„მეხრე არხის

„მეხრე არხის" მრავალუცნობიანი ამოცანა

ტელეკომპანია „მეცხრე არხი“ გენერალურმა დირექტორმა, კახა ბექაურმა დატოვა. ამის შესახებ განცხადება მან თავად „მეცხრე არხის“ ეთერით გააკეთა და მიზეზად ტელეკომპანიაში დაგეგმილი რეორგანიზაცია დაასახელა.

„როგორც ვთქვით, „მეცხრე არხის“ რეორგანიზაციის პროცესი მიმდინარეობს. მისი გარდაქმნა, ტრანსფორმაცია უნდა მოხდეს - უნდა შეიცვალოს იურიდიული სტატუსი, ფორმა, სტრუქტურა. გუშინ ვთქვი, რომ ვიყავი არხის დირექტორი. დღეს ვწერ განცხადებას შვებულებაზე, მაგრამ ვტოვებ არხს, შვებულების შემდეგ აღარ ვიქნები ხელმძღვანელი. შვებულების პერიოდს გამოვიყენებ იმისთვის, რომ არხზე მიმდინარე რეორგანიზაციის პროცესს შევუწყო ხელი“,- განაცხადა ბექაურმა.

მეტი განმარტება მას ამ საკითხზე არ გაუკეთებია და მისი გადაწყვეტილების შესახებ უფრო მეტი ინფორმაციის მისაღებად ბექაურთან დაკავშირება შეუძლებელი აღმოჩნდა. სამაგიეროდ მედიისთვის კომენტარებს არ იშურებს ტელეკომპანიის გენერალური დირექტორის მოვალეობის შემსრულებელი, ლუბა ელიაშვილი. შეგახსენებთ, ელიაშვილი აქამდე ბექაურის მოადგილე იყო საინფორმაციო დარგში, გენერალური დირექტორის მიერ არხის დატოვების შემდეგ კი მისი მოვალეობის შემსრულებლად დაინიშნა. მან განაცხადა, რომ „მეცხრე არხი“ საერთო მაუწყებლობის ფორმატზე გადადის, ანუ ტელეკომპანიის ეთერში მხოლოდ საინფორმაციო გადაცემები და პოლიტიკური თოქ-შოუები კი არ იქნება, არამედ გასართობი გადაცემები და ფილმებიც გავა. ასეთი გარდაქმნა ელიაშვილმა იმით ახსნა, რომ აქამდე მხოლოდ საინფორმაციო გამოშვებაზე აგებული არხი უფრო აქტუალური იყო, ბოლო პერიოდში კი „ნიუსმა“ აქტუალობა დაკარგა და გადაწყვეტილებაც ამიტომ იქნა მიღებული.

ლუბა ელიაშვილი ვერ აკონკრეტებს, არხის საერთო მაუწყებლობაზე გადასვლასთან დაკავშირებით იგეგმება თუ არა ოპტიმიზაცია, ანუ თანამშრომლების შემცირება.

„ამ ახალი პოზიციიდან მე უნდა გავეცნო ტელეკომპანიაში არსებულ სიტუაციას, როგორია ხარჯი, საშტატო განრიგი, რეალური საჭიროების მიხედვით არის თუ არა ეს ყველაფერი გაწერილი და ა.შ. სწორედ ვითარებაში გარკვევის შემდეგ მივიღებ შესაბამის გადაყვეტილებას“, - აღნიშნავს ელიაშვილი.

მისი თქმით, ვინაიდან იგი აქამდე საინფორმაციო დარგში გენერალური დირექტორის მოადგილე იყო, ამგვარ ინფორმაციასთან შეხება არ ჰქონია და ამიტომ არ იცის, რა ხდება ამ მხრივ ტელეკომპანიაში. For.ge-ს კითხვაზე, რატომ გახდა არხის რეორგანიზაცია საჭირო და ვინ მიიღო ეს გადაწყვეტილება, ლუბა ელიაშვილი პასუხობს, რომ ამის შესახებ მისთვის კახა ბექაურისგან გახდა ცნობილი, თუმცა ვინ მიიღო ეს გადაწყვეტილება, მისთვის უცნობია. ელიაშვილი ასევე ვერ აკონკრეტებს, ვისი გადაწყვეტილებით დატოვა არხი კახა ბექაურმა.

