მთავარმა პროკურატურამ ზურაბ ჟვანიას საქმეზე გამოძიება განაახლა. გამოძიებამ ყოფილი პრემიერ-მინისტრის ძმა, გიორგი ჟვანიაც დაკითხა. როგორც მან ჟურნალისტებს პროკურატურიდან გამოსვლის შემდეგ განუცხადა, თავისი ძმის გარდაცვალების საქმესთან დაკავშირებით დაიკითხა, გამოძიება განახლდა და პროკურატურას საქმეზე არსებული მასალები გადაეცა. თავად დეპუტატი კი საქმის მიმდინარეობას გაეცნო.
რა მასალებს ფლობს გამოძიება და ვისი დაკითხვა იგეგმება ზურაბ ჟვანიას გარდაცვალების მიზეზების დასადგენად, გოგლა ჟვანია ამას არ აკონკრეტებს.
„გამოძიება უკვე დაწყებულია. არსებობს მასალები და გამოძიების პროცესში კიდევ ბევრი ადამიანის დაკითხვა იგეგმება. მეტი დაკონკრეტებისგან თავს შევიკავებ. ყველაფერს გამოძიება დაადგენს“, - განაცხადა მან.
აღსანიშნავია, რომ უკანასკნელ პერიოდში ჟვანიას საქმესთან დაკავშირებით უამრავი ჭორ-მართალი ვრცელდება. რამდენიმე დღის წინ სამების საკათედრო ტაძრის დიაკონმა, მამა ელიზბარ დიაკონიძემ დაასახელა ერთ-ერთი ქალბატონი, ნათელა მოდებაძე, რომელიც აცხადებდა, რომ 2005 წლის 3 თებერვლის გამთენიისას მეუღლესთან ერთად შემთხვევით დაინახა, თუ როგორ შეასვენეს ზურაბ ჟვანიასა და რაულ იუსუფოვის ცხედრები კონსპირაციულ ბინაში. დიაკონის განცხადებით, დღეს ეს ქალბატონი მზადაა, გამოძიებასთან ითანამშრომლოს და ამ სკანდალურ საქმეს ფარდა ახადოს. როგორც ელიზბარ დიაკონიძე ამბობს, იმ ტრაგიკულ ღამეს მოულოდნელად გამოჩენილი თვითმხილველი ცოლ-ქმრის დანახვისას დანაშაულში გარეული ადამიანები დაბნეულან, თუმცა მოგვიანებით სიტუაცია გაუაზრებიათ და მათი ძებნა დაუწყიათ. ამის გამო, იმ დილასვე ნათელა მოდებაძე მეუღლითურთ უცხოეთში გადახვეწილა.
დღეს კი ცნობილი ხდება, რომ ირაკლი ოქრუაშვილი ციხეში ადვოკატმა ირმა ჭკადუამ მოინახულა და პატიმარმა მას ახალი დეტალი გაუმხილა. ირმა ჭკადუა სასჯელაღსრულების სამინისტროსთან შექმნილი მონიტორინგის ჯგუფის წევრია და სწორედ მონიტორინგის ფარგლებში იყო ციხეში შესული, რა დროსაც ირაკლი ოქრუაშვილიც ინახულა. ადვოკატის განცხადებით, ყოფილი თავდაცვის მინისტრი თავს კარგად გრძნობს და ციხის პირობებითაც კმაყოფილია. ჭკადუას განცხადებით, ირაკლი ოქრუაშვილი ელოდება, რომ თუ ვინმეს მასთან კითხვები ექნება, იგი აუცილებლად უპასუხებს.
„მე მას 2007 წელს ინგა გრიგოლიას ეთერში პატარკაციშვილთან დაკავშირებით გაკეთებული განცხადება შევახსენე და ოქრუაშვილმა იგივე დაადასტურა. ზურაბ ჟვანიასთან მიმართებაში მას დეტალებზე არ უსაუბრია, უბრალოდ თქვა, ერთ დეტალს მოგიყვებიო და გაიხსენა, რომ როდესაც ზურაბ ჟვანიას გარდაცვალების ამბავი გაიგო, მიხეილ სააკაშვილთან მივიდა. „პრეზიდენტი იჯდა, თავი ხელებში ჰქონდა ჩარგული და ამიტომ არაფერი მითქვია, ვიფიქრე, რომ ნერვიულობდა. ამ დროს უცებ ამომხედა და მითხრა - ვა, ეს რა ჭირი მოვიშორეთო“, - ასე მითხრა ოქრუაშვილმა და აქვე დასძინა, რომ თუკი ვინმეს რამე დააინტერესებს, იგი მზად არის ყველა კითხვას უპასუხოს“, - ამბობს ირმა ჭკადუა.
