როგორ გავამყაროთ ურთიერთობა კარანტინში

როგორ გავამყაროთ ურთიერთობა კარანტინში

ბედმა პირისპირ დაგტოვათ? კორონავირუსი ჯანმრთელობას ზიანს რომ აყენებს, ეს ცნობილია. თქვენი ურთიერთობაც რომ არ დააზიანოს, ეს რჩევები წაიკითხეთ!

მაშინაც კი, თუ დისტანციურად მუშაობა არ გიწევთ, შეადგინეთ თქვენთვის დღის განრიგი. მიიღეთ შხაპი დილას და ნუ ივლით მთელი დღე პიჟამაში.

ისაუზმეთ, ისადილეთ და ივახშმეთ სრულფასოვნად.

დაამყარეთ საზღვრები

24 საათის განმავლობაში ერთად ყოფნა ძალიან მოსაბეზრებელი და მოსაწყენია. ძალიან მნიშვნელოვანია, დროდადრო ერთმანეთი ცოტა ხნით დაასვენოთ. განსაზღვრეთ პირადი დრო, როცა არ ჰკითხავთ ერთმანეთს, სად არის დანების სალესი, არ მისცემთ შენიშვნას და არ დაუძახებთ სასაცილო ვიდეოს საყურებლად.

განმარტოვდით, წაიკითხეთ წიგნი, გაისეირნეთ ეზოში.

იმხიარულეთ ერთად

იპოვო ახალი გასართობი საქმე ორისთვის - ადვილი არ არის. ყოველდღე აკეთო ეს, უფრო რთულია. მოიფიქრეთ რამე, ფილმების ყურების გარდა. ითამაშეთ სამაგიდო თამაშები, გადაიღეთ ტიკ-ტოკი, ივარჯიშეთ ერთად.

ნუ იქნებით მავნებელი

ნუ გახდებით ბუზღუნა. სიტუაცია არ არის ადვილი, მაგრამ მაინც ეცადეთ, არ იწუწუნოთ ყოველ წვრილმანზე.

მხოლოდ თქვენ არ გრძნობთ თავს გაბეზრებულად. ნუ გაიხსენებთ ძველ წყენას, ნუ დატოვებთ კონფლიქტს დაუსრულებლად. ჩხუბის შემდეგ აბაზანაზე შორს მაინც ვერ წახვალთ.