რა უჯდება სახელმწიფოს ერთი მოქალაქის 14-დღიანი კარანტინი

რა უჯდება სახელმწიფოს ერთი მოქალაქის 14-დღიანი კარანტინი

რა თანხას იღებენ ბიუჯეტიდან საკარანტინო სივრცეებად გადაკეთებული სასტუმროები და როგორი პირობებია კარანტინში

საქართველოს მთელ ტერიტორიაზე საგანგებო მდგომარეობა გამოცხადდა. სასტუმროები, რესტორნები, კაფეები, ბარები და სხვა ობიექტები ქვეყნის მასშტაბით დაიხურა... 24 მარტის მონაცემებით, რაც ყოველდღიურად იცვლება, საქართველოში კორონავირუსის დადასტურებული 70 შემთხვევა გამოვლინდა, მათ შორის გამოჯანმრთელებულია _ 9, კარანტინის რეჟიმში იმყოფება 4 055 პირი, სტაციონარში, მეთვალყურეობის ქვეშ კი _ 252. საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით, ტურიზმის ეროვნულ ადმინისტრაციას ქვეყნის მასშტაბით, საკარანტინო ზონების მოწყობა დაევალა, რისთვისაც სხვადასხვა სასტუმროს იყენებენ. ,,ვერსია’‘ დაინტერესდა, რა პირობებში არიან საქართველოს მოქალაქეები კარანტინში და რა უჯდება სახელმწიფოს ერთი პირის შენახვა 14 დღის განმავლობაში?

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის, ნათია თურნავას განცხადებით, საკარანტინო სივრცეებისთვის სახელმწიფომ ათეულობით განთავსების ოებიექტები (სხვადასხვა სასტუმრო) დააკონტრაქტა. ცხადია, საინტერესოა, რა უჯდება სახელმწიფოს ერთი მოქალაქის განთავსება საკარანტინო სივრცეში. მართალია, თურნავამ არ დააკონკრეტა, მაგრამ განმარტა, რომ ამ მიზნით, სახელმწიფო ბიუჯეტიდან საკმარისი თანხაა გამოყოფილი:

,,სხვადასხვა სასტუმრო სხვადასხვა თანხა ჯდება, გააჩნია თვითღირებულებას, მაგრამ ყველა სასტუმრო მაქსიმალურად იჩენს სოციალურ პასუხისმგებლობას. განსაკუთრებით გაზრდილ თანხებთან საქმე არ გვაქვს, მაგრამ მინდა ვთქვა, რომ ბიუჯეტი მთლიანად ამ ახალ პრიორიტეტებზეა გადაწყობილი. ჩვენი მთავარი პრიორიტეტი მოსახლეობის დაცვაა კორონავირუსის ინფექციის შემდგომი გავრცელებისგან, მთავარ აქცენტს ვაკეთებთ პრევენციაზე. აქედან გამომდინარე, რაც საჭირო იქნება ამ მიმართულებით, ყოველთვის გავიღებთ თანხებს ბიუჯეტიდან“.

საქართველოს პრემიერ-მინისტრის, გიორგი გახარიას დავალებით და მთავრობის შესაბამისი განკარგულებით, ტურიზმის ეროვნულ ადმინისტრაციას, საქართველოს მასშტაბით, საკარანტინო ზონების შექმნა, მოწყობა და შემდგომი მართვა დაევალა. ასევე, ყველა იმ ადამიანის კვების, ტრანსპორტირებისა და სხვა ლოგისტიკური საქმიანობების ორგანიზება, რომლებსაც სავალდებულო, 14-დღიანი კარანტინი ეხებათ. ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძრვანელმა, მარიამ ქვრივიშვილმა ჩატარებული სამუშაოები და მიმდინარე პროცესები მისსავე სოციალურ ქსელში ასე შეაფასა:

სიტყვა კარანტინი, ალბათ, საკმაოდ დამთრგუნველად ჟღერს, თუმცა ჩვენ ამ სტერეოტიპის დამსხვრევას ვცდილობთ თქვენთვის. მეტიც, გეტყვით, რომ სამჯერადი კვება, კარგი სასტუმრო, ხშირ შემთხვევაში, კარგი ხედიც კი, სრული სტანდარტების შესაბამისი სატრანსპორტო საშუალება (ჭადრაკისებრი განლაგებითა და .. Lუნცჰ Bოხ-ებით სავარძლებზე), 24/7 სამედიცინო და უსაფრთხოების მონიტორინგი ადგილზეა!

