თბილისური გარემო, მისი განუმეორებელი ყოფა და სათუთი ურთიერთობები, ყოველთვის კვებავდა საქართველოს დედაქალაქს, ეს რეალობა შესანიშნავადაა ასახული ქართულ მუსიკაში. თბილისი მუდმივად იყო დიდი კომპოზიტორების მუზა, ჩვენს მსმენელს აქვს ბედნიერება მოისმინოს მელოდიები, ძველი თბილისის ასოციაციას რომ იწვევს.
მუსიკალური თემები მთელი სიმძაფრითა და ექსპრესიულობით გადმოსცემს ქალაქურ ყოფას, რითაც თბილისი ყოველასგან გამორჩეული გახლდათ.
ამგვარი განწყობა უხვად მოიპოვება კომპოზიტორ ნუნუ დუღაშვილის შემოქმედებაში. სწორედ ამ შესანიშნავი კომპოზიტორის ქმნილებებშია დალექილი ის ძარღვიანი მუსიკალური თემები, რაც თბილისს ასაზრდოებდა. ქალბატონი ნუნუს სიმღერებმა “თბილისო სიხარულო“, “მე თბილისის მოტრფიალე ვარ“, გალაკტიონის, ანა კალანდაძის მურმან ლებანიძის, დოდო გვიშიანის ტექსტებზე შექმნილმა მელოდიებმა გამოსვლისთანავე მოიპოვეს დიდი პოპულარობა.
რატომ ვერ მოერია საბჭოური რეპრესიები
თბილისურ ურთიერთობებს
მეიდანის ფენომენი ბებიასგან ვიცი, დედას განსაკუთრებულად უნდოდა შეგვეგრძნო, თუ რას ნიშნავდა ეს ადგილი, მისი რჩევით წავიკითხე ალექსანდრე დიუმას “მოგზაურობა კავკასიაში“, სადაც აღწერილი იყო თბილისური აბანოები. ძველი გამოცემა განსაკუთრებულად პედანტურად იყო მიახლოვებული დედანთან, სწორედ იქიდან შევიმეცნე, თუ რა საოცრების დამტევი იყო მეიდანი, თუ რა განსაკუთრებული მოვლენა გახლდათ ჩვენს ცხოვრებაში თბილისური აბანოები.
ჩვენს დროს საკმაოდ პოპულარული გახლდათ აკაკი ბელიაშვილის “ცხოვრება ბესიკ გაბაშვილისა“, მშვენიერი ბელეტრისტიკა იყო. იქიდან მახსოვს, თუ როგორ იყო აღწერილი ერეკლეს ქუჩა, კარგად ჩანდა თბილისური ყოფა, ყველასგან გამორჩეული სათუთი ურთიერთობები.
დღესაც დგას დედაჩემის სახლი ჩახრუხაძის ქუჩაზე, სამწუხაროდ ინგრევა... ძალიან დიდია სინანულის გრძნობა... ეს ჩემი წინაპრების საძირკველია. აქ ჩვენი ნათესაობა იკრიბებოდა, სამწუხაროდ, უმეტესობა ან გადაასახლეს, ან დახვრიტეს.
საკმაოდ ერთგული იყო ჩემი ნატო ბებო სიწმინდეების მიმართ, მახსოვს როგორ მოდიოდა ვერის უბანში ჩვენთან ჩახრუხაძის ქუჩიდან, მოგვკიდებდა ხელს მე და ჩემს დას, მეიდანზე მივყავდით, რომ გვენახა განუმორებელი თბილისური სურათები. ეს იყო ზიარება იმ ნაღებ ინტელიგენციასთან, რომელთაგანაც საკმაოდ ბევრი რამის სწავლა შეიძლებოდა.
