ნინო გულბათაშვილი:

ნინო გულბათაშვილი: "ცალსახაა, რომ ვიღაცას ამ კარგი სოციალური პროექტის და მასში მონაწილე ასობით ადამიანის დისკრედიტაცია სურს გამიზნულად”

ფეისბუქ-მომხმარებელი ნინო გულბათაშვილი სოციალურ ქსელში წერს:

როცა 181 ბაღის ათასამდე თანამშრომელი დღეს და ღამეს ასწორებს, რომ ბავშვებისთვის კუთვნილი პროდუქტი დარიგდეს, როცა 61000 ბავშვისთვის განკუთვნილი 12 სახეობის პროდუქტი (ჯამში 732 000 ერთეული) უნდა დაფასოვდეს, განხორციელდეს კომუნიკაცია მშობლებთან, დაცული იქნას ჰიგიენის ნორმები, დეზინფექცია ჩატარდეს თითო პარტიის გასტუმრების შემდეგ.(როცა ნახევარი მსოფლიო სახლში ზის და ეს ხალხი ბაღში)...მოკლედ რომ ვთქვა, უზარმაზარი შრომა უნდა გასწიოს პერსონალმა, (აღარაფერს ვწერ ჩვენი, სააგენტოს სტაფის გადაქანცვას და ღამეების თევას თუ სამსახურში, თუ ონლაინ). ამ დროს, ვიღაც „მარი ორიგინალური საჩუქრები“ პოსტავს, რომ თურმე ვადაგასული კვერცხი მისცეს ბაღში.

გასაგებია, ყველაფერი ხდება, გამორიცხული არაფერია, უკავშირდები, ეკითხები, აბა სად, რომელ ბაღში, რომელ დღეს, როგორ მოხდა, რომ გავარკვიოთ და გამოვასწოროთ.... მაგრამ უარი, :მე თვითონ გავარკვევ, არ მინდა ფაქტის გასაჯაროება" და ა.შ. მოკლედ, არ მოდის კომუნიკაციაზე, რომ თუ ხარვეზი მართლა არსებობდა, ის აღმოფხვრა.

ასეთ შემთხვევაში, ცალსახაა, რომ ვიღაცას ამ კარგი სოციალური პროექტის და მასში მონაწილე ასობით ადამიანის დისკრედიტაცია სურს გამიზნულად. უბრალოდ, გულდასაწყვეტია ასეთი მიდგომა და რაღაც ეჭვებსაც აჩენს, მართლა იყო ეს ასე თუა რა.

თუმცა, საბედნიეროდ, ამავდროულად, მადლიერების უზარმაზარი ტალღა მოდის მშობლებისგან, რომლებიც არც სახელს მალავენ, არც გვარს, არც ბაღის ნომერს და მასწავლებლებს სახელობითაც კი უხდიან მადლობებს.

უფრო შინაურულად და მარტივად ვიტყოდი ერთი შინაური ცხოველისა და ისეთი ადამიანური გრძნობის ურთიერთკავშირის შესახებ, რომელიც სიკეთით გამოწვეულ ემოციას გამოხატავს, მაგრამ თავს შევიკავებ, რა იცი რა ხდება...