„არ ვიცი, მისი კონცეფცია იყო „ნიუს“ არხი და ალბათ, ის უკეთ გიპასუხებთ, რატომ მიიღო ტელეკომპანიის დატოვების გადაწყვეტილება“, - ამბობს ელიაშვილი.

აღსანიშნავია, რომ „მეცხრე არხის“ საინფორმაციო სამსახურის თანამშრომლები მთელი დღის განმავლობაში აანონსებდნენ, რომ საკუთარი გადაწყვეტილების შესახებ განცხადებას ცხრასაათიან საინფორმაციო გამოშვებაში გაახმოვანებდნენ. ამიტომ ვრცელდებოდა ინფორმაცია, რომ არხის დატოვებას რამდენიმე ცნობილი სახე, მათ შორის საინფორმაციო სამსახურის უფროსი, თამარ რუხაძე აპირებდნენ, მაგრამ საღამოს საინფორმაციო გამოშვებაში არხის წამყვანმა, ნათია ლაზაშვილმა ჟურნალისტების ერთობლივი განცხადება წაიკითხა, სადაც ნათქვამი იყო, რომ ჯერჯერობით, ჟურნალისტები არხის რეორგანიზაციის პროცესის დასრულებას დაელოდებიან. ლაზაშვილის განცხადებით, „მეცხრე არხის“ ჟურნალისტები ითვალისწინებენ იმ გარემოებასაც, რომ პრემიერ- მინისტრმა მისი ოჯახისგან „მეცხრე არხის“ გამიჯვნის გეგმა წარუდგინა საზოგადოებას განსახილველად.

„ჩვენ ამ ეტაპზე ვრჩებით არხზე და განვაგრძობთ მუშაობას იმ რწმენით, რომ „მე-9 არხზე“ შენარჩუნებული იქნება სარედაქციო დამოუკიდებლობა. აქვე გვინდა საჯაროდ მთელი პასუხისმგებლობით განვაცხადოთ, რომ ამ რვა თვის განმავლობაში არც ერთხელ არ ყოფილა არხის მფლობელის მხრიდან ჩვენს სარედაქციო პოლიტაკაში ჩარევის მცდელობა. ამიტომ ვიტოვებთ იმედს, რომ არც მომავალში იქნება ვინმეს მხრიდან ამის საშიშროება. კიდევ ერთხელ განვმარტავთ, რომ ჩვენთვის, იმ ადამიანებისთვის, ვინც დღიდან დაარსებისა მუშაობს ამ არხზე, პირველ რიგში, მნიშვნელოვანია ჩვენი ჟურნალისტური პრინციპები და სარედაქციო დამოუკიდებობა. ველოდებით არხის რეორგანიზაციის პროცესს და ამ პროცესის მიხედვით მივიღებთ ინდივიდუალურ გადაწყვეტილებებს. აქვე გამოვხატავთ მზადყოფნას „მე-9 არხის“ მფლობელის სურვილის შემთხვევაში შევხვდეთ და პირადადაც გავაცნოთ ჩვენი პოზიცია“, - ნათქვამია არხის ჟურნალისტების განცხადებაში.

აღსანიშნავია, რომ საინფორმაციო გადაცემამდე რამდენიმე წუთით ადრე, საკუთარ საავტორო გადაცემა „კონსილიუმში“ განცხადება გააკეთა „მეცხრე არხის“ გენერალური დირექტორის მოადგილემ, ვასილ მაღლაფერიძემ. მან საზოგადოებას ტელეკომპანიიდან წასვლის შესახებ ამცნო.