მახსოვს, თუ როგორ მტკივნეულად შეხვდა ინტელიგენცია რეპრესიებს, კარგად მახსოვს თბილისში ის კოცონები, სადაც წიგნებს წვავდნენ, იმ წიგნებს, რომლის გამოც შეიძლება ადამიანებს გარკვეული უსიამოვნება შეხვედროდათ... ეს იმ ნაღდი თბილისური გარემოს ალტერნატივაა, რომელმაც ფაქტობრივად მთლიანად შეცვალა ლაღი და მომხიბვლელი გარემო ჩაკეტილი ცხოვრებით. მაგრამ ის ჯანსაღი ურიერთობები მაინც თავისას აკეთებდა, ვერ ამოძირკვეს, ვერ მოერივნენ ასე ერთბაშად ამ ფენომენს...
კაცი ლადო გუდიაშვილის სურათებიდან
მეიდნის ფენომენი ზოგადთბილისური ფენომენი გახლდათ, რაც ნებისმერ ეზოში ჰპოვებდა თავის ასახვას. ვერაზე დიდი სახლი გვქონდა, პეროვსკაიას, ნიკოლაძისა და ყოფილი ყორღანოვის კუთხეში. ოთხი ეზო იყო გაერთიანებული, აქ ცხოვრობდა საზოგადოების ყველა ფენა. იყვნენ თამბაქოს ფაბრიკის მუშები, მეეზოვეები, გვერდით პროფესორი ბახტაძე იყო ჩვენი მეზობელი, უფრო იქით კომპოზიტორი ნიკოლოზ გუდიაშვილი, იოსებ ნონეშვილი...
ჩვენი მეზობელი იყო გაიოზ შარაშიძე, ცნობილი ფსიქიატრი...
მოპირდაპირე სახლში ჩვენსავე ეზოში ცხოვრობდა სახალხო მხატვარი მიშა ხუბაშვილი, ძველი თბილისის ღირსეული წარმომადგენელი, ლადო გუდიაშვილის სურათს ჰგავდა საოცრად... ლადო გუდიაშვილს რომ ჰქონდა გამოფენა, ნახატები რომ ვნახე, დედაჩემს ვეკითხებოდი: დედა, ეს ხომ ძია მიშაა-მეთქი. საკმაოდ კარგი პლასტიკით გამოირჩეოდა ძია მიშა, მეტად თავისებურად დადიოდა, მუდმივად ჰქონდა ურთიერთობა ყარაჩოხელებთან, კინტოებთან, ძალიან უყვარდა ეზოში ქეიფი, მახსოვს როგორ მოდიოდნენ კინტოები თაბახებით, განიერი შარვლებით...
ეს სურათები ჩემს ბავშვურ მეხსიერებას მძაფრად შემორჩა. თბილისი დღესასწაული იყო ჩემთვის. მახსოვს ჩვენს ეზოში მოქეიფე გოგლა ლეონიძე, მახსოვს მანქანების სახურავზე ნაცეკვი კინტაურიც...
გაიოზ შარაშიძემ რომ ითამაშა “გიორგი სააკაძეში” პაატას როლი, საკმაოდ პოპულარული გახდა. უკან დავდევდით პატარა ბავშვები, ხან რას ვეკითხებოდით, ხან რას. გამოგვრეკავდა ხოლმე, დამანებეთ თავიო... სად ნახავთ ახლა ჩაკეტილ სახლებში ასეთ ურთიერთობებს? დილით გვესმოდა ხოლმე ძია მიშას თბილი ხმა - გაიოზ, არ მოხვალ გენაცვალე? მესტუმრე, მესტუმრეო... უკვე ვიცოდით ეს ქეიფის დაწყების ნიშანი იყო...
ცნობიერებაში დალექილი ინტონაციები
საოცარი ნათლია მყავდა ნორა ბაგრატიონი, დედაჩემის მეგობარი გიმნაზიიდან, შემდეგ ერთ ეზოში აღმოვჩნდით... დედამისი იმერელი გახლდათ კანდელაკის ქალი, საკუთარ ბებიაში არ ვარჩევდი... სწორედ ჩემი ნათლიის დედის, ამ შესანიშნავი ქალბატონის სიყვარულით დავწერე “იმერეთის ნიავი“ და ყველა ის სიმღერა, რომელიც იმერეთს მივუძღვენი...
