კარანტინის ან თვითიზოლაციის დამრღვევი პირები დაისჯებიან. მმართველი გუნდის მიერ მომზადებულ საკანონმდებლო პაკეტს, რომელიც პარლამენტში უკვე ინიცირებულია, მხარს უჭერს ოპოზიციაც. ახალი რეგულაციები 27 მარტიდან ამოქმედდება. მანამდე კი პარლამენტმა დაჩქარებული წესით უნდა იმუშაოს იმისათვის, რომ კანონპროექტი განიხილონ როგორც კომიტეტებში, ასევე პლენარულ სხდომაზე.
ახალი რეგულაციების თანახმად, ფიზიკურ პირებს 3 000, იურიდიულ პირებს კი 15 000 ლარიანი ჯარიმა დაეკისრებათ. კანონის განმეორებით დარღვევის შემთხვევაში, პირს ერთ წლამდე პატიმრობა ემუქრება. კანონპროექტის მიღების მთავარი მიზანია საერთო უსაფრთხოების დაცვა. სპეციალისტები მოქალაქეებს სახლში დარჩენისკენ მოუწოდებენ.
საქართველოში კორონავირუსის 4 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. ინფიცირებულთა რაოდენობა ამ დროისთვის 38–ს შეადგენს. მათ შორის ერთი პაციენტი გამოჯანმრთელდა, თუმცა თვითიზოლაციაში იმყოფება. კარანტინის რეჟიმში იმყოფება 1344 ადამიანი, ხოლო სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ 216. კორონავირუსით ინფიცირებული პაციენტებიდან ორის მდგომარეობა მძიმეა. საუნივერსიტეტო კლინიკის დირექტორი, ლევან რატიანის განცხადებით, პირველ საუნივერსიტეტო კლინიკაში ამ ეტაპზე სულ 32 პაციენტია მოთავსებული, მათგან 3–ს, კორონავირუსი დაუდასტურდა. ამ სამიდან ერთი პაციენტის, 47 წლის ქალის მდგომარეობა, მოსვლის დღიდან, იყო მძიმე გამოხატული სიმპტომებით, თუმცა დღეს ტემპერატურამ შედარებით იკლო და მდგომარეობაც დასტაბილურდა.
„პაციენტს ორმხრივი პნევმონია დაუდასტურდა. 47 წლის ქალი კლინიკაში შეყვანილია 3 დღის წინ. იგი საზღვარგარეთიდან, ე.წ. წითელი ზონის ქვეყნიდან ჩამოვიდა და 3 მარტიდან აღენიშნებოდა ცხელება, სომატურად დამძიმებული ანამნეზი აქვს, აქვს შაქრიანი დიაბეტი, გულის უკმარისობა“, – განაცხადა ლევან რატიანმა.
ინფექციური საავადმყოფოს დირექტორის თენგიზ ცერცვაძის განცხადებით, კორონავირუსით ინფიცირებული ორი პაციენტის ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმეა. მისი თქმით, ზოგ პაციენტს ასაკთან ერთად თან თანმხმლები დაავადება აქვს, რის გამოც მათი მდგომარეობა პრობლემურია. მისი თქმით, პნევმონია 11 პაციენტს აქვს.
„ჩვენს კლინიკაში ამჟამად სულ წევს 46 ავადმყოფი, მათგან 30 კორონავირუსით დადასტურებული შემთხვევით. გარდა ამისა, 7 პაციენტი დადასტურებული კორონავირუსული ინფექციით წევს ქვეყნის სხვა კლინიკებში, რომელიც როგორც გუშინ და გუშინწინ ვთქვით, პრემიერის განკარგულებით განისაზღვრა, როგორც მიმღები ინფექციურ საავადმყოფოსთან ერთად. ანუ, 30 ადამიანი წევს ინფექციურ საავადმყოფოში, 7 წევს დანარჩენ კლინიკებში და ერთი გამოჯანმრთელებული გაეწერა. სულ ამ მომენტისთვის საქართველოში დაფიქსირებულია 38 დადასტურებული შემთხვევა“, – აცხადებს თენგიზ ცერცვაძე.
ქვეყანა მეოთხეული და მეხუთეული გადაცემების დაფიქსირებას კვირის ბოლოს, ან მომავალ კვირას ელოდება. დაავადებათა კონტროლის ცენტრის ხელმძღვანელის ამირან გამყრელიძის განცხადებით, ეპიდემიოლოგიური გათვლებით, რამდენიმე დღეში ვირუსის გავრცელების ტემპი მოიმატებს, დაფიქსირდება შიდა გავრცელების შემთხვევები, თუმცა როგორც ამირან გამყრელიძე ამბობს, ქვეყანაში ყველაფერი კეთდება იმისთვის, რომ ზიანი მინიმუმამდე იქნას დაყვანილი.