„ყოველ კონსილიუმს, როგორც წესი, ასე ვასრულებდი ხოლმე - ჩვენ შევხვდებით ერთმანეთს ხვალ, რვა საათზე. დღეს კი განსხვავებულად ვიტყვი. ჩვენ ერთმანეთს ვეღარ შევხვდებით ხვალ რვა საათზე, რადგან „კონსილიუმი“ ამით ასრულებს მუშაობას და მინდა ბოლო რამდენიმე წუთი გამოვიყენო იმისთვის, რომ გამოვემშვიდობო მაყურებელს, რომლის წინაშეც განსაკუთრებულ პასუხისმგებლობას ვგრძნობ და რომელსაც ძალიან დიდ პატივს ვცემ. კონსილიუმი მომზადდა იმ ვითარებაში, როდესაც თავისუფალი სიტყვის გამოხატვა და გავრცელება სერიოზულ პრობლემებთან იყო დაკავშირებული, ფიზიკურად უსწორდებოდნენ ჟურნალისტებს და აყადაღებდნენ თეფშებს. ჩვენი მიზანი იყო, მოქალაქეებს ჰქონოდათ განცდა, რომ ისინი მარტონი არ იყვნენ უსამართლობის წინააღმდეგ ბრძოლაში და სააშკარაოზე გამოგვეტანა ის პრობლემები, რომლებიც მათ აწუხებდათ.

ტელევიზიაში ძალიან მნიშვნელოვანი გამოცდილება შევიძინე, გავიცანი ძალიან საინტერესო კოლექტივი და ბევრი ნიჭიერი და პროფესიონალი ადამიანი, რომელთა პრინციპული პოზიციაც იყო ქვეყანაში დემოკრატიული პრინციპების დამკვიდრება და რომლებსაც ყველაზე რთულ წუთებშიც არ უარყვიათ საკუთარი პრინციპები. მე დიდი მადლობა მინდა ვუთხრა ჩემს კოლეგებს და ჩემი დიდი პატივისცემა დავუდასტურო. დამოუკიდებელი ექსპერტების მიერ ჩატარებული კვლევების თანხამად პოლიტიკურად ყველაზე დაძაბულ პრიოდშიც კი „მეცხრე არხი“ ერთ-ერთ ყველაზე დაბალანსებულ ტელევიზიად რჩებოდა და ეს ხდებოდა როგორც მისი თანამშრომლების პროფესიონალიზმისა და კეთილსინდისიერების წყალობით, ასევე იმის გამოისობით, რომ არხის მფლობელები უზრუნველჰყოფდნენ შეიძლება ითქვას, სანიმუშო სარედაქციო დამოუკიდებლობას, რაც ჟურნალისტებს თავისუფალი საქმიანობის და საკუთარი შესაძლებლობების გამოვლენის საშუალებას აძლევდა. იმედს ვიტოვებ, რომ ბოლო პერიოდში წარმოქმნილი ერთგვარი გაუგებრობა მალე დაიძლევა და არხი იმავე სულისკვეთებით განაგრძობს მუშაობას.

მიუხედავად იმისა, რომ გენერალური დირექტორის მოადგილე ვარ, ჩემთვის გაუგებარი მიზეზების გამო არხზე მიმდინარე პროცესების შესახებ მხოლოდ საინფორმაციო საშუალებებიდან და ე.წ. კარგად ინფორმირებული ადამიანებისგან ვიგებ. ამ ტიპის თანამშრომლობა და ურთიერთობები ჩემთვის მიუღებელია და მიმანიშნებს იმაზე, რომ ამ ტელევიზიაში ჩემი ადგილი აღარ არის. მადლობას ვუხდი მაყურებელს და კოლეგებს და ამით ვასრულებ „მეცხრე არხზე“ მუშაობას“, - განაცხადა მაღლაფერიძემ.

მეტი განმარტებების გაკეთება მედიასთან მან არ ისურვა და როდესაც ვკითხეთ, რატომ გადაწყვიტა ტელეკომპანიის დატოვება, გვიპასუხა, რომ ყველაფერი მის განცხადებაშია ნათქვამი და ამაზე მეტი ამ ეტაპზე არაფერი აქვს სათქმელი. მაღლაფერიძის განმარტებით, მისთვის ისიც უცნობია, ვინ მიიღო არხის რეორგანიზაციის გადაწყვეტილება.