ასევე, ულევი პოზიტივი კარანტინში მყოფი სხვა ადამიანებისა და სასტუმროების გმირი თანამშრომლებისგან, რომლებიც მუდმივად ზრუნავენ თქვენს კომფორტზე. კარანტინთან დაკავშირებული ყველა ხარჯი საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტიდან იფარება. ეს არის მთავრობის გამოხატული ზრუნვა საქართველოს უკლებლივ ყველა მოქალაქის მიმართ, რათა მაქსიმალურად მოხდეს COVID-19 გავრცელების პრევენცია.

ვამაყობ, რომ ასეთ მნიშვნელოვან, ურთულეს და ღირებულ საქმეს ვაკეთებთ საქართველოში, კორონავირუსის გავრცელების პრევენციისთვის. ვამაყობ, როცა კარანტინში მყოფი ადამიანების მადლიერ და სასიამოვნოდ გაოცებულ პოსტებს ვკითხულობ. ამ პროცესში, განსაკუთრებული მადლობა ეკუთვნის ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის უკლებლივ ყველა თანამშრომელს, რომლებსაც 24 საათში, საშუალოდ, 2 საათიც კი არ სძინავთ პროცესის სამართავად, ყველა იმ სასტუმროს თანამშრომელს (მზარეულს, სერვისსა, თუ მიმღებში მყოფს), მფლობელსა და მმართველ გუნდს, რომლებიც ჩვენთან ერთად უზრუნველყოფენ ჩვენი ქვეყნის მოქალაქეების კომფორტს, სამედიცინო და უსაფთხოების სამსახურის ყველა წარმომადგენელს, რომლებიც 24/7 უზრუნველყოფენ ჩვენი ხალხის ჯანმრთელობასა და უსაფრთხოებას, გუბერნატორებს, ადგილობრივ თვითმართველობებს, აჭარის მთავრობას, ფინანსთა სამინისტროსა და ტურიზმის დეპარტამენტის სრულშემადგენლობას!

ახლა უკვე იცით, თუ რამდენი ადამიანი ზრუნავს თქვენს ჯანმრთელობასა და კეთილდღეობაზე. გთხოვთ, ნუ დაარღვევთ თვითიზოლაციის წესებს, ნუ დალევთ სიცხის დამწევს ჩამოფრენამდე და ნუ ვიქნებით უნებლიე ვირუსის გამავრცელებლები ჩვენსავე ოჯახებში, საყვარელ ადამიანებსა და ჩვენივე ქვეყანაში _ კარანტინში კარგია!

ძალა ერთობაშია და მალე ერთად დავამარცხებთ COVID-19-!“

ქვეყნის მასშტაბით, დაახლოებით 22 სასტუმროში მოეწყო საკარანტინო სივრცე. რა თქმა უნდა, ყველას აინტერესებს, კონკრეტულად რომელმა სასტუმროებმა გამოიჩინეს სოციალური პასუხისმგებლობა ამ მძიმე ვითარებაში, მაგრამ ,,ვერსიას’‘ განუმარტეს, რომ ეს ინფორმაცია კონფიდენციალურია, რაც ნიშნავს, რომ თუ სასტუმროს მფლობელმა ან წარმომადგენელმა ოფიციალურად არ განაცხადა, ტურიზმის ეროვნულ ადმინისტრაციას უფლება არ აქვს, ინფორმაცია გასცეს. აქედან გამომდინარე, ,,ვერსია’‘ მხოლოდ იმ სასტუმროებს ჩამოგითვლით, რომელთა მფლობელებმაც ოფიციალურად განაცხადეს, რომ საკუთარი ობიექტები საკარანტინო სივრცეს დაბალ ფასად დაუთმეს: სასტუმრო ,,საირმე’‘, წყალტუბოს ,,სპა რესორტი’‘, იყალთოს ,,სავანეთი’‘, ბათუმის ,,სპუტნიკი’‘, ბათუმის ,,კოლიზეუმ მარინა’‘, სასტუმროები ანაკლიაში _ ,,ანაკლია’‘ და ,,პალმ-ბიჩი’‘, ასევე განმუხურის სასტუმრო ,,პრატაფსი’‘.

