ამირან გამყრელიძე: მივმართავ მოსახლეობას, ძალიან დიდი პასუხისმგებლობით მოვეკიდოთ კარანტინისა და თვითიზოლაციის სწორად დაცვას

ამირან გამყრელიძე: მივმართავ მოსახლეობას, ძალიან დიდი პასუხისმგებლობით მოვეკიდოთ კარანტინისა და თვითიზოლაციის სწორად დაცვას

მივმართავ მოსახლეობას, ძალიან დიდი პასუხისმგებლობით მოვეკიდოთ კარანტინისა და თვითიზოლაციის სწორად დაცვას, – ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ცენტრის ხელმძღვანელმა, ამირან გამყრელიძემ საქართველოს პირველი არხის საინფორმაციო გამოშვებაში „მოამბე“ განაცხადა.

„გაჩნდება თუ არა პირველივე სიმპტომები, აუცილებლად მივმართოთ კარანტინის სამედიცინო ზედამხედველობას, რომ სწრაფად მოხდეს ტესტირება და დადებითი პასუხის შემთხვევაში საავადმყოფოში გადაყვანა. ვინც თვითიზოლაციაშია, ვთხოვ, ნუ დაარღვევენ თვითიზოლაციის წესს. ეს დარღვევები მაინც არის. თუმცა, ბევრად ნაკლები, ვიდრე იყო. განსაკუთრებით, საგანგებო მდგომარეობის შემოღების შემდეგ მოსახლეობა მეტად ემორჩილება კანონს“, – განაცხადა გამყრელიძემ.

როგორც დაავადებათა კონტროლის ცენტრის ხელმძღვანელმა აღნიშნა, კარანტინის თუ თვითიზოლაციის პირობებში 14 დღის დაცვის შემთხვევაში, ინფექციის გავრცელების ალბათობა მინიმუმამდეა დასული, მაგრამ მედიცინაში არაფერია ასპროცენტიანი და უკვე აღწერილია თითო-ოროლა შემთხვევები, როცა ვირუსი ინკუბაციური პერიოდის გასვლის შემდეგაც შეიძლება, იყოს.

„ამიტომ, ეს ყველაფერი ძალიან მკაცრად კონტროლდება და პირველ რიგში, უნდა იყოს თვითკონტროლი“, – განაცხადა გამყრელიძემ.

ამირან გამყრელიძემ ასევე განაცხადა, რომ შემთხვევათა ზრდა პირველ რიგში, იმპორტირებულ შემთხვევებზე იქნება.

„ანუ, მაინც ჩვენი თანამემამულეებისგან, რომლებიც ქვეყანაში ბრუნდებიან. ამ 73 დადასტურებული შემთხვევიდან უცხოეთის მოქალაქე ორი თუ სამია, დანარჩენი კი ყველა ჩვენი თანამემამულეა. ყველას ისტორია დაკავშირებულია სხვადასხვა ქვეყნებიდან შემოსვლასთან – ირანთან, იტალიასთან, საფრანგეთთან, ინგლისთან, აშშ-თან და ა.შ. რა თქმა უნდა, ჩვენი თანამემამულეები, ვისაც საქართველოში დაბრუნება უნდა, უნდა დაბრუნდნენ. ყველა ქვეყანა ასე აკეთებს და საქართველოც ასეა. ამიტომ, შემოტანილი შემთხვევები გვექნება. ამიტომ არის ეს მკაცრი კარანტინი და თვითიზოლაცია აუცილებელი, რომელიც ყველამ უნდა დაიცვას, რომ შემდგომში, შიგნით გავრცელებას მაქსიმალურად ავარიდოთ თავი“, – განაცხადა ამირან გამყრელიძემ.