სოზარ სუბარი: კარანტინი გამოიწვია იმან, რომ დაინფიცირების წყარო და არეალი ბოლომდე გარკვეული არ იყო, დღეს ეს არეალი ცნობილია

სოზარ სუბარი: კარანტინი გამოიწვია იმან, რომ დაინფიცირების წყარო და არეალი ბოლომდე გარკვეული არ იყო, დღეს ეს არეალი ცნობილია

კარანტინი გამოიწვია იმან, რომ პირველი შემთხვევა დაფიქსირდა, როცა წყარო ბოლომდე იდენტიფიცირებული არ არის და არ ვიცოდით, გავრცელების არეალი რა შეიძლება ყოფილიყო, – ამის შესახებ რეგიონული განვითარების საკითხებში პრემიერის მრჩეველმა, სოზარ სუბარმა განაცხადა.

როგორც სოზარ სუბარმა აღნიშნა, დღეს, დაახლოებით ცნობილია ის არეალი, სადაც სავარაუდო დაინფიცირებულებს ეძებენ.

„მინდა, ქართული საზოგადოების გარკვეულ ნაწილში, სოციალურ ქსელებსა და ჟურნალისტებში ატეხილ აჟიოტაჟზე განმარტება გავაკეთო იმის თაობაზე, თითქოს, მარნეულსა და ბოლნისში გამოცხადებული მკაცრი კარანტინი დაკავშირებულია იმასთან, რომ ჩვენს მოქალაქეებს, ეთნიკურ უმცირესობას არ აქვს ინფორმაცია, მათ ინფორმაცია არ მიეწოდებათ საკუთარ ენაზე და ა.შ. ეს ასე არ არის, ყველა ადამიანი ინფორმირებული იყო, უბრალოდ, გეტყვით იმას, კარანტინი რამ გამოიწვია. კარანტინი გამოიწვია იმან, რომ პირველი შემთხვევა დაფიქსირდა, როცა წყარო ბოლომდე იდენტიფიცირებული არ არის და არ ვიცოდით, გავრცელების არეალი რა შეიძლება ყოფილიყო. დღეს, დაახლოებით ცნობილია ის არეალი, სადაც სავარაუდო დაინფიცირებულები უნდა ვეძებოთ. როცა საბოლოო სურათი გვეცოდინება, მსჯელობა შეგვეძლება, რომ იქ საგანგაშო არაფერია. ყოველ შემთხვევაში, ამ დროისთვის ასეთი სურათი იკვეთება. კორონავირუსი ოთხ ადამიანს აღმოაჩნდა, რომლებიც დაინფიცირებული ქალბატონის ოჯახის წევრები არიან.კვლევები აჩვენებს, რომ ეს არ არის შორს გასული“, – განაცხადა სოზარ სუბარმა.

მისივე თქმით, გავრცელება არ უკავშირდება ნოვრუზ ბაირამს, რომელიც ამ დღეებში იყო და არის ერთ-ერთი გამორჩეული დღესასწაული.

„ნოვრუზ ბაირამის განმავლობაში არანაირი საჯარო დღესასწაულები არ იმართებოდა. ამ დღესასწაულის ისტორიაში, მგონი, პირველად, მოქალაქეები საკუთარ სახლში აღნიშნავდნენ, მოწყვეტილი იყვნენ მეზობლებისა თუ მოქალაქეებისგან. ამ თვალსაზრისით, აზერბაიჯანელ ჩვენს თანამოქალაქეებს მადლობის გარდა არაფერი ეთქმით, რომლებიც მითითებებს ზედმიწევნით იცავდნენ. ის განგაშის ზომა, რომელიც აწეული იყო ჩვენს ქვეყანაში, ყველა ქართულენოვანი საინფორმაციო საშუალება გადასცემდა და გადავცემდით აზერბაიჯანელ თუ სომეხ მოქალაქეებს მათთვის გასაგებ ენაზე, ხშირ შემთვევაში, შეიძლება, განგაშის ზომა იმ დონეზე არ იყო იმ ადამიანებში, ვინც მეზობელი ქვეყნების ტელევიზიებს უყურებდნენ. იქ არ იყო იგივე განგაშის ზომა. ანუ, ინფორმაცია ჰქონდათ, მაგრამ უბრალოდ, გრძნობებზე იმდენად არ მოქმედებდა. დღეს, როცა აზერბაიჯანში კარანტინი მთლიანად არის გამოცხადებული, თანაბრად არის ჩვენი თითოეული მოქალაქე მობილიზებული მიუხედავად იმისა, თუ რომელ ეთნიკურ ჯგუფს განეკუთვნებიან, თუ რომელ ენაზე საუბრობენ“, – განაცხადა სოზარ სუბარმა.