ამ სასტუმროებში, სტანდარტული (ორადგილიანი) ნომრის ფასი თებერვალ-მარტში, საშუალოდ, 40-70 აშშ დოლარის ფარგლებში მერყეობს. ამ ფასში შედის სამჯერადი კვება და სხვა სიკეთეებიც, რაც 14-დღიან კარანტინში, ჩვენი ქვეყნის მოქალაქეებს არ დასჭირდებათ. მაგალითად, აუზზე ნამდვილად ვერ და არ ინებივრებენ, გულითაც რომც მოინდომონ _ ექიმები ამის ნებას ნამდვილად არ დართავენ. უხეში გათვლებით, თუ სასტუმროს დღიურ ფასად, საშუალოდ, 50 აშშ დოლარს ავიღებთ, გამოდის, რომ ერთი პირის 14-დღიანი კარანტინი 700 აშშ დოლარი ჯდება.

ამ სასტუმროების ვებ-გვერდებზე დეტალური ინფორმაციია მითითებული, როგორც სასტუმროებში არსებული პირობების, ასევე, ოთახებისა და იმ სერვისების შესახებ, რასაც კონკრეტული სასტუმრო გთავაზობთ.

რაც შეეხება ფასებს, ის მხოლოდ წყალტუბოს სასტუმრო ,,სპა რესორტს’‘ ჰქონდა მითითებული:

,,ყოფილი საბჭოთა კავშირის თავდაცვის სამინისტროს სანატორიუმიწყალტუბო“, დღევანდელიწყალტუბო სპა რესორტი“, თავისი ისტორიული შენობებით, მდებარეობს 16 ჰექტარზე გაშლილ, ულამაზესი ტყე-პარკის ტერიტორიაზე. 2011 წლის ივლისში, ამ ტერიტორიაზე გაიხსნა სასტუმრო კომპლექსიწყალტუბო სპა რესორტი’‘, რომელიც გათვლილია 137 ნომერზე. ერთადგილიანი სტანდარტული ოთახის ფასია _ 68 აშშ დოლარი, ორადგილიანი სტანდარტული ოთახი _ 99 აშშ დოლარი, სამადგილიანი სტანდარტული ოთახი _ 138 აშშ დოლარი, ოთხადგილიანი (ოროთახიანი) _ 179 აშშ დოლარი, ორადგილიანი აივნით _ 107 აშშ დოლარი, ორადგილიანი დელუქს ოთახი _ 120 აშშ დოლარი, ორადგილიანი დელუქს ოთახი აივნით _ 126 აშშ დოლარი, ორადგილიანი ოროთახიანი ლუქსი აივნით _ 140 აშშ დოლარი, ორადგილიანი საპრეზიდენტო ლუქსი _ 213 აშშ დოლარი, ოთხადგილიანი (ოროთახიანი) 2 დიდი + 2 ბავშვი (16 წლამდე) _ 133 აშშ დოლარი.

***

ჟურნალისტი ნინო ცხოიძე, რომელიც ახლა კომპანია ,,ჰერბალაიფის’‘ დამოუკიდებელი პარტნიორია, 14 მარტს, პარიზიდან საქართველოში, კერძოდ, ქუთაისში ჩამოფრინდა. ის ახლა საკარანტინო ზონაში, ბათუმის სასტუმრო ,,სპუტნიკში’‘ იმყოფება და საკუთარ ისტორიას ,,ვერსიას’‘ უამბობს:

,,3-დან 14 მარტამდე ვიმყოფებოდი პარიზსა და მის შემოგარენშიც. მიუხედავად იმისა, რომ ბილეთი ბევრად უფრო ადრე მქონდა შეძენილი, ვიდრე საქართველოში კორონავირუსით დაინფიცირების პირველი ფაქტი დაფიქსირდა, მაინც ვიკითხე სააგენტოში, შემეძლო თუ არა ბილეთის დაბრუნება, ან გადაცვლა. პასუხად მივიღე, რომ ვინაიდან საფრანგეთს ფრენები არ შეუჩერებია, ბილეთის ფასი არ დამიბრუნდებოდა და არც გადაცვლა იყო შესაძლებელი... საშინელი ამინდი დაგვხვდა. ტრაპიდან ფეხით მოგვიწია შენობამდე მისვლა. გზად ვინც კი შეგვხდა, თვითმფრინავის დაშვებიდან _ პასპორტის კონტროლამდე, ადგილობრივი მოსახლეობა, პირბადე არცერთს ეკეთა. მე მაინც ამაყად გავემგზავრე ავტობუსისკენ. არც ბილეთის გასაყიდ ჯიხურში, არც ავტობუსში, არავის ეკეთა პირბადე და ყველა ისე მიყურებდა, თავი უხერხულად ვიგრძენი. მაშინვე მოვიხსენი პირბადე და ქალაქში, მეტროში, ავტობუსსა თუ მატარებელში ყოფნისას, ჯიბით დამქონდა.

