For.ge აგრძელებს ამერიკელი პროფესორის, ჯინ შარპის (ინგლ. Gene Sharp, 21 იანვარი 1928 ბალტიმორი - 2018 წლის 28 იანვარი, ოჰაიო) ნაშრომის „დიქტატურიდან დემოკრატიამდე“ ნაშრომის გამოქვეყნებას. ნაშრომი ქართულად ითარგმნა ნინო წოწორიასა და ნოდარ ლაბარტყავას მიერ
თავისუფლების მიღწევის ხერხების შესახებ
ბალტიისპირეთისა და ბალკანეთის ქვეყნების მაგალითების გამოყენება
ძალის გამოყენების გარეშე ბრძოლის შესახებ ინფორმაციის სააშკაროზე გამოტანისა და გავრცელების საშუალებით არაჩვეულებრივად ეფექტური შედეგების მიღწევის, სულ ცოტა, ორი მაგალითი არსებობს. საუბარია ლიტვის, ლატვიისა და ესტონეთის თავისუფლების მომხრე ლიდერებთან კონსულტაციაზე 1991წ-ს და სერბეთის წარმომადგენლებთან 2000წ-ს შეხვედრაზე, რომელიც სერბეთში მილოშევიჩის დიქტატორული რეჟიმის მოცილებას ეხებოდა. ეს ორი მაგალითი ყურადღების ღირსია, რადგანაც მნიშვნელოვნად განსხვავდებიან სხვა მაგალითებისაგან.
ბალტიისპირეთის სამი მცირერიცხოვანი, ადრე დამოუკიდებელი ერი, საბჭოთა კავშირის მიერ იყო ანექსირებული, შემდეგ მათი ოკუპირება ნაცისტურმა გერმანიამ მოახდინა და ამ უკანასკნელის განდევნის შემდეგ, კვლავ საბჭოთა კავშირის შემადგენლობაში იქნა შეყვანილი. ამ მოვლენებმა კატასტროფული ცვლილებები, მნიშვნელოვანი რღვევები, მასობრივი მკვლელობები, დეპორტაციები, მოსახლეობის დიდი ნაწილის გადასახლება და სასტიკი რეჟიმის თანმდევი სხვა მრავალი უარყოფითი ქმედებები გამოიწვია.
ანექსირების პერიოდში ადგილი ჰქონდა წინააღმდეგობის სხვადასხვა სახეებს: საბჭოთა მმართველობის წინააღმდეგ მნიშვნელოვანი პარტიზანული მოძრაობა ლიტვაში (1944-1954 წლები), ლატვიაში (1941 და 1944-45 წლები) და ესტონეთი (1944-1949 წლები).
გარკვეულწილად პარტიზანული ომის მსვლელობისას და მისი დამთავრების კვალდაკვალ, ამ ქვეყნების მოსახლეობა მონაწილეობას იღებდა საპროტესტო გამოსვლებში და წინააღმდეგობის მოძრაობებში ძალის გამოყენების გარეშე, რასაც ძალზედ დიდი მნიშვნელობა ჰქონდა. ამგვარი საპროტესტო აქციები, რომლებიც პოლიტიკური პარტიების წახალისებით და ხელშეწყობით უფრო გვიან წლებში ტარდებოდა, ორიენტირებულნი დამოუკიდებლობის მიღწევისაკენ იყვნენ და საბოლოოდ, დამოუკიდებლობის მომხრეების მიერ შედგენილი ხელისუფლება იქნა არჩეული.
1989 წლის 23 აგვისტოს.ბალტიისპირეთის რესპუბლიკებში. გაიმართა მშვიდობიანი აქცია სახელწოდებით ბალტიის გზა
ლიტვის, ლატვიისა და ესტონეთის მოსახლეობამ შექმნა 670 კმ-ის სიგრძის ცოცხალი ჯაჭვი, სადაც მონაწილეობდა 2 მლნ.-მდე
აქციის ორგანიზატორები იყვნენ: ესტონეთის სახალხო ფრონტი, ლატვის სახალხო ფრონტი და საიუდისი ლიტვაში. „ბალტიის გზამ“ დაანახა მსოფლიო საზოგადოებას ბალტიისპირელი ხალხის სსრკ-დან გასვლის მისწრაფება.
