ქვეყანა კორონავირუსით გამოწვეულ ზარალს პიკის გადავლის შემდეგ დათვლის. ფაქტია, მყიფე ეკონომიკის პირობებში საიმედო პროგნოზის გაკეთება ვერ ხერხდება. როგორ გაუმკლავდება საქართველო ამ გლობალურ გამოწვევას, რომელსაც მსოფლიოს უძლიერესი ლოკომოტივებიც კი შიშით უყურებენ. მიუხედავად ამისა, დამაიმედებელ პროგნოზს აკეთებს საქართველოს ეროვნული ბანკი და თვლის, რომ ეკონომიკურ გამოწვევებს, საქართველოს ფინანსური სისტემა მომზადებული შეხვდა; რომ საბანკო სექტორი ჯანსაღი და მდგრადია, რაც იმის გარანტია, რომ შოკის პიკის გადავლის შემდგომ საქართველოს ეკონომიკა სწრაფად აღდგენას და ნორმალურ რეჟიმში დაბრუნებას შეძლებს. მიუხედავად ამ პოზიტიური პროგნოზისა, for.ge დაინტერესდა, როგორ უყურებენ შექმნილ მდგომარეობას ეკონომიკის ექსპერტები, რამდენად არის თანხვედრაში მსგავსი შინაარსის განცხადებები რეალობასთან, რა პრიორიტეტები გამოიკვეთება პოსტ-პანდემიურ პერიოდში და რამდენად ეფექტური იქნება ხელისუფლების ნაბიჯები სიტუაციის ნორმალიზებისკენ. ამ და სხვა საკითხებზე ჩვენს კითხვებს ეკონომიკის ექსპერტი ლია ელიავა პასუხობს:
ქალბატონო ლია, ფაქტია, რომ ქვეყანას მძიმე სოციალ-ეკონომიკური კრიზისი ელოდება, მთავრობას ამ ეტაპზე არ წარმოუდგენია კრიზისის დაძლევის გეგმა, თუმცა მალე ამის საჭიროებაც დადგება. თქვენ როგორ ფიქრობთ, რა პრიორიტეტები წამოიწევს წინ რა დარგები იმსახურებს მეტ ყურადღებას?
- ყველა პრობლემა, რაც წარმოიქმნება ეკონომიკაში, დაკავშირებული იქნება ფულად სახსრებთან. ყველა პრობლემას მოევლება, თუ იქნება დაფინანსება, როგორც ბიზნესის, ასევე მოსახლეობის. ეს გაჭირვების პერიოდი, ბუნებრივია, ჩვენ უნდა გამოვიაროთ, მაგრამ ამის შემდგომ პერიოდს სჭირდება საკმაოდ დიდი თანხები. ბიუჯეტი, როგორც ვიცით, ძირითადად, გაწერილია სახელმწიფო სტრუქტურების მომსახურეობისათვის და ვფიქრობ, ყველაზე გონივრული იქნებოდა სახელმწიფო სტრუქტურებისათვის თანხების შემცირება და ამ გამოთავისუფლებული თანხების მიმართვა როგორც ბიზნესის მხარადაჭერისათვის, რომ ბიზნესსტრუქტურები არ გაკოტრდნენ, ასევე მოსახლეობისათვის, რომ მოსახლეობა არ ამოწყდეს შიმშილით და არ გაბოროტდეს სახელმწიფოს წინააღმდეგ. ეს უკმაყოფილების პროცესი, ფაქტობრივად, უკვე მიდის, ადამიანებს ფული აღარ რჩებათ საკუთარი თავის გადასარჩენად.
ერთხელ უკვე გამოვიარეთ მსგავსი სირთულე მსოფლიო ეკონომიკური კრიზისის პერიოდში და მაშინ საქართველომ საკმაოდ დიდი დახმარება მიიღო საერთაშორისო ინსტიტუტებისგან, თუმცა შექმნილი ვითარების გათვალისწინებით, რამდენად უნდა გვქონდეს იგივე დახმარების იმედი?
