„მსოფლიო ფსიქოზის შექმნაში ბევრი ქვეყანა იყო დაინტერესებული“

„მსოფლიო ფსიქოზის შექმნაში ბევრი ქვეყანა იყო დაინტერესებული“

ანალიტიკოს ამირან სალუქვაძის შეფასებით, ბანკების გადავადებაში სოლიდარობა იყო ნულოვანი - მხოლოდ ბიზნესი - თავიდან აირიდეს კლიენტებთან დავები. მისი თქმით, გადავადების პროცენტები სრულად ერიცხება მომხმარებლებს. რაც შეეხება გლობალური ეკონომიკის გამოწვევებს, სალუქვაძე აცხადებს, რომ პანდემიის გარეშეც სერიოზული პრობლემები იყო და საუბრობდნენ შესაძლო რეცესიაზე. ვითარება სანამდე გაგრძელდება და რამდენად მძიმე პროცესებში გადაიზრდება, ანალიტიკოსის შეფასებით, რთული სათქმელია, რადგან დღეს ასეთი პროგნოზები არ არსებობს.

for.ge ამირან სალუქვაძეს ესაუბრა.

ვითარება არის რთული. კორონავირუსს უკვე განიხილავენ არა როგორც ვირუსულ ეპიდემიას, არამედ გლობალურ მოვლენას. მით უმეტეს, რომ აშშ და ჩინეთი ერთმანეთს ადანაშაულებენ ვირუსის გავრცელებაში. ბატონო ამირან, შესაძლებელია, რომ ვირუსის ამ სახით გავრცელების უკან, დიდი პოლიტიკური თამაშები მიმდინარეობდეს და ამ მოვლენის ხარჯზე ბევრმა სცადოს თავისი მიზნების მიღწევა?

ამირან სალუქვაძე: შეთქმულების თეორიები საინტერესოა წასაკითხად, ან ფილმებში, სანახავად. ასეთი სიტუაციები კი, ვცდილობ, რეალურად შევაფასო. როგორც წესი, ოკეანს იქეთკენ იშვერენ თითს. ამერიკაში, 21 მარტის მონაცემებით, COVID-19-ით დაინფიცირებულია 21,5 ათასი, ხოლო გარდაცვლილია 267 ადამიანი. მძიმე მდგომარეობაა ნატოს წევრ ბევრ ქვეყანაში: იტალია, ესპანეთი, დიდი ბრიტანეთი, გერმანია, საფრანგეთი. ანუ, რა გამოდის, საკუთარ თავს და პარტნიორებს მოუწყვეს?!

მივეჩვიოთ უნდა ასეთ ვირუსებს და ეპიდემიებს. ბოლო 20 წელში 10–ზე მეტი პანდემია და ეპიდემია იყო, მათ შორის 3 - კორონა ვირუსით. რაც შეეხება ბრალდებას, მსგავს გამოწვევებს ყოველთვის იყენებენ მსოფლიოს წამყვანი მოთამაშეები ერთმანეთის წინააღმდეგ. ვირუსთან დაკავშირებით ურთიერთბრალდებები გავრცელდება. ვფიქრობ, ის საინფორმაციო და ენერგო დაპირისპირებები, რომლებიც ახლაა გაჩაღებული, უფრო ეპიდემიის თანმდევია, ვიდრე პირიქით.

გამორიცხავთ, რომ ჩინეთს თავისი ინტერესები ჰქონდეს ამ ისტორიაში? ძალიან ბევრს საუბრობენ იმაზე, რომ ქვეყნები პანიკას სპეციალურად ქმნიან და არგუმენტად მოჰყავთ ის, რომ გრიპების არსებული ეპიდემიები, რაც უკვე იყო, იმათთან შედარებითაც კი, კორონავირუსი არ გამოიყურება როგორც ძლიერი ვირუსი...

– მსოფლიო ფსიქოზის შექმნაში ბევრი ქვეყანა იყო დაინტერესებული. რა თქმა უნდა, ის მასშტაბური ზომები, რომლებიც ჩინეთმა განახორციელა, დამრთგუნავი იყო მსოფლიოსთვის. არც რუსულმა პროპაგანდამ დააკლო ხელი საინფორმაციო მუხტის გასაძლიერებლად. ყველას თავისი ინტერესები აქვს. პირადპირ დადანაშაულება რომელიმე მხარის რთულია. ჩინეთზე საუბრობენ, რომ გაუფასურებული კომპანიები იაფად შეისყიდა. ამავე დროს, ცნობილია, რომ ჩინეთის ეკონომიკა, მისი მშპ 20%-თ შემცირდა. ასე რომ, ჯერ ადრეა დასკვნების გაკეთება, ვინ როგორ გამოვა ამ სიტუაციიდან, გადაიზრდება თუ არა პროცესები მსოფლიო ეკონომიკის რეცესიაში, ან უფრო მეტი – კრიზისში.

ფაქტია, რომ საქართველოში ხელისუფლება და სამედიცინო სამსახურები უმკლავდებიან პანდემიასთან ბრძოლას. ამ ეტაპზე ჩანს, რომ ქვეყანაში არსებობს პანდემიაზე კონტროლის მექანიზმები, თუმცა ამის მიუხედავად ქვეყანაში გამოცხადდა საგანგებო მდგომარეობა. მარნეულისა და ბოლნისის მუნიციპალიტეტები მკაცრი კარანტინის რეჟიმზე გადაიყვანეს. არ არის გამორიცხული, რომ ქვეყანაში საყოველთაო კარანტინი გამოცხადდეს...