აქციაში მონაწილეობას იღებდნენ საქართველოს ეროვნული მოძრაობის წარმომადგენლებიც - ნოდარ ნათაძე, ირაკლი შენგელაია, გიზო კორძაძე, ირაკლი მელაშვილი, გია ხონელიძე, ავთო იმნაძე, ირაკლი ქადაგიშვილი, მიხეილ ნანიაშვილი...
საწყის ეტაპზე, მსგავსი გამოსვლები ადგილობრივი სპეციფიკით ხასიათდებიდნენ და რამდენადაც ცნობილია, მათთვის რაიმე ხელშეწყობას ვერავინ ახერხებდა, და თუ ახერხებდა კიდეც - თითქმის უმნიშვნელოდ, რაც ბრძოლის არაძალადობრივი მეთოდების შესახებ საგარეო ინფორმაციის წყაროებით შემოიფარგლებოდა.
მას შემდეგ, რაც დაიწყო პროტესტისა და წინააღმდეგობის მნიშვნელოვანი არაძალადობრივი აქციები ესტონეთსა, ლიტვასა და ლატვიაში, 1991 წელს ალბერტ აინშტაინის ინსტიტუტის წარმომადგენლების მიერ ჩატარებულ იქნა კონსულტაციები არაძალადობრივი ბრძოლის არსისა და სამოქალაქო თავდაცვის შესახებ. პირველ კონსულტაციებში მონაწილეობდნენ ჯინ შარპი, ბრიუს ჯენკინსონი და პიტერ ეიკერმანი, ხოლო მეორეში - ჯინ შარპი და ბრიუს ჯენკინსონი. ისინი შეხვდნენ პარტიის წევრებს - დამოუკიდებლობის მომხრეებს, არჩეული ხელისუფლების ლიდერებსა და ოფიციალურ წარმომადგენლებს.
ვიტაუტას ლანდსბერგისი - ლიტველი საზოგადო მოღვაწე, მუსიკათ და ხელოვნებათმცოდნე, პუბლიცისტი, ძალიან ჭკვიანი პოლიტიკოსი და უბრალოდ, კარგი ადამიანი.
კონსულტანტებმა ასევე ჩაატარეს ლექციები, განხილვები და მხარი დაუჭირეს არაფორმალური დისკუსიების წარმართვას მთავრობის, კომიტეტების და პარლამენტის წევრების მაღალი რანგის ოფიციალურ პირებთან. სწავლების ყველა სახეები არაძალადობრივი მეთოდებით ბრძოლის არსსა და პოტენციურ შესაძლებლობებზე იყო კონცენტრირებული. კონსულტანტები არავის აძლევდნენ რჩევას, თუ როგორ უნდა წარემართათ ბრძოლა.
ოლდიუს ბუტკევიჩუსმა, იმ დროისათვის ლიტვის ნაციონალური თავდაცვის გენერალურმა დირექტორმა, დასაკორექტირებლად მიიღო ახალი წიგნის „სამოქალაქო თავდაცვის“ სამუშაო ვარიანტები. თავის მხრივ შარპმა და ჯენკინსმა მოახდინეს ამ წიგნის კორექტირება. ბუტკევიჩუსმა გააკეთა მიღებული მასალის 50 ფოტოასლი და გადააგზავნა მთელ საბჭოთა კავშირში, ლატვიისა და ესტონეთის ჩათვლით. წიგნის გაცნობის შემდეგ ბიტკევიჩუსმა განაცხადა: „აქ ყველაფერი გათვალისწინებულია!“
ადრე ჩატარებული, მოუმზადებელი, არაძალადობრივი ხასიათის სიმბოლურმა პროტესტებმა (ისეთებმა, როგორიც იყო, ბალტიისპირეთის ამ ქვეყნების დედაქალაქების დამაკავშირებელი, ორი მილიონ ადამიანზე მეტისაგან შემდგარი ცოცხალი ჯაჭვი) მოგვიანებით, ოფიციალურად თანამშრომლობაზე უარის თქმის, ძალადობის გამოყენების გარეშე ღია დაუმორჩილებლობის სახით, უფრო სისტამატიზირებული და მომზადებული ფორმები მიიღეს.