- რამდენადაც ვიცი, მთავრობა აპირებს ფულის სესხებას. თუ გადავხედავთ დღევანდელ სიტუაციას, ყველა ქვეყანა თავის ნაჭუჭშია ჩაკეტილი და ერთმანეთის ბედი არავის ადარდებს. ამიტომ, დიდი კითხვის ნიშნის ქვეშ რჩება, ვინმე დაინტერესდება თუ არა საქართველოს ბედით.
ფაქტია, მოსახლეობისთვის დიდ პრობლემად რჩება ფასების მოსალოდნელი და გარდაუვალი ზრდა, რამდენად აქვს ხელისუფლებას იმის რესურსი, რომ ეს პროცესი მეტ-ნაკლებად შეაჩეროს, საგადასახადო პოლიტიკის შეცვლა და ბიზნესზე შეღავათები ყოველთვის ვერ ამართლებს...
- რაც შეეხება საგადასახადო შეღავათებს, ეს არამარტო ნულოვანი იქნება, არამედ დაამძიმებს ბიზნესის მდგომარეობას. თუ ბიზნესი ახლა არ გადაიხდის გადასახადებს და შემდგომში მას მოუწევს გაორმაგებულად ამ თანხის გადახდა, ეს ფაქტიურად, უფრო დიდ პრობლემებს შეუქმნის ბიზნესს. მეორე საკითხია, თუ ეს შეღავათები გადანაწილდება ერთ და ორ წელზე, ანუ ამ შეღავათების ფასი ჯერჯერობით არის ნულოვანი. რაც შეეხება ფასების სიდიდეს, როგორც მთავრობამ დააწესა ზედა ზღვარი - მაკონტროლებელი ფასები ავიაგადაზიდვებზე - ზუსტად ასევე შეუძლია დააწესოს აბსოლუტურად ყველაფერზე. ანუ, სტრატეგიული დანიშნულების საქონელზე აუცილებლად უნდა იყოს რეგულირებადი ფასები, ასეთ საგანგებო სიტუაციაში.
თუნდაც, პრიორიტეტული სფეროების დოტაციაზე აყვანით, კონტროლის მექანიზმი უფრო მეტი ექნება სახელმწიფოს, ამ საკითხს რატომ არ განიხილავს ხელისუფლება?
- თავის დროზე ვსაუბრობდი იმაზე, რომ სახელმწიფომ ფაქტიურად ხელი დაიბანა ეკონომიკის მართვისაგან, რომ ის იცილებს სახელმწიფო საკუთრებაში არსებულ, მათ შორის სტრატეგიული დანიშნულების ობიექტებს. ეს არის არასწორი პოლიტიკა, ამას არც ერთი სახელმწიფო არ აკეთებს. თუ მთავრობა ამ სიტუაციიდან არ მიიღებს გაკვეთილს და მიხვდება იმას, რომ სახელმწიფოს საკუთრება არის გარანტი ქვეყანაში ეკონომიკური სტაბილურობისა, ამით ქვეყნის ეკონომიკა კარგს არაფერს უნდა ელოდოს. სახელმწიფოს ჩართულობა ეკონომიკურ პროცესებში არის ძალიან მნიშვნელოვანი.
ფაქტია, მსოფლიო კრიზისები ამით არ დამთავრდება, რომელი პრიორიტეტული დარგები გამოიკვეთება, რომ ქვეყანა მსგავს გამოწვევებს მეტ-ნაკლებად მომზადებული შეხვდეს?
- იმისთვის, რომ ეკონომიკა იყოს ძლიერი, საჭიროა ძირითადი თანხების წარმართვა ეკონომიკის რეალურ სექტორში, არა ინფრასტრუქტურაზე, არა მომსახურებაზე, არამედ იმ გლეხების მხარდაჭერაზე, რომლებიც მიწას ამუშავებენ და რაღაცა პროდუქციას ქმნიან. სწორედ ამ დარგების განვითარება ნიშნავს იმას, რომ ჩვენი ეკონომიკა სწარაფად გამოვიდეს კრიზისული მდგომარეობისდან. სამწუხაროდ, საქართველოში საპირისპირო ხდება, იცით, რომ მთლიანი შიდა პროდუქტის ზრდა ძირითადად ხდება მომსახურების სექტორის ხარჯზე, მომსახურება კი, ეს არის ისეთი სახის პროდუქტი, რომელიც არ რჩება ბუნებაში. რეალური სექტორი ქმნის მატერიალურ დოვლათს, რომელიც რჩება ქვეყანაში, ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი განსხვავება. რეალური სექტორი ეს არის მშენებლობა, მრეწველობა, სოფლის მეურნეობა, ეს ქმნის ძლიერ ეკონომიკას.