უნდა გამოვტყდე, რომ როცა დუდუკებთან და დოლთან ქართული სიმღერა მესმის, არ მომწონს...
ეს ჩემს სმენას არ ესადაგება, მაგრამ ცალკე რომ უკრავს ეს საკრავი, რომელიც სხვათა შორის, ქართული საკრავია, მართლაც შესანიშნავია... დუდუკი სწორედ ქართულ ქალაქურ სიმღერებსაა მორგებული. ხშირად ჩემს ნაწარმოებებში ვოკალში ვაკეთებ ამ ინსტრუმენტის იმიტაციას. ბავშვობისას არ მქონდა ამის გაანალიზების უნარი, მაგრამ კარგად მახსოვს, რომ ამ ქეიფებისას სხვა კილო იყო, სხვა განწყობა სუფევდა - არა აყალ-მაყალისა და ჩხუბის, არამედ ურთიერთპატივისცემისა და ერთმანეთის მოფერების.
დედაჩემი არ მაჩერებდა ეზოში, ყურებზე ხელს მაფარებდა, მაშინ ძალიან მახვილი ყური მქონდა.
არ უნდოდა რომ ზედმეტად მომესმინა თბილისური მელოდიები. მარო აგლაძე იყო ჩემი მუსიკის მასწავლებელი, დედა მასთან მიდიოდა და მასმენდა - მარო, იცი რას უსმენს, ვიღაც ვიგინდარების სიმღერებს უსმენსო, ქალაქური სიმღერებით მოიწამლა ბავშვი და ყურებზე ხელს ვაფარებო. დეიდა მაროც მეჩხუბებოდა, თითო კრეშჩენდოსა და თითო პიანოს ორ-ორ საათს გაკვრევინებ და შენ რაზე ხარჯავ დროს, რას უსმენო... თავს ვიმართლებდი, არ ვუკრავ არაფერს ცუდს-მეთქი, არ უკრავ, მაგრამ სმენაში ხომ აღგებეჭდებაო, – მეუბნებოდა...
მაშინ არ ვიცოდი რას ნიშნავდა სმენაში აღბეჭდვა. მაშინ მასმენინებდნენ კარუზოს, იტალიურ ოპერას, ყველაფერი მელექებოდა ყურში, ახლა აღარაფერი ილექება, არც არაფერია დასალექი და იმიტომ. მერე იყო მიშა ხუბაშვილის საზოგადოება, მათი სიმღერები, რამაც უდიდესი კვალი დატოვა ჩემში, ამის შემდეგ კი იყო ჯაზი. ჩემში გაჯერებულია თბილისური მელოდიები და ის ჰანგები, რაც ჯაზის შემოსვლის პერიოდისას იყო. ქალაქური ჰანგები დასავლეთ საქართველოდან წამოსული და თბილისური მელოდიები ჩემს სმენას აღებეჭდა სწორედ იმიტომ, რომ ეს ყველაფერი ჩვენი ურთიერთობების განუყოფელი ნაწილი გახლდათ.
როგორ ვერ შეიფერეს თბილისური პატივი
ყარსიდან ჩამოსულმა სომხებმა
ის რითმები, ის მოძრაობები, რაც ძველი თბილისიდან მახსოვს, აირეკლა სიმღერაში “თბილისო სიყვარულო“. თავიდან მელოდია შევქმენი, საკმაოდ რთული რითმი გამოვიდა. ლექსისთვის მივაკითხე მორის ფოცხიშვილს, მორისი მაშინ უკვე მძიმედ იყო ავად. აღფრთოვანდა მელოდიით, ბავშვურად გაუხარდა და საკმაოდ მომიწონა ნამუშევარი... ის პაუზა, რაც მისამღერის ფრაზაშია, სწორედ მორისის რჩევით გავაკეთე. მითხრა, ეს ნაღდი თბილისურიაო...