დამოუკიდებლობაზე ორიენტირებული ახალი ინსტიტუტების შექმნა, ასევე არსებული ინსტიტუტების დახვეწა დამოუკიდებლობისათვის მოძრაობის მხარდაჭერის მიზნით, ამ მოძრაობების ძირითადი მახასიათებელი ნიშნები გახდა. საბჭოთა კავშირის პრეზიდენტმა მიხეილ გორბაჩოვმა განაცხადა, რომ ბალტიისპირეთის ქვეყნების დამოუკიდებლობის დეკლარაციას კანონიერი ძალა არ აქვსო.
ოდრიუს ბუტკიავიჩუსმა, მოგვიანებით თავდაცვის მინისტრმა, ლიტვაში ბრძოლის სტრატეგიის საფუძვლის სახით, წიგნი „სამოქალაქო თავდაცვა“ განავრცო. ლატვიის თავდაცვის მინისტრმა ტალაბს ჯუდძისმა და ესტონეთის სახელმწიფო მინისტრმა რეივო ვარემ მსგავსი ბიულეტენების ბეჭვდისა და გავრცობის ორგანიზება მოახერხეს.
1991 წლის 31 დეკემბერს უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმის თავჯდომარემ ბორის ელცინმა ბალტიისპირეთის სამი სახელმწიფოს ხელმძღვანელთან ერთად, ხელი მოაწერა ერთობლივ განცხადებას ტალინში, ესტონეთის დედაქალაქში. ხელშეკრულება ეხებოდა ურთიერთდახმარებას და თანადგომას, ასევე პროტესტს გამოხატავდა რესპუბლიკების შიგნით ნებისმიერ სამხედრო ჩარევაზე. მიღწეული შეთანხმებების შედეგად, მოგვიანებით, ბალტიისპირეთის რესპუბლიკებიდან საბჭოთა შეიარაღებული ძალების სრული გაყვანა მოხდა.
რაც შეეხება მსხვერპლს, ლიტვაში სატელევიზიო ანძის შტურმისას დაიღუპა თოთხმეტი ადამიანი; გათავისუფლების შემდეგ, ლატვიის სასაზღვრო პოსტზე დაიღუპა ექვსი ადამიანი; ესტონეთში ყველაფერი მსხვერპლის გარეშე დამთავრდა. ამასთან, ბალტიისპირეთის სამმა რესპუბლიკამ, მიუხედავათ მათი სუსტი მდგომარეობისა (რადგანაც ისინი უკვე იყვნენ ოკუპირებულნი საბჭოთა კავშირის მიერ და ასევე, საბჭოთა კავშირის სამხედრო უპირატესობის გათვალისწინებით) საბჭოთა კავშირი, წარმატებით, დანაკარგების გარეშე დატოვა.
სერბეთში სტიქიური სიმბოლური პროტესტები, ძალადობის გამოყენების გარეშე ფორმით, ჩატარებულ იქნა სერბეთის ოპოზიციის მიერ 1990-იანი წლების ბოლოს, დიქტატორ მილოშევიჩის წინააღმდეგ.