მისი თქმით, ყოფილმა თავდაცვის მინისტრმა დეტალებზე საუბარი არ ისურვა და მხოლოდ ის დაამატა, რომ კვლავაც ადასტურებს, რომ საბურთალოს ქუჩაზე მდებადე კონსპირაციულ ბინაში პრემიერ-მინისტრი არ გარდაცვლილა და იქ მისი გვამი მიიტანეს. ამასთანავე, ოქრუაშვილს უთქვამს, რომ იცოდა, თუკი საქართველოში ჩამოვიდოდა, აუცილებლად დაიჭერდნენ, მაგრამ დევნილობაში ყოფნა აღარ უნდოდა და ამიტომ ჩამოვიდა. ირმა ჭკადუას განცხადებით, ირაკლი ოქრუაშვილთან აფრასიძეების საქმეზე, გია გვიჩიანზე და კიდევ რამდენიმე საინტერესო საქმეზე ისაუბრა, მაგრამ მისგან ამ დეტალების გამხელასთან დაკავშირებით თანხმობა არ აქვს და ამიტომ ამ თემებზე საუბრისგან თავს იკავებს.
For.ge დაინტერესდა, ამ დეტალის შესახებ ზურაბ ჟვანიას ოჯახისთვის თუ იყო ცნობილი. ყოფილი პრემიერის ძმა, გოგლა ჟვანია for.ge-სთან საუბარში აცხადებს, რომ ამ კონკრეტული დეტალის შესახებ აქამდე არაფერი იცოდა.
„როდესაც ოქრუაშვილმა ტელეეთერით ზურას საქმის შესახებ ილაპარაკა, ამის შემდეგ სამწუხაროდ, ჩემი მასთან შეხვედრა ვერ მოხერხდა, ის ჯერ დაიჭირეს, შემდეგ კი მან საქართველო დატოვა. საერთოდ, გამოძიების პროცესში ძალიან ბევრი დეტალი გამოიკვეთება და სწორად არ მიმაჩნია, თითოეულ ასეთ დეტალზე შეფასებები გავაკეთოთ, რადგან არ მინდა ამით გამოძიებას ხელი შეეშალოს. ისე, რა თქმა უნდა, საყურადღებო განცხადებაა, ძალიან ნიშანდობლივია, მაგრამ გამოძიებას თავისი გეზი აქვს აღებული და ეს საქმე რომ გაიხსნას, რეალური მტკიცებულებები გვჭირდება“, - ამბობს გიორგი ჟვანია.
მისი თქმით, გამოძიება სწორად ასეთ მტკიცებულებებზე მუშაობს და იმედს გამოთქვამს, რომ საქმე მალე გაიხსნება და საზოგადოება სიმართლეს გაიგებს. აქვე გიორგი ჟვანია განმარტავს, რომ სააკაშვილისა და მისი გუნდის ზურაბ ჟვანიას მიმართ ამგვარი დამოკიდებულების შესახებ მისთვის ცნობილი იყო.
„სააკაშვილის გუნდი ზურას გუნდს და პირადად ზურას ყოველთვის ებრძოდა. განსაკუთრებით აქტიურად სააკაშვილის ბიძა ებრძოდა, ზურას სულ რაღაც ხაფანგებს უგებდნენ. სხვათაშორის, მაშინ ოქრუაშვილი „ნაციონალური მოძრაობის“ წევრი იყო და იგი ბარამიძეს დაჭერას უპირებდა, მაშინ ეს ტელევიზიითაც გაჟღერდა. ეს იყო იმის ნათელი მაგალითი, თუ როგორი დამოკიდებულება იყო ამ ორ გუნდს შორის. ამიტომაც ეს ყველაფერი ჩვენთვის საიდუმლო არ იყო“, - აღნიშნავს ჟვანია.
მას არ აქვს ინფორმაცია, აპირებს თუ არა გამოძიება ყოფილი პრემიერ-მინისტრის გარდაცვალების საქმესთან დაკავშირებით ოქრუაშვილის დაკიხვას, თუმცა აქვე დასძენს, რომ ირაკლი ოქრუაშვილი არის ადამიანი, რომელიც ძალიან ბევრ საინტერესო ინფორმაციას ფლობს და ამიტომ გიორგი ჟვანიას ლოგიკურად მიაჩნია, რომ პროკურატურამ ოქრუაშვილი დაკითხოს.
ოქრუაშვილის განცხადებასთან დაკავშირებით მთავარი პროკურორის, არჩილ კბილაშვილის კომენტარს სააგენტო „ინტერპრესნიუსი“ ავრცელებს.
„მე არ წამიკითხავს და არ მომისმენია ირაკლი ოქრუაშვილის მიერ გაკეთებული განცხადება, მაგრამ თუ მის ნათქვამს საქმისთვის სამართლებრივი ღირებულება ექნება, მას პროკურორი ამ საკითხზე აუცილებლად დაკითხავს და შესაბამისი მოქმედება ჩატარდება. სწორედ პროკურორი და გამოძიება შეაფასებს იმას, თუ რამდენად აქვს ამ განცხადებას სამართლებრივი ღირებულება. რაც ზედაპირზე ჩანს, ეს არა სამართლებრივი კატეგორიის განცხადება, არამედ ფსიქოემოციური დამოკიდებულების ამსახველია, მაგრამ არ არის გამორიცხული, რომ მისი მნიშვნელობა მართლაც იყოს სამართლებრივი. არ ვიცი, ამას შეაფასებენ ისინი, ვისაც ეს ეხება“, - განაცხადა კბილაშვილმა.