ამ კრიზისის დაძლევაში ეროვნული ბანკის მონაწილეობა როგორი იქნება?
- საქართველოს გააჩნია 3 მილიარდი დოლარის რესურსი, რომელიც არის გატანილი საზღვარგარეთ. მე ყოველთვის ვამბობდი, რომ საჭიროების შემთხვევაში, ეროვნული ბანკი ამ ფულის მობილიზებას და სწრაფად უკან დაბრუნებას ვერ შეძლებდა. ასეთი უგუნური საქციელი დღეს მეტად საყურადღებოა, ვინაიდან, სწორედ, ეს სამი მილიარდი დოლარი ქვეყანას დაეხმარებოდა უმტკივნეულოდ გადაეტანა მსგავსი სახის კრიზისები. მე არ ვიცი, რა ხდება მთავრობაში და ეროვნული ბანკის ხელმძღვანელობაში, რატომ გააქვთ ეს თანხები, რადგანაც იქიდან მიღებული პროცენტები არის ძალიან მიზერული. ამ თანხების ახლა გამოყენება იქნებოდა ქვეყნისათვის იდეალური ვარიანტი.
ფაქტია, ეროვნული ბანკის პოლიტიკა დიდწილად აცდენილია ქვეყნის პრიორიტეტებს, ვერ თუ არ აკონტროლებს ხელისუფლება ამ პროცესს?
- კანონმდებლობით, მთავრობას არავითარი უფლება არ აქვს ეროვნული ბანკის გაკონტროლების. ეროვნული ბანკი ეს არის სახელმწიფო სახელმწიფოში და თუ რას მოიმოქმედებს ის ქვეყნისთვის, არის დამოკიდებული ეროვნული ბანკის ხელმძღვანელობის გონებაგახსნილობაზე, ცოდნასა და პატრიოტიზმზე. სხვა დანარჩენი ზემოქმედება მთავრობას ეროვნულ ბანკზე კანონით არ გააჩნია. ეროვნული ბანკის შესახებ ორგანულ კანონში წერია, რომ ეროვნულ ბანკს ეკრძალება სესხის მიცემა მთავრობისათვის, თუმცა, მთავრობას შეუძლია გამოუშვას ფასიანი ქაღალდები, ეროვნულმა ბანკმა შეიძინოს ეს ფასიანი ქაღალდები და ამით დამატებითი თანხები მიაწოდოს სახელმწიფო ბიუჯეტს. ყველაფრის გაკეთება შეიძლება პარლამენტის ჩართულობისა და კანონმდებლობის ცვლილებით, თუ ამის სურვილი იქნება ორივე მხრიდან, სხვა შემთხვევაში, ეს გატანილი სამი მილიარდი ემსახურება სხვა ქვეყნების ბიზნესსტრუქტურებს, ეს არის აბსურდი, ეს არის მარაზმი და ამას სჭირდება სახელმწიფოებრივი რეგულირება.
რაც შეეხება პანდემიამდე არსებულ მსფოფლიო ეკონომიკურ მდგომარეობას, ბოლო პერიოდში შეინიშნებოდა ეკონომიკის ზრდის ტემპის შენელება, იყო თუ არა ეს რეცესია?