ძალადობის გარეშე ბრძოლის წარმატებისათვის აუცილებელი სრულყოფილი ინფორმაცია წარმოდგენილ იქნა რობერტ ჰელვეის მიერ უნგრეთის დედაქალაქ ბუდაპეშტში 2000 წ-ს ჩატარებული სემინარის ფარგლებში. სემინარის მონაწილენი იყვნენ ახალგაზრდა სერბები, პოლიტიკური ორგანიზაცია „ОТПОР“-ის წევრები. ჰალვეიმ თავის სისტემატიზირებული გამოცდილება შეათავსა რეკომენდირებულ საკითხავ ლიტერატურასთან - ჯინ შარპის „დიქტატურიდან დემოკრატიისაკენ“ და „აქციების ჩატარების პოლიტიკა ძალადობის გამოყენების გარეშე“ („არაძალადობრივი ბრძოლის პოლიტიკა“). როგორც ჩანს, ამ სემინარს დადებითი შედეგი ჰქონდა. ჰალვეიმ ამ წიგნების ასლები დაუტოვა სემინარის მონაწილეებს, რათა მათ ისინი სერბეთში წაეღოთ. სერბეთში ორგანიზაცია „სამოქალაქო ინიციატივის“ მიერ გამოცემულმა ნაშრომმა „დიქტატურიდან დემოკრატიისაკენ“ ასევე დიდი გავლენა მოახდინა.
სერბების ჯგუფის სტრატეგიის წამყვანმა შემმუშავებელმა სრდჟა პოპოვიჩმა, რომელიც ჰალვეის ბუდაპეშტში შეხვდა, სხვადასხვა ორგანიზაციისა და ინსტიტუტის გამოცდილება წინასწარ გაანალიზა. მან მოიძია საჭირო „გაკვეთილები“, რომელთაც ჰქონდათ დიდი მნიშვნელობა მილოშევიჩის დიქტატურის დამხობის მიზნით აქციების ჩასატარებლად.
ნაშრომის - „არაძალადობრივი ბრძოლის პოლიტიკის“ (The Politics of Nonviolent Action) შესწავლის შემდეგ სდრჟა პოპოვიჩმა დაწერა, რომ „...შარპის ნაშრომში წარმოდგენილია სასტიკი რეჟიმისადმი წინააღმდეგობის გაწევის გასაოცრად დეტალური გეგმა, იმავდროულად მოსახლეობის პლურალისტული ბრძოლაში ჩართვით, ძალადობის გამოყენების გარეშე თავისუფლების მოსაპოვებლად“.
სდრჟა პოპოვიჩმა და მისმა კოლეგებმა კონცენტრირება მოახდინეს პოლიტიკური ძალაუფლების ექვს აუცილებელ წყაროზე, რომლებიც რეპრესიული რეჟიმის დამსხვრევის გასაღებს წარმოადგენს; ამ წყაროების მოცილება რეჟიმის დასუსტებას და დეზინტეგრაციას იწვევს.
ჩვენს მიერ განსაზღვრულია ბალტიის სამივე რესპუბლიკისა და სერბეთისათვის ხუთი საერთო ნიშანი, კერძოდ:
1) ზევით ჩამოთვლილი ყველა ქვეყანა განსაკუთრებით სასტიკი რეჟიმის მმართველობის ქვეშ იყო.
2) თითოეულ ქვეყანას წარსულში შეიარაღებული ბრძოლის მნიშვნელოვანი, მაგრამ წარუმატებელი გამოცდილება ჰქონდა.
3) ყველა ქვეყანაში (ბალტიისპირეთის ქვეყნებისათვის - 1990 წ-ს, სერბეთისათვის - 2000 წ-ს) ძირითადად, ადრე უკვე ტარდებოდა ორგანიზებული მასობრივი საპროტესტო გამოსვლები და აქციები ძალადობის გამოყენების გარეშე.
