როდესაც ახლობელი კვდება, მასთან დამშვიდობება ნებისმიერი ჩვენგანისთვის მნიშვნელოვანია, თუმცა კორონავირუსმა იტალიელებს ამის შესაძლებლობაც კი წაართვა.
„პანდემია კლავს ორჯერ, - ამბობს მილანის სარიტუალო მომსახურების კომპანიის თანამშრომელი ანდრეა ჩერატო, - პირველად, როდესაც ადამიანი კვდება იზოლაციაში, ხოლო შემდეგ, როდესაც მას უკანასკნელ გზაზე არავინ აცილებს“.
Covid-19 მსხვერპლთა უმრავლესობა საავადმყოფოს იზოლირებულ ბოქსებში კვდება, სადაც ახლობლებს არ უშვებენ, რადგან ვიზიტები აკრძალულია. მედიკოსები ამბობენ, რომ ავადმყოფის გარდაცვალების შემდეგ ვირუსი მისგან უკვე აღარ გადაეცემა, თუმცა რამდენიმე საათის განმავლობაში იგი კვლავ რჩება ტანსაცმელზე, ამიტომ გვამს სასწრაფო წესით ჰერემეტიულად ფუთავენ.
„უამრავი ოჯახი გვთხოვს, მივცეთ საშუალება, რომ მიცვალებულს უკანასკნელად შეავლონ თვალი, მაგრამ ეს აკრძალულია“, - ამბობს კრემონელი (ლომბარდია) მეკუბოვე მასიმო მანკასტროპა.
ასევე, შეუძლებელია ისიც, რომ მიცვალებულს ნორმალური ტანსაცმელი ჩააცვა, ამიტომ ყველას ერთნაირ, უფერულ ხალათებში ასაფლავებენ, თუმცა მასიმო მაინც ყველაფერს აკეთებს, რაც შეუძლია. „ოჯახი გვაწვდის ტანსაცმელს, რომელსაც ჩვენ სხეულზე ვალაგებთ, ვითომ აცვია“, - ამბობს მეკუბოვე.
შექმნილ უპრეცედენტო სიტუაციაში სასულიერო პირების, მეგობრების და ნათესავების ფუნქციების საკუთარ თავზე აღება მოულოდნელად მეკუბოვეებს მოუწიათ, რადგან ადამიანის გარდაცვალების მომენტში მისი ახლობლები, როგორც წესი, თავადაც კარანტინში იმყოფებიან.
„მიცვალებულებთან დაკავშირებულ მთელ პასუხისმგებლობას ჩვენ ვიღებთ საკუთარ თავზე, - ამბობს ანდრეა ჩერატო, - ოჯახებს ვუგზავნით იმ კუბოს ფოტოს, რომელშიც მიცვალებული უნდა ჩავასვენოთ, საავადმყოფოდან ჩვენვე მოგვაქვს გვამი, ვასაფლავებთ და ან კრემაციას ვუკეთებთ. ოჯახს ისღა დარჩენია, რომ გვენდოს“.
ანდრეას თქმით, ყველაზე რთულია ის, რომ ჭირისუფალს დარდს ვერაფრით უმსუბუქებს, ისიც კი არ შეუძლია, რომ მომსახურების ჩამონათვალი შესთავაზოს, რადგან ეს ჩამონათვალი ახლა მეტად შეზღუდულია.
„მიცვალებულებს ვერ ვაცმევთ, ვერ ვვარცხნით, ვერ ვუკეთებთ მაკიაჟს და ეს ძალიან სამწუხაროა“, - ამბობს ანდრეა.
ეპიდემიის გამო მეკუბოვეები ჭირისუფლის მოძალებას განიცდიან. ჭირისუფალი ცდილობს დაკეტილი კარის მიუხედავად მათ გადააწოდოს წერილები, საოჯახო რელიქვიები, ნახატები და ლექსები, ისინი ითხოვენ, რომ ეს ყველაფერი მეკუბოვეებმა მიცვალებულებს კუბოში ჩაუდონ, მაგრამ ესეც აკრძალულია.
თუ ადამიანი საკუთარ სახლში გარდაიცვალა, მიცვალებულის წასაღებად მეკუბოვეები სრული აღჭურვილობით ცხადდებიან: სათვალე, ნიღაბი, ხელთათმანები და სპეცტანსაცმელი. ჭირისუფალისთვის ეს დამატებითი სტრესია.