7 მარტს, პარიზის სტადიონზე, საქართველო-პორტუგალიის მატჩზეც არავის მოუთხოვია პირბადე, ან ნიღაბი. ჩხრეკა მხოლოდ სხეულზე ჩაგვიტარეს. გამიკვირდა, რომ ჩანთაში არავის ჩაუხედავს. მე უფრო ტერაქტების შიში მქონდა, ვიდრე _ კორონავირუსის, რადგან საფრანგეთს არ ეტყობოდა ის პანიკა და ეიფორია, რაც საქართველოში დავტოვე. მხოლოდ 13 მარტს, საღამოს ვიგრძენი, რომ გარკვეული შეზღუდვები დაიწყო, რადგან მონმარტზე ,,წმინდა გულის’‘ ტაძარში, მცირერიცხოვან მესას დავესწარი, სადაც იტალიაში დაღუპულთა სულებისთვის ლოცვა აღევლინა და ტაძარი გაურკვეველი ვადით დაიხურა.

14 მარტს დავბრუნდი საქართველოში და მომზადებულიც ვიყავი, რომ თვითიზოლაციაში, ან კარანტინში მომიწევდა ყოფნა. ამასაც საქართველოდან მოსული შეტყობინებებით ვიგებდი. აეროპორტში პასპორტები ჩაგვაბარებინეს და გვარების გამოცხადებით, აეროპორტის ავტობუსიდან, თითო-თითოდ შევდიოდით თერმოსკრინინგის გასავლელად. მითხრეს, რომ პრობლემა არ მქონდა, მაგრამ კარანტინში გადაგვიყვანდნენ. ვიკითხე, სად მივყავართ-მეთქი და გავიგე, რომ ბათუმში განგვათავსებდნენ პარიზის რეისის ყველა მგზავრს.

მოვედით თუ არა სასტუმრო ,,სპუტნიკში’‘, დაგვირიგეს თერმომეტრები, პირბადეები და ხელთათმანები. მალევე დაგვაბინავეს და ვინაიდან აეროპორტშივე, ავტობუსში დაგვახვედრეს საკვები პარკებით, აქაც მოგვიანებით მოგვიტანეს ვახშამი. მას შემდეგ დღეში ორჯერ, დაავადებათა ცენტრის აჭარის ფილიალის მედპერსონალი და წითელი ჯვრის მოხალისეები, სიცხის კონტროლს ახორციელებენ. სამჯერადი კვება კართან გვხვდება და კაკუნით გვაგებინებენ, რომ ავიღოთ. ასევე, გვაძლევენ 1.5 ლიტრ წყალს, ყავას, ჩაისა და შაქარს. ორ დღეში ერთხელ, ჰიგიენური საშუალებები და ნაგვის პარკები მოაქვთ.

ამას გარდა, სასიამოვნო წუთებსაც გვჩუქნიან: აჭარის მთავრობის თავმჯდომარის მიერ გამოგზავნილმა ქოთნის ყვავილებმა და გამამხნევებელმა წერილმა ყველა გაგვახარა. ასევე, სასტუმროს დირექციის წერილიც მივიღეთ და საღამოობით, რამდენჯერმე, მოულოდნელად მოგვიტანეს ტკბილეული.

აქ არავინ ახსენებს, ვისი დამსაურებაა ჩვენი ასეთი კეთილდღეობა, მაგრამ ტელევიზიის საშუალებითაც ვაკვირდები, როგორ მობილიზებულად და შეთანხმებულად მუშაობს მთავრობა, ტურიზმის დეპარტამენტი, პოლიცია და ბიზნესი. ამდენად, მინდა დიდი მადლობა გადავუხადო ყველა უწყებას, ვინც 24-საათიან რეჟიმში ზრუნავს იმაზე, რომ ქვეყანას ეს მოულოდნელად თავსდატეხილი საშიშროება აარიდოს.