4) ჩატარებული ზეპირი პრეზენტაციებისა და დისკუსიების დახმარებით მოხერხდა დიქტატურის, უცხოური ოკუპაციისა და სახელმწიფო გადატრიალების წინააღმდეგ ძალადობის გამოყენების გარეშე ბრძოლის სფეროში, გამოკვლევებისა და ანალიტიკური სამუშაოს ჩატარების დიდი გამოცდილების მქონე დამატებითი სპეციალისტების მიზიდვა.
5) ამგვარ ზეპირ პრეზენტაციებს უთავსებდნენ პოლიტიკური ძალაუფლების, დიქტატურისა და აგრესიის წინააღმდეგ ძალადობის გამოყენების გარეშე ბრძოლის შესახებ შესაბამისი ლიტერატურის კითხვას, რაც გახდა ხელმისაწვდომი სახელისუფლებო და არასახელისუფლებო პოლიტიკური ლიდერებისათვის - ბალტიისპირეთის რესპუბლიკების შემთხვევაში და - არასამთავრობო პოლიტიკურ ლიდერთათვის - სერბეთის შემთხვევაში.
6) პროტესტის ნიშნად დაგეგმილი ორგანიზებული არაძალადობრივი უარის თქმა თანამშრომლობაზე, ღია წინააღმდეგობა უცხოური ოკუპაციისა და სახელმწიფო გადატრიალების მიმართ.
ლიტვის საგარეო საქმეთა სამინისტროს მიწვევით ეს კონსულტაცია შედგა 1991 წ-ს 24 აპრილიდან 1 მაისამდე. განმეორებითი ვიზიტები რუსეთის, ლიტვის, ლატვიისა და ესტონეთის დედაქალაქებში შედგა 1991 წ-ს 14 ნოემბრიდან 7 დეკემბრამდე. ჩატარდა სახელმწიფო გადატრიალებისა და სხვა ქვეყნების ჩარევის თავიდან აცილებისათვის სამოქალაქო წინააღმდეგობის ორგანიზების პოტენციური შესაძლებლობების განხილვა.
პირველი ვიზიტის შემდეგ, ოდრიუს ბუტკევიჩუსის თხოვნით, ბრიუს ჯენკინსმა გააერთიანა სამოქალაქო თავდაცვის ძირითადი სახელმძღვანელო მასალები ლიტვის ეროვნული თავდაცვის დეპარტამენტის კვლევის ჯგუფისათვის.
ბუტკევიჩუსმა დაუყოვნებლივ მოამზადა „სამოქალაქო თავდაცვის“ წიგნის თარგმანი ლიტვის ხელისუფლებისათვის. ლატვიის თავდაცვის მინისტრმაც ტალავს ჯანძისმაც მოამზადა თარგმანი თავისი ხელისუფლებისათვის. ესტონეთის სახელმწიფო მინისტრი რაივო ვარე სარგებლობდა წიგნის ორიგინალური, ინგლისური ვარიანტით.
ეს წიგნი მოგვიანებით გამოცემულ იქნა ბალტიისპირეთის სამი რესპუბლიკის ენებზე, ესტონეთში - საინფორმაციო სააგენტოს მიერ ქ. ტალინში, ლატვიაში - რიგის გამომცემლობა «Junda Publishers»-ის მიერ, ლატვიაში - ვილნიუსის გამომცემლობა «Mintis Publishers»-ის მიერ. ყველა გამოცემა მხარდაჭერილ იყო ამ ქვეყნებში თავდაცვაზე პასუხისმგებელი შესაბამისი მინისტრის მიერ.
მეორე ვიზიტის დროს, შარპი და ჯენკინსი ხვდებოდნენ არა მხოლოდ ლიტვიის თავდაცვის სამინისტროს ოფიციალურ პირებს, არამედ ლატვიაში თავდაცვის მინისტრს (ტალავს ჯანძისს) და ლატვის უმაღლესი საბჭოს სხვა წევრებს და თავდაცვის სამინისტროს ოფიციალურ პირებს. ესტონეთში შარპი და ჯენკინსი შეხვდნენ სახელმწიფო მინისტრს (რაოვო ვარეს), თავდაცვის კომისიის წევრებთან და მთავრობის ოფიციალურ პირებთან ერთად. მინისტრმა ვარემ არაძალადობრივ სამოქალაქო დაუმორჩილებლობის ჩატარებაზე ინსტრუქციები გააგზავნა პოლიტიკურ ცენტრებში მთელი ესტონეთის მასშტაბით, ამასთან მის კაბინეტში ასლები განზრახ არ იქნა დატოვებული.
