კორონა ვირუსის გავრცელებასთან დაკავშირებით, საქართველო-სომხეთსა და საქართველო-აზერბაიჯანს შორის მოქალაქეების გადაადგილება დროებით შეჩერდა. ამ საკითხზე საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი გახარია, სომეხ და აზერბაიჯანელ კოლეგებთან ერთი კვირის წინ შეთანხმდა. სომხეთის პრემიერ-მინისტრ ნიკოლ ფაშინიანსა და აზერბაიჯანის პრემიერ-მინისტრ ალი ასადოვთან საუბრის შედეგად მხარეებმა ერთობლივი გადაწყვეტილება მიიღეს. ქვეყნის პრემიერ-მინისტრები შეთანხმდნენ, რომ ამ ეტაპზე შეზღუდვა 10 დღის განმავლობაში იმოქმედებს, თუმცა, იმ მოქალაქეებს, რომელთაც სამშობლოში დაბრუნების სურვილი აქვთ, დაბრკოლება არ შეექმნებათ. შეზღუდვები არ შეეხება მხოლოდ სატვირთო გადაზიდვებს.
For.ge დაინტერესდა, რა ხდება ამ დროისათვის სასაზღვრო გამშვებ პუნქტებზე, უსაფრთხოების რა ზომებია მიღებული და რა პროცედურებს გადიან ადამიანები საზღვრის გადმოკვეთისას. „სადახლოს“ საბაჟო გამშვები პუნქტის ექიმი-ვეტერინარი, მერაბ მირიჯანაშვილი for.ge-სთან საუბარში ამბობს, რომ კორონავირუსის პრევენციის მიზნით, აქტიურად ხდება სადეზიფექციო-პროფილაქტიკური სამუშაოების ჩატარება. უწყვეტ რეჟიმში მუშაობენ ექიმი-ინფექციონისტები, საზღვართან შექმნილია ე.წ. ნეიტრალური ზონა, სადაც ადამიანები სრულ სამედიცინო შემოწმებას გადიან:
- შეზღუდვები არის მხოლოდ ფეხით მოსიარულეებზე, მათი გადაადგილება არ ხდება. სატვირთო გადაზიდვებს ეს შეზღუდვა არ შეხებია. უნდა აღინიშნოს, რომ აქტიურად მუშაობენ ექიმი-ინფექციონისტები, რომლებიც 24 საათის განმავლობაში მორიგეობენ. მობილიზებულია „ემერჯენსის“ მანქანები იმ შემთხვევისთვის, თუ საჭირო გახდა მოქალაქის კარანტინში გადაყვანა.
როგორია საბაჟოზე მომუშავე პერსონალის დამცავი აღჭურვილობა, აკმაყოფილებს თუ არა შესაბამის სტანდარტებს, არის თუ არა მათი უსაფრთხოება დაცული?
- რაც შეეხება მებაჟეების აღჭურვილობას, გვაქვს პირბადეები, ხალათები, სათვალეები და საერთოდ ყველაფერი, ჩვენი აღჭურვილობა აკმაყოფილებს ყველა კრიტერიუმს და სტანდარტს, შეიძლება ითქვას თითოეული მომსახურე პერსონალი საიმედოდაა დაცული ყველა სახის საფრთხისგან. საზღვართან არის შექმნილი ე.წ. ნეიტრალური ზონა, სადაც არის კარვები გაშლილი, სადაც მოქალაქეებს ხვდებიან ექიმები. ამის შემდეგ არის საპატრულო პოლიცია და შემდეგ არის საბაჟო. ამ ყველაფრის შემდეგ ადამიანი შემოდის ქვეყნის ტერიტორიაზე. რაც შეეხება თანამშრომლების დაინფიცირებას, მსგავსი ფაქტი არ ყოფილა, უსაფრთხოების ყველა სტანდარტი დაცულია.