მეამაყება, რომ ჩვენი ქვეყანა ასე მზად დახვდა ამ ვითარებას და მიმაჩნია, რომ როგორც ევროპამ, ისე მსოფლიომ უნდა მიბაძოს საქართველოს! ასე რომ შებრძოლებოდნენ კორონავირუსს იმთავითვე, დღეს ასეთი სავალალო მდგომარეობა და გავრცელების მასშტაბები არ იქნებოდა’‘.

***

როგორც სტატიის დასაწყისში აღვნიშნე, საქართველოს მასშტაბით, ყველა სასტუმრო, რესტორანი, კაფე-ბარი, ღამის კლუბი დახურულია. ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის, ნათია თურნავას განცხადებით, კორონავირუსის გამო, ტურიზმის სექტორი საქართველოში, ყოველთვიურად, 30 მილიონ აშშ დოლარს დაკარგავს. ამიტომ, პრემიერ-მინისტრმა, გიორგი გახარიამ ანტიკრიზისულ საბჭოსთან ერთად, ეკონომიკის სტიმულირების გეგმა შეიმუშავა, რომელზეც ,,ვერსიის’‘ წინა ნომერში დეტალურად ვწერდით.

შეგახსენებთ, რომ მთავრობის გადაწყვეტილებით, ტურიზმის ინდუსტრიასთან დაკავშირებულ ბიზნესსუბიექტებს, მომდევნო 4 თვის მანძილზე ანუ 2020 წლის 1 ნოემბრამდე, ქონებისა და საშემოსავლო გადასახადები გადაუვადდებათ. საუბარია სასტუმროებზე, რესტორნებზე, ტურისტულ სააგენტოებზე, სატრანსპორტო კომპანიებსა და საექსკურსიო საქმიანობაში ჩართულ კომპანიებზე. გახარიას განმარტებით, ეს შეღავათი ტურიზმის სექტორში ჩართულ 18 000 კომპანიას და ამავე ინდუსტრიაში დასაქმებულ 50 000-ზე მეტ ადამიანს ეხება.

ოთხი თვის განმავლობაში ანუ მარტში, აპრილში, მაისსა და ივნისში ამ შეღავათით, სექტორში 100 მილიონ ლარზე მეტი ფინანსური რესურსი დარჩება. რაც მთავარია, სახელმწიფოს გადაწყვეტილებით, დამატებითი ღირებულების გადასახადის (დღგ) დასაბრუნებელი თანხა გაორმაგდება. ეს ნიშნავს, რომ დაგეგმილი 600 მილიონი ლარის ნაცვლად, ეკონომიკასა და კომპანიებს, დღგ-ს სახით, 1 მილიარდ 200 მილიონი ლარი დაუბრუნდება.

გარდა ამისა, საქართველოს მთავრობის ეკონომიკის სტიმულირების პროგრამის მიხედვით, ბიზნესს, რომელსაც შეექმნება სესხის გადახდის პრობლემა, ბანკები ინდივიდუალურად გაუკეთებენ სესხის რესტრუქტურიზაციას. აღნიშნული პროცესის შედეგად, მხოლოდ სასტუმრო ინდუსტრიაში, დაახლოებით, 100 მილიონი ლარის ფინანსური რესურსი გამოთავისუფლდება; გაკეთდება სპეციალური სახელმწიფო პროგრამა, რომლის საშუალებითაც 4-დან 50 ნომრამდე სიდიდის სასტუმროები, მთელი საქართველოს მასშტაბით, მიიღებენ საბანკო სესხის 6 თვის პროცენტის თანადაფინანსებას. ეს პროექტი, ქვეყნის მასშტაბით, დაახლოებით, 2 000 სასტუმროს შეეხება.

კიდევ ერთი მნიშვნელოვანი დეტალი, რაც ბიზნესის მაღალ სოციალურ პასუხისმგებლობას უკავშირდება: იმ სამი თვის განმავლობაში, ვიდრე სასტუმროები, რესტორნები, კაფე-ბარები დახურულია, თანამშრომლები კი უხელფასოდ დარჩნენ, მომსახურე პერსონალი დროებით სხვადასხვა სავაჭრო ცენტრმა, მათ შორის, ,,კარფურმა’‘, ,,ნიკორამ’‘, ,,სპარმა’‘, ,,მაგნიტმა’‘ შეიფარა და დაასაქმა.