1991 წლის დეკემბერში ბუტკევიჩუსმა გამოსცა წიგნი „სამოქალაქო თავდაცვა“, რომელიც იქცა მის მიერ დაგეგმილი აქციათა უმეტესობის საფუძვლად საბჭოთა ოკუპაციის წინააღმდეგ ძალადობის გამოყენების გარეშე. ეს აქციები ჩატარდა 1991 წ-ს იანვარში, შემდეგ, იმავე წლის აგვისტოში.
წინასწარი დაგეგმვა
ცალკეული პროტესტის გამოხატვის ან ძალადობის გამოყენების გარეშე ბრძოლის შედეგების ეფექტურობის გაზრდისათვის აუცილებელი და სავალდებულოა კარგად გააზრებული დაგეგმვა. მსგავსი ქმედებების დაგეგმვა რაიმე სიახლეს არ წარმოადგენს. წარსულში დაგეგმვის მრავალი ამგვარი მაგალითი არსებობს.
დაგეგმვა ადრეც ისეთი მცირე კამპანიების განხორციელებისას ხდებოდ, როგორიც იყო „ავტობუსების“ ბოიკოტი, ან „მჯდომარე“ გაფიცვა ბუფეტში, აშშ-ში რასობრივი სეგრეგაციის წინააღმდეგ. ანალოგიურად, რამოდენიმე ათწლეულის განმავლობაში - მშვიდობისათვის, სოციალური თანასწორობისათვის, ქალების არჩევნებში მონაწილეობის უფლებისათვის, სამოქალაქო უფლებებისათვის, ადამიანის უფლებისათვის და გარემოს დასაცავად მიმდინარეობდა ხანგძლივვადიანი (დღეებისა და კვირეების მანძილზე) საპროტესტო მარშების ტაქტიკური დამუშავება.
დაგეგმვა და მომზადება, სხვადასხვა ქვეყანაში, ეკონომიკური და პოლიტიკური უფლებების მოსაპოვებლად გამართული გაფიცვების ჩასატარებლად ხდებოდა. ჯერ კიდევ 1765-1775 წლებში, როდესაც კონტინენტური ამერიკა არაძალადობრივი მეთოდებით აწარმოებდა ბრძოლას ბრიტანული მმართველობის წინააღმდეგ, ხორციელდებოდა არა მხოლოდ ტაქტიკური, არამედ ხანგძლივვადიანი სტრატეგიული დაგეგმვა.
შემთხვევა, როდესაც საუბარია ისეთი სტრატეგის არაბუნებრივ ინტუიციაზე, როგორიც ჰქონდა მოჰანდას კ. განდის - იშვიათია, რადგანაც მას მხოლოდ საკუთარ სტრატეგიის კონტურები გამოჰყავდა და მათ რეალიზებას ტაქტიკური ნაბიჯების მეშვეობით ახდენდა.
