მაშინ, როცა მთელი მსოფლიო გავრცელებულ ვირუსს ებრძვის და მისით შეცვლილ ყოველდღიურობასთან შეგუებას ცდილობს, როგორც აღმოჩნდა, არიან ადამიანები, რომლებიც საყოველთაო პანიკას სრულიად შემთხვევით გამოაკლდნენ, მათ შორის ერთ-ერთი ჯარედ ლეტოა.
როგორც უცხოური მედია საშუალებები წერენ, 48 წლის მომღერალი და მსახიობი 12 დღის განმავლობაში სრულიად იზოლირებული იყო, თუმცა ამის მიზეზი ვირუსი არ ყოფილა.
ვარსკვლავმა გადაწყვიტა დრო სრულიად მარტოს, ყოველგვარი საკომუნიკაციო არხის გარეშე გაეტარებინა და მთელი ეს დრო მედიტაციისთვის დაეთმო. თუმცა რეალურ ცხოვრებაში დაბრუნებულმა შექმნილი ვითარების შესახებ კომენტარი ინსტაგრამის მეშვეობით გააკეთა.
"საოცარია!.. გუშინ მე სრულიად სხვა სამყაროში დავბრუნდი, რომელიც სამუდამოდ შეიცვალა. სულისშემძვრელი ის სიტყვა არ არის, რომელიც ამ ყველაფრის სიღრმეს აღწერს. მე ვიღებ შეტყობინებებს მსოფლიოს სხვადასხვა წერტილში მყოფი ახლობლებისგან და ვცდილობ გავერკვე რა ხდება. არ დატოვოთ სახლები, დარჩით უსაფრთხო ადგილას!",-დაწერა მან.