შეგახსენებთ, „მეცხრე არხის“ რეორგანიზაციაზე საუბარი რამდენიმე დღის წინ, პრემიერ-მინისტრ ბიძინა ივანიშვილის მიერ გაკეთებული განცხადების შემდეგ დაიწყო. კერძოდ, ჟურნალისტების კითხვაზე - როგორც პრემიერ-მინისტრს, არ გიქმნით დისკომფორტს ის, რომ თქვენი მეუღლე ფლობს ტელეკომპანია „მეცხრე არხს“? ივანიშვილმა უპასუხა, რომ მას ამის გამო დისკომფორტი მართლაც აქვს და ამიტომ ტელეკომპანიის საზოგადოებრივ მაუწყებლად გარდაქმნა აქვს დაგეგმილი. მან მაშინ განმარტა, რომ „მეცხრე არხის“ მთელს ქონებას საზოგადოებრივ მაუწყებელს გადასცემდა, ხოლო თუ ეს არ მოხერხდებოდა, არხს მფლობელი შეეცვლებოდა, ანუ მისი სხვა პირზე გადაფომრმება მოხდებოდა, რათა ტელეკომპანია პრემიერ-მინისტრის ოჯახთან ასოცირებული აღარ ყოფილიყო.

ივანიშვილის ამ განცხადებამ „მეცხრე არხის“ ჟურნალისტების შეშფოთება გამოიწვია და მათ განაცხადეს, რომ უმეტესობას საზოგადოებრივ მაუწყებელზე მუშაობის შესაძლებლობა მანამდეც ჰქონდა, მაგრამ ამაზე უარს საკუთარი პრინციპებიდან გამომდინარე ამბობდნენ.

28 ნოემბერს ჩატარებულ პრეს-კონფერენციაზე კი ივანიშვილმა განაცხადა, რომ „მეცხრე არხის“ საზოგადოებრივ მაუწყებელთან შერწყმა არ იგეგმება, მაგრამ შეიცვლება ტელეკომპანიის იურიდიული სტატუსი, რაც იმას ნიშნავს, რომ „მეცხრე არხი“ პრემიერ-მინისტრის ოჯახთან  დაკავშირებული აღარ იქნება. ივანიშვილმა განმარტა, რომ შეიქმნება ბორდი, რომელსაც არხის აქციები მართვაში გადაეცემა.

„ახლა ჩვენ ვცდილობთ ისეთი ფორმა მოვიფიქროთ და ამაზე ვიმსჯელებთ საზოგადოებასთან (ვისაც სურვილი ექნება) ერთად, რომ აღარ დარჩეს კითხვები იმასთან დაკავშირებით, რომ ამ ტელევიზიას ჩემთან და ჩემს ოჯახთან რაიმე კავშირი აქვს“, - განაცხადა ბიძინა ივანიშვილმა.

ვინაიდან „მეცხრე არხის“ მესვეურებიდან ის, ვინც რამე იცის, არაფერს ამბობს, ხოლო დანარჩენებმა არაფერი იციან, საზოგადოებაში გაჩნდა აზრი, რომ ამ ყველაფრის გასაღები თითქოსდა ივანიშვილის დაცვის წევრის, ბესიკ სურმავას მიერ გავრცელებულ ფარულ ჩანაწერებშია. შეგახსენებთ, ერთ-ერთ ჩანაწერში ივანიშვილის მრჩეველი, გია ხუხაშვილი და ირაკლი ღარიბაშვილი კახა ბექაურისა და არხის საინფორმაციო სამსახურის უფროსის, თამარ რუხაძის მუშაობით უკმაყოფილებას გამოხატავენ და ხუხაშვილი ამბობს, რომ საჭირო იყო ტელევიზიის ლუბა ელიაშვილისთვის ჩაბარება, რომელიც „ყველაფერს ტანკივით გადაუვლის“. ამ ჩანაწერების გავრცელებისას „ქართული ოცნების“ წევრები აცხადებდნენ, რომ ეს ფაბრიკაციაა, თუმცა მოგვიანებით კუდ-ის რამდენიმე მაღალჩინოსნის დაკავების საფუძველი სწორედ ეს ფარული ჩანაწერები გახდა. ამდენად, უნდა ვივარაუდოდ, რომ ბექაურის მიმართ უკმაყოფილება მართლაც არსებობდა და შესაბამისი გადაწყვეტილებაც იქნა მიღებული.