პოლონეთში, 1980-იან წლებში, ადამიანთა მასები დამოუკიდებელი პროფკავშირების გაერთიანება „სოლიდარნოსტ“-ის და მასთან დაახლოებული ჯგუფების მიერ წარმოებულ მოძრაობაში მონაწილეობას ბრძოლის წარმართვის ისტორიულ გამოცდილებაზე დაყრდნობით იღებდნენ; მათ წინააღმდეგობები წარმატებით გადალახეს და თავისუფლება მოიპოვეს. სერბეთში 2000 წელს წინასწარი გაანგარიშებები და მოსამზადებელი ღონისძიებები ტარდებოდა, მილოშევიჩის დიქტატურის მოცილების მიზნით ბრძოლის წარმართვისათვის მოქმედების და სტრატეგიული დაგეგმვის საკითხები განიხილებოდა. თუმცა უამრავი კონფლიქტის დროს, რომლებიც მიმდინარეობდა ძალადობის გამოყენების გარეშე, დაგეგმვა არ ხდებოდა. ხშირად დაგეგმვა არ შეესაბამებოდა რეალობას და ასევე არავითარი სტრატეგიული გაანგარიშებებიც არ არსებობდა. მიუხედავად ამისა, არსებობს მნიშვნელოვანი წარმატებების მიღწევის უამრავი მაგალითი.
ასევე აუცილებელია აღვნიშნოთ საკმაოდ მოკრძალებული შედეგების მიღწევის მაგალითების საკმარისი რაოდენობაც. არის გამანადგურებელი მარცხისა და შემზარავი მსხვერპლის მაგალითებიც, როგორც ჩინეთის შემთხვევაში. მომავალში აუცილებელია შემცირდეს მსგავსი მარცხისა და მსხვერპლის შესაძლებლობა, იმავდროულად გაიზარდოს წარმატების მიღწევის ალბათობა.
სამომავლოდ, უფრო სრულყოფილ და ხარისხიან სტრატეგიულ დაგეგმვას შეუძლია გაზარდოს ძალადობის გამოყენების გარეშე ბრძოლის ეფექტურობა ჩაგვრის წინააღმდეგ და მსხვერპლის რაოდენობა შეამციროს. მიუხედავად ამისა, დაგეგმვის საკითხებში გარეშე მრჩევლებზე დამოკიდებულება შესაძლოა სარისკო და შორსმჭვრეტელობას მოკლებული აღმოჩნდეს.
სასურველია, რომ სტრატეგიის შესახებ ცოდნა იყოს ხელმისაწვდომი, ისე, რომ ადამიანებმა დიქტატორულ რეჟიმთან და ჩაგვრის სხვა ფორმებთან შეჯახებისას, რეჟიმის შეცვლის დაგეგმვა საკუთარი ძალებით შეძლონ.
რაში მდგომარეობს დამოუკიდებელი დაგეგმვის ახალი მოდელი?
როგორც ადრე უკვე განვიხილეთ, ჩვენი საგნის ზეპირი პრეზენტაციები (ლექციები) ნაკლებად ეფექტურია და არ უზრუნველყოფენ ისეთ საფუძვლიან გამოყენებას, როგორსაც დაბეჭდილი მასალისა და ანალიტიკური დოკუმენტების გულმოდგინედ შესწავლაა. დაბეჭდილი მასალის კითხვა, მისი თანმიმდევრული გაცნობა და აუცილებლობის შემთხვევაში - გადაკითხვა - ნებისმიერ შესაფერის დროსა და ადგილზეა მოსახერხებელი.
ამ წიგნში განიხილება ახალი მოდელის შექმნის საკითხები, რომელიც ტირანიის წინააღმდეგ არაძალადობრივი ბრძოლის მეთოდების პოტენციური შესაძლებლობების შესწავლის მსურველ ცალკეულ ადამიანსა და პირთა ჯგუფს დახმარებას გაუწევს. ასევე, ეს მოდელი დაინტერესებულ პირებს დაეხმარება გაიუმჯობესოს და განავითაროს საკუთარი ცოდნა, აზროვნებისა და აღქმის უნარი, რათა მოწინააღმდეგესთან კონფლიქტისას გაცილებით ეფექტურად იმოქმედოს. ამ მიზნის წარმატებით რეალიზებისათვის, აუცილებელია ყურადღებით იქნას შესწავლილი აქ მოყვანილი მასალები, რომელიც არაძალადობრივ ბრძოლას ეხება, ასევე უნდა მოხდეს მწვავე პოლიტიკური კონფლიქტის დროს წარმოებული ისეთი ბრძოლის ანალიზი, როდესაც მოწინააღმდეგის მხრიდან მკაცრი რეპრესიული ქმედებების გამოყენება იქნება მოსალოდნელი.