– ვფიქრობ, ხელისუფლებამ რამდენიმე მიზეზის გამო დაინახა საგანგებო მდგომარეობის გამოცხადების აუცილებლობა: ვირუსის გავრცელების შეჩერება; ვირუსის გამო გამოწვეულ უარყოფით გავლენებზე ეფექტური და დროული რეაგირება; ბიუჯეტის სწრაფი და მოქნილი ადაპტირება არსებულ გამოწვევებთან, ხარჯებთან; ეკონომიკაში, წარმოებების საქმიანობაში ეფექტიანად ჩარევა და სხვა. ამას ველოდი, ოღონდ, ოდნავ მოგვიანებით, თვის ბოლოსკენ. თუმცა, მთავრობას მეტი ინფორმაცია აქვს და უკეთ ხედავს სურათს. ამ ეტაპისთვის მთავრობა თანმიმდევრულად და გეგმაზომიერად მოქმედებს.

მომაკვდინებელი ვირუსი მთელ მსოფლიოშია, მაგრამ რატომღაც, ჩინეთის მსგავსად, ინფრომაციას მალავს რუსეთი. როგორ ფიქრობთ, რატომ მალავს რუსეთის ხელისულება ინფორმაციას და რატომ ამბობს უარს იმოქმედოს საერთო სტანდარტით? რას აძლევს ინფორმაციის დამალვა?

– ბევრი მიზეზია. ტოტალიტალურ რეჟიმებს ეს ჩვევიათ და მისი ანალიზი ნაკლებ საინტერესოა. ფაქტია, რომ რუსეთ-ჩინეთის საზღვრებიდან, ურთიერთმიმოსვლის მასშტაბებიდან გამომდინარე, ამ ციფრების არავის სჯერა.

რაც შეეხება საფრთხეებს, ვხედავთ, რომ ამ ვირუსმა უკვე შექმნა პრობლემები ეკონომიკის მიმართულებით, ვხედავთ როგორ უფასურდება ეროვნული ვალუტა, რამდენად მძიმე ეკონიმიკური საფრთხის წინაშე ვდგავართ და რამდენად მზარდია ეს საფრთხეები? იგივე ბანკების მიერ სამთვიანი გადავადება, ამით ვინ ხეირობს, მოსახლეობა, თუ ისევ ბანკები?

– ბანკების გადავადებაში სოლიდარობა იყო ნულოვანი. მხოლოდ ბიზნესი - თავიდან აირიდეს კლიენტებთან დავები. გადავადების პროცენტები სრულად ერიცხება მომხმარებლებს. ამიტომ მათ განცხადებებს, თითქოს სოლიდარობა გამოიჩინეს, ვერ გავიზიარებ. რაც შეეხება გლობალური ეკონომიკის გამოწვევებს, პანდემიის გარეშეც სერიოზული პრობლემები იყო და საუბრობდნენ შესაძლო რეცესიაზე. ვირუსმა კი ძალიან სერიოზული გავლენა იქონია. პროცესებს ჯაჭვური ეფექტი აქვს. შეჩერდა საავიაციო, საზღვაო მომოსვლები, ანუ საწვავის მოხმარება შემცირდა, შემოსავლები მოაკლდათ პორტებს, სანავიგაციო და სხვა თანმდევ სამსახურებს, ლოგისტიკას.

შეჩერდა ტურიზმი, დარტყმა ადგება სარესტორნო, სასტუმროების და სხვა ბიზნესს, შემოსავლები აკლდება ტურისტულ და დასასვენებელ ადგილებს და ა.შ. თვალს ვადევნებთ ენერგო მოთამაშეებს შორის სერიოზულ დაპირისპირებას, განსაკუთრებით ბაზრებისთვის. ეს ყველაფერი სადამდე გაგრძელდება და რამდენად მძიმე პროცესებში გადაიზრდება, რთული სათქმელია. დღეს ასეთი პროგნოზები არ არსებობს. ვითარების სწრაფად გაუმჯობესების პერსპექტივა არ არსებობს.

 

DDDzia რაო, რუსეთის გარეშე არ გამოდის არაფერი ისევ, ხომ?
რომ არ შეატენოთ ეს რუსეთი, არ შეგიძლიათ?
ისე, რა ნაწილშია ეს პატივცემული ანალიტიკოსი?
რა იცის ამან ეკონომიკაში, პოლიტიკაში, სამხედრო საქმეში, და კიდევ ეშმაკმა უწყის რაში?
თუ ანალიტიკოსობა ამ ყველაფრის კრებსითი ნაწილია?
ადრე ყველა ექსპერტი იყო, მაგრმა ეტყობა მარტო ექსპერტობა საკმარისი არ არის. ასეა თუ ისე, ექსპერტი ადამიანი ერთ საქმეში შეიძლება იყოს, ნუჩვენთან მაქსიმუმ სამში ანდ ოთხში.
აი ანალიტიკოსობა ყველაფერს მოიცას.
აბა თქვენ იცით!
ისე, მანიც როდის დაიშლება რუსეთი, ხომ ვერ გვეტყვის ეს ანალიტიკოსი?
4 წლის უკან
Aburjga Tasmanieli ხოოო.... არ ვიცი დააკვირდით თუ არა რა გახარებული იყვნენ ეკონომიკის მინისტრი, სოფლის მეურნეობის მინისტრი და საერთოდ ხელისუფლება, როცა გამოაცხადეს ზვავები ავაფეთქეთ, გზა- ლარსი გავხსენით და აწი სურსათის მოწოდება სტაბილურად მოხდება და სურსათის ნაკლებობა არ გვემუქრებაო!!!! ხომ არ იცით ლარსის იქეთ, საიდანაც ეს სურსათის ნაკადები მოედინება რომელი ქვეყანა მდებარეობს აშშ, საფრანგეთი, შვედიცარია თუ ....?! ეხხ... ამ სახელმწიფო ფარისევლობას როდესმე დაემება წერტილი?!
4 წლის უკან