ბევრი მეკუბოვე და მესაფლავე თავადაც კარანტინში იმყოფება, მათი ოფისები დაკეტილია, არსებობს საშიშროება, რომ მათ, ვინც ჯერ კიდევ მუშაობს, თავის დაცვის საშუალებები მალე გამოელევა.
„ერთი კვირის სამყოფი სპეცსაშუალებები დაგვრჩა. როცა ესეც გათავდება, უბრალოდ, ვეღარ ვიმუშავებთ, არადა ჩვენ სარიტუალო მომსახურების ყველაზე დიდი ქსელი ვართ მთელ იტალიაში. ვერ წარმომიდგენია, რა დღეში არიან სხვები“, - ამბობს ჩერატო.
კორონავირუსისი შეკავების მიზნით იტალიაში მიცვალებულებისთვის წესის აგებაც აიკრძალა, რაც უპრეცედენტო ნაბიჯია იმ ქვეყნისთვის, სადაც კათოლიკური ტრადიციები ღრმად არის გამჯდარი.
ანდრეა ყოველ დღე თითო ადამიანს მაინც მარხავს, გამოსამშვიდობებლად კი, კარანტინის წესების გამო, არავინ მოდის. „დაკრძალვაზე, საერთოდ თუ ვინმე მოვა, მხოლოდ ერთი ან ორი, მეტი არა. არც არავის შესწევს იმის ძალა, რომ რამე თქვას და სამგლოვიარო პროცესია სრულ სიჩუმეში ტარდება“, - ამბობს მეკუბოვე.
იგი შეძლებისდაგვარად ცდილობს თავი აარიდოს მსგავს სიტუაციებს. ანდრეა ეკლესიაში კატაფალკით მიდის, აღებს საბარგულს და მღვდელს თხოვს, კურთხევის რიტუალი დაჩქარებული წესით ჩაატაროს. ხშირად მთელი ცერემონია რამდენიმე წამში სრულდება, რადგან მეკუბოვეს უკვე კორონავირუსის მომდევნო მსხვერპლი ელოდება.
დამკრძალავი ინდუსტრია იტალიაში უკვე ძალიან არის გადატვირთული, გარდაცვლილთა რაოდენობა კი კვლავ იზრდება. „კრემონეში ჩვენს განყოფილებასთან უამრავი კუბო ალაგია, სუპერმარკეტი გეგონება“ - გვეუბნება ჩერატო.
ჩრდილოეთ იტალიაში მორგებიც გადაიტვირთა. „კრემონეს საავადმყოფოს სამლოცველო დურგლის სახელოსნოს უფრო მოგაგონებთ“, - ამბობს ადგილობრივი განყოფილების თანამშრომელი, მასიმო მანკასტროპა. თუმცა ყველაზე გადატვირთული მაინც იმ ქალაქის სასაფლაოა, რომელშიც ყველაზე მეტი ადამიანი გარდაიცვალა. პრობლემის გადასაწყვეტად ბერგამოში სამხედროები გამოიძახეს. გასულ კვირაში ადგილობრივი მცხოვრებლები მდუმარედ აყოლებდნენ თვალს სამხედრო მანქანების კოლონას, რომელსაც 70 კუბო მიქონდა, 70 ბერგამოელის ცხედარი კრემაციისთვის მეზობელ ქალაქში გადაჰქონდათ და ალბათ, ეპიდემიის აფეთქების შემდეგ, ცოტა რამ თუ იყო ასეთი შოკისმომგვრელი და გულსაკლავი.
ექიმებს და მედპერსონალს იტალიაში გმირებს და მხსნელებს უწოდებენ, სარიტუალო მომსახურების ფირმების თანამშრომლები კი ჩრდილში რჩებიან. „ჩვენში, უბრალოდ, სულების გადამზიდებს ხედავენ, უმადური საქმეა, მაგრამ, გარწმუნებთ, მხოლოდ ის გვინდა, რომ სიკვდილი და უკანასკნელი გზა ღირსეული იყოს “, - ამბობს მასიმო.
#Andratuttobene - დღეს ყველაზე პოპულარული ჰეშტეგია იტალიაში მას ცისარტყელას გამოსახულების გვერდით წერენ. #Andratuttobene, ანუ „ყველაფერი კარგად იქნება“.
სიხარულისთვის მიზეზები არ არის. ყველა ლოცულობს, რომ მზე ისევ ამოვიდეს, მაგრამ როდის მოხდება ეს, ჯერჯერობით არავინ იცის.
(მოამზადა ნიკა ასლანიძემ, for.ge)