თუ მკითხველი წინამდებარე დოკუმენტში წარმოდგენილ ანალიზს პოტენციურად სასარგებლოდ ჩათვლის, დაბეჯითებით გირჩევთ ყველანაირად ხელი შეუწყოთ ამ ცოდნის გავრცელებას და შეისწავლოთ ჩვენს მიერ მითითებული პუბლიკაციები, რომლებიც არაძალადობრივ ბრძოლას ეხება. ამგვარი ცოდნის ფართოდ გავრცელებას ასევე შეუძლია წინააღმდეგობა გაუწიოს ელიტარული ამპარტავნობის გამოვლენის ნებისმიერ შესაძლო ტენდენციას. ეს უმნიშვნელოვანესი ცოდნა მხოლოდ მცირერიცხოვანი ჯგუფებისათვის არ უნდა იყოს ხელმისაწვდომი, მისი გავრცობა რაც შეიძლება ადამიანების დიდი რაოდენობისათვის უნდა მოხდეს. ასევე შესაძლებელია, გაუღვივო ადამიანთა ფართო წრეს თავისუფლების მოპოვებისა და შენარჩუნებისათვის წარმართული მომავალი ბრძოლის დამოუკიდებლად დაგეგმვის უნარი. ამის წყალობით მნიშვნელოვანი შედეგების მიღწევაა შესაძლებელი.
ცოდნის მიღების ამგვარი ალტერნატიული გზა, თუ მას გულმოდგინედ გავყვებით, დროთა განმავლობაში, ცალკეულ ადამიანსა და ჯგუფს საშუალებას მისცემს დამოუკიდებლად მოამზადოს გენერალური სტრატეგია მსხვილი კონფლიქტის წარმართვისათვის. გარდა ამისა, ამ ცოდნის ფლობით, შედარებით მოკრძალებული მიზნების მქონე, ცალკეული კამპანიის სტრატეგიის შემუშავებაა შესაძლებელი.
დამოუკიდებლად დამუშავებული, კარგად გააზრებული, გენერალური სტრატეგია ბრძოლის მონაწილეებს საშუალებას მისცემს იმოქმედონ ისეთი მეთოდებით, რომლებიც ერთიანობაში კონფლიქტში დასახული მიზნის უმოკლეს ვადაში მიღწევას უზრუნველყოფენ. ამგვარი სამუშაოს შესრულება ოპოზიციურ ძალებს შეუძლიათ ერთდროულად სამართალდამცავ ორგანოებისათვის წინააღმდეგობის გაწევისას, სხვადასხვა მოქმედებებისას და მმართველი რეჟიმის მხრიდან რეპრესიული ქმედებების გამოყენებისას.
თუმცა არ ღირს იმის იმედად ყოფნა, რომ ამ მიზნების მიღწევისათვის დიდი ძალისხმევის დახარჯვა არ იქნება საჭირო. დაგეგმვის აღწერილი მეთოდები დადებით შედეგს მხოლოდ მაშინ გამოიღებს, თუ ჩვენს მიერ შეთავაზებული საზოგადოების თავისუფლების გაფართოების მიდგომის ახალი მომხრენი მზად არიან საკუთარი ცოდნა დამოუკიდებლად გააღრმავონ. ამგვარად, მხოლოდ ღრმა ანალიზისა და გულმოდგინე დაგეგმვის პირობებში, ასევე დისციპლინირებული და გაბედული მოქმედებებით, შეიძლება ჩაგვრის არსებული რეჟიმის დამხობა და პასუხისმგებლობაზე და თავისუფლებაზე დაფუძნებული უკეთესი საზოგადოების აშენება.