„ამ ეტაპზე დადგენილია ყველა კონტაქტი და ყველა კლასტერი. ველით, რომ მეოთხეული და მეხუთეული გადაცემებიც დაფიქსირდება, ალბათ, კვირის ბოლოს, ან მომავალ კვირას. ეს იმას ნიშნავს, რომ ეპიდემია გაფართოვდება. ჩვენი მთავარი ამოცანაა, რომ შემთხვევების მინიმიზაცია მოხდეს. ყოველდღიურად ვლინდება ახალი კონტაქტები, საკმაოდ დიდი ადამიანების რაოდენობა არის გამოკვლეული. ეპიდ და ლაბორატორიული კვლევები გრძელდება“, – აცხადებს ამირან გამყრელიძე.
ქვეყანაში ამ ეტაპზე საგანგებო მდგომარეობა არ მოქმედებს, თუმცა მოქმედებს შეზღუდვის შესაბამისი წესები. საქართველოს პრემიერ–მინისტრის განცხადებით, კორონავირუსთან დაკავშირებით შეზღუდვები შესაძლოა კიდევ უფრო გამკაცრდეს. კერძოდ, შესაძლებელია უფრო მკაცრი შეზღუდვები მოქალაქეების თავშეყრის ადგილებში, მაგალითად მაღაზიები, მსხვილი სავაჭრო ცენტრები, ბაზრობები და ა.შ. როგორც გახარია აცხადებს, მთავარი ამოცანაა, რომ შიდა გადაცემის სიჩქარე შეამცირონ იმისთვის, რომ ჯანდაცვის სისტემას მიეცეს მეტი დრო, ინფიცირებულ მოქალაქეებს უმკურნალონ ეფექტურად.
„ჩვენ ვმოქმედებდით ვირუსის გავრცელების შეჩერების რეჟიმში, ვგულისხმობ იმპორტირებულ გავრცელებას, როცა შევქმენით საბჭო, ეს იყო 28 იანვარს, მაშინ გავრცელების არც ერთი შემთხვევა არ ყოფილა, პირველი იყო 26 თებერვალს და გაჩნდა რამდენიმე კლასტერი. შესაძლოა, ქვეყანაში იყოს მეოთხეული გადაცემა, რაც შიდა გავრცელების რისკია. როდესაც ჩვენ გვექნება მეოთხეული გადაცემა ვირუსის, ეს იმას ნიშნავს, რომ ჩვენი შანსები, დავადგინოთ პირველი წყარო, მცირეა, ქვეყანაში გვეწყება შიდა გავრცელების რისკი და ამისთვის ყველა ჩვენი მოქალაქე უნდა იყოს მზად.
ჩვენ ღიად უნდა ვისაუბროთ, არ უნდა გავალამაზოთ ობიექტური რეალობა. შესაბამისად, ის მიდგომები, რომელიც უნდა ქონდეს მთავრობას, იქნება სხვა, იქნება უფრო მკაცრი. მთავრობა მუშაობის 24 საათიან საგანგებო რეჟიმზე უკვე გადასულია, მაგრამ ეს არ ნიშნავს იმას, რომ ქვეყანა უნდა გადავიდეს საგანგებო რეჟიმზე“, – განაცხადა გიორგი გახარიამ.
ვირუსთან ბრძოლის ყველაზე ეფექტური საშუალება პრევენცია და კონტროლია. მომაკვდინებელმა ვირუსმა მთელი ევროპა მოიცვა. ევროკავშირი საზღვრებს 30 დღით კეტავს. კვლავ მძიმეა ვითარება იტალიაში, საფრანგეთსა და ესპანეთში. საფრანგეთის ჯანდაცვის მინისტრი ოლივიე ვერანა ვარაუდობს, რომ მაქსიმუმ, 2 კვირაში ინფიცირების შემთხვევები კლებას დაიწყებს.
„მაგრამ ეს პერიოდი ფრთხილად უნდა გადავიაროთ, რადგან, შესაძლოა, ადამიანი ვირუსის მატარებელი იყოს, თუმცა სიმპტომები არ აღენიშნებოდეს. ეპიდემიასთან ბრძოლისთვის მკაცრი ზომები უნდა გავატაროთ, ეს ყველაფერი, ცხადია, დროს მოითხოვს“, – აცხადებს ოლივიე ვერანა.
მსოფლიოში კორონავირუსით დაინფიცირების ბოლო სტატისტიკა ასეთია – 198 741 ინფიცირებული; 7 989 დაღუპული და 83 ათასი გამოჯანმრთელებული. ყოველდღიურად იკლებს ინფიცირების შემთხვევები ჩინეთსა და სამხრეთ კორეაში, რომლებიც პანდემიის პირველწყარო იყვნენ.
კორონავირუსით გარდაცვალების პირველი ფაქტი დადასტურდა თურქეთში, სადაც ინფიცირებულთა რაოდენობა ბოლო დღე-ღამის განმავლობაში 51–ით გაიზარდა. გავრცელებული ოფიციალური ინფორმაციის თანახმად, 78 ადამიანია ინფიცირებული სომხეთში, 34 - აზერბაიჯანში. 114 დადასტურებული ფაქტია რუსეთში, მიუხედავად იმისა, რომ სახელმწიფო მალავს ვირუსის გავრცელების ფაქტს. COVID–19–ით დაღუპულთა რაოდენობა ყოველდღიურად იზრდება ირანში.