგებელმა, ზურაბ ჩიკვილაძემ, საკრებულოში მაჟორიტარ დეპუტატთან რიმა ბერაძესთან ერთად რაიონში მცხოვრებ მოსახლეობას დაურიგა.