გაგრაში ადგილობრივი მუსულმანების ლიდერი მოკლეს. მანამდე კი სოხუმში ქალაქის იმამის ფიზიკური განადგურება სცადეს. ასეთი გახშირებული კრიმინალის ფონზე ბაღაფში რელიგიათაშორის საბჭოს ქმნის, რომლის ინიციატორიც რუსეთის მუფთების საბჭოს მეთაურია.
გაგრაში აფხაზეთის მუსულმანთა სასულიერო მმართველობის ქალაქის განყოფილების ხელმძღვანელი ემიკ ჩაკმან-ოღლი მოკლეს, – ამის შესახებ ინტერნეტგამოცემა „კავკაზსკი უზელი“ იუწყება.
1961 წელს დაბადებული ემიკ ჩაკმან-ოღლი, რომელიც ამავე დროს აფხაზეთის საზოგადოებრივი პალატის წევრიც იყო, დაახლოებით 02:00 საათზე, გაგრის ცენტრში საკუთარი სახლის ეზოში მოკლეს. მას პისტოლეტიდან იმ დროს ესროლეს, როცა ახლომდებარე საკუთარი მაღაზიიდან ბრუნდებოდა და ეზოში, ავტომობილიდან გადმოდიოდა.
მკვლელობის ფაქტზე სისხლის სამართლის საქმე გაგრის რაიონის დე-ფაქტო პროკურატურამ აღძრა. დანაშაულის ადგილიდან ამოღებულია ჰილზები, დაინიშნა ბალისტიკური ექპსერტიზა.
დანაშაულის გამოძიებაში ჩართულები არიან დე-ფაქტო გენერალური პროკურორის მოადგილე ბესლან კვიწინია, შს მინისტრის მოადგილე რამინ გაბლაია, დე-ფაქტო უშიშროების სამსახურის და საბაჟო კომიტეტის თანამშრომლები და ექსპერტ-კრიმინალისტები.
მკვლელობასთან დაკავშირებით გაგრის დე-ფაქტო პროკურატურაში გაფართოებული თათბირი ჩატარდა. 10 ივლისს კი სოხუმში ქალაქის მეჩეთის იმამის საალიხ კვარაცხელიას მოკვლა სცადეს. „კელასურის“ სარკინიგზო სადგურთან, შემოწმებისას იმამის ავტომობილის იატაკის ქვეშ ასაფეთქებელი მოწყობილობა აღმოაჩინეს. ამ დროს ავტომობილში საალიხ კვარაცხელიასთან ერთად სამი ქალი და ორი მცირეწლოვანი ბავშვი იმყოფებოდნენ.
ბრიტანეთის არასამთავრობო ორგანიზაციის „Нalo Trust“-ის დახმარებით ასაფეთქებელი მოწყობილობა გააუვნებელყვეს.
აფხაზეთის მუსულმანთა სასულიერო წინამძღოლობამ ეს ინცინდენტი მუსულმანი სასულიერო მსახურების წინააღმდეგ მოწყობილ ტერაქტად შეაფასა:
„აფხაზეთის მუსულმანთა სასულიერო წინამძღოლობამ უკვე მიმართა თხოვნით სამართალდამცველ ორგანიზაციებს, გამიძიონ დანაშაული და აგრეთვე რესპუბლიკის საზოგადოებრივ და პოლიტიკურ პარტიებსა და მოძრაობებს, რესპუბლიკის ყველა რელიგიური კონფესიების ლიდერებს, შეფასება მისცენ მუსულმანთა სასალიერო წინამძღოლობის ოფიციალურ პირთა წინააღმდეგ მოწყობილი ტერაქტის მცდელობას“.
გავრცელებული ინფორმაციით, ოკუპირებული აფხაზეთის „სახელმწიფო უშიშროების სამსახური“ მომხდარი ფაქტების გამოძიებას ცდილობს.
გამოცემა „კავკაზსკი უზელი“ მკითხველს შეახსენებს, რომ „აფხაზეთში ორი მეჩეთი მოქმედებს – სოხუმსა და გუდაუთაში. მისივე ინფორმაციით, 2007 წელს გუდაუთის ცენტრში უცნობმა პირებმა იმამი ხაზმათ( როკი) გიცბა და რუსლან ასადულინი დაცხრილეს.
ამ გახშირებული კრიმინალური თავდასხმების ფონზე, აფხაზეთში რელიგიათაშორისი საბჭო იქმნება. „პრეზიდენტმა“ ბაღაფშმა რელიგიათაშორისი საბჭოს შექმნის განკარგულება გასცა. საბჭოში ყველა ტრადიციული კონფესიის წარმომადგენელი შევა.
ამ ინიციატივით მიმართა ბაღაფშს აფხაზეთში რუსეთის მუფთების საბჭოს წარმომადგენლობის მეთაურმა რუსლან ენიკმა. ბაღაფშმა ასევე ბრძანა, მაჰმადიანებს ორი წლით გაუგრძელონ ქალაქ გუდაუთაში იმ ნაკვეთის ათვისების ვადა, სადაც უნდა აშენდეს ისლამური კულტურულ-საგანმანათლებლო ცენტრი „ვასათია“. ცენტრში დაგეგმილია ბიბლიოთეკის, სამლოცველო დარბაზის, ისლამის საფუძვლების შემსწავლელი კლასების, მაღაზიების, სასტუმროსა და ფიტნესცენტრის შექმნა.
შეგახსენებთ, რომ 2007 წლის აგვისტოში აფხაზეთის მუსლიმანთა სულიერმა სამმართველომ უკმაყოფილება გამოთქვა რესპუბლიკაში ისლამის განვითარებასა და მუსლიმანთა სათვისტომოს გარშემო შექმნილი არასახარბიელო მდგომარეობის გამო.
აფხაზეთიდან ქართველების გადინების შემდეგაც კი ოკუპირებული რესპუბლიკის მოსახლეობის ძირითად ნაწილს ქრისტიანები შეადგენენ.
2003 წლის გამოკითხვის თანახმად, აფხაზეთის გამოკითხული მოსახლეობის 60%-მა განაცხადა, ქრისტიანები ვართო, 16%-მა – მუსლიმანებიო, 3% აფხაზური რელიგიის (ისინი არ აღიარებენ იესო ქრისტეს, მხოლოდ ერთი, შემოქმედი ღმერთი სწამთ) მიმდევარი გამოდგა, 5% – კერპთაყვანისმცემელი, 5% – ათეისტი, 6%-ს კი პასუხის გაცემა გაუჭირდა.
ვიკიპედიის მონაცემებით, ახლა აფხაზეთში მოქმედებს რამდენიმე ათეული მართლმადიდებლური ტაძარი, ხუთი – კერპთაყვანისმცემლური, ორი მეჩეთი და ერთი სინაგოგა.