- ჩვენ გვახსოვს, რომ ოპეკის ქვეყნები ვერ შეთანხმდნენ ნავთობის მოპოვების შემცირებაზე, რათა შეემცირებინათ არსებული ფასი და კარგად გახსოვთ რუსეთის უარი ამ მიმართულებით. შესაბამისად, ეს იწვევს გარკვეულ შეშფოთებებს, ანუ კრიზისისათვის საფუძველი უკვე მზადდებოდა. ამას დაემატა პანდემია, კიდევ უფრო დავარდა ნავთობზე ფასი და, ფაქტობრივად, მთელი მსოფლიო შედის ახალ კრიზისში, ამ კრიზისის სახე თანდათანობით იკვეთება და შედეგი იქნება ძალიან მძიმე. საქართველო, რა თქმა უნდა, ამ პროცესების მიღმა ვერ დარჩება.
რა სიდიდის ზარალს მიიღებს საქართველო და რა დრო დასჭირდება მდგომარეობის გამოსწორებას?
- ექსპორტი იქნება ძალიან შემცირებული. საქართველოს პროდუქცია ნამდვილად არავის არ სჭირდება საზღვარგარეთ. უბრალოდ, ქვეყანა რომელიც არის ლოიალური ევროპის და ამერიკის მიმართ, მას უწევენ მხარდაჭერას და ჩვენს პროდუქციას უშვებენ საკუთარ ბაზრებზე. თუ ექსპორტი არ იქნება, თუ ფულადი გზავნილები არ იქნება საქართველოში შემოსული, შესაბამისად, ქვეყანას დაუდგება სავალუტო შიმშილის პერიოდი. სავალუტო შიმშილი იმას ნიშნავს, რომ კომერციულ ბანკებს ექნებათ ნაკლები თანხები იმისთვის, რომ მოემსახურონ იმპორტიორების მოთხოვნილებებს. საქართველო ძირითადად ცხოვრობს როგორც ფულად გზავნილებზე, ისე არასამთავრობო ორგანიზაციების მიერ უცხოეთში მოპოვებულ გრანტებზე, რაც საკმაოდ დიდ თანხას შეადგენს. თუ ეს წყაროები იქნება გადაკეტილი, შიდა რესურსებით უცხოური ვალუტის მოძიება საზღვარგარეთ იქნება გართულებული და ჩვენ გვექნება საკმაოდ სერიოზული კრიზისული მდგომარეობა, რომელიც, პირველ რიგში, გამოიხატება პროდუქციის უკმარისობით და მეორე მხრივ, ასეთი სიდუხჭირის პირობებში მოსახლეობიდან მოსალოდნელი იქნება სოციალური აფეთქებები.
ადგილობრივმა სოფლის მეურნეობამ უნდა ამოქაჩოს ეს კრიზისული სიტუაცია. მე არ მინდა დავაკნინო მთავრობის როლი და მინდა ხაზი გავუსვა, რომ იყო შემუშავებული ძალიან კარგი პროგრამები, თუმცა ამ პროგრამებმა იმის გამო, რომ ცუდად იქნა რეალიზებული, ვერ იმუშავა სათანადო დონეზე და, ფაქტობრივად, ადგილობრივი წარმოება ვერ წაწია წინ. ეს აღსრულების გადახრები სამწუხაროდ, ახასიათებს საქართველოს მთავრობას და ალბათ, იმით იყო განპირობებული, რომ ასეთი მნიშვნელოვანი პროგრამების რეალიზება მთავრობამ გადასცა კერძო სექტორს. კერძო სექტორს კი გააჩნია ერთადერთი მიზანი, ეს არის მოგების მიღება და როგორ მიიღებს ამ მოგებას, იმისთვის აღარ აქვს მნიშვნელობა.
შექმნილი სიტუაციით რომელი ქვეყნები დაზარალდება ყველაზე მეტად და ყველაზე მეტ მოგებას რომელი ქვეყანა მიიღებს?
- ჯერჯერობით, ამერიკას და ქვეყნებს დიდი ზარალი არ აქვს მიღებული, ვინაიდან, მათი საწარმოების დახურვის შესახებ ინფორმაცია არ ვრცელდება. თუ დაიხურება საწარმოები, როგორც ეს მოხდა ჩინეთში, რა თქმა უნდა, ზარალი იქნება უზარმაზარი, პროგნოზის გაკეთება, თუ რომელ ქვეყანას რა დონის ზარალი მიადგება, ჯერჯერობით, რთულია.