ბავშვობისას მორისი ცხოვრობდა სიონის ეკლესიასთან. სახლი დაეწვათ და უბინაოდ დარჩნენ, ამ რთული პერიოდისას დეიდაჩემმა შეიფარა. ჩვენებს ჩახრუხაძის ქუჩაზე დიდი დარაბები ჰქონდათ, მანამდე ყარისდან გადმოხვეწილი სომხები შეიფარეს, ვერ მოირგეს თბილისური ურთიერთობები ამ სომხებმა, ვერ გააცნობიერეს რასთან ჰქონდათ საქმე. მერე დეიდაჩემს გასახლებას უპირებდნენ, მეორე სართულზე რომ დადიხარ, გვაწუხებსო, - ეუბნებოდნენ. პასუხი მიიღეს საკადრისი...
მეორე დარაბა დეიდაჩემმა ათხოვა დეიდა თამარს, მორისის დედას, სანამ ბინას მიიღებდნენ. მე და მორისს და-ძმური ურთიერთობები გვქონდა. დეიდა თამარს თამბაქოს ფაბრიკაში გუნდი ჰყავდა. ძალიან მუსიკალური ქალი იყო. მახსოვს, მორისი სულ დადიოდა გუნდის რეპეტიციებზე.
“ცოდვა თუ მაქვს ჩადენილი რამე...“
60-იან წლებში გერმანელები სტუმრობდნენ თბილისს, კარგად გაეცნენ აქაურობას. ნახეს ლადო გუდიაშვილი, ელენე ახვლედიანი, ის შემორჩენილი დიდება ძველი თბილისისა და შეიმეცნეს ფიროსმანის ძალა. შეიშალნენ ფიროსმანზე, გადაწყვიტეს ფილმის გადაღება, ჩემს მეუღლეს დაელაპარაკნენ ამის თაობაზე.
დაკვეთა იყო ასეთი - გვინდა ისეთი თბილისი, სადაც ფიროსმანის სული იტრიალებსო. მე მუსიკა დამიკვეთეს, დავიწყე ფიქრი და შევქმენი ლეიტთემა, რომლითაც მთელი ფილმი უნდა ყოფილიყო გაჯერებული. შემდეგ მოვინდომე, რომ ამ მუსიკაზე შექმნილიყო მრავალხმიანი სიმღერა. გავაკეთე ისე, რომ ყოფილიყო აღმოსავლური გავლენა, ქალაქური სტილი და ყოფილიყო ნიკალას აჩრდილი.
ვაჩვენე ეს მუსიკა რამდენიმე კაცს. იმ პერიოდში ნიაზ დიასამიძე მუშაობდა ტელევიზიაში. როცა მოისმინა, რამდენიმეჯერ კიდევ დამაკვრევინა, ავუხსენი რომ ამ მელოდიისას თბილისური გარემო ცოცხლდებოდა, ფიროსმანის სამყარო იხატებოდა. სამი დღის შემდეგ მითხრეს, ნიაზი გეძებსო... შევხვდით ერთმანეთს. წამიკითხა შესანიშნავი ლექსი “მე თბილისის მოტრფიალე ვარ“. შესანიშნავად მოერგო ეს ლექსი ჩემს მუსიკას...
სამწუროდ გერმანელები აღარ ჩამოვიდნენ და არ შედგა ფიროსმანზე ფილმი, თუმცა დარჩა პოპულარული მელოდია, რომელმაც სიღრმისეულად დახატა ჩემი განცდები ძველი თბილისური გარემოსადმი. სიმღერა. სრულდება ფრაზით - “ცოდვა თუ მაქვს ჩადენილი რამე, მომიტევოს ჩემმა თბილისმა“, - ამ ფრაზის გამო ხშირად გვეუბნებოდნენ მე და ნიაზს, თქვენ თუ ცოდვა გაქვთ ჩადენილი, მაშინ რა, უცოდველი ყოფილა ეს ქვეყანაო...