რამდენად კოორდინირებულად ხდება სამსახურების მუშაობა გამშვებ პუნქტზე, რა სახის პრობლემები იქმნება და არის თუ არა დროული რეაგირება მსგავსი შემთხვევის დროს?
- ვირუსის გავრცელების შემდეგ დაგვემატენ ექიმები, მანამდე ვიყავით საპატრულო და საბაჟო სამსახურები, სამივე სამსახური სრულ კოორდინაციაში ვართ, სხვაგვარად დადებით შედეგს ვერ მივიღებთ, ამის გარეშე წარმოუდგენელია ჩვენი მუშაობა. გვაქვს ერთობლივი კოორდინაცია და მინდა დავაიმედო ჩვენი მოსახლეობა, რომ ძალიან დიდი დატვირთვით ვმუშაობთ, არაფერი არ გვეპარება. ამაში ასევე გვეხმარება ისიც, რომ ძალიან მოიკლო მოძრაობამ, რაც მუშაობას აადვილებს და ინფექციის განვითარების რისკიც, შესაბამისად, ნაკლებია. მინდა გავიხსენო პირველი ეპიდემიური შემთხვევა, ეს იყო ქათმის გრიპი, მაშინაც ძალიან სერიოზული საფრთხე იყო, ნამდვილად დიდი სამუშაოები იქნა გაწეული იმისთვის, რომ ეს დაავადება არ გავრცელებულიყო ქვეყანაში. მაშინ ფაქტიურად ქათმის გრიპი არ გავრცელებულა, ზარალი არ მიგვიღია და ეს ძირითადად მოხდა საბაჟო გამშვებ პუნქტებზე გატარებული ძალიან ეფექტური და დიდი სამუშაოების შედეგად.
ამ ყველაფერში დიდი როლი ვითამაშეთ ვეტერინარებმა. დღეს ეს სამსახური რატომღაც ჩრდილქვეშ მოექცა, მაგრამ მინდა გითხრათ, რომ ძალიან ძლიერი სამსახურია და მართლაც დიდი სამუშაოები აქვს გაწეული. ჩვენ ვამოწმებთ კვების პროდუქტებს, ცხოველებს, რომლებიც ინფექციის გადამტანები არიან, ეს დიდი რისკის ფაქტორია, ანუ, ჩვენ ვაკონტროლებთ დაავადებებს. ამიტომ, შემიძლია თამამად ვთქვა, რომ ჩვენც, ჩვენი წვლილი შეგვაქვს მოსახლეობის უსაფრთხოების დაცვაში.
***
რაც შეეხება საქართველო-აზერბაიჯანის საზღვრის ლაგოდეხის გამშვები პუნქტზე არსებულ ვითარებას, ბოლო ინფორმაციით, საქართველოს ხუთი მოქალაქე შემოწმების შემდეგ თბილისის ინფექციურ საავადმყოფოში გადაიყვანეს. მათ მაღალი ტემპერატურა აღენიშნებოდათ.
დაავადებათა კონტროლისა და ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის კახეთის რეგიონის განყოფილების ხელმძღვანელის, ნელი ხიზანიშვილის განცხადებით, კახეთის რეგიონის მასშტაბით, საკარანტინო სივრცეში მოთავსებულ მოქალაქეთა რიცხვი კი 130-მდე გაიზარდა. მისივე თქმით, ეს ადამიანები არიან ერთ-ერთი რეისით საქართველოში დაბრუნებული მგზავრები, შესაბამისად, როგორც ხიზანშვილი ამბობს, დაემატა მესამე საკარანტინო ლოკაცია.
ბოლო მონაცემებით, კახეთში თვითიზოლაციაში 198 ადამიანი იმყოფება. თვითიზოლაციის რეჟიმის დარღვევისთვის კიდევ სამი მოქალაქე კარანტინში მოათავსეს. ნელი ხიზანიშვილის ინფორმაციით, ამ ეტაპზე თვითიზოლაციაში და კარანტინში მყოფი მოქალაქეების ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია.