დღეისთვის ტესტირება უტარდებათ მხოლოდ იმ პირებს, რომელთაც მწვავე რესპირაციული ინფექციის რომელიმე კლინიკური ნიშანი აქვთ. ასევე აუცილებელია მეორე პირობა, რომ ისინი ბოლო 14 დღის განმავლობაში იმყოფებოდნენ ან შეხება ჰქონდათ მაღალი რისკის ქვეყნებთან, - ამის შესახებ ინფექციური საავადმყოფოს დირექტორმა თენგიზ ცერცვაძემ „ქრონიკასთან“ საუბრისას განაცხადა.
მისი განმარტებით, დღეს მხოლოდ ამ ადამიანებს უტარდებათ ტესტირება სპეციალიზებულ დაწესებულებებში.
„მასობრივი ტესტირების დაწყება კი ნიშნავს, რომ მეორე პირობა მოიხსნება და ყველა პირს, ვისაც ექნება კლინიკური სიმპტომები რესპირაციული ინფექციის, მას აღარ მოსთხოვენ იმის დასაბუთებას, რომ იმყოფებოდა მაღალი რისკის ქვეყნებში ან დადასტურებულ ავადმყოფებთან ჰქონდა კონტაქტი. მხოლოდ კლინიკური სიმპტომები საკმარისი იქნება იმისთვის, რომ ადამიანს, რომელსაც აქვს ვირუსის სიმპტომები, ჩაუტარდეს ტესტირება. ეს ტესტების ძალიან დიდ რესურსს მოითხოვს და ჯანდაცვის სამინისტრო იმედს იძლევა, რომ ამ ტესტებს შემოიტანს“, - განაცხადა თენგიზ ცერცვაძემ.